წვდომის მენიუ

ფიზიკურ პირ შოთა ჩხვირკიას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის, პატიებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ

ნომერი: 124 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2016 10:20

მიღების თარიღი მარტი 01, 2016

ფიზიკურ პირ შოთა ჩხვირკიას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის, პატიებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ

  1.  საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (Nშ-10/1780-16; 23.02.2016) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკურ პირ შოთა ჩხვირკიასთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციიდან (Nშ-10/1780-16; 23.02.2016) ირკვევა, რომ კომისიას მიმართა სს „სილქნეტმა“ (Nშ-6/1273; 11.02.2016) მისი აბონენტის ფიზიკურ პირ შოთა ჩხვირკიას მიერ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისა და მისი შემოწმების თაობაზე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც. უჯმაჯურიძემ ფიზიკურ პირ შოთა ჩხვირკიას მიმართ 2016 წლის 23 თებერვალს შეადგინა ადმინსტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N 000111. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათს თან ერთვის: ფიზიკურ პირ შ. ჩხვირკიას მიმართ 2016 წლის 23 თებერვალს შედგენილი  სამართალდარღვევის ოქმი N 000111, სს ,,სილქნეტის“ IP მისამართების შესახებ მონაცემების ამსახველი დოკუმენტები (4 ფურცელი), 11 ფოტოსურათი, სს ,,სილქნეტის“ განცხადება (Nშ-6/1273-16; 11.02.2016) თანდართული აბონენტ შ. ჩხვირკიასთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებით, „შპს ,,გეთ სქაის“ (ს/კ 454408855) 100% წილის ფიზიკური პირის მიხეილ რევაზიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ” კომისიის 2015 წლის 25 ივნისის N367/11 გადაწყვეტილებითა და მეწარმეთა და არასამეწარეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების რეესტრიდან ამონაწერით შპს ,,გეთ სქაის“ შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს უფლებამოსილი ორგანო განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმი კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა და კომისიას წარედგინა 2016 წლის 23 თებერვალს, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის პირველი მარტი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2016 წლის 25 თებერვალს, რის შესახებაც  შეტყობინებით ეცნობა შოთა ჩხვირკიას და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შოთა ჩხვირკიას ასევე განემარტა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, შ. ჩხვირკიას მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; 2016 წლის 23 თებერვლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი №000111  შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ  ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ციალა უჯმაჯურიძე და სამართალდამრღვევი შ. ჩხვირკია, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი.

ფიზიკურ პირ შოთა ჩხვირკიასთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა კომისიამ დაიწყო 2016 წლის პირველ მარტის სხდომაზე.

კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა  ც. უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ სს „სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე ჩაატარა შემოწმება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შ. ჩხვირკიას მიეწოდება სს ,,სილქნეტის“ ინტერნეტ-მომსახურება ქ. გორში, სტალინის ქ. 35-ში. მისი განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე დამონტაჟებული გადამცემის საშუალებით შ. ჩხვირკიას მიერ შეძენილი სს „სილქნეტის“ ინტერნეტ-მომსახურება მიეწოდება შპს „გეთ სქაის“ აბონენტებს სოფელ მერეთში და სოფელ ქერეში. ც. უჯმაჯურიძის განმარტებით, მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა შპს „გეთ სქაის“ ორი აბონენტი სოფელ ქერეში და მათი კომპიუტერებიდან ამოღებული მონაცემებით დადასტურდა, რომ ფიზიკურ პირ შ. ჩხვირკიას მიერ სს ,,სილქნეტისგან“ შეძენილი  ინტერნეტი მათ მიეწოდებათ  სოფელ ქერეში.

კომისიის 2016 წლის პირველი მარტის სხდომაზე გამოცხადდნენ ფიზიკური პირი შ. ჩხვირკია და შპს „გეთ სქაის“ დირექტორი მიხეილ რევაზიშვილი. შ. ჩხვირკიამ აღნიშნა, რომ სოფელი მერეთი მდებარეობს საზღვრისპირა რეგიონში. შპს „გეთ სქაის“ შეექმნა სერიოზული ფინანსური პრობლემები და 2015 წლის დეკემბერში შპს „ახალმა ქსელებმა“ შეუწყვიტა საბითუმო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება და იმისთვის, რომ კომპანიის აბონენტები არ დარჩენილიყვენ ინტერნეტის გარეშე და თავად კომპანიას არ შეეწყვიტა არსებობა,  დროებით იქნა გამოყენებული სს ,,სილქნეტის“ ინტერნეტი, რომელიც მას მიეწოდებოდა საცალო მომსახურების სახით როგორც ფიზიკურ პირს.  მისი განმარტებით, სს ,,სილქნეტის“ საბითუმი ინტერნეტის გაყვანა ძალიან ძვირი ჯდებოდა, კერძოდ, 1 მბტ-ზე 37 ლარზე მეტი, შპს ,,ახალი ქსელების“ საბითუმო ინტერნეტის (10 მბტ გლობალური და 40 მბტ ლოკალური) საფასური კი იყო 800 ლარი, შპს „დელტაკომთან“ მოლაპარაკება ვერ შედგა, ხოლო შ. ჩხვირკიას მიერ შეძენილი სს ,,სილქნეტის“ 100 მბ-იანი პაკეტი აქციის ფარგლებში ღირდა 35 ლარი. შ. ჩხვირკიას განცხადებით, რეგიონში არის სხვა პროვაიდერი, მაგრამ სრულად ვერ ფარავს ტერიტორიას და არის ინტერნეტის მიწოდების პრობლემა. მან ასევე დაადასტურა, რომ ფინანსურ სარგებელს იღებდა შპს ,,გეთ სქაი“ და მასვე ეკუთვნოდა გადამცემი. შ. ჩხვირკიამ აღიარა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მან აღნიშნა, რომ გულწრფელად ინანიებდა დარღვევის ჩადენას და ითხოვა კომისიას მის მიმართ არ გამოეყენებინა სანქცია, რადგან 5000 ლარიანი ჯარიმა მისთვის ძალიან დიდი თანხა იყო.

კომისიის 2016 წლის პირველი მარტის სხდომას ესწრებოდა ასევე შპს „გეთ სქაის“ დირექტორი მ. რევაზიშვილი, რომელმაც დაადასტურა შ. ჩხვირკიას მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მისგან ღებულობდა საცალო  ინტერნეტს. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს „გეთ სქაის“ ჰყავს 69 აბონენტი.

კომისიის 2016 წლის პირველი მარტის სხდომას ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ წარმოამდგენლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ შ. ჩხვირკია წარმოადგენდა სს „სილქნეტის“ აბონენტს. მისთვის ცნობილი იყო სააბონენტო ხელშეკრულების პირობები, რომლის 7.1.2 პუნქტის თანახმად, აბონენტი ვალდებულია საკუთარი მოხმმარებისთვის გამოიყენოს მისთვის მიწოდებული ინტერნეტი. მათ ასევე დაადასტურეს, რომ სოფელ მერესა და სოფელ ქერეში საცალო ინტერნეტ მომსახურებას  არ ეწეოდნენ და აბონენტები არ ჰყავდათ. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ სს „სილქნეტმა“ მატერიალური ზარალი განიცადა იმიტომ, რომ შპს „გეთ სქაის“ რომ მიემართა სს „სილქნეტისთვის“ და მისგან მიეღო საბითუმო ინტერნეტ მომსახურება, სს „სილქნეტს“ ექნებოდა გაცილებით მეტი შემოსავალი.

          IIკომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (Nშ-10/1780-16; 23.02.2016);
  2. კომისიის სამართალდარღვევის ოქმი (N 000111; 23.02.2016);
  3. სს ,,სილქნეტის“ IP მისამართების შესახებ მონაცემების ამსახველი დოკუმენტები (4 ფურცელი);
  4. შპს „გეთ სქაის აბონენტებისთვის“ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების მიზნით განთავსებული გადამცემის ამსახველი ფოტომასალა;
  5. სს „სილქნეტის“ განცხადება (Nშ-6/1273-16; 11.02.2016);
  6. სს „სილქნეტსა“ და შ. ჩხვირკიას შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება (21.04.2015);
  7. შპს „გეთ სქაის“ (ს/კ 454408855) 100 % წილის ფიზიკური პირის მიხეილ რევაზაშვილის (პ/ნ 59001075592) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ კომისიის 2015 წლის 25 ივნისის N367/11 გადაწყვეტილება;
  8. მეწარმეთა და არასამეწამრეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საჯარო რეესტრისა და ავტორიზებულ პირთა კომისიის უწყებრივი რეესტრის  მონაცემები შპს „გეთ სქაის“ შესახებ’
  9. ფიზიკურ პირ შ. ჩხვირკიას მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  10. შპს „გეთ სქაის“ დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  11. სს „სილქნეტის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  12. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  13. კომისიაში დაცული სტატისტური მონაცემები ინტერნეტ-მომსახურებაზე ავტორიზებული პირების შესახებ;

III.ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შ. ჩხვირკია წარმოადგენს სს „სილქნეტის“ აბონენტს. სს „სილქნეტსა“ და შ. ჩხვირკიას შორის 2015 წლის 21 აპრილს გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების თანახმად, შ ჩხვირკიას შეძენილი აქვს სს „სილქნეტის“ ინტერნეტ-მომსახურების პაკეტი „ფორმულა 1 - 100 მბ“;
  2. მეწარმეთა და არასამეწამრეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საჯარო რეესტრის მონაცემებით, შ. ჩხვირკია 2014 წლის 4 ივნისიდან 2015 წლის 22 ივლისამდე წარმოადგენდა შპს „გეთ სქაის“ 100 %-იან წილის მფლობელსა და დირექტორს;
  3. 2015 წლის 22 ივლისიდან შპს „გეთ სქაის“ 100 %-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის მ. რევაზაშვილი;
  4. ავტორიზებულ პირთა კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „გეთ სქაი“ (ს/კ:454408855) არის ავტორიზებული პირი ავტორიზაციის თარიღი: 06.06.2014; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ინტერნეტ მომსახურება (Wi Fi) და სხვა;
  5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის პროცესში შ. ჩხვირკიას IP მისამართი დაფიქსირდა შპს „გეთ სქაის“ ორი აბონენტის პერსონალურ კომპიუტერში, რაც ადასტურებს შ. ჩხვირკიას მიერ სს „სილნეტისგან“ შეძენილი ინტერნეტ-მომსახურების შპს „გეთ სქაის“ აბონენტებისთვის მიწოდების ფაქტს;
  6. შ. ჩხვირკიამ სამართალდარღვევის ოქმში წერილობით დაადასტურა და ასევე კომისიის სხდომაზე აღიარა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ატორიზაციის გარეშე სს „სილქნეტის“ ინტერნეტ-მომსახურების ქ. გორში, სტალინის გამზირი, კორპ. 35-დან სოფელ მერეთსა და სოფელ ქერეში მესამე პირებისთვის, შპს „გეთ სქაის“ აბონენტებისთვის მიწოდების ფაქტი;
  7. შ. ჩხვირკია ინანიებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს;
  8. კომისიაში დაცული ავტორიზებული პირების მიერ შევსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების მიხედვით, ქ. გორში 2015 წლის აპრილის თვის მდგომარეობით (შ. ჩხვირკიას მიერ სს „სილქნეტთან“ სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის) და ასევე, 2016 წლის თებერვლის მდგომარეობით (სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროისთვის) საბითუმო ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას ახორციელებდნენ შპს „კავკასუს ონლაინი“, შპს „ოდიში ნეტი“, სს „სილქნეტი“, შპს „რკინიგზის ტელეკომი“ და შპს „გლობალ ნეთვორქი“ (2015 წლის დეკემბრის მონაცემები);
  9. გორის რაიონში (სოფელი მერეთი და სოფელი ქერე) საცალო ინტერნეტ-მომსახურების გაყიდვას ახორციელებს შპს „გეთ სქაი“ და შპს „ლომისი 2011“;
  10. სს „სილქნეტს“ 2016 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გორის რაიონში (სოფელ მერეთსა და სოფელ ქერეში) არ ჰყავს აბონენტები და არ ეწევა საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებას;
  11. ადგილი არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე  მუხლით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს.

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
  3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ხოლო ამავე კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსითა და  საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით;
  4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
  5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად,   სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
  6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ერთ-ერთ შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება ბრალეულის გულწრფელი მონანიება. ამავე მუხლის თანახმად,  საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში;
  7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირ შ. ჩხვირკიას მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ვინაიდან იგი, როგორც სს „სილქნეტის“ აბონენტი, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არაავტორიზებული პირი, „სილქნეტისაგან“ შეძენილ ინტერნეტს აწვდიდა მესამე პირებს - შპს „გეთ სქაის“ აბონენტებს.

კომისია აღნიშნავს, რომ შ. ჩხვირკიასთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვისას მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ შ. ჩხვირკიამ აღიარა და გულწრფელად მოინანია სამართალდარღვევის ჩადენა. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დასტურდება შ. ჩხვირკიას მიერ ვინმესთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. კერძოდ, კომისია ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ 2016 წლის თებერვლის მდგომარეობით გორში და შესაბამისად, მიმდებარე სოფლებში საბითუმო ინტერნეტ მომსახურებას ეწევა არა მხოლოდ სს „სილქნეტი“, არამედ სხვა ავტორიზებული პირებიც. აქედან გამომდინარე, თუ შ. ჩხვირკია არ მიაწოდებდა შპს „გეთ სქაის“ აბონენტებს სს „სილქნეტის“ საცალო ინტერნეტს, შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ შპს „გეთ სქაი“ უსათუოდ შეიძენდა სს „სილქნეტის“ საბითუმო ინტერნეტ-მომსახურებას. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ სს „სილქნეტმა“ განიცადა ქონებრივი ზარალი მიუღებელი შემოსავლის სახით მოკლებულია საფუძველს.  ამასთან, მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ სს „სილქნეტს“ არ ჰყავს გორის რაიონში, სოფელ მერეთსა და სოფელ ქერეში აბონენტები და არ ეწევა საცალო ინტერნეტ-მომსახურებას. შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენის პერიოდში არც პოტენციური აბონენტების დაკარგვის თვალსაზრისით განუცდია ზარალი სს „სილქნეტს“.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია კონფლიქტის ზონის პირა ტერიტორიაზე. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია ამ ტერიტორიაზე არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რომლებშიც უწევს მოსახლეობას ცხოვრება და ასევე გასათვალისწინებელია სახელმწიფოს მისწრაფება მაქსიმალურად შეუმსუბუქოს აღნიშნული პირობები მოსახლეობას. შესაბამისად, აღნიშნული უნდა შეფასდეს სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია იღებს რა მხედველობაში სამართალდამრღვევის პიროვნებას, სამართალდარღვევის შემამსუბუქებელ გარემოებებს (ბრალეულის გულწრფელი მონანიება და კონფლიქტის ზონის პირა ტერიტორიაზე არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები), დამაძიმებელი გარემოებებისა და  ასევე  ქონებრივი ზიანის არარსებობას, მიაჩნია, რომ შ. ჩხვირკია ცნობილ უნდა იქნეს სამართალდამღვევად, მაგრამ, მას უნდა ეპატიოს სამართალდარღვევის ჩადენა და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

კომისიას ასევე, მიაჩნია, შოთა ჩხვირკიას უნდა განემარტოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა. შოთა ჩხვირკიას ასევე უნდა განემარტოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

V.   სარეზოლუციო ნაწილი:
 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 33-ე, 34-ე, 35-ე,1441 მუხლის პირველი ნაწილის, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 252-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე, 272-ე და 273-ე მუხლების, ,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა  და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე, 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ფიზიკური პირი შოთა ჩხვირკია ცნობილ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, ეპატიოს სამართალდარღვევის ჩადენა და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
  2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს ფიზიკურ პირ შოთა ჩხვირკიასთვის  წინამდებარე გადაწყვეტილების გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) 10 დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ფიზიკურ პირ შოთა ჩხვირკიასთვის ჩაბარებისთანავე;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს ( ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                           მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები