წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 88 / 8

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2015 14:59

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2015

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „TV8”-მ (კომისიაში რეგისტრაციის N25.12.14 25.12.2014წ.; N6/430-15 27.01.2015წ.), მობილური ჩართვებისთვის საჭირო სიხშირულ რესურსზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების თაობაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სიხშირული რესურსი კომპანიას ესაჭიროება ტელემაუწყებლობის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TV8” წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მაუწყებელს, რომელიც ფლობს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო საერთო ტელემაუწყებლობის №B146 ლიცენზიას  და ამავე დროს, კომისიაში გავლილი აქვს ავტორიზაცია საერთო ტელემაუწყებლობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-18 მუხლის  შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისიამ შეისწავლა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების საკითხი და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2015 წლის 13 იანვრის N10/66-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაბამისად, შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

ა) მობილური ჩართვებისთვის, ქ.თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მობილური გადამცემი სადგურიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მისაწოდებლად. სიხშირე 5916მჰც±14 მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც) სიმძლავრე 1 ვატი;

ბ) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან შპს „TV8“-ის ოფისამდე (ალ.ყაზბეგის გამზ N47) სიგნალის მისაწოდებლად. სიხშირე - 6435მჰც±14მჰც (ზოლის სიგანე 28 მჰც) სიმძლავრე 1 ვატი.

კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების შესაბამისად, წარმოდგენილ იქნა რესურსით სარგებლობის  საფასურის საწყისი ოდენობა, რომელმაც შეადგინა 5,932.00 (ხუთი ათას ცხრაას ოცდათორმეტი) ლარი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-18 მუხლის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა”  და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       გამოცხადდეს აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 5916მჰც±14 მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც) სიმძლავრე 1 ვატი; მობილური ჩართვებისთვის, ქ.თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მობილური გადამცემი სადგურიდან - მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მისაწოდებლად.

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 6435მჰც±14მჰც (ზოლის სიგანე 28 მჰც) სიმძლავრე 1 ვატი; რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან შპს „TV8“-ის ოფისამდე (ალ.ყაზბეგის გამზ N47) სიგნალის მისაწოდებლად. 

2.       რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 5,932.00 (ხუთი ათას ცხრაას ოცდათორმეტი) ლარის ოდენობით;

3.       აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 19 მარტი 13:00 საათი;

4.       ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2015 წლის 9 მარტის 17:00 საათამდე;

5.       აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 297.00 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარს;

6.       რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

7.       ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკ ”თი-ბი-სი” ბანკში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;

ა/ანგარიში - GE 11 TB 06 000 000 006 093 26;

ბანკი - სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

ბანკის კოდი - TBCBGE22;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას; რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს +995 32 239 40 29);

8.       აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

9.       დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

10.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

11.   გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

12.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                         ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                        სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                        კახი ბექაური

       კომისიის წევრი                                                                                       აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                        ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები