შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 12:36
მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2015
შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
2015 წლის 23 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8154-15, 23.10.2015) თანდართული მასალით (შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის NF90 ლიცენზია) საიდანაც ირკვევა, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის მიერ არ განხორციელებულა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით გაცემული ლიცენზიის გადასახდელის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, რასაც ადასტურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ამონაწერი, რომლითაც ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ შესაბამის საბიუჯეტო კოდებზე არ დასტურდება თანხების ჩარიცხვა. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის №შ-10/8154-15 მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს გააჩნია NF90 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახადის დავალიანება - 2,799.79 (ორი ათას შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი.
2015 წლის 18 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8850-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპაარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის N8893-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ 2015 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს NF90 ლიცენზიაზე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 2,799.79 (ორი ათას შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი. ასევე, კომპანიას კომისიაში 2014 წლის თებერვლის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.
2015 წლის 18 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, 2015 წლის 17 ნოემბრის Nშ-10/8849-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ10/8889-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ 2015 წლის 17 ნოემბრის მდგმარეობით შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით წარმოსადგენი აქვს: 1. 2015 წლის მე-3 კვარტლის ფორმა 1.5 (მაუწყებლების ფინანსები) და ფორმა 1.6 (მაუწყებლებისათვის გაწეული მომსახურება), ასევე 2015 წლის მარტის ფორმა 1.5 (მაუწყებლების ფინანსები); 2. 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბრის ფორმა 1.1 (ზოგადი).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის N 95/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF90 ლიცენზია, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% -ის - 4,999.79 (ოთხასი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული და ასევე NF90 ლიცენზიის დანართი N2-ით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 416.65 ლარი - 2013 წლის 15 მარტამდე, 416.65 ლარი - 2013 წლის 15 აპრილამდე, 416.65 ლარი - 2013 წლის 15 მაისამდე, 416.65 ლარი - 2013 წლის 15 ივნისამდე, 416.65 ლარი - 2013 წლის 15 ივლისამდე, 416.65 ლარი - 2013 წლის 15 აგვისტომდე, 416.65 ლარი - 2013 წლის 15 სექტემბრამდე, 416.65 ლარი - 2013 წლის 15 ოქტომბრამდე, 416.65 ლარი - 2013 წლის 15 ნოემბრამდე, 416.65 ლარი - 2013 წლის 15 დეკემბრამდე, 416.65 ლარი - 2014 წლის 15 იანვრამდე, 416.65 ლარი - 2014 წლის 15 თებერვლამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 20 ივლისის N05/1510-15 შეტყობინებით შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. ასევე, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ი კომისიის 2015 წლის 7 ივლისის N05/1510-15 შეტყობინებით გაფრთხილებულ იქნა, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის Nშ-10/8154-15 და 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8893-15 სამსახურებრივი ბარათის, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 ნოემბრის Nშ-10/8889-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 25 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 3 დეკემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (№03/2816-15; 25.11.2015) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის N03/2816-15 შეტყობინება შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“- ჩაბარდა ხელზე 2015 წლის 25 ნოემბერს ( ჩაბარების თარიღი: 25.11.2015; ჩაიბარა: ლ. ახალაძემ; ჩაბარება დასტურდება ხელმოწერით).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 1 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9391-15; 01.12.2015), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის დირექტორი 2 დეკემბერს მიემგზავრება უცხოეთში 15 დეკემბრამდე. შესაბამისად, ითხოვს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადებას, რათა კომპანიის დირექტორმა შეძლოს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის ინტერესების დაცვა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9391-15; 01.12.2015), წერილობითი შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, დაკმაყოფილდა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის შუამდგომლობა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 17 დეკემბერი, 15:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადებისა და საკითხის განხილვის თარიღის შესახებ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს ეცნობა კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის N03/3015-15 შეტყობინებით. კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის N03/3015-15 შეტყობინება შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს ჩაბარდა ხელზე 2015 წლის 11 დეკემბერს (ჩაიბარა: შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის პროდიუსერმა - ყაფლანიშვილმა; ჩაბარების თარიღი: 11.12.2015).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის დირექტორი ნატო ბოჭორიშვილი არ გამოცხადდა.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2015 წლის 8 დეკემბრის N03/3015-15 შეტყობინება შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს ჩაბარდა, მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 11 დეკემბერს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სდომაზე გამოცხადდა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლიდია ახალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანია 2015 წლის ბოლომდე სრულად დაფარავს NF90 ლიცენზიისათვის -სალიცენზიო გადასახადის დავალიანებას, რისთვისაც კომისიისაგან ითხოვს სალიცენზიო გადასახადის დაფარვისათვის 2015 წლის 31 დეკემბრამდე ვადის განსაზღვრას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა ნატალია ჯანელიძემ აღნიშნა, რომ კომპანიამ წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8154-15, 23.10.2015);
2. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8850-15;17.11.2015);
3. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8893-15, 18.11.2015);
4. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/8849-15;17.11.2015);
5. კომისიის აპარატის ინფორმაცილ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი ((№შ-10/8889-15; 18.11.2015);
6. კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1510-15 წერილი და ამ წერილის შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ჩაბარების თარიღი: 22.07.2015; ჩაიბარება დასტურდება ხელმოწერით);
7. „შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის N 95/1 გადაწყვეტილება;
8. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF90 ლიცენზია;
9. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის შესახებ მონაცემები;
10. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის 2015 წლის 1 დეკემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9391-15; 01.12.2015) განცხადება;
11. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის დამფუძნებლის ლიდია ახალაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე;
12. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ნატალია ჯანელიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-მა 2011 წლის 13 ივლისს გაიარა ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე (A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, ოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი).
შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-მა 2012 წლის 15 ოქტომბერს ავტორიზაცია გაიარა მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; საქმიანობის მოკლე აღწერილობა: წარმოადგენს საერთო მაუწყებელს).
შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ი როგორც ელექტორნული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას, როგორც მაუწყებლობის, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. „შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის N 95/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF85 ლიცენზია (ლიცენზიის გაცემის თარიღი: 15.02.2013; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 15.02.2023), ხოლო ამავე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომპანიას განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები: ა) - რადიოსიხშირული სპექტრი - 15117 ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - სტუდიამდე (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N68); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადაცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე; ცალმზრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისათვის, კერძო მაუწყებლობის NB117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის; ბ) -რადიოსიხშირული სპექტრი - 15324 ± 14 მჰც; მიმართულება: სტუდიიდან (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N68) - მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის“ სადგური); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადაცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე; ცალმზრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისათვის, კერძო მაუწყებლობის NB117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის; გ) - რადიოსიხშირული სპექტრი - 6854 ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადაცემის სიმძლავრე - 2 ვატი;მობილური ჩართვებისთვის, კერძო მაუწყებლობის NB117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის. „შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის N 95/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვრა 7, 142.56 (შვიდი ათას ას ორმოცდაორი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარით. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% -ის - 4,999.79 (ოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში; ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, 416.65 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად 2013 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 15 თებერვლამდე.
3. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობის - NF90 ლიცენზიის (ლიცენზიის გაცემის თარიღი: 15.02.2013; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 15.02.2023) სალიცენზიო ვალდებულებების გ) პუნქტის თანახმად, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს ევალება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა დანართი N2-ის შესაბამისად, ხოლო დანართი N2-ის თანახმად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 4,999.79 (ოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდის ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრულია გრაფიკის შესაბამისად (გრაფიკის შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს ყოველთვიურად 416.65 ლარის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2013 წლის მარტიდან 2014 წლის 15 თებერვლამდე, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე);
გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF90 ლიცენზიისათვის - სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 2,799.79 (ორი ათს შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი.
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები და ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების/მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
5. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს 2014 წლის თებერვლის თვის შემდეგ პერიოდებზე წარმოსადგენი ჰქონდა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება; ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კომპანიამ წარმოადგინა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები.
6. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს წარმოსადგენი აქვს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, კერძოდ: 1. 2015 წლის მე-3 კვარტლის ფორმა 1.5 (მაუწყებლების ფინანსები) და ფორმა 1.6 (მაუწყებლებისათვის გაწეული მომსახურება), ასევე 2015 წლის მარტის ფორმა 1.5 (მაუწყებლების ფინანსები); 2. 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბრის ფორმა 1.1 (ზოგადი).
7. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონონებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ლ) ქვეპუნქტის შესბამისად, გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
7. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
8. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას/ავტორიზაციას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
10. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია:
1. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული პირის მიერ:
ა) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას;
ბ) რეგულირების საფასურის გაანგარიშების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას;
გ) შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF90 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახადის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხის გადაუხდელობით ადგილი აქვს „შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის N95/1 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების, ასევე NF90 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულების გ) ქვეპუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევას;
ზემოაღნიშნული წარმოადგენს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის უნდა დაევალოს სატატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ასევე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2,799.79 ლარის გადახდა;
2. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის, როგორც მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული პირის მიერ:
ა) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობითა და კომისიაში წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილება;
ბ) რეგულირების საფასურის გაანგარიშების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილება;
ზემოაღნიშნული წარმოადგენს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად. ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს გაფრთხილება. ამავე დროს, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს უნდა დაევალოს სატატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (მომხრე კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე და კომისიის წევრები: ე. ასანიძე, გ. ფრუიძე და მ. ქათამაძე; წინააღმდეგი კომისიის წევრი კ. ბექაური):
გადაწყვიტა:
1. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს, მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის N 95/1 გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების, ასევე „შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF90 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულების გ) პუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს, როგორც მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულ პირს, მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
3. უზრუნველყოს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-მა NF90 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახადის დარჩენილი თანხის 2799.79 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა.
4. უზრუნველყოს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-მა“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებულმა პირმა, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების „შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის ჩაბარება და ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება (გარდა მე-3 პუნქტისა) ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის „შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის ჩბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძეს);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
