წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განხილვის შესახებ

ნომერი: 814 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2016 18:42

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2015

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივრის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2015 წლის 10 ნოემბერს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8628-15. 10.11.2015) მიმართა ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“, შპს „ტელეიმედისთვის“ სოციალური რეკლამის სახით წარდგენილი კლიპის, ამ უკანასკნელის მიერ სამაუწყებლო ეთერში არ განთავსების თაობაზე.

კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ- მინისტრის 2014 წლის 9 ივნისის N1022 განკარგულებით შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“, რომლის მიზანია საზოგადოებრივ, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მონაწილეობით ე.წ. ინოცავიური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედება და ალტერნატიული (არასაბიუჯეტი) რესურსების მობილიზაცია საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფულად სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგომი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. როგორც საჩივარშია აღნიშნული, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ორგანიზაცია უზრუნველყოფს ნებაყოფლობითი მცირე დონაციების (მიკრო-დონაცია, მიკრო ფილანტროპია) ფინანსური რესურსების მობილიზებას ინდივიდუალური მოქალაქეებისა და კორპორატიული ინიციატივებიდან და ყველაზე მწვავე სოციალურ საჭიროებებზე სისტემურ მართვას. როგორც საჩივარშია აღნიშნული, ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“  საზოგადოების, საჯარო და კერძო სექტორის თანამონაწილეობით და მცირე დონაციებით  ეხმარება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებსა და 22 წლამდე ახალგაზრდებს და დღეის მდგომარეობით ფონდმა დახმარება უკვე 115-მდე პირს გაუწია.

საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების მიზნით ფონდმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლიდან გამომდინარე მიმართა შპს „ტელეიმედს“  წარდგენილი ვიდეორგოლი სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსების თხოვნით. როგორც საჩივარშია აღნიშნული, შპს „ტელეიმედმა“ სარეკლამო რგოლს სოციალური რეკლამის სტატუსი არ მიანიჭა არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე.

განცხადებას თანდართული აქვს შპს „ტელეიმედის“ წერილი (30.09.2015 N0607) სადაც აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრული სოციალური რეკლამის დეფინიციიდან გამომდინარე, შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი ვიდეო რგოლი არ შეესაბამება სოციალური რეკლამისთვის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, რადგან სოციალური რეკლამას არ წარმოადგენს მასალა, რომელი შეიცავს გაწეული მომსახურების რეკლამას, ხოლო რეკლამა წარმოადგენს მათ შორის მომსახურებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ემსახურება მომსახურების ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი იქნება დაკორექტირებული ვიდეო რგოლი, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და სადაც არ იქნება მითითება გაწეულ მომსახურებაზე (მათ შორის განხორციელებულ დაფინანსებაზე და სხვა.) შპს „ტელეიმედი“ უზრუნველყოფს მის განთავსებას სამაუწყებლო ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით.

მ ო თ ხ ო ვ ნ ა:

კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კაონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეისწავლოს შპს „ტელეიმედის“ გადაწყვეტილება წარდგენილი სარეკლამო რგოლისთვის სოციალური რეკლამის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და განხორციელოს შესაბამისი რეაგირება.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 19 ნოემბერს 15:00 საათზე და კომისიის N714/23 გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „საქართველოს ზოლიდარობის ფონდის“ საჩივარი და დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მომსმენა დაინიშნა 2015 წლის 3 დეკემბერს 15:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 3 დეკემბერს 15:00 საათზე, ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ტელეიმედის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი და ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“  წარმომადგენელი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის N772/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის N714/23 გადაწყვეტილებაში და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაინიშნა განმეორებითი ზეპირი მოსმენა 2015 წლის 24 დეკემბერს 15:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 24 დეკემბერის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ტელეიმედის“ და ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენლები.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ  შპს „ტელეიმედში“  წარდგენილი სარეკლამო რგოლი მართალია მიმართულია საქმელმოქმედო მიზნის მიღწევისკენ, მაგრამ თავად სარეკლამო რგოლი, მასში გაჟღერებული ფრაზების გათვალისწინებით ასევე შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის, კერძოდ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას, შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური რეკლამის დეფინიციიდან გამომდინარე, აღნიშნული სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც განსაზღვრულია სოციალური რეკლამისთვის და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შპს „ტელეიმედმა“ უარი განაცხადა აღნიშნული სარეკლამო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე; შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ დაკორექტირებული იქნება სარეკლამო რგოლი და ის დააკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით სოციალური რეკლამისთვის გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, შპს „ტელეიმედი“ გამოთქვამს მზადყოფნას სამაუწყებლო ეთერში განათავსოს სარეკლამო რგოლი სოციალური რეკლამის სტატუსით.

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით  ალტერნატიული (არასაბიუჯეტი) რესურსების მობილიზაცია საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი და კატასტროფულად სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგომი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად; ფონდი აქტიურად ეხმარება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებსა და 22 წლამდე ახალგაზრდებს, შესაბამისად შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი სოციალური რეკლამა მიმართულია საქველმოქმედო მიზნებისკენ და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას ფონდის არსებობისა და იმის თაობაზე თუ როგორ უნდა განხორციელდეს საზოგადეობის აქტიური ჩართულობა ამ საქველმოქმედო მიზნების მისაღწევად.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინსიტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ განხილულ იქნა ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსების მიზნით წარდგენილი სოციალური რეკლამა (სოლიდარობის ფონდი - ამაიაკ მანუკიანი) და კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი  პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტის შესაბამისად სოციალური რეკლამა განმარტებულია როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

3. „რეკლამის შესახებ“ საქართელოს კანონისმე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები),აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

                კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსების მიზნით წარდენილი სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ვინაიდან სარეკლამო რგოლი, შინაარსის გათვალისწინებით, მიმართულია საქველმოქმედო მიზნებისკენ.

კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N1022 განკარგულებით დამტკიცებული ფონდის წესდების მე-3 მუხლის შესაბამისად ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მონაწილეობით საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი საქართველოში მცხოვრები პირებისათვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. ფონდის წესდებით გათვალისწინებულ ფონდის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ამავე წესდებით ფონდისთვის განსაზღვრული მიზნების მისაღწევად შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენა, სათანადო რესურსების აკუმულაცია და მათი მიზანმიმართული გადანაწილება;

                წარმოდგენილი ვიდეო რგოლში საუბარია ონკოლოგიური დაავადების მქონე ფონდის არასრულწლოვან ბენეფიციარზე, რომლის მკურნალობაც საზოგადოების აქტიური ჩართულობიდან გამომდინარე ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდა, ამავე დროს, სარეკლამო რგოლი შეიცავს საზოგადოების მიმართ ისეთი სახის მოწოდებას, როგორიც არის „თქვენი გვერდში დგომა კიდევ ბევრ ბავშვს სჭირდება, შემოგვიერთდით“ შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო რგოლი ცალსახად ემსახურება საქველმოქმედო მიზანს; რაც შეეხება კერძო სამართლის იურიდიული პირის, კერძოდ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებას, კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი არ შეიცავს თავად ააიპ „საქართელოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ განხორციელებული მომსახურების რეკლამას, ვიდეო რგოლში არ არის საუბარი იმაზე, რომ ფონდის არასრულწლოვან ბენეფიციარს თავად ფონდმა გაუწია რაიმე სახის მომსახურება, სარეკლამო რგოლში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო ფონდის მიერ საზოგადოების მიერ განხორციელებული დონაციებიდან ბენეფიციარის მკურნალობის დაფინანსებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება თავად ფონდის  მიერ გაწეული მომსახურების რეკლამად.

                ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივარი და შპს „ტელეიმედს“ უნდა დაევალოს შპს „სოლიდარობის ფონდის“ მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლის (სოლიდარობის ფონდი - ამაიაკ მანუკიანი) სამაუწყებლო ეთერში განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, მე-171 და 21-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაკმაყოფილდეს ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8628-15. 10.11.2015)  და დაევალოს შპს „ტელეიმედს“ ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიერ წარდგენილი სოციალური რეკლამის (სოლიდარობის ფონდი - ამაიაკ მანუკიანი)  სამაუწყებლო ეთერში განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდისა“ და შპს „ტელეიმედისთვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ.ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისა“ და ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდისთვის“ ჩარებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

               კომისიის თავმჯდომარე                                                 ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის  წევრი                                                                ელისო ასანიძე

                კომისიის წევრი                                                                 კახი ბექაური

                კომისიის წევრი                                                                 გიორგი ფრუიძე

                კომისიის წევრი                                                                 მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები