წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვის შესახებ

ნომერი: 108 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 17, 2016 11:27

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2016

შპსტელეიმედისწინააღმდეგ ()იპადამიანის უფლებათა ცენტრისსაჩივრის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2016 წლის 28 იანვარს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის: 28.01.2016; Nშ–6/860-16) მიმართა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, შპს „ტელეიმედისათვის“ სოციალური რეკლამის სახით წარდგენილი კლიპის, ამ უკანასკნელის მიერ სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე უარის თქმისა და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შესახებ.

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ 2015 წლის ნოემბრის თვეში, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაამზადა სოციალური რეკლამა და წერილით მიმართა შპს „ტელეიმედს“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათებით სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების თაობაზე. საჩივრის თანახმად, მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალა  განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, ხოლო  „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არ არის მიმართული მოგების მიღებაზე და ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების მიზნით ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლიდან გამომდინარე მიმართა შპს „ტელეიმედს“  წარდგენილი ვიდეორგოლი სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსების თხოვნით. როგორც საჩივარშია აღნიშნული, შპს „ტელეიმედმა“ სარეკლამო რგოლს სოციალური რეკლამის სტატუსი არ მიანიჭა არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე.

განცხადებას თანდართული აქვს შპს „ტელეიმედის“ წერილი (20.11.2015 N0717), სადაც აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრული სოციალური რეკლამის დეფინიციიდან გამომდინარე, შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი ვიდეო რგოლი არ შეესაბამება სოციალური რეკლამისთვის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, რადგან სოციალურ რეკლამას არ წარმოადგენს მასალა, რომელი შეიცავს გაწეული მომსახურების რეკლამას, ხოლო რეკლამა წარმოადგენს მათ შორის მომსახურებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ემსახურება მომსახურების ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი იქნება დაკორექტირებული ვიდეო რგოლი, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და სადაც არ იქნება მითითება გაწეულ მომსახურებაზე (იურიდიული დახმარება) შპს „ტელეიმედი“ უზრუნველყოფს მის განთავსებას სამაუწყებლო ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით.

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ  შპს „ტელეიმედში“ წარდგენილ იქნა სახეცვლილი ვიდეო რგოლი, სადაც გათვალისწინებული იყო  მოთხოვნილი ცვლილებები, თუმცა, მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, 2016 წლის 21 იანვარს (21.01.2016; N0028) ტელეკომპანიამ უარი განაცხადა წარდგენილი ვიდეო მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.

:

1. შესწავლილ იქნას შპს „ტელეიმედის“  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი და კომისიამ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

2. დაევალოს შპს „ტელეიმედს“ ეთერში გაუშვან ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი სოციალური რეკლამა;

2016 წლის 18 თებერვალს შპს „ტელეიმედმა“ კომისიაში წარმოადგინა N6/1506-16 განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ტელეკომპანიისათვის წარმოდგენილ ვიდეო რგოლში ერთმნიშვნელოვნად ხორციელდება ინფორმაციის გავრცელება ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების (უფასო იურიდიული მომსახურება) შესახებ, რომელიც მიმართულია კონკრეტულ პირთა წრისათვის (თუკი სახელმწიფო ორგანოებმა დაარღვიეს თქვენი უფლებები) და არ შეესაბამება სოციალური რეკლამის განმარტებას. შპს „ტელეიმედის“ განცხადებაში დამატებით აღნიშნულია, რომ 2016 წლის იანვრის თვეში, ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარდგენილი იყო სხვა შინაარსის ვიდეო მასალა, რომელსაც ტელეკომპანიამ სოციალური რეკლამის სტატუსი მიანიჭა და განათავსა ეთერში, შესაბამისად, შპს „ტელეიმედი“ მზად არის, ამჯერადაც, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობა, მას შემდეგ, რაც ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სოციალური რეკლამასთან მიმართებაში.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა კომისიაში გაიმართა 2016 წლის 18 თებერვალს 15:00 საათზე, ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ტელეიმედის“  იურისტი ანდრია ლაშხი  და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  უფლებამოსილი წარმომადგენელი ნესტან ლონდარიძე.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ  შპს „ტელეიმედში“  წარდგენილი სარეკლამო რგოლი მართალია მიმართულია საქველმოქმედო მიზნის მიღწევისკენ, მაგრამ თავად სარეკლამო რგოლი, მასში გაჟღერებული ფრაზების გათვალისწინებით ასევე შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის, კერძოდ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას, შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური რეკლამის დეფინიციიდან გამომდინარე, აღნიშნული სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც განსაზღვრულია სოციალური რეკლამისთვის და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შპს „ტელეიმედმა“ უარი განაცხადა აღნიშნული სარეკლამო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე; ამასთან, შპს „ტელეიმედის“ იურისტმა სხდომაზე განაცხადა, რომ   ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ცალსახად განემარტა უარის საფუძვლები და ის გარემოება, რომ მაუწყებლის უარი არ ემყარება დისკრიმინაციულ  გადაწყვეტილებას და ეცნობა, რომ თუკი ორგანიზაცია წარმოადგენდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფ ვიდეო რგოლს, შპს „ტელეიმედი“ მზად იყო განეთავსებინა სოციალური რეკლამის სტატუსით აღნიშნული ვიდეო მასალა, ყოველივე ზემონახსენები, შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის განმარტებით, არასწორედ იყო გაგებული ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ და სარეკლამო რგოლში არსებული ფრაზა „ისარგებლეთ უფასო იურიდიული დახმარებით“ შეცვლილ იქნა ფრაზით „ნუ იბრძოლებთ მარტო, მოგვმართეთ შემდეგ მისამართებზე...“, რაც შპს „ტელეიმედის“ აზრით არ ცვლის არსებულ მოცემულობას და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეფარული გზით სთავაზობს პირთა განუსაზღვრელ წრეს გარკვეულ, სავარაუდოდ უფასო იურიდიულ მომსახურებას, რომელიც სოციალური რეკლამისათვის დადგენილ კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება.

კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის სხდომაზე ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არ ახორციელებს მომსახურების რეკლამირებას, აღნიშნული პროექტი საზოგადოებრივი სიკეთის მიღებისკენაა მიმართული და საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება.  მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელსაც ა(ა)იპ „ადამიანთა უფლებების ცენტრმა“ მიმართა რეკლამა უსასყიდლოდ განათავსა. მათ შორის იყვნენ: შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი I“, სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებელი  II“, შპს „რუსთავი 2“, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, შპს „რადიო პალიტრა“,  შპს „ქართული რადიო“ (რადიო „მაესტრო“) და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1“.

ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მონიტორინგს, შესაბამისად, მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა  არ წარმოადგენს ცენტრის  ძირითად საქმიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე გამოქვეყნდა ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ 2016 წლის 28 იანვარს წარმოდგენილი სარეკლამო ვიდეო რგოლი შემდეგი შინაარსით: „თუკი სახელმწიფო ორგანოებმა დაარღვიეს თქვენი უფლებები, ნუ იბრძოლებთ მარტო! მოგვმართეთ მისამართებზე: თბილისი (მისამართი: მელიტონ ქანთარიას 11, მე-3 სართული; ტელეფონი: 2 384648; 2 376950;), გორი (მისამართი: ჭავჭავაძის N45; ტელეფონი: 270718), გურჯაანი (მისამართი: ნონეშვილის N14; ტელეფონი: 225070).

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინსიტრაციული წარმოების  ზემოაღნიშნული მასალებისა და მხარეთა ახანა-განმარტებების შესწავლის საფუძველზე კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი  პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტის შესაბამისად სოციალური რეკლამა განმარტებულია როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

3. „რეკლამის შესახებ“ საქართელოს კანონისმე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები),აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ 2016 წლის იანვრის თვეში შპს „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსების მიზნით წარდგენილი სახეცვლილი სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ვინაიდან სარეკლამო რგოლი, შინაარსის გათვალისწინებით, მიმართულია საქველმოქმედო მიზნებისკენ.

წარმოდგენილ ვიდეო რგოლში საუბარია იმაზე, რომ თუკი სახელმწიფო ორგანოების მიერ დარღვეულ იქნა პირთა უფლებები, მათ  შეუძლიათ მიმართონ ადამიანის უფლებათა ცენტრს უფლებების დასაცავად (თუკი სახელმწიფო ორგანოებმა დაარღვიეს თქვენი უფლებები, ნუ იბრძოლებთ მარტო! მოგვამართეთ მისამართებზე: თბილისი, გორი, გურჯაანი....). წარმოდგენილი სარეკლამო რგოლი მიზნად ისახავს სახელმწიფო ორგანოების მიერ უფლებაშელახული პირთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. სარეკლამო რგოლში ზემოაღნიშნული ფრაზის მიუთითებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოების მიერ უფლებათა დარღვევის საკითხებზე სამართლებრივი დახმარების მიღების მსურველი პირები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას მიიღონ ის საზოგადოებრივი სიკითე, რომლის ხელშეწყობისკენ არის მიმართული წინამდებარე სარეკლამო რგოლი. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ   აღნიშნულ ვიდეო რგოლში არ ხდება კერძო სამართლის იურიდიული პირის (ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“) მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირება და რეკლამა  საზოგადოებრივი სიკეთის მიღებისკენაა მიმართული და ასევე, საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არ არის მიმართული მოგების მიღებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი და შპს „ტელეიმედს“ უნდა დაევალოს  წარდგენილი ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ეთერში განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, მე-171 და 21-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაკმაყოფილდეს ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/860-16; 28.01.2016)  და დაევალოს შპს „ტელეიმედს“ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში 2016 წლის 28 იანვარს წარდგენილი სოციალური რეკლამის   სამაუწყებლო ეთერში განთავსება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის“ და შპს „ტელეიმედისთვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ.ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისა“ და ააიპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდისთვის“ ჩაბარებისთანავე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულების კონტროლი.

კომისიის წევრი                              მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                               გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები