წვდომის მენიუ

შპს „ივერია ქსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 118 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2016 15:07

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2016

შპსივერია ქსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2016 წლის 13 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/229-16, 13.01.2016) თანდართული მასალით (შპს „ივერია ქსელის“ თაობაზე ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B15152901; რეგისტრაციის თარიღი: 28.07.2015) საიდანაც ირკვევა, რომ  კომისიაში შემოვიდა შპს „ივერია ქსელის“ წერილი, შპს „ივერია ქსელის“ კუთვნილი საოპერაცია აქტივის (სპილენძის სახაზო საკაბელო წყვილები, ოპტიკური კაბელები, საკომუნიკაციო არხები, საკომუნიკაციო ჭები, გამანაწილებელი კარადები) შპს „ახალი ქსელების“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (№შ-10/229-16, 13.01.2016) აღნიშნულია, რომ წარმოების პროცესში გაირკვა, რომ შპს „ივერია ქსელის“ პარტნიორებმა განახორციელეს შპს „ივერია ქსელის“ წილის შეძენა, რაზეც არ ჰქონდათ კომისიის წინასწარი თანხმობა. კერძოდ, კომისიის უწყებრივი რეესტრის თანახმად შპს „ივერია ქსელის“ პარტნიორები არიან: შპს „კონტაქტი“ – 9%; შპს „სელკომი“ - 10%; ფრიდონ ინჯია - 38,3%; ავთანდილ იაშვილი - 32,7%; ნანა მჭედლიშვილი -10%. ხოლო, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: B15152901; რეგისტრაციის თარიღი: 28.07.2015) თანახმად, შპს „ივერია ქსელის“ პარტნიორები არიან: შპს „სელკომი“ - 11%; ფრიდონ ინჯია - 42%; ავთანდილ იაშვილი - 36%; ნანა მჭედლიშვილი -11%.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (№შ-10/229-16, 13.01.2016) აღნიშნულია, რომ შპს „ივერია ქსელის“ პარტნიორების მიერ წილების შეძენა განხორციელდა კანონდარღვევით, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. რაც შპს „ივერია ქსელის“ მიერ არ განხორციელდა. აღნიშნული ქმედებით შპს „ივერია ქსელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლის მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ქსელის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის 2010 წლის 3 ნოემბრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B10136912; რეგისტრაციის თარიღი: 03.11.2010) თანახმად, შპს „ივერია ქსელის“ დირექტორად ფიქსირდება გენადი შეროზია, რომელიც ასევე ფიქსირდება კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებში, ხოლო  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის 2015 წლის 28 ივლისის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B15152901; რეგისტრაციის თარიღი: 28.07.2015) თანახმად, შპს „ივერია ქსელის“ დირექტორად ფიქსირდება ჯამბული მაქაცარია.

კომისიის  აპარატის  კონკურენციის ხელშეწყობის  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/229-16, 13.01.2016) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე  მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 11 თებერვალს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს „ივერია ქსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 25 თებერვალს 15 საათზე.  აღნიშნულის თაობაზე შპს „ივერია ქსელს“ ეცნობა შეტყობინებით (№03/476-16; 11.02.2016), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N03/476-16 შეტყობინება შპს „ივერია ქსელს“ ჩაბარდა 2016 წლის 17 თებერვალს (გზავნილის კოდი: AP01000229318; ჩაბარების თარიღი:17.02.2016; ჩაიბარა: ირმა დგებუაძემ)

კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე შპს „ივერია ქსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N03/476-16 შეტყობინება შპს „ივერია ქსელს“ ჩაბარდა, მისი წარმომადგენელი  კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ივერია ქსელს“ შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2016 წლის 17 თებერვალს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს „ივერია ქსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/229-16; 13.01.2016);
  2. შპს „ივერია ქსელის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B15152901; რეგისტრაციის თარიღი: 28.07.2015);
  3. შპს „ივერია ქსელის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B10136912; რეგისტრაციის თარიღი: 03.11.2010);
  4. შპს „ივერია ქსელის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B10037599; რეგისტრაციის თარიღი: 19.03.2010);
  5. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ივერია ქსელის“ შესახებ მონაცემები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ივერია ქსელი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი:12.02.2010.  A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:  ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL));

2.  შპს „ივერია ქსელი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: B10037599; რეგისტრაციის თარიღი: 19.03.2010) თანახმად, 2010 წლის 19 მარტის მდგომარეობით შპს „ივერია ქსელის“ დირექტორად ფიქსირდება გენადი შეროზია, ხოლო პარტნიორები არიან:  შპს „კონტაქტი“ – 9%; შპს „სელკომი“ - 10%; ფრიდონ ინჯია - 38,3%; ავთანდილ იაშვილი - 32,7%; ნანა მჭედლიშვილი -10%. აღსანიშნავია, რომ  პარტნიორებმა განახორციელეს შპს „ივერია ქსელის“ წილის შეძენა, რაც დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (რეგისტრაციის ნომერი: B10136912; რეგისტრაციის თარიღი: 3.11.2010), რომლის შესაბამისად, შპს „ივერია ქსელის“ პარტნიორები არიან შპს „სელკომი“ - 11%; ფრიდონ ინჯია - 42%; ავთანდილ იაშვილი - 36%; ნანა მჭედლიშვილი -11%, ხოლო დირექტორად კვლავ ფიქსირდება გენადი შეროზია. 2015 წლის 28 ივლისის ამონაწერის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტის მონაცემების თანახმად, შპს „ივერია ქსელის“ დირექტორად ფიქსირდება ჯამბული მაქაცარია, ხოლო პარტნიორების ცვლილება არ ფიქსირდება. შპს „ივერია ქსელს“ კომისიისათვის არ მიუმართავს წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ. ამასთან, შპს „ივერია ქსელს“ კომისიისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია წილის მფლობელთა ცვლილების თაობაზე, კანონით განსაზღვრულ 7 სამუშაო დღიან ვადაში;

4.  შპს „ივერია ქსელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება,  სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

2.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, გ) ქვეპუნტის თანახმად, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, ხოლო მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 2010 წლის 24 სექტემბრიდან 2011 წლის 9 მარტამდე  პერიოდის მდგომარეობით მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ქსელმა“  2010 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით განახორციელა წილების ცვლილება, რის თაობაზეც კომისიისათვის წინასწარ არ უცნობებია, შესაბამისად, შპს „ივერია ქსელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-26 მუხლის პირველი და მე-2  პუნქტები, რაც წარმოადგენს მისი სანქცირების საფუძველს  („ელექტრონულიკომუნიაკციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიას შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ უნდა ეცნობოს შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებამდე. ხოლო, ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება).

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  შპს „ივერია ქსელის“ მიერ წილის მფლობელთა ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში არ წარმოუდგენია ინფორმაცია წილის ან აქციის მფლობელთა ცვლილების თაობაზე, როგორც ეს განსაზღვრული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 2010 წლის 24 სექტემბრიდან 2011 წლის 9 მარტამდე  პერიოდის მდგომარეობით მოქმედი რედაქციით.  კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 2010 წლის 24 სექტემბრიდან 2011 წლის 9 მარტამდე  პერიოდის მდგომარეობით მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. კომისია აღნიშნავს, რომ დღეს მოქმედი რედაქციის „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონი ასევე ავალდებულებს ავტორიზებულ პირებს წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის წარმოდგენას (იხ. „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი). შესაბამისად, შპს „ივერია ქსელის“ მიერ ასევე დარღვეულია „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს სანქცირების საფუძველს.

                კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 2010 წლის 24 სექტემბრიდან 2011 წლის 9 მარტამდე პერიოდის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია, კომპანიის მიერ წილების გასხვისების მომენტისათვის, არ ითვალისწინებდა კომისიის მიერ შერწყმის ან შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიცემას, როგორც ეს გათვალისწინებულია დღეს მოქმედი რედაქციის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტით.

ხოლო, შპს „ივერია ქსელის“ მიერ 2015 წლის 28 ივლისის მდგომარეობით დირექტორის ცვლილების  თაობაზე ინფორმაციის 7 სამუშაო დღის ვადაში წარმოუდგენლობით შპს „ივერია ქსელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) და მ) ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს მისი სანქცირების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ივერია ქსელს“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ივერია ქსელის“   მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და  მ) ქვეპუნქტების,  26-ე, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ივერია ქსელს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტებისა და  26-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ივერია ქსელისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ივერია ქსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ივერია ქსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6)  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ივერია ქსელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე ( გარდა 1-ლი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს.

კომისიის თავმჯდომარე                               ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                              მერაბ  ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები