წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 120 / 20

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2016 11:16

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2016

შპს „ჯეოსელისმიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2016  წლის 8 თებერვალს  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1155-16) მიმართა შპს „ჯეოსელმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი როუმინგულ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების და CD დისკზე, ექსელის ცხრილის სახით წარმოდგენილი ინფორმაციის,  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საერთაშორისო როუმინგის „ერთიანი სივრცის“ შემოღების თაობაზე მოლაპარაკებებში. ამავდროულად კომისია განიხილავს პოლონეთთან, ჩეხეთთან, ლიტვასთან და ლატვიასთან საერთაშორისო როუმინგის ერთიანი სივრცის შექმნის შესაძლებლობებს, რის ფარგლებშიც, შპს „მაგთიკომს“, შპს „მობიტელს“ და შპს „ჯეოსელს“ გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა (№02/273-16, 22.01.2016) აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებაში საერთაშორისო როუმინგული მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენის თაობაზე.

შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საჭიროებდა დაზუსტებას, კერძოდ: ხელშერკულებები: ჩეხეთის (Eurotel-telefonica O2, T-Mobile, Vodafone), პოლონეთის (Centertel (Idea), P4, T-mobile, Polkomtel, ლიტვისა (Omnitel, Tele 2, BITE) და ლატვიის (Tele 2, LMT, BITE), შესაბამის ოპერატორებთან როუმინგული მომსახურების თაობაზე წარმოდგენილია დანართების გარეშე, რომლებიც თავისთავად წარმოადგენენ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. რაც შეეხება საცალო ბაზარზე, გასული და ჩამოსული როუმერების მიერ მოხმარებული მომსახურებებისა და შესაბამისი საცალო შემოსავლების შესახებ ინფორმაციას, ნაცვლად საცალო შემოსავლებისა კომპანიამ წარმოადგინა პარტნიორი ოპერატორებისათვის გადახდილი და მათგან მიღებული შემოსავლები, რაც არ ყოფილა კომისიის მიერ მოთხოვნილი.

2016 წლის 22 თებერვალს შპს „ჯეოსელმა“ წარმოადგინა (№შ-6/1685-16) კომისიის მიერ მოთხოვნილი დაზუსტებული ინფორმაცია და მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებები და ინფორმაცია საქართველოში ჩამოსული როუმერებისათვის გაწეული მომსახრუების შესახებ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის საფუძველზე, მიჩნეულ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, ვინაიდან ამ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა ზიანს მიაყენებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გამოიწვებს შპს „ჯეოსელის“ როუმინგ პარნიოტრიოების სატარიფო პირობების გამჟღავნებას (ხელშეკრულებები), ასევე, შესაძლებელი გახდება კომპანიის კონკრეტული მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი.

კომისიამ შეისწავლა შპს „ჯეოსელის“ ორივე განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მონაცემები (ექსელის ცხრილი) და მიიჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი მონაცემები როუმინგული მომსახურების თაობაზე შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას,  როუმინგული მომსახურების გაწევის ტარიფების შესახებ, ასევე, ინფორმაციას მომსახურების პირობებისა და მხარეთა ფინანსური  უფლება-მოვალეობების შესახებ. ასევე, წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მოცემულია ცალკე მუხლი კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები თანხმდებიან და შესაბამისად იღებენ ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების ყველა პუნქტი და შინაარსი არის კონფიდენციალური და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ინფორმაცია არ შეიძლება გასაჯაროვდეს ორივე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც საკითხი ეხება ოპერატორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას და აბონენტების შესაბამის ინფორმირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ჯეოსელის“ მიერ, წარმოდგენილი ხელშეკრულებები სრულად შეიცავს, ხოლო შპს „ჯეოსელის“ მიერ 2016 წლის 22 თებერვლის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1685-16), ექსელის ცხრილის სახით (CD დისკზე) წარმოდგენილი მონაცემები  შინაარსობრივად, ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რომლის საჯაროდ ხელმისაწვდომობამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „ჯეოსელის“ 2016 წლის 22 თებერვლის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/1685-16) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, კომერციულ საიდუმლოებად ცნობილ იქნეს ხელშეკრულებები სრულად; ხოლო ექსელის ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ცნობილ იქნეს  მხოლოდ ქვეყნების ჭრილში, ვინაიდან აღნიშნულ მონაცემებს, მომსახურების ჭრილში, კომპანია ისედაც ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში. ასევე, ღია დარჩეს ინფორმაცია აგრეგირებული სახით,  ხოლო, შპს „ჯეოსელის“ მიერ 2016 წლის 8 თებერვალს შემოსული წერილის  თანდართული მონაცემები (ექსელის ცხრილი - CD დისკი), რომელიც კომისიის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა, ასლის გადაღების გარეშე, უკან დაუბრუნდეს შპს „ჯეოსელს“ და შესაბამისად არ იქნას განხილული აღნიშნული მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხი. აქვე კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არ გამხდარა საჯაროდ  ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და არ მომხდარა მისი ასლის გადაღება.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ჯეოსელის“ 2016 წლის 22 თებერვლის განცხადება (№შ-6/1685-16):

ა) კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, შპს „ჯეოსელის“ 2016 წლის 22 თებერვლის №შ-6/1685-16 განცხადებით წარმოდგენილი   შპს „ჯეოსელსა“ და ოპერატორებს: ჩეხეთის (Eurotel-telefonica O2, T-Mobile, Vodafone), პოლონეთის (Centertel (Idea), P4, T-mobile, Polkomtel, ლიტვისა (Omnitel, Tele 2, BITE) და ლატვიის (Tele 2, LMT, BITE) შორის გაფორმებული ხელშეკრულებები როუმინგული მომსახურების თაობაზე;

ბ) ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი 2016 წლის 22 თებერვლის შპს „ჯეოსელის“ განცხადებით (№შ-6/1685-16), ექსელის ცხრილის სახით CD დისკზე, წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „ჯეოსელის“ მიერ გაწეული როუმინგული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ მხოლოდ ქვეყნების ჭრილში;

გ)  ღიად დარჩეს 2016 წლის 22 თებერვლის შპს „ჯეოსელის“ განცხადებით (№შ-6/1685-16) ექსელის ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაცია აგრეგირებული სახით;

დ) ასლის გადაღების გარეშე, უკან დაუბრუნდეს შპს „ჯეოსელს“ 2016 წლის 8 თებერვალს (№შ-6/1155-16) მოწოდებული ინფორმაცია (ექსელის ცხრილი-CD დისკი).

2. ინფორმაცია შპს „ჯეოსელის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ჯეოსელის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები