რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 109 / 12

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2016 15:42

მიღების თარიღი თებერვალი 19, 2016

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შპსკავკასუს ონლაინისგანცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 11 დეკემბერს კომისიას განცხადებით (№7/9771-15) მიმართა შპს „კავკასუს ონლაინმა“ და მოითხოვა მისი კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №454/5 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „კავკასუს ონლაინი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 5250 მჰც - 5350 მჰც;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 თებერვალი;

გ) ლიცენზიის მფლობელი უნდა შეეგუოს ლიცენზიაში გათვალისწინებულ სიხშირეზე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეგლამენტის შესაბამისად მომუშავე  სამსახურებიდან (დედამიწის კვლევის თანამგზავრული სამსახურები, რადიოლოკაციის და კოსმოსური კვლევის სადგურები) გამოწვეულ რადიოხელშეშლებს (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული სამსახურებისთვის ხელშეშლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უნდა შეაჩეროს თავისი საქმიანობა;

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.

შპს ”კავკასუს ონლაინის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2016 წლის 21 თებერვალს. შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად:

ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“  შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

 ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 19 თებერვლის სამსახურებრივი ბარათი (№10/1629-16), რომლის შესაბამისად  რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტმა გამოიკვლია და დაადგინა, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა), ბ), გ), და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესი და პირობები ვერ იქნება გამოყენებული, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ოდენობის განსაზღვრისთვის. კერძოდ, კომისიაში არსებული ინფორმაციით და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა), ბ), გ), და დ) ქვეპუნქტებში განსაზღვრული პირობებით, ლიცენზიის გაგრძელების მომენტისთვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის  (5გჰც დიაპაზონში) სათანადო ზოლით (ზოლის სიგანე-100მჰც) სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, ბოლო 3 წლის, ბოლო 2 წლის ასევე ბოლო 1 წლის განმავლობაში და ზოგადად, აუქციონი არ გამართულა. აღნიშნულიდან გამომდინარე რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად №F6 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ოდენობის დადგენისთვის, მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ე) ქვეპუნქტით განსაზღვრული  წესი:

”ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;“

კომისის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

P – სიხშირული რესურსების აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა ლარებში;

Pf - კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანის შესაბამისი ღირებულება ლარებში (დანართი 1-ის მიხედვით);

Kq - სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი (დანართი 2-ის მიხედვით);

Kp - გადამცემი (ბაზური) სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი (დანართი 3-ის მიხედვით);

N - გადამცემი სადგურების (ბაზური სადგურების) რაოდენობა;

KN - სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი (დანართი 4-ის მიხედვით);

Ks - საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი (დანართი 5-ის მიხედვით);

Kg - ადგილობრივი მომსახურების ზონის კოეფიციენტი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების  მიხედვით (დანართი 6-ის მიხედვით).

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 3500 მჰც და 5 გჰც დიაპაზონში გადამცემი სადგურების ჯამური რაოდენობა შეადგენს 300 სადგურს, თითეული სადგურის მინიმალური გამოსასვლელი სიმძლავრე 5 ვატამდე (ჩათვლით). ამ მეთოდით გათვლილმა საფასურის ოდენობამ, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეადგინა 3 382 212,27 ლარი, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - 3 180 947,07 ლარი.

სამსახურებრივი ბარათის თანახმად აგრეთვე საფასურის ოდენობა გაანგარიშდა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ფაქტიურად გამოყენებული, უსადენო დაშვების ქსელის საბაზო ტერმინალების ტექნიკური პარამეტრების, განლაგების (მდებარეობის) ადგილისა და რაოდენობის საფუძველზე (შპს ”კავკასუს ონლაინმა” აღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2016 წლის 2 თებერვალს № შ-6/1012-16 წერილით), ზემოაღნიშნული ფორმულის მიხედვით. ამ მეთოდით გათვლილმა რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 1 258 296,00 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „კავკასუს ონლაინის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზია ითვალისწინებს სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და კომპანიას უფლება ჰქონდა ქსელი აეგო მთელს საქართველოში, ამიტომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გამოთვლა უნდა მოხდეს საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების  გამოკლებით. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს 3 180 947,07 (სამი მილიონ ასოთხმოცი ათას ცხრაასორმოცდაშვიდი და 07) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ასევე იხდის  სალიცენზიო მოსაკრებელს. ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000 (ერთი ათას) ლარს. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებლი (1000 ლარი) 2016 წლის 15 თებერვალს.

        კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა დაიწყო 2016 წლის 18 თებერვალს. კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს „კავკასუს ონლაინის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჭიაურელი. აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საკითხის განხილვა გაგრძელდა 2016 წლის 19 თებერვალს. 2016 წლის 19 თებერვლის სხდომას ესწრებოდა შპს „კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელი გიორგი ჭელიძე. გიორგი ჭელიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის კომისიის მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა აღემატება იმ სიკეთეს, რაც შეიძლება კომერციულმა კომპანიამ მიიღოს აღნიშნული სიხშირის გამოყენებისას, შესაბამისად კომპანიას არ სურს აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  49-ე მუხლის მე–4 პუნქტის, მე–5 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №7/9771-15, 11.12.15)  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;  

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                             მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები