წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 809 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 06, 2016 13:02

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2015

შპსტელეკომპანია I სტერეოსადა სსსილქნეტსშორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „ტელეკომპანია I სტერეომ“ და სს „სილქნეტმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/7381-15, 02.10.2015) შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის (2200მჰც-2350მჰც სიხშირული დიაპაზონი) ნაწილობრივ  (2300მჰც-2350მჰცსიხშირული დიაპაზონი) სს „სილქნეტზე“ გადაპირებასთან დაკავშირებით და წარმოადგინეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია I სტერეო“ კომისიის 2008 წლის 13 ივნისის N334/5 და 2008 წლის 14 ივლისის N407/2 გადაწყვეტილებებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F65 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით,

”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;

გ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად”.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლოგავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივი არის არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვების თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის N581/11 გადაწყვეტილებით, წინასწარი თანხმობა მიეცა შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის (რადიოსიხშირული ზოლი 2200მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) ნაწილობრივ (რადიოსიხშირული ზოლი 2300მჰც-დან 2350მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში) სს “სილქნეტის“ მიერ  შეძენაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების შესახებ დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ:

ა) გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება; 

ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;

გ) ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებელს მიეწოდება სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

კომისია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ზემოაღნიშნული ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების მიზნით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირებაზე წინასწარი თანხმობა შპს ”პირველ სტერეოს” მიღებული აქვს 2014 წლის 16 ოქტომბერს კომისიის №581/11 გადაწყვეტილებით. აღნიშნული თანხმობის მიღების შემდეგ სს ”სილქნეტს” დროებით სარგებლობაში გადაეცა შპს ”სილქ ლტის” №F64, F66 და F68 ლიცენზიები და ასევე 2015 წლის 4 დეკემბერს განხორციელდა სს ”სილქნეტის” და ”ვიტელ ჯორჯიას” შერწყმა (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15232042, 04/12/2015 17:32:29) შესაბამისად შეიცვალა საკომუნიკაციო ბაზარზე სს ”სილქნეტის” მდგომარეობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესწავლილ უნდა იქნას შპს “ტელეკომპანია I სტერეოს“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შემთხვევაში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა და ამ მიზნით კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შესაბამისი კვლევის განხორციელება და დასკვნის წარმოდგენა.

ამავე დროს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა დაევალოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში დასკვნის წარმოდგენა;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები კახი ბექაური, გიორგი ფრუიძე და მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე)

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2016 წლის 26 იანვარს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული კვლევის ჩატარება და კომისიისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში კომისიისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისთვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია I სტერეოსა“ და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

 6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ განაცხადა, რომ არ ეთანხმება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას. მან აღნიშნა, რომ 2015 წელს აღნიშნული ლიცენზიის გაუქმების თაობაზე მიმდინარეობდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა ეს წარმოება შემდგომში შეწყდა.  მიაჩნია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზია ექვემდებარება გაუქმებას.

კომისიის თავმჯდომარე                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები