წვდომის მენიუ

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 826 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2016 12:36

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2015

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო  მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

2015 წლის 30 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 ნოემბრის №შ-10/9385-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით - CD, საიდანაც ირკვევა, რომ ვებგვერდზე (www.mediachecker.ge) გამოქვეყნებული სტატიის - პროდუქტის განთავსება „ნანუკას შოუ“-ში“) საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო ბადეში 2015 წლის 25 ნოემბერს განთავსებული პროგრამის - „ნანუკას შოუ“ მონიტორინგი. აღნიშნული მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ აღნიშნული გადაცემის ფარგლებში, გადაცემის წამყვანი მცირეწლოვან ბავშვს სთავაზობს „სებამედის“ პროდუქციის გამოყენებას თოჯინასთან თამაშის დროს და უხსნის, რომ ეს „გერმანული პროდუქციაა, ის ამას ვერ გაიგებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს“, თოჯინა კი ,,უნდა დაბანოს ,,სებამედის“  სპეციალური რაღაცეებით, იმიტომ, რომ ... თან გერმანულია წარმოიდგინე“; მცირეწლოვან ბავშვს სთავაზობს თოჯინასთან თამაშისას გამოიყენოს „სებამედის“ სხვადასხვა პროდუქცია, ხოლო ბავშვის მშობელს უხსნის, რომ ,,სებამედი“ დამზადებულია გერმანიაში, რაც ,,ნიშნავს ხარისხის მთავარ ნიშანს“. შემდეგ ამცნობს აუდიტორიას, სად იყიდება და რა ფასდაკლებებია ახლა კომპანიაში. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით. ამავე კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე;  ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.  აღნიშნული გადაცემის შესწავლის საფუძველზე, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევა. ამასთან, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ გადაცემის წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადებები და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი ქმედებები ხასიათდება კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის ნიშნებით და გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული განცხადებები პროგრამაში ინტეგრირებული იყო, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევაც, რომლის თანახმად, რეკლამა და ტელეშოპინგი  იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს.

2015 წლის 30 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 16 ოქტომბრის №შ-10/7779-15 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით - CD, საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 28 სექტემბერს, 1, 2 და 11 ოქტომბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ  განხორციელდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”–ის მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად გამოირკვა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ეთერში განთავსებულია გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველო!“.

- 2015 წლის 28 სექტემბერს, გადაცემაში - „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ განთავსდა სიუჟეტი „ტენტორიუმის“ მაღაზიათა ქსელის ფილიალიდან (ვაჟა-ფშაველას გამზირის №20). ჟურნალისტი   ესაუბრება მაღაზიის პიარ-მენეჯერს, რომელიც ყვება „ტენტორიუმის“ პროდუქციის შესახებ („ტენტორიუმ+“,  „რინო ფაქტორ“, „ო დე ვიტი“ და ა.შ). წამყვანი და პიარ-მენეჯერი საუბრობენ ამ პროდუქტების სარგებლიანობაზე ჯანსაღი კვების ფარგლებში, მიმოიხილავენ ,,ტენტორიუმის“ სხვადასხვა პროდუქტს, ფასდაკლებებს და შეთავაზებებს. ამავე გადაცემის ფარგლებში, წამყვანი ,,ტენტორიუმის“ მაღაზიათა ქსელის ფილიალიდან (აღმაშენებლის 80), ესაუბრება  ,,ტენტორიუმის“ თერაპევტს, რომელიც საუბრობს სხვადასხვა დასახელების პროდუქციაზე, მათ მნიშვნელობაზე, სარგებლიანობაზე, ეფექტზე. კომპანიის თერაპევტმა წარმოადგინა კონკრეტულად 4 სახეობის პროდუქტი. ამასთანავე, ,,ტენტორიუმის“ მაღაზიათა ქსელიდან (მელიქიშვილის გამზირი 6) რიგით მესამე ჩართვისას, ჟურნალისტმა და კომპანიის პიარ-მენეჯერმა მაღაზიიდან განახორციელეს გათამაშება მაყურებლებისთვის, რომლებსაც დაუსვეს კითხვა და საჩუქარი გადასცეს მას, ვინც პირველმა დარეკა სტუდიაში და დასმულ კითხვას პასუხი გასცა. სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე რმდენჯერმე ამონათდა კომპანიის სახელი, მისამართები, ტელეფონები და ვებ-გვერდის მისამართი.

- 2015 წლის 01 ოქტომბერს, გადაცემაში - „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ განთავსდა სიუჟეტი   „ნეოგაზის“ გაზგასამართი სადგურიდან. ჟურნალისტი მაყურებელს მოუწოდებს, რომ მაყურებელმა მიაკითხოს „ნეოგაზის“ გაზგასამართ სადგურს, რადგან ,,აქ დღეს ტარდება აქცია, ვინც ისარგებლებს „ნეოგაზით“, მას გადაეცემა „ნეოქარდის“ ბარათი, რომელზეც დარიცხული იქნება 10 ლარი.“ ჟურნალისტი ესაუბრება კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც საუბრობს ახალი სერვისის  „ნეოქარდის“  მახასიათებლებზე. ამასთანავე,  პირდაპირ ეთერში განხორციელდა 50 ლარიანი უფასო საწვავის გათამაშება. სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე რამდენჯერმე ამონათდა კომპანიის ,,ფეისბუკის“ მისამართი.

- 2015 წლის 02 ოქტომბერს, გადაცემაში - „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ განთავსდა სიუჟეტი ,,ჯიპის ცენტრიდან“, რომლის მიმდინარეობისას ჟურნალისტი მაყურებელს აცნობს ახალ „ვრანგლერ  საჰარას“ და ესაუბრება „ჯიპის ცენტრის“ ბრენდ-მენეჯერს, რომელიც იწონებს ჟურნალისტის არჩევანს და ამბობს, რომ ეს არაჩვეულებრივი მოდელია და ახდენს ავტომანქანის ტექნიკურ დახასიათებას. კომპანიის ბრენდ-მენეჯერი საუბრობს ჯიპზე - „გრანდ ჩეროკი“ და აღნიშნავს, რომ იგი ჯიპებს შორის უსწრაფესია, განსაკუთრებული სპორტული შესაძლებლობების მქონეა და ,,სპორტული ჯიპების ფლაგმანია“, გააჩნია აჩქარების უნიკალური მაჩვენებელი და აშ. სიუჟეტის მიმდინარეობისას ნახევარ ეკრანზე გავიდა აღნიშნული „გრანდ ჩეროკის“ სარეკლამო რგოლი, რომლის მიმდინარეობისას ეკრანზე ამონათებული იყო წარწერა „არაკომერციული ჩვენება“. კომპანიის წარმომადგენელი საუბრობს ,,ჯიპის ცენტრის“ აქციაზე - „ჩააბარე ძველი მაქსიმალურ ფასად და გაიყვანე ახალი ავტომანქანა“. ამასთანავე განხორციელდა ავტომანქანის ,,ტესტ-დრაივი“ და გათამაშება. სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე რამდენჯერმე ამონათდა კომპანიის სახელი, მისამართი, ტელეფონი, ვებ–გვერდის და ,,ფეისბუკის“ მისამართები.

- 2015 წლის 02 ოქტომბერს, გადაცემაში - „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ განთავსდა სიუჟეტი „ალტასა და ოქეის“ მაღაზიათა ქსელიდან. ჟურნალისტი და კომპანიის წარმომადგენელი საუბრობენ ფასდაკლების წიგნაკზე, ასევე ტელევიზორების ფასდაკლების 70%-იან აქციაზე. სიუჟეტში ნაჩვენებია კონკრეტული მოდელები, ამასთანავე ნაჩვენებია და გახმოვანებულია როგორც ამ მოდელების ძველი ფასები, ასევე ფასდაკლების შედეგად ახალი ფასები. სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე რამდენჯერმე ამონათდა კომპანიის სახელი, მისამართი, ტელეფონი და ვებ-გვერდის მისამართები.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (№შ-10/7779-15; 16.10.2015) აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული ყველა სიუჟეტის მსვლელობისას შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ ეკრანზე ამონათებული იქნა სიტყვა „რეკლამა“, რაც სავარაუდოდ განპირობებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის (პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება) მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე. კერძოდ, „პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი  სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში  განთავსებულ დამოუკიდებელ პროგრამაზე“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ17 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე;  ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის წ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას, ხოლო ამავე მუხლის ნ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომერციული რეკლამა არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

ზემოაღნიშნული სიუჟეტების შესწავლის საფუძველზე, მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სიუჟეტები არ უნდა იქნას განხილული, როგორც პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement), არამედ სახეზეა კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის ნიშნები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეკლამა და ტელეშოპინგი  იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული სარეკლამო (ფასიანი) სიუჟეტები პროგრამაში ინტეგრირებული იყო, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა. აქედან გამომდინარე, დეპარტამენტმა მიზანშეწონილად ჩათვალა, იმ სამაუწყებლო საათების, რომელთა ფარგლებშიც ზემოაღნიშნული სარეკლამო (ფასიანი) სიუჟეტები განთავსდა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64–ე მუხლის მე–2 პუნქტთან შესაბამისობის შემოწმება. კერძოდ, „მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს“. შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ: 2015 წლის 28 სექტემბერს (08:45:48) „ტენტორიუმის“ მაღაზიათა ქსელიდან გადაცემული სიუჟეტის ხანგრძლივობამ შეადგინა - 03 წთ. 45 წმ. ერთ სამაუწყებლო საათში (08:45:48 - 09:20:13) კომერციული სარეკლამო ჭრით ეთერი გაწყდა ორჯერ - 08:50 (ხანგრძლივობა -5 წთ. 59 წმ.) და 09:20:13 (ხანგრძლივობა – 5 წთ. 40 წმ.). შესაბამისად, ჯამში ერთ სამაუწყებლო საათში რეკლამამ შეადგინა: 14 წთ. 54 წმ; 2015 წლის 01 ოქტომბერს (08:16:01) „ნეოგაზის“ გაზგასამართი სადგურიდან გადაცემული სიუჟეტის ხანგრძლივობამ შეადგინა - 03 წთ. 54 წმ. ერთ სამაუწყებლო  საათში სარეკლამო ჭრით ეთერი გაწყდა ორჯერ - 08:20:16 (ხანგრძლივობა 03 წთ. 35 წმ.) და 08:50:15 (ხანგრძლივობა - 05 წთ. 59 წმ.). შესაბამისად, ჯამში ერთ სამაუწყებლო საათში რეკლამამ შეადგინა: 13 წთ. 28 წმ.; 2015 წლის 02 ოქტომბერს ერთ სამაუწყებლო საათში 08:20:20 – 08:50 „ალტასა“ და ოკეის“ მაღაზიათა ქსელიდან  (08:39:52 - ხანგრძ. 03 წთ. 34 წმ.) და „ჯიპის ცენტრიდან“ გადაცემული სიუჟეტების (08:44:17 - ხანგრძლივობა 4 წთ. 47 წმ.) საერთო ხანგრძლივობამ შეადგინა 08 წთ. 21 წმ. ამავე სამაუწყებლო საათში რეკლამით ეთერი შეწყდა ორჯერ - 08:20:20 (ხანგრძლივობა – 05 წთ. 27 წმ.) და 08:50 (ხანგრძლივობა – 05 წთ. 57 წმ.). შესაბამისად, ჯამში ერთ სამაუწყებლო საათში რეკლამამ შეადგინა: 19 წთ. 21 წმ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაც.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი სამსახურებრივ ბარათში (№შ-10/7779-15; 16.10.2015) აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია გადაცემა „ექიმები“. აღნიშნული გადაცემის მონიტორინგისას (2015 წლის 11 ოქტომბერი) გამოირკვა, რომ აღნიშნულ პროგრამაში ხორციელდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement). კერძოდ, სტუდიაში განთავსებულია ბახმაროსა და ნაბეღლავის წყალი, რომელებისც ჩასხმულია ამავე კომპანიის ბოთლებში,  ასევე ,,ფარმადეპოს“ სტენდი. გადაცემის მიმდინარეობისას ხორციელდება შესაბამისი ამონათების უზრუნველყოფა („რეკლამა“). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი განთავსდება მხატვრულ ფილმში, ტელეფილმში, სერიალში, ფილმის (გარდა დოკუმენტური ფილმისა) სერიაში, სპორტულ პროგრამასა და გასართობ გადაცემაში (გარდა საბავშვო პროგრამისა). გამომდინარე იქიდან, რომ დეპარტამენტის აზრით პროგრამა „ექიმები“ წარმოადგენს არა გასართობ პროგრამას, არამედ შემეცნებით პროგრამას, სადაც მაყურებელს მიეწოდება ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობის შესახებ, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 4 დეკემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის  10 დეკემბერს, რის თაობაზეც შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2015 წლის 10 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის იურისტი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმის მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების მასალის სრულყოფილად შესწავლისა და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით, სჭირდებოდა დრო და შესაბამისად, კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და საკითხის განხილვა გადადო 2015 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ,  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი გაფრთხილდა კომისიის სხდომაზევე. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის იურისტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორშაბათს, კომისიაში წარმოადგენს წერილობით ახსნა-განმარტებას.

2015 წლის 24 დეკემბერს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა კომისიაში წარმოადგინა წერილობითი (№ 1879-15. 24.12.2015 ) ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავს, რომ სადავო გადაცემებში განთავსებული იყო რეკლამა ,,პროდუქტის განთავსების“ სარეკლამო მომსახურების სახით. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში-საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ27 ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით. ამავე კანონის 691 მუხლი ადგენს პროგრამაში პროდუქტის განთავსების წესს: 1. აკრძალულია პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი განთავსდება: ა) მხატვრულ ფილმში, ტელეფილმში, სერიალში, ფილმის (გარდა დოკუმენტური ფილმისა) სერიაში, სპორტულ პროგრამასა და გასართობ გადაცემაში (გარდა საბავშვო პროგრამისა);

ბ) ლატარიებში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის გარეშე, საქონლის/მომსახურების პრიზის სახით უფასოდ მიწოდებისას. 2. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განმარტებით, სადავო გადაცემებში გასული ,,პროდუქტის განთავსების“ სახით გადაცემული სარეკლამო მომსახურება განხორციელებული იყო გასართობი გადაცემის ფარგლებში, რითაც უზრუნველყოფილ იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები.  ასევე დაცული იყო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ: ა) გაწეულ სარეკლამო მომსახურებას გავლენა არ მოუხდენია პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) არ შეიცავდა პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) არ მიუნიჭებია პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობა. შესაბამისად, ვინაიდან არ ყოფილა აღნიშნული ნორმების დარღვევა, ,,პროდუქტის განთავსება“ ვერ დაკვალიფიცირდება როგორც ,,კომერციული რეკლამა“ ან ,,ტელეშოპინგი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“ არ იზიარებს კომისიის პოზიციას ამ ,,ტელეშოპინგისა“ და ,,კომერციული რეკლამისთვის“ განთავსებისთვის კანონით გათვალისწინებული წესების და დროითი ლიმიტის დარღვევის თაობაზე. როგორც ახსნა-განმარტებაშია აღნიშნული,  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პოზიცია გამომდინარეობს თავად  ,,პროდუქტის განთავსების“, როგორც სარეკლამო მომსახურების სახეობის შინაარსობრივი და სამართლებრივი ბუნებიდან. კომპანიას მიაჩნია, რომ ,,პროდუქტის განთავსება“ არის სარეკლამო ტიპის მომსახურების სახეობა. ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის, ასევე აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, აღიარებული და დაცულია კომერციული სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის უფლება. კომერციული სიტყვის თავისუფლებასა და გამოხატვაში მეტწილად მოიაზრება რეკლამა ან/და კონკურენტის კრიტიკა. დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თავისუფლება ინფორმაციის გაცვლის თავისუფლებაზეა დამყარებული. სახელმწიფო/ხელისუფლება ვალდებულია დაუშვას ინფორმაციის და იდეების თავისუფალი გაცვლა. ასეთი გაცვლა შეიძლება ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავდეს, ისეთს, როგორიცაა მაგ. მეცნიერული ცოდნა, კომერციული განცხადებები, პირადი აზრი. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთათვის ,,ინფორმირებული გადაწყვეტილების“ პრინციპის დაცვა. აღნიშნულის მიღწევა თავის მხრივ კი შეიძლება განხორციელდეს კომერციული სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლების დაცვით.  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განმარტებით, ინფორმაციის უფლება მოიცავს ინფორმაციის მიღების, გავრცელებისა და შეგროვების უფლებას. პირს უფლება აქვს იცოდეს ყველაფერი, რაც ეხება საჯარო საკითხებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ბიზნეს, ეკონომიკურ თუ სხვა სახის სიახლეებს, მომხდარ და მიმდინარე ფაქტებს და ა.შ. თავისი, როგორც შინაარსობრივი, ისე სამართლებრივი გაგებით. ინფორმაციის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება ერთი საკითხის ორი მხარეა. პირის მიერ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების ერთ-ერთი პრინციპია ინფორმაციის მიღების უფლება. სახელმწიფოს არა აქვს უფლება შეზღუდოს ან ხელი შეუშალოს პირს იმ ინფორმაციის მიღებაში, რომლის გადაცემაც მისთვის უნდათ. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განმარტებით, ინფორმაციის მიღების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევბში. ამასთან, გამოყენებული შეზღუდვები აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მორალის დასაცავად. ,,პროდუქტის განთავსების“ დეფინიციიდან გამომდინარე, ,,პროდუქტის განთავსება“ თავისი ბუნებით არის ისეთი ტიპის სარეკლამო მომსახურება, რომელიც ინტეგრირებულია გადაცემაში. შესაბამისად, ის ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურებაა, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ გადაცემაში ინტეგრირებისას შესაძლოა ,,პროდუქტის განთავსება“ ორგანულად მიესადაგოს გადაცემაში წარმოდგენილ თემატიკას, სტუმრებს, მუსიკას და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას მიაჩნია, რომ ,,პროდუქტის განთავსების“ შესახებ მსჯელობისას არ შეიძლება ინტეგრირებული რეკლამის ავკარგიანობაზე, მისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებაზე და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საკითხზე მსჯელობისას ხისტი მიდგომა.  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განმარტებით, სადავო გადაცემებში ,,პროდუქტის განთავსებისას“ დაცული იყო რეკლამის დამკვეთის კომერციული სიტყვის თავისუფლება, აგრეთვე მომხმარებლის უფლება მიეღო ინფორმაცია. პირი (რეკლამის დამკვეთი) გარანტირებულია თავისუფალი კომერციული სიტყვის უფლებით(საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი; ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლი; აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორება). რეკლამა ინტელექტუალური შემოქმედების შედეგის პროდუქტია, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით. პირი (მოცემულ შემთხვევაში მაყურებელი, მომხმარებელი) გარანტირებულია უფლებით მიიღოს ინფორმაცია (საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი). შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის განმარტებით, ვინაიდან ქართული კანონმდებლობა არ არის მდიდარი რეკლამასთან და კომერციული სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავების პრაქტიკით, მნიშვნელოვანია გაზიარებულ იქნეს საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა. კერძოდ, საქმეზე ვირჯინიის შტატის ფარმაცევტთა საბჭო ვირჯინიის მომხმარებელთა წინააღმდეგ, სასამართლომ განმარტა: ,,სიტყვის თავისუფლება თავის თავში მოიცავს პირს, რომელსაც სურვილი აქვს, ისაუბროს. თუმცა, სადაც საუბრის მსურველი არსებობს, მაშინ დაცვის მექანიზმები ვრცელდება როგორც გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე მის წყაროზეც და მის მიმღებზე, თუ არსებობს რეკლამის უფლება, მაშინ არსებობს შესაბამისი უფლება, რომ პირმა მიიღოს ამ რეკლამით გავრცელებული ინფორმაცია.“ ამავე საქმეზე, სასამართლომ დაადგინა: ,,რეკლამა, რამდენად უგემოვნო და გაზვიადებულიც უნდა მოგვეჩვენოს, მაინც შეიცავს ინფორმაციას, თუ რა პროდუქცია იყიდება, რა ფასად და სად შეიძლება მისი შეძენა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ჩვენი რესურსების განაწილება უმეტესწილად დამოკიდებულია კერძო ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილებები. ამ მიზნისათვის კი კომერციული ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევა ხელშეუვალია.“ აშშ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (ცენტრალ ჰადსონის  საქმე, Uhaul Internationali vs Jartran) იცნობს ე.წ. ოთხნაწილიან ტესტს, რომელიც იმის გასარკვევად გამოიყენება, თუ როდის არ შეიძლება კომერციული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა: 1) კომერციული გამოხატვა არ უნდა ეხებოდეს კანონით აკრძალულ საქმიანობას; 2) ის არ უნდა იყოს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი; 3) სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს ის არსებითი ინტერესი, რომლის გამოც ხდება კომერციული გამოხატვის რეგულირება ან შეზღუდვა; 4) რეგულირება უნდა ემსახურებოდეს სამთავრობო ინტერესს, რომელიც მაქსიმალურად კონკრეტულ ცნებებშია გამოხატული. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ ვინაიდან ,,პროდუქტის განთავსება“ ხასიათდება განსაკუთრებული ბუნებითა და თავისებურებებით, ყოველ სადავო დარღვევაზე მსჯელობისას შეფასება თითოეულ საქმეს უნდა მიეცეს ინდივიდუალურად და ამასთან, გამოყენებულ იქნას ე.წ. ,,ოთხნაწილიანი ტესტი“, აგრეთვე შეფასებულ იქნას სადავო დარღვევა მომხმარებელთან მიმართებაში. კერძოდ, თუ არსებობს სადავო სარეკლამო მომსახურებით მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. მომხმარებლის შცდომაში შეყვანის ფაქტი უნდა დადასტურდეს მხოლოდ მომხმარებლის მიერ. არ შეიძლება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის დადასტურება მხოლოდ იმით, რომ რეკლამის გამავრცელებლის განზრახვა სწორედ ეს იყო (შეცდომაში შეყვანა). ანალოგიური მსჯელობის სახით უნდა იქნას განხილული სხვა ტიპის დარღვევები მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. მაგ. არსებობს თუ არა რეალურად დაზარალებული მომხმარებელი და კონკრეტული სახის ზიანის არსებობის ფაქტი უნდა იქნას დადასტურებული კონკრეტული მომხმარებლის მიერ; კონკრეტულად მომხმარებლის რა სახის უფლება დაირღვა და ა.შ. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის განმარტებით, აშშ უზენაესმა სასამართლომ საქმეზე CBS-ი ეროვნულ-დემოკრატიული კომიტეტის წინააღმდეგ განმარტა, რომ ,,კომუნიკაციის ფედერალური კომისია ვალდებულია გაარკვიოს და შეაფასოს ის, თუ რამდენად მზადაა ლიცენზიის მიმღები ანგარიში გაუწიოს საზოგადოების მთავარ ინტერესს - იყოს სრულად და სამართლიანად ინფორმირებული“. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირებულობის პრინციპის დაცვა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის ვალდებულებაა. საზოგადოების ინფორმირებისათვის  კი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ მაუწყებელია. შესაბამისად, მაუწყებლისათვის არათანაზომადი შეზღუდვების დაწესება სარეკლამო მომსახურების გაწევისას ლახავს როგორც თავად მაუწყებლის უფლებას თავისუფლად გაწიოს მომსახურება სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში, ისე რეკლამის დამკვეთის კომერციული სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას, თავისუფალი ინტელექტუალური შემოქმედების უფლებას, აგრეთვე საზოგადოების, ე.ი. მომხმარებლის უფლებას იყოს ინფორმირებული. ,,მთავრობის ჩარევის ალბათობის გათვალისწინებით, სასურველია, გამოხატვის შინაარსის კონტროლის წინააღმდეგ მიმართული კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპები ნაკლებად მკაცრი იყოს რეკლამასთან დაკავშირებით.“ ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ არ დარღვეულა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2015 წლის 24 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის იურისტი, რომელმაც მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის წერილობით ახსნა-განმარტებას  და  აღნიშნა, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. მან განმარტა, რომ გადაცემა - „ექიმები“ არის არა შემეცნებითი, როგორც ეს განმარტებული აქვს მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს, არამედ არის გასართობი გადაცემა შოუს ელემენტებით, თუმცა შემეცნებითი ელემენტებიც მასში ნამდვილად არის. შესაბამისად, შეიძლება იგი დაკვალიფიცირდეს, როგორც შემეცნებითი-გასართობი პროგრამა. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის იურისტმა განმარტა, რომ გადაცემა - ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“  შედგება დამოუკიდებელი ბლოკებისგან, ასევე ხდება საინფორმაციო გადაცემა - ,,კურიერის“ ჩართვა,  თუმცა იგი  განცალკევებული პროგრამაა, ხოლო გადაცემის დანარჩენი ნაწილი არის გასართობი ხასიათის. გადაცემაში წარმოდგენილია ანეგდოტები; განიხილება კულტურული საკითხები;  საუბარია რა ღონისძიებები იგეგმება ქვეყანაში; სხვა და სხვა სახის სიახლეებზე, რაც შეიძლება ქალაქში ვრცელდებოდეს, იქნება ეს გასართობი თუ სხვა, მათ შორის არის პრესის მიმოხილვა.  საბოლოო ჯამში ეს არის დილის შოუ, გასართობი გადაცემა და მისი მიზანია, რომ დილით საზოგადოება გაახალისოს, შეუქმნას განწყობა. რაც შეეხება გადაცემა ,,ნანუკას შოუ“-ს,  ამ შემთხვევაშიც, ადგილი არ ჰქონდა დარღვევას, ვინაიდან მცირეწლოვანი ბავშვი არ იყო გამოყენებული ბოროტად, ბავშვს თან ახლდა მშობელი, შესაბამისად, ეს არ იყო ბავშვზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.  თუმცა, შემდგომში, კომპანიამ რომ თავი დაიზღვიოს და ბავშვები ნაკლებად იყვნენ ჩართული ამგვარი ქმედებებში, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის მისაღები იქნებოდა კომისიის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით 2015 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საქმის განხილვა გაგრძელდა 2015 წლის 31 დეკემბერს, რის თაობაზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი გაფრთხილდა კომისიის სხდომაზე. 

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2015 წლის 30 ნოემბრის №შ-10/9385-15 და 2015 წლის №შ-10/7779-15 სამსახურებრივი  ბარათები თანდართული მასალით (CD);

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

3. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები (№.../..0575-15; 30.04.2015 და №1/729-08; 30.04.2015);

4. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის ოფიციალური ინტერნეტ ვებ გვერდი:

5. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2015 წლის 24 დეკემბრის წერილობითი ახსნა-განმარტება;

6. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრისა და 31 დეკემბრის კომისიის  სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

 ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ წარმოადგენს მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა. ავტორიზაციის თარიღი; 15.07.2015).

 2. 2015 წლის 26 ნოემბერს, ვებგვერდზე (www.mediachecker.ge) გამოქვეყნებული სტატიის (პროდუქტის განთავსება „ნანუკას შოუში“) საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო ბადეში 2015 წლის 25 ნოემბერს განთავსებული პროგრამის „ნანუკას შოუს“ მონიტორინგი. აღნიშნული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული გადაცემის ფარგლებში, გადაცემის წამყვანი მცირეწლოვან ბავშვს სთავაზობს „სებამედის“ პროდუქციის გამოყენებას თოჯინასთან თამაშის დროს. წამყვანს ხელში თოჯინა უკავია  და ბავშვს მიმართავს: ,,ბავშვი ხომ მოგიყვანე და მოვიტანეთ სპეციალურად ,,სებამედი“, რომელიც გერმანული კომპანიისაა“ და უხსნის, რომ ,,ეს გერმანული პროდუქციაა, შენ ამას ვერ გაიგებ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იცოდე“, თოჯინა კი ,,უნდა დაბანოს ,,სებამედის“ სპეციალური რაღაცეებით, იმიტომ რომ ნახე აქ, შემთხვევით თუ გამოყრილი აქვს, ამას აულაგებს, თუ სადმე დააყრის ყველაფერს ესე ... თან გერმანულია წარმოიდგინე“. გადაცემის წამყვანი მცირეწლოვან ბავშვს გადასცემს თოჯინას და ეუბნება თოჯინა დაბანოს „სებამედის“ პროდუქციის გამოყენებით. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, წამყვანი მცირეწლოვან ბავშვს ეკითხება  დაბანა თუ არა მან თოჯინა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ,,სებამედის“ პროდუქციის გამოყენებით ბანს თოჯინას და მცირეწლოვან ბავშვს ეკითხება გამონაყარი და დამწვრობა აქვს თუ არა თოჯინას, რაზეც ბავშვი ეუბნება არას. შემდეგ გადაცემის წამყვანი მცირეწლოვან ბავშვს სთავაზობს თოჯინას წაუსვას ,,სებამედის“ ,,მაზები“ და უხსნის, რომ ,,აუცილებლად სჭირდება სახის კრემი“, ,,ნახე თან როგორი აქვს ,,სებამედს“ შეუძლია დაიცვას სიცივისგან“, და ,,აუცილებლად უნდა წაუსვას თოჯინას“ და აძლევს მცირეწლოვან ბავშვს კრემებს თოჯინასთვის წასასმელად. მცირეწლოვანი ბავშვის მშობელს კი უხსნის, რომ ,,სებამედი“ დამზადებულია გერმანიაში,  ,,რაც ნიშნავს ხარისხის მთავარ ნიშანს“, შემდეგ მიმართავს მაყურებელს, რომ ,,ყველაზე მთავარი არის ის, რომ  ,,სებამედის“ პროდუქცია ზედგამოჭრილია განსაკურებით მგრძნობიარე კანისთვის“ და ,,მგრძნობიარე კანი აქვს ყველა ახალშობილ ბავშვებს“ და ამცნობს სად იყიდება ,,სებამედის“ პროდუქცია და რა ფასდაკლებები აქვს ახლა კომპანიას. გადაცემის მიწურულს ,,სებამედის“ პროდუქციის ნაკრებს საჩუქრად გადასცემს მცირეწლოვან ბავშვს და მის მშობელს.

3. 2015 წლის 28 სექტემბერს,  2015 წლის 1, 2 და 11 ოქტომბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ეთერში განთავსებულია გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველო!“:

3.1. 2015 წლის 28 სექტემბერს, გადაცემაში - „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ განთავსდა სიუჟეტი „ტენტორიუმის“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალიდან, რომელიც ჟურნალისტის გადმოცემით მდებარეობს ვაჟა-ფშაველას გამზირის №20-ში. შპს ,,რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი საუბრობს „ტენტორიუმის“ მიერ წარმოებული ანტივირუსული პროდუქციის ,,განსაკუთრებულ  შემოთავაზებაზე“. ამ მიზნით, ის ესაუბრება მაღაზიის პიარ-მენეჯერს, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას „ტენტორიუმის“ მიერ წარმოებული პროდუქციის შესახებ და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს „ტენტორიუმის“ მიერ შეთავაზებულ ანტივირუსულ პროგრამაზე. კერძოდ, ჟურნალისტი და კომპანიის პიარ-მენეჯერი მიმოიხილავენ „ტენტორიუმის“ სხვადასხვა პროდუქტს („ტენტორიუმ+“,  „რინო ფაქტორ“, „ო დე ვიტი“, ,,ექსტრა ლორი“, ,,ეი პი ვი“, ,,მოცვის ექსტრატი“), საუბრობენ ამ პროდუქტების სარგებლიანობაზე, ,,განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებით“, ფასდაკლებებსა და შეთავაზებებზე. პიარ-მენეჯერი ამბობს, ,,ტენტორიუმი“ მოსახლეობას სთავაზობს  ფასდაკლებას, ვინაიდან ვირუსების სეზონი ადრე დაიწყო.

ამავე გადაცემის ფარგლებში, მეორე  ჩართვის დროს,  ჟურნალისტი შედის „ტენტორიუმის“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთ ფილიალში, რომელიც მისივე გადმოცემით მდებარეობს  აღმაშენებლის გამზირის №80-ში, რათა უკეთ გაეცნოს „ტენტორიუმის“ იმ პროდუქციას, რომელზეც განსაკუთრებული შეთავაზება აქვს „ტენტორიუმს“. ჟურნალისტი მაღაზიაში ესაუბრება „ტენტორიუმის“ თერაპევტს, რომელიც საუბრობს ,,ტენტორიუმის“ მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების პროდუქციაზე (,,ო დე ვიტი“, ,,ექსტრა ლორი“),   მათ მნიშვნელობაზე, სარგებლიანობაზე, ეფექტზე, განსაკუთრებით ბაგა-ბაღის აღსაზრდელ ბავშვებთან მიმართებით, მიღების ხანგრძლივობაზე და რეკომენდაციას უწევს, რომ ბავშვებმა პროდუქცია მიიღონ 3 თვის განმავლობაში.

ამავე გადაცემის ფარგლებში, მესამე ჩართვის დროს,  ჟურნალისტმა და კომპანიის პიარ-მენეჯერმა, ,,ტენტორიუმის“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალიდან, რომელიც ჟურნალისტის გადმოცემით მდებარეობს მელიქიშვილის გამზირის №6-ში, მაყურებლებისთვის გაათამაშეს ,,ტენტორიუმის“ პროდუქციის ნაკრები და საჩუქარი გადასცეს იმ მაყურებელს, ვინც პირველმა დარეკა სტუდიაში და კითხვაზე სწორი პასუხი გასცა. კომპანიის პიარ-მენეჯერმა ისაუბრა ,,ტენტორიუმის“ პროდუქციაზე, განსაკუთრებით გამოყო ანტივირუსული პროდუქცია, რომლებზეც 5 დღის განმავლობაში მოქმედებს ფასდაკლებები არა მხოლოდ ქ.თბილისში, არამედ ქ.ქუთაისსა და ქ.ბათუმში მდებარე ფილიალებშიც. პიარ-მენეჯერის განმარტებით, ფასდაკლებები განპირობებულია იმით, რომ დაიცვან ბავშვები და მოზრდილები ვირუსებისაგან, რომლის სეზონი ადრე დაიწყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო ბადეში 2015 წლის 28 სექტემბერს განთავსებულ პროგრამაში - „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ წამყვანი ჟურნალისტისა და ,,ტენტორიუმის“ პიარ-მენეჯერის სიტყვები და ქმედებები ,,ტენტორიუმის“ პროდუქტებს („ტენტორიუმ+“,  „რინო ფაქტორ“, „ო დე ვიტი“, ,,ექსტრა ლორი“, ,,ეი პი ვი“, ,,მოცვის ექსტრატი“) ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას და შეიცავენ პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას.

3.2. 2015 წლის 01 ოქტომბერს, გადაცემაში - „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ განთავსდა სიუჟეტი  ,,ნეოგაზის“ გაზგასამართი სადგურიდან. ჟურნალისტი მაყურებელს მოუწოდებს, რომ თუ ,,მანქანას საწვავად ბუნებრივი აირი სჭირდება“ დილიდანვე მიაკითხოს ,,ნეოგაზს“, რომელიც დღეიდან მომხმარებელს  ახალ სერვისს სთავაზობს, ეს გახლავთ დაგროვების ბარათი ,,ნეოქარდი“, რომელზეც დარიცხულია 10 ლარი და მხოლოდ დღეს (1 ოქტომბერს)  საჩუქრად გადაეცემა ,,ნეოგაზში“ მისულ პირველ 1000 მომხმარებელს. ჟურნალისტი ესაუბრება კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც საუბრობს კომპანიის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ახალი სერვისის „ნეოქარდის“  მახასიათებლებზე. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ ,,ნეოქარდი“ ეს არის მუდმივი მოხმარების ბარათი, რომელიც ,,ნეოგაზის“  გაზგასამართ სადგურებზე უკლებლივ ყველა მომხმარებელს უსასყიდლოდ გადაეცემა, რომელიც არის მათი ,,ბიუჯეტის დაზოგვის ძალიან მარტივი შესაძლებლობა“; ,,დაზოგილი თანხით“ მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა ,,თვის განმავლობაში, სულ მცირე, სამჯერ-ოთხჯერ უფასოდ გამართონ ავტომობილი“ ანუ ,,თვის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ, რომ 300-მდე უფასო კილომეტრი დააგროვოთ თვეში.“ ამასთანავე,  პირდაპირ ეთერში ხორციელდება ,,ნეოგაზის“ 50 ლარის ღირებულების საწვავის გათამაშება, რომელიც საჩუქრად გადაეცა მომხმარებელს, რომელმაც სწორად გასცა კითხვას პასუხი. სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე რამდენჯერმე ამონათდა კომპანიის ,,ფეისბუკის“ მისამართი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო ბადეში 2015 წლის 1 ოქტომბერს განთავსებულ პროგრამაში - „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ წამყვანი ჟურნალისტისა და ,,ნეოგაზის“ მარკეტინგის მენეჯერის სიტყვები და ქმედებები ,,ნეოგაზის“ პროდუქტს -,,ნეოქარდს“ ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას და შეიცავენ პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას.

3.3.  2015 წლის 02 ოქტომბერს,  გადაცემაში  „დილა მშვიდობისა, საქართველო!“  განთავსდა სიუჟეტი ,,ჯიპის ცენტრიდან“ (JEEP CENTER), რომლის მიმდინარეობისას ჟურნალისტი მაყურებელს აცნობს ახალ ჯიპს - „ვრანგლერ  საჰარა“, რომელიც მისივე გადმოცემით, არის 2015 წლის ექსკლუზიური მოდელი და ,,ნომერ პირველი ოფროუდი“ და ,,ვისაც მძაფრი შეგრძნებები გიზიდავთ აუცილებლად უნდა დატესტოთ ეს მანქანა“, რომელიც ,,ლამაზი ფერითაც გამოირჩევა“.  წამყვანი საუბარს განაგრძობს „ჯიპის ცენტრის“ ბრენდ-მენეჯერთან, რომელიც იწონებს წამყვანის არჩევანს და განმარტავს, რომ  ,,ვრანგლერი არის ჯიპის გამორჩეული მოდელი, არის ოფროუდი, აქვს განსაკუთრებული ლიმიტირებული ფერი, რომელიც ექსკლუზიურად საქართველოში ჯიპის ცენტრმა შემოიყვანა. ეს არაჩვეულებრივი მოდელი არის დიზელის ძრავზე,  აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები, არის ეკონომიური და საკმაოდ კომფორტული, არ აქვს ზედმეტი სიხისტე ოფროუდზე მსვლელობის დროს. კომპანიის ბრენდ-მენეჯერი, ასევე საუბრობს ჯიპზე - „გრანდ ჩეროკი“ და აღნიშნავს, რომ ეს არის ,,ჯიპებს შორის ყველაზე სპორტული შესაძლებლობების მქონე“; ,,განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე“; ,,არის ძალიან აგრესიული, დინამიური ავტომობილი“; ,,აქვს აჩქარების უნიკალური მაჩვენებელი“, ,,არის ძალიან საინტერესო ფლაგმანიანი  ჯიპების სამოდელო რიგში“; აქვს ,,განსაკუთრებული აჩქარება“ და ,,ექსკლუზიურად არის ეს მანქანა ჩვენთან წარმოდგენილი“. ამავე დროს კომპანიის წარმომადგენელი საუბრობს ,,ჯიპის ცენტრის“ აქციაზე - „ჩააბარე ძველი მაქსიმალურ ფასად და გაიყვანე ახალი ავტომანქანა“. აქციის ფარგლებში,  მომხმარებლებს შეუძლიათ მაქსიმალურ თანხაში ჩააბარონ ძველი ავტომობილები და ,,სანაცვლოდ გაიყვანონ შესანიშნავი ჯიპის ეს უახლესი მოდელი“; მომხმარებელს თუ უნდა  გადაჯდეს ,,ნამდვილ ჯიპზე“, უნდა მოიყვანონ ძველი ავტომობილი, რომელსაც მაქიმალურ ფასად შეაფასებენ და სანაცვლოდ კი ფასდაკლებას მიიღებენ ნამდვილ ჯიპზე.“

ამავე გადაცემის ფარგლებში, მეორე  ჩართვის დროს,  ჟურნალისტი ჯიპიდან - ,,გრანდ ჩეროკი SRT“ მიესალმება მაყურებელს და მანქანის საჭესთან მჯდომს სთავაზობს მანქანის თაობაზე შთაბეჭდილება გაუზიაროს მაყურებლებს. ,,მძღოლი“, ,,გრანდ ჩეროკი SRT“-ს ახასიათებს როგორც ,,არაჩვეულებრივს“; ,,იმდენად დახვეწილია და იმდენად ძალიან ძლიერი“, რომ ,,უჭირს კომენტარის გაკეთება, თუმცა კომენტარი უნდა გააკეთოს, ვინაიდან მანქანა არის ყველასთვის“. მისი თქმით, მანქანა ,,დააკმაყოფილებს ნებისმიერ „სტრიტრეისერს“, რომელსაც უყვარს სიჩქარე და ,,იქნება ბედნიერი, ისეთი დინამიკა აქვს.“; არის ,,ლაქშერი“ მანქანა; შიდა ინტერიერი არის ტყავით გაწყობილი და ,,ძალიან  დახვეწილი.“  ასევე ის საუბრობს აქციაზე და მომხმარებლებს მოუწოდებს ძველი მანქანა მოიყვანონ ცენტრში, სადაც, ,,სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ის შეფასდება საბაზრო ღირებულების 100 პროცენტით“; ,,ფაქტიურად ას პროცენტს გთავაზობენ და შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი მანქანა მაღალი შეფასებით და გადაჯდეთ ჯიპზე.“  შემდეგ წამყვანი მაყურებლებს უამბობს ,,ჯიპის ცენტრის“ ,,იმ არაჩვეულებრივ აქციაზე“, რომელიც ,,ძალიან მასშტაბურია“ და ,,მხოლოდ ჯიპის ცენტრში ხდება მაქსიმალურ თანხაში თქვენი ავტომანქანის შეფასება და სანაცვლოდ შეგიძლიათ გადაჯდეთ ნამდვილ ჯიპზე“, შესაბამისად, მაყურებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ,,ჯიპის ცენტრის“ ახალი აქციით და თამამად გადაჯდნენ ახალ ჯიპზე. ჟურნალისტი ახსენებს მაყურებელს, რომ გადაცემის ბოლოს გაიმართება გათამაშება და მაყურებლებს ამცნობს, რომ ჯიპი ,,გრანდ ჩეროკი SRT“ ,,გახლავთ ჯიპის მარკის ყველაზე სწრაფი მოდელი“. სიუჟეტის მიმდინარეობისას, ეკრანის ნაწილზე გავიდა „გრანდ ჩეროკის“ სარეკლამო რგოლი, რომლის მიმდინარეობისას ეკრანზე ამონათებული იყო წარწერა „არაკომერციული ჩვენება“.

ამავე გადაცემის ფარგლებში, მესამე  ჩართვის დროს,  ჟურნალისტი ,,ჯიპის ცენტრიდან“, რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩა №97-ში, მაყურებლებისთვის გაათამაშეს მანქანის უფასო დიაგნოსტიკა და საჩუქარი გადასცეს იმ მაყურებელს, ვინც პირველმა დარეკა სტუდიაში და კითხვაზე - ჯიპის მარკის რომელი მოდელია ყველაზე სწრაფი, გასცა პასუხი - ,,გრანდ ჩეროკი SRT“. ჟურნალისტი და კომპანიის ბრენდ-მენეჯერი საუბრობენ აქციაზე - გადაჯექი ნამდვილ ჯიპზე, რომელიც ,,არის უპრეცედენტო“, რადგან მხოლოდ ,,ჯიპის ცენტრში“ ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა ჩააბაროს მისი კუთვნილი ნებისმიერი ავტომობილი და სანაცვლოდ შეარჩიოს ჯიპის ახალი მოდელი. ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ჯიპი ,,გრანდ ჩეროკი-SRT“  არის ,,გამორჩეული“ და ,,უსწრაფესი ავტომობილი“; ,,არის ემოციური ბრენდი“  და  ,,ნომერ პირველი ოფროუდი“.

სიუჟეტის მიმდინარეობისას, რამდენჯერმე ამონათდა კომპანიის სახელი, მისამართი, ტელეფონი, ვებგვერდის და ,,ფეისბუკის“  მისამართები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო ბადეში 2015 წლის 2 ოქტომბერს განთავსებულ პროგრამაში - „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ წამყვანი ჟურნალისტის, ,,ჯიპის ცენტრის“ პიარ-მენეჯერისა და  ე.წ. ,,მძღოლის“ სიტყვები და ქმედებები ,,ჯიპის ცენტრის“ მიერ გასაყიდ მანქანებს ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას და შეიცავენ პროდუქტის შეძნისაკენ პირდაპირ მოწოდებას.

3.4. 2015 წლის 2 ოქტომბერს, გადაცემაში  „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ განთავსდა სიუჟეტი „ალტასა და ოქეის“ მაღაზიათა ქსელიდან. ჟურნალისტი და კომპანიის წარმომადგენელი საუბრობენ ფასდაკლების წიგნაკზე, ასევე ტელევიზორების ფასდაკლების 70%-იან აქციაზე.  სიუჟეტში ნაჩვენებია კონკრეტული მოდელები, ამასთანავე ნაჩვენებია და გახმოვანებულია როგორც ამ მოდელების ძველი ფასები, ასევე ფასდაკლების შედეგად ახალი ფასები. სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე რამდენჯერმე ამონათდა კომპანიის სახელი, მისამართი, ტელეფონი და ვებ-გვერდის მისამართები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო ბადეში 2015 წლის 2 ოქტომბერს განთავსებულ პროგრამაში - „დილა მშვიდობისა, საქართველო!“ წამყვანი ჟურნალისტისა და „ალტასა და ოქეის“ მაღაზიის წარმომადგენლის სიტყვები და ქმედებები, „ალტასა და ოქეის“ მაღაზიის პროდუქტს - ,,ფასდაკლების წიგნაკს“ ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას და შეიცავენ პროდუქტის შეძნისაკენ პირდაპირ მოწოდებას.

4. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ კომისიაში 2008 წელს წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში (№1/729-08) პროგრამა დილის გადაცემა ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“ მითითებულია საინფორმაციო გადაცემების ჩამონათვალში, ხოლო 2015 წლის 30 აპრილს წარმოდგენილ კონცეფციაში (№.../..0575-15) დილის გადაცემა ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“ იმ პროგრამათა ჩამონათვალშია, რომელთა პროგრამული მიმართულებაც საინფორმაციო და საზოგადოებრივ - პოლიტიკური ხასიათისაა. შესაბამისად, გადაცემა  - ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“ არ წარმოადგენს ისეთი თემატიკის პროგრამას, სადაც მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement);  

5. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17 ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი განთავსდება: მხატვრულ ფილმში, ტელეფილმში, სერიალში, ფილმის (გარდა დოკუმენტური ფილმისა) სერიაში, სპორტულ პროგრამასა და გასართობ გადაცემაში (გარდა საბავშვო პროგრამისა), ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული და დაცულია გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება. ამასთან აღნიშნავს, რომ ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას გარკვეული პირობების დაცვით: ჩარევა  გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით [1]; ემსახურებოდეს ჩამოთვლილ მიზნებს [2]; ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში [3].

,,ჩარევა“ ნიშნავს ,,ფორმალობებს“, ,,პირობებს“, ,,შეზღუდვებს“, ან ,,სანქციებს“, ხოლო ,,გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით“ გულისხმობს იმას, რომ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ კანონმდებლობას. როგორც წესი, ეს ნიშნავს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიულ კანონიერებას, რაც მხოლოდ საპარლამენტო განხილვებისა და ხმის მიცემის პროცედურის გზით მიიღწევა. სწორედ ეროვნულმა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, შესაძლებელია თუ არა ამგვარი შეზღუდვა[1]. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს პრეცედენტული სამართლის ნორმებით.[2]

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველომ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასოცირების ხელშკერულება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან, მათ შორის, მაუწყებლობის სფეროში „აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივასთან (“AVMS” დირექტივა). სწორედ აღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხო დირექტივით განსაზღვრული კომერციული კომუნიკაციის ისეთ სახეობებს, როგორიც არის: 1. კომერციული რეკლამა; 2. სპონსორობა და 3. პროგრამაში საქონლის (მომსახურების) განთავსება (ე.წ. „Product Placement”-ი).  აღსანიშნავია, რომ თავად დირექტივა, ყველა ღნიშნულ მომსახურებას განიხილავს ე.წ. „კომერციული კომუნიკაციის“ ფარგლებში, თუმცა თითოეული მათგანისთვის აწესებს რეგულირების სხვადასხვა რეჟიმებსა და ლიმიტებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებულ იქნა კომერციული კომუნიკაციის ახალი სახე ე.წ. “Product Placement” და მასთან დაკავშირებული რეგულაციები, ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია დირექტივის მე-11 მუხლით[3]. ე.წ. “Product Placement”-ის განთავსებასთან დაკავშირებით კანონმა კომერციული კომუნიკაციის ამ სახეობის - „Product Placement“-ს განთავსება დასაშვებად ცნო, მაგრამ ამავე დროს გაითვალისწინა თავად დირექტივით გათვალისწინებული რიგი შეზღუდები (რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში პრაქტიკულად იდენტურად იქნა გადმოტანილი თავად დირექტივის ტექსტიდან), კერძოდ განისაზღვრა, რომ პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

კანონით ასევე გათვალისწინებულ იქნა დირექტივის მე-11 მუხლის ისეთი შეზღუდვა, რომლის თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი  სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ.  [4]

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების (“Product Placement”) მარეგულირებელი ნორმები სრულ შესაბამისობაშია „აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივასთან.

კომისია აღნიშნავს, რომ კომერციული სიტყვის თავისუფლება და გამოხატვა  ადამიანის უფლებათა  ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლებების სფეროს განეკუთვნება[5]. კომერციული გამოხატვა მოიცავს ასევე კომერციულ[6], მათ შორის ტელევიზიის მეშვეობით გადაცემულ რეკლამას[7] და განმარტავს, რომ კომერციული გამოხატვა, გამოხატვის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ექვემდებარება კონტროლის განსხვავებულ სტანდარტებს. ხელისუფლების ორგანოები  სარგებლობენ  შეფასების ფართო ზღვრით მასზე შეზღუდვის დაწესების აუცილებლობასთან მიმართებაში[8]. კომერციული რეკლამის შეზღუდვა დასაშვებია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ან არასარწმუნო ან/და შეცდომაში შემყვანი რეკლამის თავიდან აცილების მიზნით[9], ხოლო განსაკუთრებულ გარემოებებში, შეიძლება აკრძალულ იქნას ობიექტური და სარწმუნო რეკლამისა და იმ სტატიების გამოქვეყნებაც კი, რომლებიც აღწერს უტყუარ ფაქტებს და ასახავს რეალურ მოვლენებს სხვათა პირადი ცხოვრების პატივისცემის ან გარკვეული კომერციული ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის მიზნით.[10]  აშშ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მცდარი გამოხატვა არასდროს ყოფილა დაცული და ,,კომერციული სიტყვის რეგულირება უდავოდ დასაშვებია“[11]. კომერციული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია,[12] თუ კომერციული გამოხატვა ეხება კანონით აკრძალულ საქმიანობას; ის არის მცდარი ან შეცდომაში შემყვანი[13]; თუ სახელმწიფომ დაადასტურა კომერციული გამოხატვისა და შეზღუდვის არსებითი ინტერესი[14]. აშშ-ის სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, კომერციული  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია არამხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება არაკეთილსინდისიერი რეკლამის გავრცელებას, არამედ იმ შემთხვევაშიც,  როდესაც საქმე ეხება კეთილსინდისიერი რეკლამის გავრცელებას[15].

კომისია ყურადღებას ამახვილებს ევროპული ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პროდუქტის (საქონელი/მომსახურება) განთავსების (Product Placement) წესების დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ (Ofcom) 2015 წლის 1 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში[16] (Brit Asia TV Music Awards) აღნიშნა, რომ AVMS დირექტივის  მოთხოვნაა, რომ სამაუწყებლო პროგრამა, რომელიც შეიცავს ე.წ. „Product Placement”-ს, არ უნდა შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას და  მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოს. მარეგულირებელი ორგანო მიუთითებს AVMS დირექტივასა და თავად Ofcom-ის მიერ მიღებულ  „სამაუწყებლო პროგრამაში სარეკლამო მითითებების სახელმძღვანელო წესებზე“ (Guidence Notes; Section Nine: Commercial references in television programming) და აღნიშნავს, რომ პროდუქტის/მომსახურების და სასაქონლე ნიშნისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება განხილულ უნდა იქნას იმ სამაუწყებლო პროგრამის სარედაქციო შინაარსთან მიმართებით, სადაც ხდება მისი განთავსება. პროგრამაში განთავსებული პროდუქტი/მომსახურება გავლენას არ უნდა ახდენდეს პროგრამის შინაარსზე და თავად პროგრამა არ უნდა იყოს შექმნილი მასში განთავსებული პროდუქტის/მომსახურებისთვის. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მარეგულირებელი ორგანო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პროგრამის წამყვანის მიერ  სარეკლამო ე.წ. „ბრენდული“ შეტყობინებების გავრცელებას და მოწოდებებს კონკრეტული ქმედებისკენ. შესაბამისად „Ofcom”-მა მაუწყებლის ქმედება დააკვალიფიცირა როგორც პროგრამაში პროდუქტის/მომსახურების და სასაქონლე ნიშნის განთავსებისას სარეკლამო შეტყობინებების გავრცელება, რაც მიზნად ისახავდა რეკლამირებას და არ იყო გამართლებული სარედაქციო შინაარსით.

საფრანგეთის მარეგულირებელმა ორგანომ ტელევიზიით გადაცემულ სერიალში - ,,Nos chers voisins“ კარებების მონტაჟის სცენა (სადაც ჩანდა რეალური კომპანიის დასახელება; მუშას ამ კომპანიის სამუშაო ტანისამოსი ეცვა) მიიჩნია პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად; ასევე აღნიშნა, რომ მან გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე, ვინაიდან სიუჟეტი დაწერილი იყო განთავსებული პროდუქციისთვის[17].

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ, გადაცემაში - ,,Dschungelcamp“ განთავსებული შოკოლადი -,,Pickup“-ის განთავსება მიიჩნია გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად ვიზუალური და აუდიო აქცენტირების გამო და ასევე იმის გამო, რომ პროდუქტს ხშირად ახსენებდნენ თამაშის მონაწილეები საუბარში[18].

კომისიის წევრ კ.ბექაურის მოსაზრებით, პროდუქტის განთავსებისას (Product Placement) შესაძლოა დარღვეულ იქნას არა მარტო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, არამედ შესაძლოა დარღვეულ იქნას ინტეგრირებაც. ასეთ შემთხვევაში, თუ პროდუქტის განთავსება (Product Placement) შეიცავს კომერციული რეკლამის ნიშნებს, ის შეიძლება შეფასდეს კომერციული რეკლამის განთავსებად და შესაბამისად, შესწავლილ იქნას თუ რამდენად შეესაბამება მისი განთავსება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, ტელეკომპანიას უნდა მიეცეს განმარტება, რომ აუცილებელია ინტეგრირების დაცვა.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ გადაცემა ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“ არის გასართობი პროგრამა, ვინაიდან გადაცემაში გასული ყველა სიუჟეტი, ერთის გამოკლებით (ორშაბათს გადის ანეკდოტები),  ძირითადად საინფორმაციო ხასიათისაა, რაც ასევე დასტურდება კომპანიის ვებ გვერდზე (http://rustavi2.com/ka/shows/Good%20Morning,%20Georgia!) გამოქვეყნებული გადაცემის - ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“  ანოტაციიდან: ,, ... ყოველ ნახევარ საათში პირველები შეიტყობთ ღამე განვითარებულ მოვლენებს, დღის ყველაზე მნიშვნელოვან და მოსალოდნელ ამბებს.“; ,, ... პირველი გაუწყებთ მსოფლიო და ქართული სპორტული სიახლეების შესახებ.“; ,, ... საათში ერთხელ ამინდის პროგნოზს გაგაცნობთ.“; ,, ... ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!”-ს საშუალებით თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეიტყობთ, რას წერს ქართული ბეჭდვითი მედია.“; ,, ... გვაწვდიან რჩევებს, როგორ მოვუაროთ თავს, რა არის მოდაში.“; ,, ... ტექნიკის უკეთ გასაცნობად არ გამოტოვოთ სამშაბათი, გიამბობთ ბაზარზე არსებულ სიახლეებისა და მოხმარების წესების შესახებ“ ; ,, .. ყოველ ოთხშაბათს ცნობილი ბოტანიკოსი ..  გირჩევთ, როგორ მოუაროთ თქვენს ბაღს და ოთახის მცენარეებს.“; ,, ... სტუმრებთან ერთად გიმზადებთ ყველაზე აქტუალურ თემებს ბავშვებისა და ოჯახის მოვლაზე, ჯანმრთელობაზე, მოდაზე, სილამაზეზე.“; ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!”-ს მთელი გუნდი ყოველ დილას თქვენთვის ინფორმაციას მოიპოვებენ და ამუშავებენ პროდიუსერები და კორესპონდენტები. მათ ხშირად მთელი ღამის განმავლობაში უწევთ მუშაობა იმისათვის, რომ თქვენ პირველებმა შეიტყოთ, რა მოხდა ღამით, სანამ თქვენ გეძინათ. გაიღვიძეთ, გვიყურეთ რუსთავი 2-ზე და მოგვესალმეთ - ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!”. ამასთან, კომპანიის ვებ გვერდზე (http://rustavi2.com/ka/schedule) გამოქვეყნებულ სამაუწყებლო ბადეში,  ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“-ში  გასული საინფორმაციო გადაცემა - ,,კურიერი“  ცალკე არ არის გამოყოფილი, რაც ნიშნავს იმას, რომ საინფორმაციო გადაცემა არის  ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“-ს  შემადგენელი, ავტონომიური ნაწილი. აღნიშნული ასევე დასტურდება კომპანიის ვებ გვერდზე (http://rustavi2.com/ka/shows/Good%20Morning,%20Georgia!) გამოქვეყნებული გადაცემის - ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“  ანოტაციიდან: - ,,დილის რვის ნახევრიდან ათ საათამდე უკვე თორმეტი წელია ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!” წარმოგიდგენთ სხვადასხვა რუბრიკებს, სტუმრებს, სიუჟეტებს, ჩართვებს, კულტურულ სიახლეებსა და დღის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს.“ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ კომისიაში 2008 წელს წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში(№1/729-08) პროგრამა დილის გადაცემა ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“ მითითებულია საინფორმაციო  გადაცემების ჩამონათვალში, ხოლო 2015 წლის 30 აპრილს წარმოდგენილ კონცეფციაში (№.../..0575-15) დილის გადაცემა ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“ იმ პროგრამათა ჩამონათვალშია, რომელთა პროგრამული მიმართულებაც საინფორმაციო და საზოგადოებრივ - პოლიტიკური ხასიათისაა. შესაბამისად, გადაცემა  - ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“ არ წარმოადგენს ისეთი თემატიკის პროგრამას, სადაც მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement).  

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ:

1.  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის სამაუწყებლო ბადეში 2015 წლის 25 ნოემბერს განთავსებულ პროგრამაში - „ნანუკას შოუ“ წამყვანი ჟურნალისტის სიტყვები და ქმედებები პროდუქტს - ,,სებამედი“ ანიჭებს გადაჭარბებულ მნიშვნელობას და შეიცავს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: პუნქტი 2), რითაც შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. 

2. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადეში, 2015 წლის 28 სექტემბერს,  2015 წლის 1, 2 და 11 ოქტომბერს, გადაცემაში  - ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“, რომელიც არ წარმოადგენს ისეთი თემატიკის პროგრამას, სადაც მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement),  პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების (Product Placement) შემცვლელი სიუჟეტების განთავსებით (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: პუნქტი 3, ქვეპუნქტები: 3.1, 3.2, 3.3, 3.4), შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 691 მუხლის პირველი პუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. ამავდროულად, ვინაიდან აღნიშნულ სიუჟეტებში პროდუქტი (საქონლი/მომსახურება) განთავსების (Product Placement) წესების დარღვევითაა განთავსებული,  გადაცემაში  - ,,დილა მშვიდობისა, საქართველო!“, რომელიც არ წარმოადგენს ისეთი თემატიკის პროგრამას, სადაც მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement),  პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევის შემცვლელი სიუჟეტების განთავსებით (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: პუნქტი 3, ქვეპუნქტები: 3.1, 3.2, 3.3, 3.4),  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“  წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 691 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების,  70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს ,,სამაუწყებელო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.                         

 კომისიის თავმჯდომარე                                                               ვახტანგ აბაშიძე 

 კომისიის წევრი                                                                               ელისო ასანიძე 

 კომისიის წევრი                                                                               კახი ბექაური

 კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

 კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე



[1]M. Novak, UN Covenant on Civil and Political Rights (Strasbourg, N.P. Engel Publisher, 1993), p. 351

[2]The Sunday Times v.  UN, 1979

[3]“ Article 11. 2. Product placement shall be prohibited. 3. By way of derogation from paragraph 2, product placement shall be admissible in the following cases unless a Member State decides otherwise: (a) in cinematographic works, films and series made for audiovisual media services, sports programmes and light entertainment programmes; (b) where there is no payment but only the provision of certain goods or services free of charge, such as production props and prizes, with a view to their inclusion in a programme. The derogation provided for in point (a) shall not apply to children’s programmes. Programmes that contain product placement shall meet at least all of the following requirements: (a) their content and, in the case of  television broadcasting, their scheduling shall in no circumstances be influenced in such a way as to affect the responsibility and editorial independence of the media service provider; (b) they shall not directly encourage the purchase or rental of goods or services, in particular by making special promotional references to those goods or services; (d) viewers shall be clearly informed of the existence of product placement. Programmes containing product placement shall be appropriately identified at the start and the end of the programme, and when a programme resumes after an advertising break, in order to avoid any confusion on the part of the viewer. By way of exception, Member States may choose to waive the requirements set out in point (d) provided that the programme in question has neither been produced nor commissioned by the media service provider itself or a company affiliated to the media service provider. 4. In any event programmes shall not contain product placement of: (a) tobacco products or cigarettes or product placement from undertakings whose principal activity is the manufacture or sale of cigarettes and other tobacco products; (b) specific medicinal products or medical treatments available only on prescription in the Member State under whose jurisdiction the media service provider falls.”

[4] იხ. დირექტივის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის a) b) და d) ქვეპუნქტები

[5] Markt Intern Verlag GmbH and Klaus Beermann v. the Federal Republic of Germany, p. 26, 1989.

[6] Casado Coca v. Spain, p. 35, 1994

[7] Groppera Radio AG and Others v. Switzerland, p. 22, 1990

[8] Markt Intern Verlag GmbH and Klaus Beermann v. the Federal Republic of Germany, 1989

[9] Central Hadson Gas &Elec. V. Public Svc. Comm’n 447 U.S. 557 (1980)

[10] Markt Intern Verlag GmbH and Klaus Beermann v. the Federal Republic of Germany, 1989

[11] Va. Pharmacy Bd. v. Va. Consumer Council, 425 U.S. 748 (1976)

[12] Central Hadson Gas &Elec. v. Public Svc. Comm’n 447 U.S. 557 (1980)

[13] Va. Pharmacy Bd. v. Va. Consumer Council, 425 U.S. 748 (1976)

[14] Central Hadson Gas &Elec. v. Public Svc. Comm’n 447 U.S. 557 (1980);

[15]  U-Haul Int'l, Inc. v. Jartran, Inc., 793 F.2d 1034 (9th Cir. 1986)

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები