წვდომის მენიუ

შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 07 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2016 16:38

მიღების თარიღი იანვარი 05, 2016

შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) მიმართეს შპს “მობიტელმა“ და  შპს „კავკასუს ონლაინმა“,  შპს “მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 100%-ის შეძენაზე და შემდგომში შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მოთხოვნით. ამასთან ერთად, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“ განზრახული აქვს აღნიშნული ტრანზაქციების განხორციელებამდე, გაყოს მის საკუთრებაში არსებული აქტივები, იმგვარად, რომ გაყოფის შედეგად საცალო და კორპორატიული მომსახურების გასაწევად საჭირო აქტივები დარჩეს შპს „კავკასუს ონლაინის“ საკუთრებაში, ხოლო სხვა აქტივები, რომლებიც არ შედის საცალო და კორპორატიული მომსახურების გასაწევად საჭირო აქტივებში, საკუთრებაში გადაეცეს ახალ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაფუძნდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომლის დამფუძნებლები იქნებიან შპს „კავკასუს ონლაინის“ დღეს არსებული პარტნიორები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან  რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, შერწყმის ან შეძენის გამოკვლევა აუცილებელია შემდეგი გარემოებების არსებობისას:

ა) თუ შერწყმის ან შეძენის შემდეგ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;

ბ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო ბაზრის, ისე მასთან

მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე;

გ) თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო (საბითუმო) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწყმა ხდება იმ ეკონომიკურ აგენტთან ან მნიშვნელოვანი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტისგან, რომელიც აღმავალი (დამავალი) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო (საცალო) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს:

- ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის ქვესეგმენტზე (კომისიის №57/9 29.01.2015 გადაწყვეტილება);

- სადენიანი ინტერნეტით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე (კომისიის №610/9 13.11.2009 გადაწყვეტილება).

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელი“ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს:

- მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და  ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (კომისიის №572/19 9.10.2014 გადაწყვეტილება).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ უნდა დააზუსტოს საკუთრებაში არსებული აქტივების საცალო (მათ შორის კორპორატიული მომსახურების) და საბითუმო მომსახურების გასაწევად საჭირო აქტივებად გაყოფის სქემა. კერძოდ,  უნდა დააკონკრეტოს, რა სახით მოხდება აღნიშნული აქტივების შპს „კავკასუს ონლაინიდან“ გამოყოფა.  ეს განხორცილდება  „კავკასუს ონლაინიდან“ ახალი კომპანიის გამოყოფის გზით, თუ აღნიშნულ აქტივებს „კავკასუს ონლაინი“ შეიტანს  ახლად დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში. ამასთან ერთად, დამატებით უნდა განიმარტოს, იქონიებს თუ არა გავლენას აღწერილი ტრანზაქციები/გარიგებები  სხვა იურიდიულ პირებზე, მათ შორის: „Caucasus Cable System Bulgaria LLC“-ზე, შპს „რკინიგზის ტელეკომზე“ და შპს „კავკასუს ონლიანთან“ აფილირებულ სხვა იურიდიულ პირებზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კვლევის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კვლევისათვის გათვალისწინებულ იქნას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური სამთვიანი ვადა.  

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015), ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით;

2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს სამთვიანი ვადა;

3. უზრუნველყოს შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის  2016 წლის 29 იანვრამდე წარმოდგენა;

4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 9 თებერვალს, 13:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე.

          კომისიის თავმჯდომარე                                                   ვახტანგ აბაშიძე

 

        კომისიის წევრი                                                                  ელისო ასანიძე        

        კომისიის წევრი                                                                  კახი ბექაური       

        კომისიის წევრი                                                                  გიორგი ფრუიძე

          კომისიის წევრი                                                                  მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები