წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 825 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2016 19:11

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2015

საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2014 წლის 9 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №571/9  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ”. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი იქნა:

1. დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს ”ჯეოსელი”, შპს ”მაგთიკომი”, შპს “მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“): 

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

2. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის მოძრავ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგენილ იქნა სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების  ქსელში ტერმინაციის შემდეგი ტარიფები:

ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში  - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

3. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული პირების გარდა სხვა ავტორიზებული პირების მიერ  სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების  ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგენილ იქნა შემდეგი ტარიფები:

ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის  ქსელში ზარის ტერმინაცია:   0,16 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0.09 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში  - 1 წუთი;

გადაწყვეტილება ამოქმედდა 2014 წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №241/19 გადაწყვეტილებით, 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში  შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც №571/9 გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის N 732/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/9349-15 27.11.2015) მიმართეს ავტორიზებულმა პირებმა: შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“, შპს „მაიფონმა“, შპს „ნიუ ვიჟენმა“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“, შპს „პრემიუმ ნეტმა“ და შპს „ლაგმა“ მოქმედი რეგულაციის გაუქმების მოთხოვნით. კომისიას ასევე მიმართა წერილით სს „გლობალ ერთმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/9619 08.12.2015), რომლის თანახმადაც კომპანია გამოთქვამს მოსაზრებას, რათა არსებულ რეგულაციაში გაიზარდოს მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის საფასური და ამავე დროს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს შეეზღუდოთ საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაცია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი წერილით მიმართეს სს „გლობალ ერთმა“ და შპს „მაიფონმა“ (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი 6/10516-15 31.12.2015), სადაც კომპანიები ითხოვენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებისათვის გაიზარდოს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე მოქმედი რეგულაციით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფები, რაც საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების არ მქონე ტრანზიტორ ავტორიზებულ პირებს, თანაბარ კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდნენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში არა ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა  ოპერატორებთან. 

ამასთან ერთად, კომისია ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ მოქმედ რეგულაციას და მოითხოვენ არსებული პირობებით მის გაგრძელებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ”  კომისიის გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ იქნა ფაქტები, რაც უგულვებელყოფდა მოქმედი რეგულაციის პირობებს, კერძოდ:

 „A“ ნომრის ცვლილებით ხორციელდებოდა საერთაშორისო ზარის გარდაქმნა ადგილობრივ ზარებად; ადგილი ჰქონდა ე.წ. „SIMBOX“-ების გამოყენების ფაქტებს, რითაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა როგორც ქსელის მფლობელ ოპერატორებს, ასევე ქვეყნის ბიუჯეტს. შესაბამისი მონიტორინგით კომისიის მიერ შესწავლილი და გამოვლენილი იქნა „A“ ნომრის ცვლილებასთან დაკავშირებული ფაქტები. აღნიშნული ფაქტები და მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ამავე დროს ე.წ. „SIMBOX“-ების გამოყენების ფაქტები გამოვლენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ,  რის საფუძველზეც აღძრულ იქნა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე.

ამასთან ერთად, კომისიამ მიიჩნია, რომ ე.წ. SIMBOX“-ების გამოყენების ხელისშემწყობი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო მობილური კომპანიების მიერ SIM ბარათების კანონდარღვევით გავრცელება, რასთან დაკავშირებითაც კომისიის მიერ გამოვლენილი და შესაბამისად სანქცირებული იქნა მობილური კომპანიები: შპს „მობიტელი“ (კომისიის №341/18 11.06.2015 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო; კომისიის №582/18 24.09.2015 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 30.000 ლარის ოდენობით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო); შპს „ჯეოსელი“ (კომისიის №342/18 11.06.2015 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო; კომისიის №580/18 24.09.2015 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო); შპს „მაგთიკომი“ (კომისიის №579/18 24.09.2015 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო).

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის შემოღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა საქართველოსა და უცხო ქვეყნის ოპერატორებს შორის ანგარიშსწორებაში დისბალანსი და ხელი შეუწყო უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების ოდენობის მკვეთრი კლებისა, ადგილი აქვს შემომავალი საერთაშორისო ზარების მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების მატებას, კერძოდ, 2015 წლის 11 თვეში ოპერატორების შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან  შეადგინა 85,2 მლნ. ლარი.

 ამასთან ერთად 2015 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო შემომავალ ზარებზე აქციზის გადასახადის შემოღებამ (მობილურ ქსელებში საერთაშორისო ზარების დასრულებისათვის - 15 თეთრი; ფიქსირებულ ქსელებში საერთაშორისო ზარების დასრულებისათვის - 8 თეთრი;) მნიშვნელოვნი წვლილი შეიტანა ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში (დაახლოებით 40 მლნ. ლარი.)

კომისია აღნიშნავს, რომ არსებული რეგულაციის გაუქმება, მნიშვნელოვნად შეამცირებს კომპანიების შემოსავლებს (შედარებისათვის: ბოლო წლებში შემომავალი საერთაშორისო ზარების ოდენობის ისტორიული მაქსიმუმის გათვალისწინებითაც კი კომპანიების შემოსავლები დღეს არსებული ურთიერთჩართვის ტარიფებიდან გამომდინარე იქნებოდა 15 მლნ. ლარი, ნაცვლად 2015 წლის 11 თვეში დაფიქსირებული 85,2 მლნ. ლარისა), შესაბამისად, გაზრდის დისბალანსს უცხოურ ოპერატორებთან ანგარიშსწორებისას და გამოიწვევს უცხოური ვალუტის ქვეყნიდან გადინებას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, მაკედონია, ბელგია, ხორვატია, ნორვეგია წყარო: http://www.cullen-international.com/product/documents/FLTEEU20150102 ) დასაშვებად სცნეს საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე არაევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის დაწესდეს ურთიერთჩართვის ტარიფებისაგან განსხვავებული ე.წ. „კომერციული ტარიფები“. ამასთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელეს იმაზეც, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამ რეგულაციის გვერდის ავლით საერთაშორისო ზარების ქვეყანაში შემოტანას, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელ პირობად ჩაითვალა „ა“ ნომრის დაფიქსირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქსელის მფლობელ ოპერატორს მიეცა უფლება საეჭვო „ა“ ნომრით ან „ა“ ნომრის გარეშე განხორციელებულ ზარებზე ანგარიშსწორება მოახდინოს ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ე.წ. „კომერციული ტარიფებით“. მიუხედავად აღნიშნული რისკებისა, ევროკავშირის რიგი ქვეყნებისთვისაც ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი იყო იმ დისბალანსის აღმოფხვრა, რასაც წარმოშობდა ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების ოპერატორებს შორის ანგარიშსწორება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2-ე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა: „ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა“.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის, კერძოდ კი ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენის ძირითად საფუძველს წარმოადგენს შემდეგი:

  1. ავტორიზებული პირების უცხოურ კომპანიებთან ანგარიშსწორებისას დისბალანსის მაქსიმალური შემცირება (განსაკუთრებით რეგიონში არსებულ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, უკრაინა, თურქეთი);
  2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირებისათვის სარგებლის მომტანი გადაწყვეტილების მიღება.

კომისია განმარტავს, რომ კომისიას შესაძლებლად მიაჩნია გარკვეული პერიოდით, ბაზარზე დაკვირვების მიზნით, გაითვალისწინოს ტრანზიტორი კომპანიების მოთხოვნები მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის შემომავალი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფების მომატებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები მოქმედი რეგულაციის პირობებში გარანტირებულად მიიღებენ ურთიერთჩართვისგან განსხვავებულ, რეგულაციით დადგენილ შემოსავლებს, ხოლო ტრანზიტული ოპერატორები თანაბარი კონკურენციის პირობებში შეძლებენ შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ტრანზიტული მომსახურების განხორციელებას. ამასთან ერთად, ქვეყნის ბიუჯეტი მიიღებს შესაბამის შევსებას.

ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს რიგი ღონისძიებების გატარებას, კერძოდ:

-          კომისიისა და ავტორიზებული პირების წარმომადგენლებისაგან მონიტორინგის ჯგუფის შექმნა, რომელიც ინტენსიურად დააკვირდება, შეისწავლის და გააკონტროლებს როგორც შემომავალ, ასევე გამავალ საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს (ფინანსური, ტექნიკური და ა.შ) და პერიოდულად მოამზადებს შესაბამის დასკვნას;

 -          მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების, შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ SIM ბარათების რეგისტრაციისა და გააქტიურების მკაცრი კონტროლის უზრუნველყოფა;

 -          მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების, შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მიერ ე.წ. „SIMBOX“-ების ოპერატიულად გამოვლენის მიზნით მონიტორინგის  ერთიანი კოორდინირებული სისტემის შექმნის უზრუნველყოფა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე, კახი ბექაური, გიორგი ფრუიძე, მერაბ ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე):

 გადაწყვიტა:

1. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს ”ჯეოსელი”, შპს ”მაგთიკომი”, შპს “მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“): 

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,25 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,15 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

2. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის მოძრავ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგინდეს სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების  ქსელში ტერმინაციის შემდეგი ტარიფები:

ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,25 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში  - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,15 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

3. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნას ცვლილება და გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “5. გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედების ვადა განისაზღვროს 2016 წლის 1 ივლისის ჩათვლით“;

4. ამ გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან;

5. შემომავალი საერთაშორისო ზარების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება კომისიისა და ავტორიზებული პირების წარმომადგენლებისაგან. მონიტორინგის ჯგუფმა მოამზადოს შესაბამისი დასკვნა მინიმუმ ორ თვეში ერთხელ;

6. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“, შპს „მობიტელმა“ უზრუნველყონ SIM ბარათების რეგისტრაციისა და გააქტიურების მკაცრი კონტროლი;

7. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირებმა შპს „მაგთიკომმა“, შპს „ჯეოსელმა“, შპს „მობიტელმა“ ე.წ. „SIMBOX“-ების ოპერატიულად გამოვლენის მიზნით უზრუნველყონ მონიტორინგის  ერთიანი კოორდინირებული სისტემის შექმნა.

8. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

 

          კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი:

დადგენილი რეგულაცია, რომლის ვადის გაგრძელების თაობაზე იხილება საკითხი,  ითვალისწინებს სატელეკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში ზარის დასრულების მომსახურების ურთიერთჩართვის მომსახურებისგან განსხვავებული საფასურის დადგენას ზარის წამოწყების ადგილის მიხედვით. თუ ზარი ადგილობრივია (წამოწყებულია საქართველოში), მისი დასრულების საფასური განისაზღვრება ურთიერთჩართვის მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, ხოლო თუ ზარი საერთაშორისოა (წამოწყებულია უცხოეთში), ამ რეგულაციის მიხედვით,  ასეთი ზარის დასრულებისთვის გათვალისწინებულია გაზრდილი საფასური.

საერთაშორისო ზარების დასრულება კონკრეტული ავტორიზებული პირების ქსელში არის ქსელის მფლობელი ოპერატორის მხრიდან ურთიერთჩართვის მომსახურების გაწევა და მისი საფასური შესაბამისობაში უნდა იყოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით განმარტებულ ურთიერთჩართვის  ტარიფის განმარტებასთან - ”დაშვების (ურთიერთჩართვის) ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის საფასური”; საზღვარგარეთ წამოწყებული ზარების დასრულების მომსახურება ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში არანაირად არ განსხვავდება ქსელში ადგილობრივი ზარების დასრულების მომსახურებისგან. არსებული რეგულაციით,  კანონით განსაზღვრულ სავალდებულო ერთი სახის მომსახურებაზე დადგენილია ორი განსხვავებული ტარიფი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი რეგულაცია ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას.

კანონით განსაზღვრული კომისიის ფუნქციებიდან ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი საკითხი ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის საკითხების  რეგულირებაა. კომისიის შექმნის დღიდან საკომუნიკაციო  ქსელის ელემენტებთან დაშვების და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი  ურთიერთობების რეგულირება წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით განხორციელდა. ურთიერთჩართვის რეგულირების არსებული წესები, როგორც კანონმდებლობის დონეზე, ასევე ოპერატორებს შორის ქცევის პრინციპები ქსელების ურთიერთჩართვის ტექნიკური, ფინანსური, და სამართლებრივი საკითხების მოგვარების კუთხით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა.

როგორც არსებული მდგომარეობიდან ჩანს, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მოქმედმა რეგულაციამ პრობლემები შეუქმნა ავტორიზებულ პირებს შორის ურთიერთჩართვის  რეგულაციას.

არსებული რეგულაციის გაუქმების აუცილებლობაზე მეტყველებს მისი შედეგები. კერძოდ, მოხდა საქართველოში დასრულებული ტრაფიკის ოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით. თუ 2012 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში დასრულებული ტრაფიკის ოდენობა შეადგენდა დაახლოებით  50 მლნ. წუთს, 2015 წლის ოქტომბრის მონაცემით შეადგენს 20 მლნ. წუთს, ხოლო ნოემბრის თვის მონაცემებით 18 მლნ. წუთს. ამასთან, ავტორიზებული პირები აცხადებენ, რომ საქართველოში ზარის ტერმინაცია ხდება გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე ეს კომისიის გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.

საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე დადგენილი მოქმედი რეგულაცია არის ე.წ. „შავი ტრაფიკის“ წახალისების ეფექტური მაქანიზმი.

რაც შეეხება მონიტორინგს, როგორც მოგეხსენებათ, კომისია ვალდებულია განახორციელოს კანონმდებლობითა და საკუთარი გადაწყვეტილებებით დადგენილი რეგულაციის კონტროლი.

საერთაშორიზო ზარებზე რეგულაციის დადგენის დღიდან, 2012 წლიდან ყოველთვიურად ავტორიზებული პირებიდან კომისია იღებს ინფორმაციას  საერთაშორისო ზარების ტერმინაციისა და შესაბამისი ანგარისშწორების შესახებ. თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგი არის მხოლოდ ასახვა იმისა, თუ როგორ მცირდება ტრაფიკის ოდენობა.

მიუხედავად იმის, რომ კომისიის მხრიდან რამდენჯერმე მოხდა მასალების გადაგზავნა საგამოძიებო ორგანოსთვის, რაიმე გავლენა ამ ფაქტს ტრაფიკის ან/და საზღვარგარეთ საქართველოში ზარის დასრულების მომსახურების საფასურის შემცირების დინამიკაზე არ მოუხდენია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, კერძოდ: ა) რეგულაცია ეწინააღმდეგება კანონმდებლობას; ბ) კომისიის გადაწყვეტილების მოთხოვნები არ სრულდება; გ) კომისია ვერ აკონტროლებს მის მიერ დადგენილ რეგულაციის დაცვას;  ამავე დროს, დროს არ არსებობს რეგულაციის შეცვლის დასაბუთებული სხვა მექანიზმი, არსებული რეგულაციას ვადა აღარ უნდა გაუგრძელდეს და  გასაუქმებელია.

კომისიის თავმჯდომარე                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                 მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები