შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონსა“ და შპს ,,დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2015 15:33
მიღების თარიღი თებერვალი 17, 2015
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (19.12.14. N6/7369-14) მიმართა შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონმა“ შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს მიერ სალიცენზიო პირობებისა და კანონმდებლობის დარღვევის გამო დავის განხილვისა და შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.
საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ რეგისტრირებულია ქ. ხონში. რეგისტრაციის მომენტისათვის კომპანიის სამაუწყებლო არეალი იყო ხონი და მიმდებარე ტერიტორია (მე-2 მეტრული არხი, ათი ვატის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. მალე მას ჯერ 100 (ასი) ვატამდე გაუზარდეს სიმძლავრე, შემდეგ კი 500-მდე. ლიცენზიაში გაჩნდა ჩანაწერი-სამაუწყებლო არიალი ხონი და მიმდებარე რაიონები. განისაზღვრა საკონტროლო წერტილები, მათ შორის ქუთაისში 35 დეციბელი, რაც ნიშნავს, რომ ამ ტელეკომპანიას ქუთაისში მაუწყებლობის უფლება არ აქვს, რადგან სამაუწყებლო სიგნალი იწყება 42 დეციბელიდან.
შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი და რეკლამის დამკვეთი და იღებს რეკლამებს ქუთაისის ტელევიზიის სახელით, თანაც მიზერულ ფასებში, რითაც ბაზარზე ქმნის არათანაბარ და უკანონო კონკურენციას და ყველგან უთითებს მისამართს ქუთაისი, რუსთაველის ქ. N37. ipg-ის, NDI-ისა და სხვათა კვლევებშიც აღნიშნული ტელეკომპანია მითითებულია, როგორც ქუთაისის მაუწყებელი. რასაც საჩივრის ავტორი, მისივე განცხადებით, მუდმივად აპროტესტებს, თუმცა უშედეგოდ.
შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ განცხადებით, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ ყველგან ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის მაუწყებელია, რაზედაც ნათლად მიუთითებს მისი გადაცემა -,,შუადღე ქუთაისში“. საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისზე აპელირება გვიჩვენებს, რომ სახეზეა სატელევიზიო თაღლითობის ფაქტები, რაც გამოიხატება იმაშიც, რომ კომპანიას დარღვეული აქვს სალიცენზიო პირობები- შეცვლილი აქვს სამაუწყებლო არეალი.
შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარში სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები, რომელთა თანახმად, საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს ტერიტორია იყოფა სამაუწყებლო ზონებად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე ან რადიო სიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მომსახურების ზონაში არანაკლებ 90%-სათვის. აგრეთვე, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიო სამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა ორბიტალური სადგურების, ან სამაუწყებლო გადაცემების მეშვეობით სიხშირული სპექტრის გამოყენებით. რადგან, შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ აღარ მაუწყებლობს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით, ხოლო საკაბელო ქსელებით სიგნალის გავრცელება არ ითვლება ამა თუ იმ ზონის დაფარვად, ეს ტელეკომპანია ამ მხრივადაც ვერ ჩაითვლება ქუთაისის მაუწყებლად.
მოთხოვნა:
1. გაფრთხილდეს შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის უხეში დარღვევისათვის, არაეთიკური ქმედებისათვის; დაუბრუნდეს ლიცენზიით გათვალისწინებულ სამაუწყებლო არიალსა და იურიდიულ მისამართს, რაც შესაბამისობაში იქნება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან. 2. კომისიამ შეასრულოს თავისი უფლება-მოვალეობები ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე“ პუნქტის შესაბამისად; 3. კომისიამ გადახედოს ციფრული სიმძლავრეებისა და სიხშირეების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას და მოიყვანოს იგი შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის სამაუწყებლო არიალთან შესაბამისობაში. 4. ამხილოს შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“, როგორც სამაუწყებლო თაღლითი, რომელიც გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ატყუებს მაყურებელსა და რეკლამის დამკვეთებს. 5. კომისიამ დაავალოს შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შეცვალოს ინფორმაციები ქართულ ვიკიპედიაში, media.ge-სა და საკუთარ ვებ. გვერდზე, აგრეთვე ფეისბუქის გვერდზე. 6. კომისიის შესაბამისმა სამსახურმა გაარკვიოს ქუთაისში წმ. ლუკას ქუჩაზე დამონტაჟებული მიმღებ-გადამცემი აპარატურის წარმომავლობა და კანონიერება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონსა“ და შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შორის არსებული დავის განხილვასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა კომისიაში გაიმართა 2015 წლის 17 თებერვალს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონისა“ და შპს ,,დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ კომისიაში. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.
დავაში ჩართულ კომპანიებს ასევე გაეგზავნათ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 27 იანვრის N10/152-15 სამსახურებრივი ბარათი შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს მიერ მისი სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებით.
2015 წლის 16 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს დირექტორის მერაბ კიკაბიძის საჩივრის შესაგებელი (კომისიაში რეგისტრაციის N7-6/173-15). შესაგებელში აღნიშნულია, რომ შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ არ ეთანხმება შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივარს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს, ორგანიზაციას ჰქონდეს იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული ფაქტიური მისამართი და შესაბამისად, ფაქტიურ მისამართზე განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. შესაგებელში ასევე აღნიშნულია, რომ შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ ყოველთვის ამბობს, რომ ფრაგმენტულად ვრცელდება იქ სადაც მე-2 სატელევიზიო მეტრული ტალღა შემოვლითი ან ანარეკლით მიაღწევს, თუნდაც გურიის ან სამეგრელოს მაღალმთიან სოფლებში ან თავად ქუთაისში, ან იმ შემთხვევაში თუ მაყურებელი გამოიყენებს გამაძლიერებელ მიმღებს, ან მაუწყებლობას მიიღებს რომელიმე საკაბელო ოპერატორის საშუალებით. შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს განცხადებით, წმ. ლუკას ქუჩაზე შუალედური სადგურის დადგმა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქუთაისში ზ. გამსახურდიას ქუჩიდან 2011 წელს კომპანია იძულებული გახდა ოფისი რუსთაველის ქუჩაზე გადაეტანა და მისამართის შეცვლის გამო, ეკონომიკური საქმიანობისათვის რადიოსარელეო სიხშირე განმეორებით, ხელახლა შეიძინა, რასაც 1 წელი დასჭირდა.
2015 წლის 17 თებერვალს კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორი თამარ ღვინიანიძე და შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს დირექტორი მერაბ კიკაბიძე და კომპანიის მენეჯერი ნანა თოშხუა.
შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ წარმოადგინა 1 CD, რომელზედაც მისი განმარტებით დატანილია შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს ეთერში გასული გადაცემა, სადაც გაჟღერებულია თამარ ღვინიანიძის შეურაცხმყოფელი წინადადებები; თ. ღვინიანიძემ დამატებით დააყენა ორი მოთხოვნა: შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-მ თავისსავე გადაცემაში ბოდიში მოუხადოს შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ კოლექტივს მის ეთერში გასული გადაცემით მიყენებული შეურაცხყოფისათვის, ხოლო საზოგადოებას ცრუ ინფორმაციების გავრცელებით შეცდომაში შეყვანისათვის.
კომისიამ განუმარტა შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენელს, რომ საჩივარში დაყენებული მოთხოვნების ნაწილზე კომისია ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს, შესაბამისად, შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ დირექტორმა თ. ღვინიანიძემ დააზუსტა მოთხოვნები და კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრიდან, კომისია უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:
1. გაფრთხილდეს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა–ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის და დაუბრუნდეს კომპანია ლიცენზიით გათვალისწინებულ სამაუწყებლო არეალს;
2. შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა–ტვ“-ს აეკრძალოს ისეთი არასათანადო რეკლამის გავრცელება, სადაც მითითებულია, რომ მათ სამაუწყებლო არეალში შედის ქ. ქუთაისი, რასაც შეცდომაში შეყავს და ზიანი ადგება რეკლამის დამკვეთს, მაყურებელსა და კონკურენტ კომპანიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 44-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა
- შპს ,,ტელერადიოკომპანია რიონსა“ და შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს შორის არსებული დავის განხილვა დაინიშნოს 2015 წლის 26 თებერვალს;
- დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ,,ტელერადიოკომპანია რიონსა“ და შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“ გაფრთხილდნენ 2015 წლის 17 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
