წვდომის მენიუ

ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 818 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 07, 2016 11:35

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2015

ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ          

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ)  ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (30.11.2015 Nშ-10/9389-15), ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის თაობაზე; კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია–კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში 2015 წლის 24 ნოემბერს განთავსდა  ახალი ინგლისურენოვანი გადაცემა „საქართველოს ხმა“. გადაცემის წამყვანის განაცხადებით, ახალი გადაცემა „საქართველოს ხმა“ ორიენტირებულია ინგლისურად მოლაპარაკე საზოგადოებაზე, ემიგრაციაში მყოფ ქართველებსა და ინგლისურენოვან აუდიტორიაზე. 24 ნოემბრის გამოშვება არჩევნების თემას ეძღვნებოდა.

სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია–კავშირი ობიექტივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მონაცემების შესაბამისად, ირკვევა, რომ მაუწყებლობის განხორციელების ენად მითითებულია მხოლოდ ქართული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ინგლისურენოვანი საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამის („საქართველოს ხმა“) განთავსებით, კომპანიის მიერ დარღვეულია ავტორიზაციის პირობები.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 10 დეკემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ამ უკანასკნელის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო  და საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2015 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე; ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინებით (10.12.2015 N03/3036-15) ეცნობა ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“, გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში დაიწყო 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკითხის განხილვა გადაიდო 2015 წლის 29 დეკემბერს 15:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 29 დეკემბერს 15:00 საათზე. საკითხის განხილვას ესწრებოდა ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების პროექტი.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. 2015 წლის 17 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” (№3691-11ს სარეგისტრაციო კოდი 045014000.05.001.017777), რომლის შესაბამისადაც დამატება განხორციელდა კანონის 38-ე (მაუწყებლობის სახეები და სახეობები) და 451 (მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი) მუხლებში და განისაზღვრა, რომ მაუწყებლობისათვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მისათითებელ სავალდებულო პირობას წარმოადენს მაუწყებლობის ენის/ენების მითითება. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასევე განისაზღვრა ვალდებულება, რომ ავტორიზებულმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში კომისიას უნდა წარუდგინონ ამ კანონით დადგენილი დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია მაუწყებლობის ენის/ენების თაობაზე;

2. 2015 წლის 15 ივლისს კომისიამ წერილობით (N01/1407-15) მიმართა ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირ ობიექტივს“ რათა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე დაეზუსტებინა და კომისიაში წარმოედგინა რიგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია მაუწყებლობის ენის/ენების თაობაზე;

3. 2015 წლის 28 ივლისს ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირმა ობიექტივმა“ კომისიაში წარმოადგინა განცხადება (28.07.2015 Nშ-6/5306-15) რომელშიც მაუწყებლობის ენად მითითებული აქვს - ქართული ენა;

4. ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივი“ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას ახორციელებს 2015 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი) ავტორიზაციის საფუძველზე (ავტორიზაციის NBR-873) შემდეგი  საავტორიზაცია პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა - კერძო ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) ავტორიზაციის ნომერი - BR-873;

ე) ავტორიზაციის თარიღი - 15.07.2015 15:27;

ვ) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 24 საათი;

ზ) მაუწყებლობის ენა/ენები - ქართული;

თ) გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი - ციფრული (შპს „სტერეო+“-ს მულტიპლექსი) თანამგზავრული (საქართველო), ინტერნეტი (საქართველო), სხა ტექნოლოგია (საქართველო);

5.  კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის N812/22 გადაწყვეტილებით, მაუწყებლის მოთხოვნის საფუძველზე მოდიფიცირდა ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ ავტორიზაცია მაუწყებლობის ენის ნაწილში და მაუწყებლობის ენებად განისაზღვრა: ქართული, რუსული და ინგლისური ენები;

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ როდესაც ავტორიზაციის პირობებით მაუწყებელს მაუწყებლობის ენად მითითებული აქვს ქართული ენა, მაუწყებლის მიერ ერთი გადაცემის სამაუწყებლო ბადეში განთავსება ენაზე, რომელიც არ არის მითითებული ავტორიზაციის პირობებში სამაუწყებლო ენად, არ წარმოადგენს ავტორიზაციის პირობების დარღვევას.

შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში არაქართულენოვანი სამაუწყებლო პროგრამის განთავსებით ადგილი არ აქვს მაუწყებლობის ენასთან დაკავშირებული ავტორიზაციის პირობის დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირ ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება დარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ), მ) და ო) ქვეპუნქტების,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივისთვის“ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ააიპ „არასამეწარმეო მედია კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე                                               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები