წვდომის მენიუ

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 12 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2016 15:03

მიღების თარიღი იანვარი 12, 2016

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის.

მაუწყებლობის სფეროში  სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე–3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა კომისიის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების წინაპირობაა.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი  ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეხება პირთა  ფართო წრის ინტერესებს.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დასრულებულია, კომისიის კანონისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისა და სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს, მიზანშეწონილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით (საზოგადოებრივი აზრის კვლევა თან ერთვის, 62 ფურც.);

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 11 თებერვალს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება  (ნ. ჯანელიძე);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

6. დაევალოს კომისიის პრეს–მდივანს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ხ. ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარ                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები