შპს ,,ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და მისთვის ქმედებათა განხორციელების დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2015 18:08
მიღების თარიღი თებერვალი 17, 2015
შპს ,,ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და მისთვის ქმედებათა განხორციელების დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ასევე ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 07 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (ე.ასანიძე) სამსახურებრივი ბარათი (№10/1820-14; 07.11.14.) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ავტორიზებული პირების აფილირებულობის დადგენის მიზნით წერილობით (22.08.2014წ. N08/1781-14) მიმართა შპს „ახალ ქსელებს“ და გამოითხოვა სრულყოფილი ინფორმაცია შპს "ახალი ქსელების" მესაკუთრეთა შესახებ. კომისიაში კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „ახალი ქსელების“ ერთ-ერთი პარტნიორის, 46,24% წილის მფლობელი იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ის მესაკუთრეთა შესახებ იმ სახით, რომ შესაძლებელი გახდეს ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეების დადგენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიას წერილობით (29.08.2014წ. N2/2/655/ლ.ა.; კომისიაში რეგისტრაციის N6/5419-14; 29.08.2014) წარმოუდგინა იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ის რეგისტრაციის მოწმობა, მემორანდუმი და იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ის მიერ გაცემული გენერალური მინდობილობა - ადონის პაპადოპულოს კანონიერ რწმუნებულად ცნობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის (ე.ასანიძე) სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 4 სექტემბრის N6/5502-14 (N2/2/672/ლ.ა.) წერილით შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიას აცნობა, რომ კომპანიამ AlfaSystem Transit Corp-საგან დამატებით გამოითხოვა დოკუმენტაცია და აღნიშნულს მიღებისთანავე წარმოადგენდა კომისიაში, ხოლო, 2014 წლის 17 სექტემბრის N6/5726-14 (N2/2/702/ლ.ა.) წერილით, შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიაში დამატებით წარმოადგინა იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ისაგან მიღებული დოკუმენტაცია. კერძოდ, კომპანიამ წარმოადგინა იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ის მიერ 2014 წლის 15 იანვარს გაცემული გენერალური მინდობილობა ბ-ნ ფრიდონ ინჯიას სახელზე, რომელიც ანიჭებს მას უფლებამოსილებას იმოქმედოს და განახორციელოს მოქმედებები კომპანიის სახელით. მინდობილობა ხელმოწერილია კომპანია CASCADO AG-ის სახელით პეტრ ზიკას მიერ (აღნიშნული კომპანიის შესახებ შპს „ახალ ქსელებს“ კომისიაში რაიმე სახის ინფორმაცია არ წარმოუდგენია).
ზემოაღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, კომისიამ დამატებით წერილობით (10.10.20014წ. N08/2108-14) მიმართა შპს „ახალ ქსელებს“ და აცნობა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის გენერალური მინდობილობა, რომელიც ბ-ნ ფრიდონ ინჯიას (მისი პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი მითითებული არ არის) ანიჭებს უფლებამოსილებას იმოქმედოს იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ის კომპანიის სახელით და ამასთან დაკავშირებით განახორციელოს რიგი მოქმედებები. აგრეთვე, კომისიამ კომპანიას განმეორებით აცნობა, რომ ავტორიზებული პირების აფილირებულობის დადგენის მიზნით კომისიას ესაჭიროება სრული ინფორმაცია ავტორიზებული პირის მესაკუთრეთა შესახებ, ხოლო მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დადგინდეს შპს „ახალი ქსელების“ ერთ-ერთი პარტნიორის - 46,24% წილის მფლობელი იურიდიული პირის - AlfaSystem Transit Corp-ის პარტნიორები, აქციების ან/და წილის მფლობელები. ასევე, კომპანიას ეცნობა, რომ თუ 2014 წლის 20 ოქტომბრამდე არ უზრუნველყოფდა კომისიაში ინფორმაციის იმ სახით წარმოდგენას, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეების დადგენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „ახალი ქსელების“ მიმართ გამოიყენებდა „ელექტრონული კომუნიაკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ სანქციებს.
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2014 წლის 20 ოქტომბერს კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის N6/6350-14 20.10.2014) მომართა შპს „ახალმა ქსელებმა“, სადაც კომპანია აღნიშნავს, რომ მან კომისიას წარმოუდგინა ყველა ის დოკუმენტაცია, რაც კომპანიაში და სამეწარმეო რეესტრში იყო დაცული. ასევე, კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა მინდობილობა სადაც მითითებულია ფ. ინჯიას პირადი ნომერი. კომპანია წერილში ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის მოპოვების და წარმოდგენის ვალდებულება არ აქვს და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლია კომისიამ მიმართოს კომპანიის პარტნიორს.
კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2014 წლის 07 ნოემბრის N10/1820-14 სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ორივე მინდობილობა, რომელიც წარმოდგენილია შპს „ახალი ქსელების“ მიერ (კორესპონდენციის კომისიაში რეგისტრაციის N6/5726-14; 17.09.2014 და N6/6350-14; 20.10.2014), გაცემულია 2014 წლის 15 იანვარს და ძალაშია 2015 წლის 18 თებერვლამდე.
კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2014 წლის 07 ნოემბრის სამსახურებრივ ბარათში დამატებით აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე, ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზი. ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მოქმედი ავტორიზებული პირების აფილირების დადგენის მიზნით კომისიას ესაჭიროება სრული ინფორმაცია ავტორიზებული პირების მესაკუთრეთა შესახებ.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიის 2014 წლის 22 აგვისტოს N8/1781-14 და 2014 წლის 10 ოქტომბრის N8/2108-14 წერილებით მოთხოვნილი, შპს „ახალი ქსელების“ ერთ-ერთი პარტნიორის - 46,24% წილის მფლობელი იურიდიული პირის - AlfaSystem Transit Corp-ის პარტნიორთა, აქციების ან/და წილის მფლობელების შესახებ ინფორმაცია, კომისიას, 2014 წლის 20 ოქტომბრამდე არ მიაწოდა და დღემდე არ წარმოუდგენია, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 19 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახალი ქსელების“ სანქცირების თაობაზე. საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 27 ნოემბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ახალ ქსელებს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება, კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის სხდომის თაობაზე, შპს ,,ახალ ქსელებს“ ჩაბარდა 2014 წლის 19 ნოემბერს (გზავნილის კოდი: 040016969745; კურიერის ვიზიტის თარიღი: 19.11.2014; ჩაიბარა: სვეტლანა ელბაქიძემ).
2014 წლის 27 ნოემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ახალი ქსელების“ დირექტორის მოადგილე ხათუნა ინჯია, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „ახალი ქსელები“ როგორც ავტორიზებული პირი, რომელსაც ჰყავს დამფუძნებლები, კანონის წინაშე კომისიის მიმართ ვალდებულია წარმოადგინოს ის დოკუმენტაცია, რომელიც მას იურიდიულად მოეპოვება, რომლის საფუძველზეც ის აწარმოებს სამეწარმეო საქმიანობას. ეს ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაა, რომელიც დაცულია საჯარო რეესტრში. ხათუნა ინჯია აღნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია კომპანიამ კომისიას წარმოუდგინა და ამავდროულად წარმოდგენილ იქნა ის მინდობილობა, რომელიც სრულად ანიჭებს კონკრეტულ ფიზიკურ პირს უფლებამოსილებას, იყოს დამფუძნებლის სახელით წარმომადგენელი შპს „ახალ ქსელებში“. ზემოაღნიშნული ფიზიკური პირი, გენერალური მინდობილობის საფუძველზე ახორციელებს სადამფუძნებლო უფლებამოსილებებს კომპანიაში და მას სრული უფლება აქვს ინტერესები და უფლებები დაიცვას დამფუძნებლის კომპანიაში. შპს „ახალი ქსელების“ დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ აქედან გამომდინარე, შპს „ახალ ქსელებს“ სხვა რაიმე დამატებითი დოკუმენტი თავისი სამეწარმეო საქმიანობის საწარმოებლად არ სჭირდება, შესაბამისად ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა მას არ უკრძალავს ჰყავდეს დამფუძნებლად ოფშორული კომპანია, მით უფრო, რომ ოფშორულ კომპანიას განსაზღვრული ჰყავს კონკრეტული მინდობილი ფიზიკური პირი. ხათუნა ინჯიამ განმარტა, რომ კომისიაში წარმოდგენილი მემორანდუმით AlfaSystem Transit Corp-ის დამფუძნებელი არის CASCADO AG და მას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება გასცეს მინდობილობები. შპს „ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ მათი ვალდებულება კომისიის წინაშე შესრულებულია, ვინაიდან ზემოაღნიშნული მინდობილობით მოქმედი ფიზიკური პირი სარგებლობს ბენეფიციარისთვის მინიჭებული ყველა უფლებებით და ვალდებულებებით. როგორ უნდა იქნას მოპოვებული სხვა დანარჩენი დოკუმენტაცია, ქალბატონი ხათუნას აზრით კომისიის მიერ უნდა იქნას განსაზღვრული. შპს „ახალი ქსელების“ დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ მათ სხვა დოკუმენტები კომპანიაზე არ მოეპოვებათ. თუ კომისია განმარტავს დოკუმენტის სახეს, რომელსაც იგი მისაღებად მიიჩნევს, შპს „ახალი ქსლები“, როგორც ავტორიზებული პირი, საკანონმდებლო საშუალებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მას.
კომისია აღნიშნავს, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის ოფიციალური დოკუმენტაციის მოპოვება და ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეების დადგენა შესაძლებელია და შესაბამისად, მიაჩნია, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიაში წარმოადგინოს შპს “ახალი ქსელების“ ერთ-ერთი პარტნიორის - 46,24% წილის მფლობელი იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ის პარტნიორთა აქციების ან/და წილის მფლობელების შესახებ დეტალური (ფიზიკურ პირებამდე დასული) ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შპს „ახალი ქსელებისათვის“ დამატებით, სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, ვადის მიცემისა და შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 11 დეკემბერს, 16:00 საათზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 03 დეკემბერის (კომისიაში რეგისტრაციის N6/7070-14; 03.12.14) წერილით შპს „ახალმა ქსელებმა“ წარმოადგინა შპს „ახალი ქსელების“ ერთ-ერთი პარტნიორის - 46,24% წილის მფლობელი კომპანიის იურიდიული პირის - AlfaSystem Transit Corp-ის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ: 1. იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ის წესდების შესახებ ინფორმაცია; 2. იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ის დირექტორთა პირველი კრების ოქმი. შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 21 თებერვალს AlfaSystem Transit Corp-ის წესდების შესაბამისად, კომპანიის პირველ დირექტორად დაინიშნა CASCADO AG და 2007 წლის 21 თებერვალს ჩატარებული პირველი კრების ოქმის თანახმად CASCADO AG-ს გადაეცა 5000 აქცია, თითოეული 1.00 აშშ დოლარის ღირებულების.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 დეკემბრის კომისიის სხდომა გადაიდო კვორუმის არარსებობის გამო. კომისიის მიერ, შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 18 დეკემბერს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ახალ ქსელებს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინება, კომისიის 2014 წლის 18 დეკემბრის სხდომის თაობაზე, შპს ,,ახალ ქსელებს“ ჩაბარდა 2014 წლის 15 დეკემბერს (გზავნილის კოდი: 040016972614; კურიერის ვიზიტის თარიღი: 15.12.2014; ჩაიბარა: ნუგზარ ჯანგულაშვილმა), ხოლო, შპს „ახალმა ქსელებმა“ 2014 წლის 15 დეკემბერს N 2/2/890/ლ.ა (კომისიაში რეგისტრაციის N6/7221-14; 15.12.14) წერილით, კომისიას მომართა შუამდგომლობით შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების შესახებ, ვინაიდან შპს „ახალი ქსელების“ დირექტორი ნანა შარაშენიძე და წარმომადგენელი ხათუნა ინჯია მიემგზავრებოდნენ მივლინებით ქ. ათენში, რის გამოც 2014 წლის 18 დეკემბერს ვერ დაესწრებიან კომისიის სხდომას.
კომისია აღნიშნავს, რომ კიმისიის 2014 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე განხილულ იქნა შპს „ახალი ქსელების“ 2014 წლის 15 დეკემბრის შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიის 2014 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე, კომისიის მიერ დაკმაყოფილდა შპს „ახალი ქსელების“ შუამდგომლობა და შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 8 იანვარი, 16 საათი, რის თაობაზეც შპს ,,ახალ ქსელებს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინება, კომისიის 2015 წლის 08 იანვრის სხდომის თაობაზე, შპს ,,ახალ ქსელებს“ ჩაბარდა 2014 წლის 22 დეკემბერს (გზავნილის კოდი: 040019662615; კურიერის ვიზიტის თარიღი: 22.12.2014; ჩაიბარა: გიორგი გვარაძემ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 08 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ახალი ქსელების“ დირექტორის მოადგილე ხათუნა ინჯია, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „ახალმა ქსელებმა“ მიწერა CASCADO AG-ს შემდეგი შინაარსის წერილი: „პანამის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად შესაძლებელია თუ არა რომ სახელმწიფო რეგისტრატორმა გასცეს ოფიციალური ცნობა კომპანიის დამფუძნებლების ვინაობის თაობაზე?“. ხათუნა ინჯიამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია შპს „ახალმა ქსელებმა” CASCADO AG-ისგან გამოითხოვა 2014 წლის 30 დეკემბერს და სამწუხაროდ პასუხის გადმოგზავნა დროულად ვერ მოესწრო, შესაბამისად შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიის 2015 წლის 08 იანვრის სხდომაზე ვერ წარმოადგინა CASCADO AG-ისგან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხი. კომისიის 2015 წლის 08 იანვრის ხდომაზე შპს „ახალი ქსელების“ დირექტორის მოადგილე ხათუნა ინჯიამ დააყენა შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე გონივრული ვადით, ვინაიდან, კომისიის მიერ განხილილ იქნას დამატებითი მასალები.
კომისია აღნიშნავს, რომ კიმისიის 2015 წლის 08 იანვრის სხდომაზე განხილულ იქნა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლის ხათუნა ინჯიას მიერ დაყენებული შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, რომელიც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა. კომისიის 2015 წლის 08 იანვრის სხდომაზე შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2015 წლის 27 იანვარი, 16 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 23 იანვარის N2/2/51/ლ.ა (კომისიაში რეგისტრაციის N6/366-15; 23.01.15) წერილით შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიაში წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია - მასთან აფილირებული პირის - პანამის რესპუბლიკაში რეგისტრირებული CASCADO AG-ის (შპს „ახალი ქსელების“ ერთ-ერთი პარტნიორის 46,24% წილის მფლობელი იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ის 5000 აქციის მფლობელისა და პირველი დირექტორის) მიერ შპს „ახალი ქსელებისათვის“ გამოგზავნილი პასუხი კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით. შპს „ახალი ქსელების“ მიერ 2015 წლის 23 იანვარის N6/366-15 წერილით, დანართის სახით, წარმოდგენილ იქნა: 1. შპს „ახალი ქსელების“ მიერ CASCADO AG-სათვის 2014 წლის 30 დეკემბერს და 2015 წლის 12 იანვარს მიწერილი წერილები; 2. CASCADO AG-ის მიერ შპს „ახალი ქსელებისათვის“ გამოგზავნილი 2015 წლის 7 იანვრის და 2015 წლის 20 იანვრის წერილები. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ მიერ 2015 წლის 23 იანვარს (კომისიასი რეგისტრაციის N6/366-15; 23.01.15) წერილით წარმოდგენილი დამატებითი მასალიდან ირკვევა, რომ შპს „ახალი ქსელების“ მიერ CASCADO AG-სგან გამოთხოვილ იქნა ოფიციალური ცნობა კომპანიის დამფუძნებლების ვინაობის თაობაზე პანამის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. CASCADO AG-ი თავის მხრივ წერილობით განმარტავს, რომ პანამის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო რეგისტრატორს არ გააჩნია ინფორმაცია კომპანიის აქციონერთა შესახებ და არც CASCADO AG-ი ფლობს ინფორმაციას კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ.
2015 წლის 27 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ახალი ქსელების“ დირექტორის მოადგილე ხათუნა ინჯია, რომელმაც აღნიშნა, რომ CASCADO AG-ი მიეკუთვნება საწარმდგენო ფასიანი ქაღალდების მქონე სააქციო საზოგადოებას (კორპორაციას) რომლის დამადასტურებელიც არის CASCADO AG-ს ის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პანამის რესპუბლიკის საკანონმდებლო ბაზა არ ითვალისწინებს რეგისტრატორის მიერ რაიმე ინფორმაციის ფლობას. ასევე, წარმოდგენილია CASCADO AG–ს ოფიციალური წერილი, რომელიც წერს, რომ არ აქვს ბენეფიციარების მარეგისტრირებელი დოკუმენტები და რომ დღეის მდგომარეობით ამ ინფორმაციას არ ფლობს. შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი ხათუნა ინჯია აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით შპს „ახალ ქსელებს“ ევალება ინფორმაციის წარმოდგენა იმ მასშტაბით, რომელიც შეიძლება კანონიერი გზით მოიპოვოს. შესაბამისად, კომპანიას არ უთქვამს უარი ინფორმაციის წარმოდგენაზე და როგორც კომისიამ მოითხოვა, სწორად იმ შინაარსის წერილები მიწერა თავის დამფუძნებლებს, დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ხათუნა ინჯია აღნიშნავს, რომ ინფორმაციის (რომელიც გააჩნია კომპანიას და აქვს მისი კომისიაში წარმოდგენის კანონიერი საშუალება) წარმოდგენის ვალდებულება, კომისიის მიმართ შესრულებული აქვს. შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბენეფიციარის დადგენის ვალდებულება კომპანიას არ აქვს და რომ ეს კომისიის ვალდებულებას წარმოადგენს.
კომისიამ 2015 წლის 27 იანვრის სხომაზე შპს „ახალი ქსელებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის არსებითი განხილვა ჩათვალა დასრულებულად და აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების დღედ განსაზღვრა 2015 წლის 12 თებერვალი, 16 საათი.
კომისიის 2015 წლის 12 თებერვლის სხდომაზე, ვინაიდან, შპს „ახალი ქსელების“ დირექტორის მოადგილე - ხათუნა ინჯია არ გამოცხადდა, კომისიამ გამოაცხადა შესვენება 2015 წლის 17 თებერვლის 16 საათამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 17 თებერვლის კომისიის სხდომაზე შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი კვლავ არ გამოცხადდა.
კომისიის ზემოაღნიშნულ სხდომებზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2014 წლის 07 ნოემბრის №10/1820-14 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის 2014 წლის 22 აგვისტოს №08/1781-14 წერილი;
3. კომისიის 2014 წლის 10 ოქტომბრის №08/2108-14 წერილი;
4. შპს „ახალი ქსელების“ 2014 წლის 29 აგვისტოს N2/2/655/ლ/ა (კომისიაში რეგისტრაციის N6/5419-14; 29.08.14) წერილი თანდართული მასალით - 21 ფურც.;
5. შპს „ახალი ქსელების“ 2014 წლის 04 სექტემბრის N2/2/672/ლ.ა (კომისიასი რეგისტრაციის N6/5502-14; 04.09.14) წერილი;
6. შპს „ახალი ქსელების“ 2014 წლის 17 სექტემბრის N2/2/702/ლ.ა (კომისიაში რეგისტრაციის N6/5726-14; 17.09.14) წერილი თანდართული მასალით - 8 ფურც.;
7. შპს „ახალი ქსელების“ 2014 წლის 20 ოქტომბრის N2/2/763/ლ.ა (კომისიაში რეგისტრაციი N6/6350-14; 20.10.14) წერილი თანდართული მასალით - 8 ფურც.;
8. შპს ,,ახალი ქსელების“ 2014 წლის 02 დეკემბრის N2/2/863/ლ.ა (კომისიაში რეგისტრაციის N6/7070-14; 03.12.14) წერილი თანდართული მასალით - 2 ფურც.;
9. შპს „ახალი ქსელების“ 2014 წლის 15 დეკემბრის N2/2/890/ლ.ა (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი N6/7221-14; 15.12.14) წერილი;
10. შპს ,,ახალი ქსელების“ 2015 წლის 23 იანვრის N2/2/51/ლ.ა (კომისიაში რეგისტრაციის N6/366-15; 23.01.15) წერილი თანდართული მასალით - 7 ფურც.;
11. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
12. შპს ,,ახალი ქსელების“ დირექტორის მოადგილე ხათუნა ინჯიას ახსნა-განმარტებები გაკეთებული კომისიის 2014 წლის 27 ნოემბრის, 2015 წლის 08 იანვრისა და 27 იანვრის კომისიის სხდომებზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ გამორკვეულ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ახალი ქსელები” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 10.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
2. კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს N467/23 გადაწყვეტილებით „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით“ და კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N477/23 გადაწყვეტილებით „ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვე სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით“ დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მოქმედი ავტორიზებული პირების აფილირებულობის დადგენის მიზნით კომისიას ესაჭიროებოდა სრული ინფორმაცია ავტორიზებული პირების, მათ შორის შპს „ახალი ქსელების“ მესაკუთრეთა შესახებ.
3. კომისიის მიერ 2014 წლის 22 აგვისტოს N8/1781-14 და 2014 წლის 10 ოქტომბრის N8/2108-14 წერილებით მოთხოვნილ იქნა შპს „ახალი ქსელების“ ერთ-ერთი პარტნიორის - 46,24% წილის მფლობელის იურიდიული პირის - AlfaSystem Transit Corp-ის პარტნიორთა აქციების ან/და წილის მფლობელების შესახებ ინფორმაცია. 2014 წლის 22 აგვისტოს N8/1781-14 წერილით შპს „ახალ ქსელებს“ ინფორმაციის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა 2014 წლის 01 სექტემბერი, ხოლო 2014 წლის 10 ოქტომბრის N8/2108-14 წერილით ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის ვადად შპს „ახალ ქსელებს“ განესაზღვრა 2014 წლის 20 ოქტომბერი.
4. 2014 წლის 29 აგვისტოს წერილით შპს „ახალმა ქსელებმა“, კომისიის 2014 წლის 22 აგვისტოს N08/1781-14 წერილის პასუხად, კომისიაში წარმოადგინა შპს „ახალი ქსელების ერთ-ერთი პარტნიორის - 46.24% წილის მფლობელი იურიდიული პირის - AlfaSystem Transit Corp-ის რეგისტრაციის მოწმობა, მემორანდუმი და AlfaSystem Transit Corp-ის მიერ გაცემული გენერალური მინდობილობა - ადონის პაპადოპულოს კანონიერ რწმუნებულად ცნობის შესახებ, ხოლო, 2014 წლის 04 სექტემბრის წერილით, კომისიას ეცნობა, რომ შპს „ახალი ქსელების“ მიერ იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ისაგან გამოითხოვეს დამატებითი დოკუმენტაცია და მიღებისთანავე წარმოადგენდნენ კომისიაში.
5. 2014 წლის 17 სექტემბერის წერილით შპს "ახალმა ქსელებმა", კომისიის 2014 წლის 22 აგვისტოს N08/1781-14 წერილის პასუხად, კომისიაში დამატებით წარმოადგინა AlfaSystem Transit Corp-ისაგან მიღებული დოკუმენტაცია. კერძოდ, კომპანიამ წარმოადგინა AlfaSystem Transit Corp-ისაგან 2014 წლის 15 იანვარს გაცემული გენერალური მინდობილობა ბ-ნ ფრიდონ ინჯიას სახელზე, რომელიც ანიჭებს მას უფლებამოსილებას იმოქმედოს და განახორციელოს მოქმედებები კომპანიის სახელით 2015 წლის 18 თებერვლის ჩათლით. მინდობილობა ხელმოწერილია კომპანია CASCADO AG-ს სახელით პეტრ ზიკას მიერ (აღნიშნული კომპანიის შესახებ შპს "ახალ ქსელებს" კომისიაში რაიმე სახის ინფორმაცია არ წარმოუდგენია).
6. შპს „ახალმა ქსელებმა“ 2014 წლის 20 ოქტომბერის წერილით, კომისიის 2014 წლის 10 ოქტომბრის N 08/2108-14 წერილის პასუხად, კომისიაში წარმოადგინა AlfaSystem Transit Corp-ისაგან 2014 წლის 15 იანვარს გაცემული გენერალური მინდობილობა ბ-ნ ფრიდონ ინჯიას სახელზე, სადაც მითითებულია ფ. ინჯიას პირადი ნომერი.
7. შპს „ახალმა ქსელებმა“ 2014 წლის 03 დეკემბერის წერილით კომისიაში წარმოადგინა შპს „ახალი ქსელების“ წილის მფლობელი კომპანიის იურიდიული პირის AlfaSystem Transit Corp-ის შესახებ ინფორმაცია, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ 2007 წლის 21 თებერვალს AlfaSystem Transit Corp-ის წესდების შესაბამისად, კომპანიის პირველ დირექტორად დაინიშნა CASCADO AG და 2007 წლის 21 თებერვალს ჩატარებული პირველი კრების ოქმის თანახმად CASCADO AG-ს გადაეცა 5000 აქცია, თითოეული 1.00 აშშ დოლარის ღირებულების.
8. შპს „ახალმა ქსელებმა“ 2015 წლის 23 იანვარის წერილით კომისიაში წარმოადგინა დამატებითი მასალა, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „ახალ ქსელებთან“ აფილირებული პირის - პანამის რესპუბლიკაში რეგისტრირებული CASCADO AG-ისგან გამოთხოვილ იქნა ოფიციალური ცნობა, პანამის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის დამფუძნებლების ვინაობის თაობაზე და თავად კომპანიაში არსებული მონაცემები CASCADO AG-ის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; ასევე წარმოდგენილია CASCADO AG-ის 2015 წლის 12 იანვრის და 2015 წლის 20 იანვრის კორესპონდენცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ პანამის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო რეგისტრატორს არ გააჩნია ინფორმაცია კომპანიის აქციონერთა შესახებ და ასევე აღნიშნავს, რომ CASCADO AG-ი არ ფლობს ინფორმაციას კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ.
9. შპს „ახალ ქსელებს“ კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია მისი ერთ-ერთი პარტნიორის - 46,24% წილის მფლობელის იურიდიული პირის - AlfaSystem Transit Corp-ის პარტნიორთა აქციების ან/და წილის მფლობელების შესახებ (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეების ჩათვლით) ინფორმაცია სრულყოფილად და შესაბამისი ფორმით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას, იმისთვის რომ განისაზღვროს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი, ავტორიზებულ პირთა საბაზრო წილების დათვლა ხდება ავტორიზებული პირებისა და მათთან ურთიერთდამოკიდებულ პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი წილების მიხედვით. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 პუნქტის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულება არის ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები). კომისია აღნიშნავს, რომ კვლევისა და ანალიზისას, ზემოაღნიშნული ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების სწორად განსაზღვრისათვის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება, რომ იმ ფუნქციების განსახორიელებლად რაც კანონითაა გათვალისწინებული, გარკვეული ინფორმაცია გამოითხოვოს ავტორიზებული პირისგან და ავტორიზებული პირი, „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. შესაბამისად, კომისიამ ზემოაღნიშნული ნორმების და ვალდებულების შესასრულებლად, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მოქმედი ავტორიზებული პირების აფილირებულობის დადგენის მიზნით, შპს „ახალი ქსელებისაგან“ კანონიერად გამოითხოვა მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის - 46,24% წილის მფლობელი იურიდიული პირის - AlfaSystem Transit Corp-ის პარტნიორთა აქციების ან/და წილის მფლობელების შესახებ (ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეების ჩათვლით) ინფორმაცია. კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების აფილირებულობა ანუ შეუძლებელია კომისიაზე კანონიერად დაკისრებული ფუნქციების - ამ შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ხარისხიანად და სათანადოდ შესრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ არ კრძალავს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი კომპანიების წილის ან/და აქციების ფლობას, მაგრამ კანონის მიზნებიდან და კომისიის ვალდებულებებიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის შესახებ ინფორმაცია კომისიისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ სქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის ავტორიზებული პირის ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე. ასევე, „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენისას, კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ კომისიას კანონის მიზნებიდან და კომისიის ვალდებულებებიდან გამომდინარე, შპს „ახალ ქსელებთან“ ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირების/მისი ბენეფიციარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, სულ ცოტა კანონით გათვალისწინებულ ორ შემთხვევაში მაინც ესაჭიროება.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ახალი ქსელები“, ზემოაღნიშნული წარმოების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ შპს „ახალ ქსელებთან“ აფილირებული პირის - პანამის რესპუბლიკაში რეგისტრირებული CASCADO AG-ისგან გამოითხოვა ოფიციალური ცნობა, პანამის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის დამფუძნებლების ვინაობის თაობაზე და თავად კომპანიაში არსებული მონაცემები CASCADO AG-ის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ, ვერ უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის წარმოდგენას ისე, რომ შესაძლებელი იყოს დადგინდეს, შპს „ახალ ქსელებთან“ აფილირებული პირის - პანამის რესპუბლიკაში რეგისტრირებული CASCADO AG-ის აქციონერები და ყველა სხვა ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე პირი. ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელების“ ბრალეულობა ვერ დასტურდება ინფორმაციის წარმოუდგენლობის ნაწილში ვინაიდან, კომპანიის მიერ CASCADO AG-ისგან ორჯერ იქნა გამოთხოვილი ცნობა, კომპანიის დამფუძნებლების ვინაობის თაობაზე და თავად კომპანიაში არსებული მონაცემები CASCADO AG-ის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ, რაც შპს „ახალმა ქსელებმა“ 2015 წლის 23 იანვრის წერილით კომისიაში წარმოადგინა. კომისიას მიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 2014 წლის 19 ნოემბერს დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ახალი ქსელების მხრიდან დარღვევის ჩადენისას მისი ბრალეულობის დაუდასტურებლობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ამ ეტაპზე შპს ,,ახალ ქსელებს“ დაევალოს, 10 სამუშაო დღის ვადაში, მასთან აფილირებული პირის - პანამის რესპუბლიკაში რეგისტრირებული CASCADO AG-ის აქციონერთა და ყველა სხვა ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე პირების თაობაზე ინფორმაციის, პანამის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, ან CASCADO AG–ის წარმომდგენზე აქციებად (Bearer Shares) დაყოფილი კაპიტალის მქონე კომპანიად რეგისტრაციის თაობაზე პანამის რესპუბლიკაში მეწარმე სუბიექტთა მარეგისტრირებელი ოფიციალური ორგანოს სათანადო წესით დამოწმებული (აპოსტილით ან ლეგალიზებული ფორმით) დოკუმენტური დადასტურების კომისიაში წარმოდგენა; იმ შემთხვევაში, თუ შპს „ახალი ქსელები“ CASCADO AG–ის წარმომდგენზე აქციებად (Bearer Shares) დაყოფილი კაპიტალის მქონე კომპანიად რეგისტრაციის დოკუმენტს წარმოადგენს, შპს „ახალმა ქსელებმა“ გონივრულ ვადაში უნდა განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები შპს „ახალი ქსელების“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა ვინაობის კომისიისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი ნაწილის „ლ“ პუნქტის, მე-4 და 98-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „ზ“ და „მ“ ქვეპუნქტის, მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 43-ე მუხლის, 44-მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 2014 წლის 19 ნოემბერს დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ახალი ქსელების მხრიდან დარღვევის ჩადენისას მისი ბრალეულობის დაუდასტურებლობის გამო;
2. დაევალოს შპს ,,ახალ ქსელებს“, 10 სამუშაო დღის ვადაში, მასთან აფილირებული პირის - პანამის რესპუბლიკაში რეგისტრირებული CASCADO AG-ის აქციონერთა და ყველა სხვა ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე პირების თაობაზე ინფორმაციის, პანამის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, ან CASCADO AG–ის წარმომდგენზე აქციებად (Bearer Shares) დაყოფილი კაპიტალის მქონე კომპანიად რეგისტრაციის თაობაზე პანამის რესპუბლიკაში მეწარმე სუბიექტთა მარეგისტრირებელი ოფიციალური ორგანოს სათანადო წესით დამოწმებული (აპოსტილით ან ლეგალიზებული ფორმით) დოკუმენტური დადასტურების კომისიაში წარმოდგენა;
3. შპს „ახალი ქსელების“ მიერ CASCADO AG–ის წარმომდგენზე აქციებად (Bearer Shares) დაყოფილი კაპიტალის მქონე კომპანიად რეგისტრაციის თაობაზე ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, შპს „ახალმა ქსელებმა“ გონივრულ ვადაში განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები შპს „ახალი ქსელების“ ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეთა ვინაობის კომისიისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახალი ქსელებისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ახალი ქსელებისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარატმენტს (ე.ასანიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარატმენტს (ი. ხარებავა);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე–4, მე–6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
