შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 13:43
მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2015
შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 1 ოქტომბრის N595/18 გადაწყვეტილებით - შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალა შპს „ახალი ქსელებისათვის“ შეტყობინების გაგზავნა მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, ვინაიდან, საქმის განხილვის სტატიაზე გამოვლიდნა, რომ შპს „ახალ ქსელებს“ როგორც მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელს, საკუთარ ვებ გვერდზე არ აქვს გამოქვეყნებული შესაბამისი ხელშეკრულება, რისი ვალდებულაც მას გააჩნია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 15 დეკემბერს - შეტობინების გაგზავნის მომენტიდან, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 24 დეკემბერს, რის შესახებ შპს ,,ახალ ქსელებს“ 2015 წლის 15 დეკემბერს გაეგზავნა დაზღვეული წერილობითი შეტყობინება (გზავნილის კოდი:040032529163) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება, აგრეთვე, მოეთხოვა, 2015 წლის 24 დეკემბრამდე კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებაზე მომხმარებლებთან (აბონენტებთა) წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ტიპიური ფორმის წარმოდგენა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა, შპს „ახალი ქსელების“ იურისტი ლიანა ამაშუკელი, რომელმაც კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ დარღვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა დარღვევა აღმოფხვრილია და შპს „ახალი ქსელების“ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია შესაბამისი ხელშეკრულება.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის 2015 წლის 1 ოქტომბრის N595/18 გადაწყვეტილება „შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ“;
- კომისიის 2015 წლის 15 დეკემბრის N03/3048-15 წერილი გაგზავნილი შპს „ახალი ქსელებისათვის“ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებაზე აბონენტებთან წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ტიპიური ფორმის წარმოდგენასთან დაკავშირებით და ამ წერილის შპს „ახალი ქსელებისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ჩაბარების თარიღი: 15.12.2015);
- კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ახალი ქსელების“ შესახებ მონაცემები;
- შპს „ახალი ქსელების“ იურისტის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ,,ახალი ქსელები“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 28.02.2006), რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს სხვადასხვა ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებზე, რომელიც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- 2015 წლის 1 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საკითხის განხილვისას დადგინა, რომ შპს „ახალი ქსელები“, სხვა საკომუნიკაციო მომსახურებასთან ერთად, ეწევა მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურბასაც და კომპანიას, ქ. თბილისში, დაახლოებით 100 აბონენტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდების თაობაზე. აღნიშნულ აბონენტბს შპს „ახალი ქსელები“ აწვდის მხოლოდ 37 სამაუწყებლო არხს;
- კომისიამ 2015 წლის 15 დეკემბერს წერილით მიმართა შპს „ახალ ქსელებს“ და მოსთხოვა, 2015 წლის 24 დეკემბრამდე მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებაზე აბონენტებთან წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ტიპიური ფორმის წარმოდგენა;
- შპს „ახალ ქსელების“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (15.12.2015) საკუთარ ვებ გვერდზე არ ჰქონდა გამოქვეყნებული მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რისი გამოქვეყნებაც მას ევალება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად;
- შპს „ახალი ქსელების“ მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, საკუთარ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული იყო მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
- შპს „ახალი ქსელების“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ანალოგიური დარღვევისათვის, „ელექტრონული ომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პსუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამსიად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვის და შეწყვეტის პირობების სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის შესახებ;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, საქმეზე არსებული დოკუმენტაციის შესწავლის და მხარის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა - განმარტების საფუძველზე კომისიას მიაჩნია, შპს „ახალი ქსელების“ მიერ საკუთარ ვებ გვერდზე ინტერნეტში აბონენტისათვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, მომსახურების მიღების, შეზღუდვის და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის (ხელშეკრლების ტიპიურის ფორმის) გამოუქვეყნებლობით, შპს „ახალი ქსელების“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კომისიას მიაჩნია, რომ კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კომისიას შეუძლია იმსჯელოს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაზე (პატიებაზე) და შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 და მე-17 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- ეპატიოს შპს „ახალ ქსელებს“ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევა და შეწყდეს შპს ,,ახალი ქსელების“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისათვის“ გადაგზავნა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ახალი ქსელებისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისათვის“ ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
