წვდომის მენიუ

შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 791 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 12:34

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2015

შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 27 ოქტომბერს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის Nშ-10/8256-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით (დანართი: 1. ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „პრონეტ PRONET“-ის შესახებ; 2. კომისიის 2015 წლის  6 ოქტომბრის N05/2220-15  წერილის ასლი გაგზავნილი შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის; 3. კომისიის 2015 წლის  6 ოქტომბრის N05/2229-15 წერილის შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტორიზებული პირი შპს „პრონეტ PRONET“-ი არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, მიუხედავად კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2229-15 წერილობითი შეტყობინებისა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 20 ნოემბრის Nშ-10/9017-15 სამსახურებრივი ბარათით გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტისგან, კერძოდ, რა პერიოდიდან რა პერიოდის ჩათვლით არ წარმოადგენს შპს „პრონეტ PRONET“-ი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და კონკრეტულად რომელ ფორმებს.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნოემბრის Nშ-10/9017-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად წარმოდგენილი, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დაპარტამენტის  2015 წლის 20 ნოემბრის Nშ-10/9046-15 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით შპს „პრონეტ PRONET“-ს, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით წარმოსადგენი აქვს 2015 წლის ივლისიდან დღემდე სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.1 (შემოსავლები), ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში) და ფორმა 4.5 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 20 ნოემბრის Nშ-10/9016-15 სამსახურებრივი ბარათით კომისიის აპარატის საფინანსო  დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, კერძოდ: ავტორიზაციის დღიდან - 2013 წლის 16 აპრილიდან დღემდე შპს „პრონეტ PRONET“-ს წარმოდგენილი აქვს თუ არა რეგულირების ყოველწლიური  საფასურის გაანგარიშებების ფორმები და ამავე პერიოდზე გააჩნია თუ არა რეგულირების საფასურის დავალიანება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნოემბრის Nშ-10/9016-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის Nშ-10/9257-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „პრონეტ PRONET“-ს გამორჩენილი აქვს 2014 წლის დეკემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება, რომლის შესახებაც კომპანია ინფორმირებულია და განაცხადა, რომ წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებებს და გადაიხდის უახლოეს პერიოდში. კომპანიის მიერ 2014 წლის დეკემბრის თვის  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება ვერ დგინდება. ასევე, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის Nშ-10/9257-15 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „პრონეტ PRONET“-ს დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი (არასრული) გაანგარიშებების მიხედვით გააჩნია რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება - 15.23 ლარი (2015 წლის ოქტომბრის თვის ნარჩენი თანხა).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2229-15 შეტყობინებით  შპს „პრონეტ PRONET“-ს მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „პრონეტ PRONET“-ი კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2229-15  შეტყობინებით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის Nშ-10/8256-15 მოხსენებითი ბარათის და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის Nშ-10/9257-15 სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015  წლის პირველ დეკემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შპს „პრონეტ PRONET“-ს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობა 2015 წლის 1 დეკემბრის N03/2901-15 შეტყობინებით და მოწვეულ იქნა 2015 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შპს „პრონეტ PRONET“-ს ჩაბარდა 2015 წლის 8 დეკემბერს (გზავნილის კოდი: 040032087082; ჩაბარების თარიღი: 8.12.2015; ჩაიბარა:ანასტასია ლიმარმა).

კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე შპს „პრონეტ PRONET“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ნატალია ჯანელიძემ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით ვითარება შეიცვალა და აღნიშნა, რომ შპს „პრონეტ PRONET“-მა 2014 წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება წარმოაგინა კომისიაში, ასევე განახორციელა ნაწილი თანხის ჩარიცხვა. ნატალია ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დაანგარიშების შედეგად, შპს „პრონეტ PRONET“-ს დღეის მდგომარეობით გააჩნია რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება (ნარჩენი თანხა) - 29.07 (ოცდაცხრა ლარი და შვიდი თეთრი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე წარმოების დაწყების შესახებ კომისიის 2015 წლის პირველი დეკემბრის  N03/2901-15 შეტყობინების შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის  გონივრულ ვადაში ჩაუბარებლობის გამო (ჩაბარების თარიღი: 8.12.2015) კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. 2015 წლის 10 დეკემბერს დანიშნული სხდომა გადაიდო და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 17 დეკემბერი 15 საათი, რის შესახებ  შპს „პრონეტ PRONET“-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით. კომისიის 2015 წლის 11 დეკემბრის N03/3042-15 შეტყობინება, კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომის თაობაზე, შპს „პრონეტ PRONET“-ს ჩაბარდა 2015 წლის 12 დეკემბერს (გზავნილის კოდი: 040032529131; კურიერის ვიზიტის თარიღი: 12.12.2015; ჩაიბარა: ზაალ ჯალაღონიამ)

კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე შპს „პრონეტ PRONET“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2015 წლის 11 დეკემბრის  N03/3042-15 შეტყობინება შპს „პრონეტ PRONET“-ს ჩაბარდა, მისი წარმომადგენელი  კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „პრონეტ PRONET“-ს შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 12 დეკემბერს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა რატი სხირტლაძემ, კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ შპს „პრონეტ PRONET“-ს დღეის მდგომარეობით შევსებული აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ნატალია ჯანელიძემ, კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ შპს „პრონეტ PRONET“-ს დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და ასევე ჩარიცხული აქვს რეგულირების საფასურის დავალიანება (ნარჩენი თანხა) - 29.07 (ოცდაცხრა ლარი და შვიდი თეთრი) ლარი. შესაბამისად, კომპანიას დღეის მდგომარეობით არ გააჩნია რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის Nშ10/8256-15 მოხსენებითი ბარათი თანდართული მასალით - 4 ფურც. (ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი  რეესტრიდან შპს „პრონეტ PRONET“-ის შესახებ; კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2229-15 წერილის ასლი გაგზავნილი შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის; კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2229-15  წერილის შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
  2. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნოემბრის Nშ-10/9017-15 სამსახურებრივი ბარათი;
  3. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნოემბრის Nშ-10/9046-15 სამსახურებრივი ბარათი;
  4. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2015 წლის 20 ნოემბრის Nშ-10/9016-15 სამსახურებრივი ბარათი;
  5. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 25 ნოემბრის Nშ-10/9257-15 სამსახურებრივი ბარათი;
  6. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ნატალია ჯანელიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე;
  7. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რატი სხირტლაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე;
  8. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტრამენტის წამყვანი სპეციალისტის ნატალია ჯანელიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „პრონეტ PRONET“-ი არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 16.04.2013; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:WiFi );

2. შპს „პრონეტ PRONET“-ს 2015 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით  კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით წარმოსადგენი ჰქონდა 2015 წლის ივლისიდან შემდეგი ფორმები: ფორმა 1.1 (შემოსავლები), ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), ფორმა 4.2 (აბონენტები კვარტალში) და ფორმა 4.5 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა).

3. შპს „პრონეტ PRONET“-ს, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შევსებული და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (კომისიაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ პერიოდში განახორციელა შესაბამისი ქმედება).

4. სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენის ვალდებულება გათვალისწინებულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით. გასათვალისწინებელია, რომ კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2229-15 წერილით შპს „პრონეტ PRONET“-ს მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „პრონეტ PRONET“-ს კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის N05/2229-15 წერილით, გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს სანქცირების საფუძველს; კომისიის 2015 წლის 6 ოქტომბრის  N05/2229-15 წერილი შპს „პრონეტ PRONET“-ს ჩაბარდა 2015 წლის 7 ოქტომბერს (გზავნილის კოდი: 040030118661; გაგზავნის თარიღი: 6.10.2015; გზავნილის ჩაბარების თარიღი: 7.10.2015; ჩაიბარა: ანასტასია ლიმარმა);

5.  შპს „პრონეტ PRONET“-ს 2015 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით გამორჩენილი ქონდა  2014 წლის დეკემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება, ხოლო კომპანიის მიერ 2014 წლის დეკემბრის თვის  რეგულირების ყოველწლიური გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება ვერ დგინდებოდა. ასევე, შპს „პრონეტ PRONET“-ს 2015 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით გააჩნდა რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება - 15.23 (თხუთმეტი ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარი (2015 წლის ოქტომბრის თვის ნარჩენი თანხა);

6. შპს „პრონეტ PRONET“-მა 2015 წლის 26 ნოემბერს კომისიაში წარმოადგინა 2014 წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება და განახორციელა თანხის დარიცხვა - 62 (სამოცდაორი ლარი) ლარის ოდენობით. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შეჯამებისა და დაანგარიშების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „პრონეტ PRONET“-ს 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით გააჩნდა რეგულირების საფასურის დავალიანება (ნარჩენი თანხა) – 29.07 (ოცდაცხრა ლარი და შვიდი თეთრი) ლარი;

7. შპს „პრონეტ PRONET“-ს, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის გადახდილი აქვს რეგულირების საფასურის დავალიანება (ნარჩენი თანხა) – 29.07 (ოცდაცხრა ლარი და შვიდი თეთრი) ლარი და წარმოდგენილი აქვს რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები.

8. შპს „პრონეტ PRONET“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში და პერიოდულობით სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, შეუსრულებლობით, ასევე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობით და რეგულირების საფასურის გადაუხდელობით, შპს „პრონეტ PRONET“-ის მიერ  ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევას, აღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „პრონეტ PRONET“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „პრონეტ PRONET“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა მიეცეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ)  ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, ასევე, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფთხილება შპს „პრონეტ PRONET“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3.    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.    გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „პრონეტ PRONET“-ისთვის    ჩაბარების დღიდან;

6.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები