საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 22ოქტომბრის №635/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2016 18:49
მიღების თარიღი იანვარი 05, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 22ოქტომბრის №635/23
გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2015 წლის 22 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N635/23 კომისიის 2015 წლის 21 ივლისის №415/22 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ფარგლებში 2300-2400 მჰც დიაპაზონის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის განკუთვნილი უსადენო მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, ევროკომისიამ CEPT-ს გადასცა მანდატი 2.3 გჰც დიაპაზონში უსადენო ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური პირობების შემუშავების მოთხოვნით. CEPT -ის მიერ ევროკომისიისთვის წარდგენილ იქნა ანგარიშები №55 და №58, ხოლო CEPT -ის ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტმა (ECC) 2014 წლის 27 ივნისს მიიღო ECC/DEC/(14)02 გადაწყვეტილება „2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების შესახებ“. ევროკომისიაში დაწყებულია საჯარო კონსულტაციები ზემოხსენებულ საკითხზე და უახლოეს მომავალში ევროკომისიას უნდა გამოეცა გადაწყვეტილება 2.3 გჰც დიაპაზონის უსადენო-ფართოზოლოვანი სისტემებისათვის ჰარმონიზაციის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანისა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენის მიზნით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 5 იანვრის 16:00 საათი, ხოლო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვრა 3 თვიანი ვადა. კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის N635/23 გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მიზნად ისახავდა ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანასა და 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების დადგენას.
კომისია აღნიშნავს რომ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით. ამავე კანონის 472 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით 472 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ევროკომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად დანაწილებული გეგმის თანახმად, გაცემული ლიცენზია ექვემდებარება მოდიფიცირებას ისე, რომ ლიცენზიის მფლობელმა შეძლოს ამოწურვადი რესურსის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ან/და დირექტივებით განსაზღვრული ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით ელექტრონული საკომუნიკაციო ავტორიზებული საქმიანობისათვის ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად გამოყენება. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიაში ამ საკითხზე საჯარო კონსულტაციები გაგრძელდა და „2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ჰარმონიზებული ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების შესახებ“ ევროკომისიას პროცედურით გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, კომისიას მიაჩნია რომ ამ ეტაპზე, ევროკომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია მოკლებულია შესაძლებლობას განახორცელოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანა 2300-2400 მჰც სიხშირული რესურსის მობილური/ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN) გამოყენების ტექნიკური და მარეგულირებელი პირობების ჰარმონიზაციის მიზნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავის დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ვინაიდან, 2015 წლის 22 ოქტომბრის N635/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების 3 თვიანი ვადა იწურება 2016 წლის 22 იანვარს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის №635/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 472-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის N635/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
2. გადაწყვეტილება ძალაშია მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის (ს. შავგულიძე) დეპარტამენტს.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
