წვდომის მენიუ

ააიპ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 812 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 06, 2016 12:57

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2015

ააიპ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/9743-15 11/12/2015) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-873, 15.07.2015) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურდა მაუწყებლობის ენად გარდა ქართულისა შემდეგი ენების განსაზღვრა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური, იაპონური, ჩინური, რუსული, აფხაზური, ოსური, ებრაული, სომხური, აზერბაიჯანული და თურქული. 2015 წლის 23 დეკემბერს ააიპ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა” დააზუსტა მოთხოვნა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/10253-15 23/12/2015) და მაუწყებლობის ენად გარდა ქართულისა მოითხოვა ინგლისურის და რუსულის განსაზღვრა.

             კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი” მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-873, 15.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

1. მაუწყებლობის სახე:ტელემაუწყებლობა;

2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

4. მაუწყებლობის ენა: ქართული;

5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;

6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს ”სტერეო+”-ის მულტიპლექსი);

ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

გ) ინტერნეტი (საქართველო);

დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

7. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

ბ) ინტერნეტი - უფასო;

გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა ააიპ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი ცილიკიშვილი.  სხდომაზე არ გამოვლენილა ავტორიზაციის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება.   

 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს                                  ააიპ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-873, 15.07.2015) მოდიფიცირება და მაუწყებლობის ენებად მოთხოვნილი ენების (ქართული, ინგლისური და რუსული)  განსაზღვრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს ააიპ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” საერთო ტელემაუწყებლობის  ავტორიზაცია (BR-873, 15.07.2015) და მაუწყებლობის ენებად განისაზღვროს შემდეგი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

2. ააიპ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი” ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება                          (ნ. ჯანელიძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                      ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                      ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                      მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები