საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2016 10:54
მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2015
საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩომ, კომისიას მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/9298-15, 26.11.15) ქ.თბილისში, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ მოკლეტალღოვან დიაპაზონში რადიოგადამცემების ფუნქციონირებისთვის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. მოთხოვნილი რადიოსიხშირეები გათვალისწინებულია მოკლეტალღოვან დიაპაზონში რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც
არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (საქართველო შეერთებულია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 13 მაისის დადგენილებით)
„მააკრედიტებელი სახელმწიფო და წარმომადგენლობის მეთაური თავისუფლდებიან ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადებისაგან, წარმომადგენლობის საკუთარი თუ დაქირავებული ნაგებობებისათვის მოსაკრებლებისა თუ ბაჟისაგან, რომლებიც კონკრეტული სახეობის მომსახურების გადასახდელია“.
შესაბამისად, ვენის 1961 წლის კონვენციით გათვალისწინებული სახაზინო შეუვალობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო განთავისუფლებულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისაგან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული პირის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F 887 ნებართვა და მიენიჭოს 5110.00 კჰც; 5732.00კჰც; 6825.00კჰც; 6850.00კჰც; 7670.00კჰც; 8050.00კჰც; 8125.00კჰც; 9045.00კჰც; 9375.00კჰც; 10115.00კჰც; 10165.00კჰც; 11545.00კჰც; 13385.00კჰც; 13545.00კჰც; 14375.00კჰც; 14935.00კჰც და 17445.00კჰც, თითოეული ზოლის სიგანით არაუმეტეს 4კჰც, გასხივების სიმძლავრით 1კვტ, A1A, A3E, J3E (LSB-USB), J1D და J2D სახის რეჟიმების გამოყენებით მოკლეტალღოვანი რადიოკავშირის უზრუნველსაყოფად, ერთი წლის ვადით, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. აღირიცხოს საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
4. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით, დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს მონიტორინგის განხორციელება;
5. დაევალოს საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
7. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოში ბურგარეთის რესპუბლიკის საელჩოსთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი ე.ასანიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
