წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის №540/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 106 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2016 12:13

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2016

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის №540/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  შპს ”მაგთიკომმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/1060-15, 03.02.2016) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინებდა WiMax ტექნოლოგიით მომსახურების მიწოდებას, აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ვერც ევროპის ქვეყნებში და ვერც საქართველოში ვერ ჰპოვა განვითარება, შესაბამისად კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის დათმობის თაობაზე.  

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F41 ლიცენზიას კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის №540/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3410.0 მჰც ÷ 3431.0 მჰც და 3510.0 მჰც ÷ 3531.0 მჰც სიხშირული ზოლები კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, ავტორიზებული საქმიანობისთვის;  

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 12 იანვრამდე;

გ) 2007 წლის 12 იანვრიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი;

რეგიონი  2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი  3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის  რაიონები;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

დ) უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმასა” და საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ლიცენზიით გათვალისიწნებული საქმიანობის შესაბამისაობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და  კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმასთან”.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”მაგთიკომის”  განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის №540/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაგთიკომის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F41 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 21 სექტემბრის №540/5  გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 24 მარტს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს “მაგთიკომისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის           177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები