შპს „CTV-ჯორჯიასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2016 18:49
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2015
შპს „CTV-ჯორჯიასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბრის №შ-10/8541-15 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, შპს „CTV-ჯორჯიას“ 2015 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია 2012 წლის ივნისიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და არ განუხორციელებია მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა, „შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის პირველი სექტემბრის №522/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „CTV-ჯორჯიას“ ჩაბარდა 2015 წლის 20 ოქტომბერს.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2015 წლის 24 ნოემბრის №10/9135-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9199-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „CTV-ჯორჯიას“ ავტორიზაციის დღიდან არ აქვს წარმოდგენილი არცერთი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბრის №შ-10/8541-15 სამსახურებრივი ბარათისა და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის №№შ-10/9199-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2015 წლის 30 ნოემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება „შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 3 დეკემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „CTV-ჯორჯიას“ დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნა შეტყობინება (№03/2853-15; 30.11.2015) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „CTV-ჯორჯიას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შპს „CTV-ჯორჯიას“ გაეგზავნა ფაქტობრივ მისამართზე (თბილისი, ბახტრიონის ქ. №3/5, ბინა №55), თუმცა, ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგან მითითებულ მისამართზე კურიერს არავინ დახვდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ გადადო „შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა 2015 წლის 10 დეკემბრის 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „CTV-ჯორჯიას“ გაეგზავნა შეტყობინება (№03/3009; 08.12.2015) დაზღვეული საფოსტო გზავნილით. აღნიშნული შეტყობინება შპს „CTV-ჯორჯიას“ გაეგზავნა როგორც ფაქტობრივ მისამართზე (თბილისი, ბახტრიონის ქ. №3/5, ბინა №55), ასევე, იურიდიულ მისამართზე (თბილისი, დიდი დიღომი, გ. ბრწყინვალეს ქ. №15, ბ. №53), თუმცა, ადრესატს ვერ ჩაბარდა შეტყობინება მითითებულ მისამართებზე, მისი აღნიშნულ მისამართებზე არ ყოფნის გამო. აქედან გამომდინარე, კომისიამ კვლავ გადადო სხდომა 2015 წლის 17 დეკემბრის 15:00 საათზე. 2015 წლის 11 დეკემბერს, შპს „CTV-ჯორჯიას“ მესამედ გაეგზავნა შეტყობინება (№03/304-15; 11.12.2015) ფაქტობრივ მისამართზე (თბილისი, ბახტრიონის ქ. №3/5, ბინა №55) და ასევე, კომპანიის დირექტორ გიორგი გაბესკირიას საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შპს „CTV-ჯორჯიას“ მიერ შეტყობინების არაერთგზის ჩაუბარებლობის გამო, კომისიამ შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ მესამედ გაგზავნილი შეტყობინება (№03/304-15; 11.12.2015) შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გამოაქვეყნა თავის ვებ-გვერდზე ინტერნეტში. შპს „CTV-ჯორჯიას” დირექტორ გ. გაბესკირიასთვის მისი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება 2015 წლის 12 დეკემბერს ჩაიბარა კომპანიის დირექტორის მეუღლემ ი. ნ.-მ, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040032529123).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 12 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა ფიზიკურ პირ დავით გოდერძიშვილის წერილი (№შ-6/9796-15.12.12.2015), რომლის თანახმად, შპს „CTV-ჯორჯია“ მრავალი წელია არ ფუნქციონირებდა და ვერანაირ საბუთს ვერ წარმოადგენდა. ამავე წერილის თანახმად, კომისიის სხდომას კომპანიის მხრიდან ვერავინ ვერ დაესწრებოდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „CTV-ჯორჯიას” უფლებამოსილი წარმომადგენელი. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. შპს „CTV-ჯორჯიას“ მიერ შეტყობინების არაერთგზის ჩაუბარებლობის გამო შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში გამოქვეყნებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „CTV-ჯორჯიას” უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 6 ნოემბრის №შ-10/8541-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის №შ-10/9199-15 სამსახურებრივი ბარათი;
- „შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის პირველი სექტემბრის N522/18 გადაწყვეტილება;
- კომისიის 2015 წლის 7 სექტემბრის 03/1893-15 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040030121444);
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 2 დეკემბრის №შ-10/9469-15 სამსახურებრივი ბარათი;
- ფიზიკურ პირ დავით გოდერძიშვილის 2015 წლის 12 დეკემბრის წერილი №შ-6/9796-15;
- კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან შპს „CTV-ჯორჯიას“ შესახებ მონაცემები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს ,,CTV ჯორჯია“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 01.03.2010. A.F.1.ადგილობრივი დაშვების სადენიანი ქსელითა და/ან სადენიანი ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა (კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;(კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა) B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
- შპს ,,CTV ჯორჯია“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“კომისიის 2015 წლის პირველი სექტემბრის N522/18 გადაწყვეტილებით შპს „CTV-ჯორჯიას“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო, კერძოდ, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობისა და კომისიაში წარმოუდგენლობის, ასევე, რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობისა და რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით, შპს „CTV-ჯორჯიას“ დაევალა 2012 წლის ივნისიდან რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მე-3 პუნქტით, 2010 წლის 1 მარტიდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;
- „შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“კომისიის 2015 წლის პირველი სექტემბრის N522/18 გადაწყვეტილება შპს „CTV-ჯორჯიას“ გაეგზავნა კომისიის 2015 წლის 7 სექტემბრის 03/1893-15 წერილით და ჩაბარდა 2015 წლის 20 ოქტომბერს, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაცემული დოკუმენტით (გზავნილის კოდი:040030121444);
- შპს „CTV-ჯორჯიას“ ავტორიზაციის დღიდან (01.03.2010) არ აქვს შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი არცერთი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს „CTV-ჯორჯიას“ შესავსები და კომისიაში წარმოსადგენი აქვს 2010 წლის პირველი მარტიდან პერიოდის სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ყოველთვიური ფორმა 1.1 (შემოსავლები), ყოველთვიური ფორმა 4.3 (მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება), კვარტალური ფორმა 4.4 (აბონენტთა რაოდენობა)), ყოველწლიური ფორმა 1.2 (თანამშრომელთა რაოდენობა), ყოველწლიური ფორმა 1.3 (ინვესტიციები), ყოველთვიური ფორმა 4.5 (მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების აღწერა);
- 2012 წლის ივნისის თვის შემდეგ შპს „CTV-ჯორჯიას“ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშებები;
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „CTV-ჯორჯიას“ მიმართ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო („შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“კომისიის 2015 წლის პირველი სექტემბრის N522/18 გადაწყვეტილება);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომისიაში შემოსული 2015 წლის 12 დეკემბრის №შ-6/9796-15 წერილის ავტორი დ. გოდერძიშვილი არ არის შპს „CTV-ჯორჯიას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი და არც კომპანიის წილის მფლობელი.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
- ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომისიაში შემოსული 2015 წლის 12 დეკემბრის №შ-6/9796-15 წერილის ავტორი დ. გოდერძიშვილი არ არის შპს „CTV-ჯორჯიას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვერ იქნება მიჩნეული შპს „CTV-ჯორჯიას“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციად. გარდა ამისა, წარმოების მასალებით ვერ დასტურდება შპს „CTV-ჯორჯიას“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავტორიზებადი საქმიანობის განუხორციელებლობის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების ავტორიზაციის დღიდან ამ გადაწყვეტილების მიღების დღემდე შეუსრულებლობით, შპს „CTV -ჯორჯიას“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება, ასევე, „შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“კომისიის 2015 წლის პირველი სექტემბრის N522/18 გადაწყვეტილება, ხოლო 2012 წლის ივნისის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობით შპს „CTV -ჯორჯიას“ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტი, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტი და „შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“კომისიის 2015 წლის პირველი სექტემბრის N522/18 გადაწყვეტილება.
კომისია აღნიშნავს, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოუდენლობის, ასევე, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენლობისთვის შპს „CTV-ჯორჯიას“ მიმართ კომისიის 2015 წლის პირველი სექტემბრის N522/18 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება და აღნიშნული გაფრთხილების დღიდან არ გასულა ერთი წელი. გამომდინარე აქედან, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „CTV -ჯორჯიას“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „CTV -ჯორჯიას“ მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა არ უნდა იყოს 3000 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „CTV -ჯორჯიას“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, ზემოაღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად შპს „CTV -ჯორჯიას“ უნდა დაევალოს 2010 წლის 1 მარტიდან წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდის შესაბამისი სატატისტიკური ანგარიშგების ფორმების (ფორმა 1.1, ფორმა 4.3, ფორმა 4.4, ფორმა 1.2, ფორმა 1.3, ფორმა 4.5) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში, ასევე 2012 წლის ივნისის თვის შემდეგ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდის რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა და „შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის პირველი სექტემბრის N522/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „CTV -ჯორჯიას“ დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებისა და „შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2015 წლის პირველი სექტემბრის N522/18 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „CTV -ჯორჯიამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს ,,CTV-ჯორჯიამ” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. უზრუნველყოს შპს ,,CTV ჯორჯიამ“ 2010 წლის 1 მარტიდან წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდის შესაბამისი სატატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს ,,CTV ჯორჯიამ“ 2012 წლის ივნისის თვის შემდეგ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდის შესაბამისი რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა 10 სამუშაო დღის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „CTV-ჯორჯიასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „CTV-ჯორჯიასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრ
ივ რეესტრში შეტანა;
8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „CTV-ჯორჯიასთვის” ჩაბარების დღიდან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „CTV-ჯორჯიასთვის” ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-10 და მე-11 პუნქტების გარდა) კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
