სს „სილქნეტსა“ და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ შორის დავის განხილვის თაობაზე.
გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2016 11:50
მიღების თარიღი მარტი 01, 2016
სს „სილქნეტსა“ და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ შორის დავის განხილვის თაობაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (03.12.2015 Nშ-6/9500-15) მიმართა სს „სილქნეტმა”, სს „სილქნეტსა“ და შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტს“ (შემდგომში შპს „ფოპტნეტი“) შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობისა და მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებულ დავაზე.
კომისიაში სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 12 მარტიდან დღემდე სს „სილქნეტი“ შპს „ფოპტნეტს“ უწევს ელექტრონული საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურებას შესაბამის პერიოდებში მოქმედი სს „სილქნეტის“ 2011 წლის ნოემბრის, 2012 წლის ნოემბრის, 2014 წლის ნოემბრისა და 2015 წლის სექტემბრის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების შეთავაზების წინადადებების (მოწვევის ოფერტების) საფუძველზე, შემდეგ მიმართულებებზე:
|
N |
მიმართულება |
სიგრძე (კმ) |
დიამეტრი |
|
1 |
ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის 136 - მარნეულის მიმართულება |
4.125 |
15 მმ–მდე |
|
2 |
ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის 136 - დმანისის მიმართულება |
1.405 |
15 მმ–მდე |
|
3 |
აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი) |
25 |
15 მმ–მდე |
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2012 წლის ოფერტის თანახმად, რომელიც კომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა 2012 წლის 08 ნოემბერს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ტარიფად განისაზღვრა ამავე ოფერტის N2 დანართით საქართველოს სხვა დანარჩენი რეგიონებისთვის დადგენილი ტარიფები. ამავე ოფერტის (2012 წლის) მე–3 მუხლის 3.2.–3.4. პუნქტების თანახმად, ტარიფების ცვლილების თაობაზე მხარეთათვის შეტყობინებას უთანაბრდება ცლილების კომისიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნება (2012 წლის 08 ნოემბერი). ამასთან, თუ მხარე არ ეთანხმება ტარიფის ცვლილებას, იგი ვალდებულია 2 (ორი) კვირით ადრე წერილობით აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ, რაც ჩაითვლება უარად მომსახურების მიღებაზე. ასეთის არარსებობის შემთხვევაში ითვლება, რომ მხარის მიერ ცვლილება მიღებულ იქნა უპირობოდ.
ამდენად, როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, კომისიის ვებ–გვერდზე ოფერტის გამოქვეყნების თარიღი - 2012 წლის 08 ნოემბერი, გაუთანაბრდა ახალი ოფერტით დადგენილი ტარიფების ცვლილების შესახებ შეტყობინების თარიღს, ხოლო ვინაიდან გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში არც „ფოპტნეტს“ და არც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არხთან დაშვების მომსახურების მიმღებ სხვა ავტორიზებულ პირებს წერილობითი უარი ახალ ტარიფებზე არ განუცხადებია და დაშვების მომსახურების შეწყვეტა არ მოუთხოვია, აღნიშნული ფაქტი ჩაითვალა, როგორც აღნიშნულ კომპანიათა (მათ შორის შპს „ფოპტნეტის“) უპირობო თანხმობა სს „სილქნეტის“ ოფერტის ახალ პირობებზე (მათ შორის ტარიფებზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ ყველა ავტორიზებულ პირთან მიმართებით, რომლებიც „ოფერტის“ გამოქვეყნების დროისთვის სარგებლობდნენ სს „სილქნეტის“ კუთვნილ საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურებით, სს „სილქნეტის“ 2012 წლის ნოემბრის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ოფერტით განსაზღვრული ახალი ტარიფები გამოქვეყნებიდან 2 კვირის გასვლისთანავე ჩაითვალა ძალაში შესულად, რის საფუძველზე სს „სილქნეტი“ უფლებამოსილი იყო, 2012 წლის 08 ნოემბრიდან ნებისმიერ დროს მოეთხოვა აღნიშნული კომპანიებისგან შეცვლილი (გაზრდილი) ტარიფით ანგარიშსწორება, ყოველგვარი დამატებითი ინფორმირების გარეშე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სილქნეტის“ მიერ ახალი (გაზრდილი) ტარიფით ანგარიშსწორების მოთხოვნა, საოქმო გადაწვეტილებების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მომსახურების მიმღებ ავტორიზებულ პირთა მიმართ წარდგენილ იქნა 2014 წლის მაისიდან, რაზეც შპს „ფოპტნეტმა“ განაცხადა უარი. შპს „ფოპტნეტის“ უარი, მისი წერილობითი განმარტებით, ეფუძნებოდა სს „აჭარის ელექტროკავშირსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებას და მის პირობებს ცვლილებების ორმხრივად შეტანის თაობაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სხვაობის გადაუხდელობის საფუძველზე, 2014 წლის 01 მაისიდან 2015 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე, შპს „ფოპტნეტის“ დავალიანებამ (სხვაობა ცვლილებებამდე არსებულ და ახალ ტარიფებს შორის) „სილქნეტის“ მიმართ შეადგინა 62 175 ლარი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სს „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ შპს „ფოპტნეტის“ უარი ახალი ტარიფით ანგარიშსწორებაზე, ასევე მის მიერ წერილობით წარმოდგენილი არგუმენტები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სს „სილქნეტის“ ახალი ტარიფების შესაბამისად მომსახურების ღირებულების გადაუხდელობით უხეშად ირღვევა როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ისე სს „სილქნეტის“ ოფერტის პირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
- შპს „ფოპტნეტსა“ და სს „აჭარის ელექტროკავშირს“ შორის ელექტრონულ საკომუნიკაციო არხებთან დაშვების შესახებ 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება შპს „ფოპტნეტსა“ და სს „სილქნეტს“ შორის დღეს არსებული ფაქტობრივი ურთიერთობების მარეგულირებელ სამართლებრივ აქტად და ზოგადად, იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებად; მოცემული ხელშეკრულების მხარეს სს „სილქნეტი“ არ წარმოადგენდა და არც დღემდე ითვლება ასეთად, ვინაიდან არ მომხდარა მომსახურების გამწევი მხარის ჩანაცვლება წერილობითი ფორმით, რომლითაც მოხდება აღნიშნული მომსახურების გაგრძელება მოცემული ხელშეკრულების პირობებით, შესაბამისად, როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, სს „სილქნეტს“ არ უკისრია ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უპირობო დაცვა. 2010 წლის 12 მარტიდან დღემდე, სს „სილქნეტი“ შპს „ფოპტნეტის“ მიმართ ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ფაქტობრივი მომსახურების გაწევას, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ მომსახურებასთან მიმართებით, მოცემულ ეტაპზე, მხარეთა შორის კონკრეტული ვადა ან სხვა არსებითი პირობა წერილობით შეთანხმებულად არ ითვლება და ფაქტობრივი ურთიერთობები რეგულირდება მხოლოდ კომისიის ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული სს „სილქნეტის“ ოფერტებითა (შესაბამის პერიოდებზე) და შპს „ფოპტნეტის“ უპირობო აქცეპტით, გამოხატული მის კონკლუდენტურ მოქმედებაში.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებით დათქმული პირობები, ასევე, ვერ ჩაითვლება პრიორიტეტულად კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, იმ სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესაბამის საბაზრო სეგმენტებზე, სადაც მომსახურების გამწევი ავტორიზებული პირი (ამ შემთხვევაში სს „სილქნეტი“) წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს, რომლის სპეციფიკური ვალდებულებები განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავით. აღნიშნულის საფუძველზე, ყველა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომსახურება გაწიოს კომისიის მიერ ჩატარებული ყოველი ხელახალი კვლევის შედეგად დადგენილ და ახალ ვალდებულებათა განმსაზღვრელი ადმინისტრაციული აქტის (გადაწყვეტილების) უპირობო დაცვით, ახლად დადგენილი ზღვრული ტარიფისა და სხვა სავალდებულო პირობების შესაბამისად. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთ ასეთ ვალდებულებას წარმოადგენს იმ საბაზრო სეგმენტებზე გასაწევი მომსახურებების შესაბამისი შეთავაზების წინადადების (ოფერტის) საჯაროდ გამოქვეყნება, რომელზეც ოპერატორებს განესაზღვრებათ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სტატუსი. მოწვევის ოფერტაში აისახება ყველა ახალი ვალდებულებები, მათ შორის ახალი ტარიფები (ასეთის დადგენისას). ამასთან, ოფერტის გამოქვეყნება ხდება მისი საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის კომისიის მიერ დადასტურების შემთხვევაში. ვინაიდან სს „სილქნეტის“ მიერ 2012 წლის 08 ნოემბერს გამოქვეყნებულ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) მე-9 თავით განისაზღვრა დათქმა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ოფერტის გამოქვეყნებით ავტომატურად შეიცვლებოდა მანამდე არსებული სახელშეკრულებო პირობები ყველა წერილობით თუ ფაქტობრივად ხელშემკვრელ მხარესთან და პრიორიტეტული იქნებოდა ახალი ტარიფები და დაშვების პირობები და რადგანაც კომისიის მიერ დადასტურებულ და გამოქვეყნებულ აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა მხარეთა შორის ამგვარ მომსახურებებზე მანამდე არსებულ ყველა სამართლებრივ რეჟიმთან მიმართებით, განმცხადებელს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოწვევის ოფერტის გამოქვეყნებით, ძალაში შევიდა ახალი პირობები (მათ შორის ტარიფები), ხოლო თავად გამოქვეყნების თარიღი გაუთანაბრდა მომსახურების ახალი პირობების შესახებ შეტყობინების თარიღს.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა ერთ-ერთ არსებით სპეციფიკურ ვალდებულებას წარმოადგენს მის კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელთან დაშვების მომსახურების მიმღებ პირთათვის თანაბარი და არადისკრიმინაციული პირობებით მომსახურების მიწოდება, სადაც უპირველესი დატვირთვა ეძლევა მომსახურების ტარიფებს, შესაბამისად, ტარიფის ყოველი ახალი ცვლილებისას (რაც სს „სილქნეტის“ შემთხვევაში, 2010 წლის მაისიდან დღემდე ხდება კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე), მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია შესაბამისობაში მოიყვანოს მანამდე არსებული (მათ შორის, თუნდაც მხარეთა მიერ შეთანხმებული) ტარიფები ახალ ტარიფებთან, რათა არ მოხდეს რომელიმე ავტორიზებული პირის უპირატესი პირობებით მომსახურება (რაც შემდგომ იწვევს მომსახურე პირის ახალ ვალდებულებას იგივე პირობები/ტარიფები განავრცოს სხვა ავტორიზებულ პირებზე და შეიტანოს ცვლილება გამოქვეყნებულ ოფერტაში) და აღნიშნული ქმედებით სხვა ავტორიზებულ პირთა მიმართ დისკრიმინაციის დაშვება.
მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი:
1. კომისიამ შეაფასოს მხარეთა შორის არსებული სადავო გარემოებანი და ოფერტის პირობათა (ყოველ მორიგ ცვლილებათა) სავალდებულობა არხთან დაშვების მომსახურებისას როგორც მოცემულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი ურთიერთობებისას, ისე ზოგადად, წერილობითი სახელშეკრულებო ურთიერთობების შემთხვევებშიც.
2. კომისიამ უფლება მისცეს სს „სილქნეტს“, შეუწყვიტოს არხთან დაშვების მომსახურების მიწოდება შპს „ფოპტნეტს“.
3. დაევალოს შპს „ფოპტნეტს“ საკომუნიკაციო არხთან დაშვების მომსახურებაზე „სილქნეტის“ მიმართ არსებული დავალიანების - 62 175 ლარის გადახდა, „სილქნეტის“ 2012 წლის 08 ნოემბრის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) საფუძველზე სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი საოქმო გადაწყვეტილებების მოცემულობათა მიხედვით.
4. უფლება მიეცეს სს „სილქნეტს“, არ მოახდინოს შპს „ფოპტნეტისთვის“ მომსახურების აღდგენა ახალი ხელშეკრულების გაფორმებისა და ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად გადახდის პირობების დაკმაყოფილების გარეშე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღის, დროისა და ადგილის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ დავასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა კომისიაში დაინიშნა 2015 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე სს „სილქნეტს“ და შპს „ფოპტნეტს“ ეცნობათ შეტყობინებებით (10.12.2015 N03/3039-15; N03/3040-15) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ფოპტნეტს“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2015 წლის 17 დეკემბრამდე.
2015 წლის 15 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს „ფოპტნეტის“ შესაგებელი (15.12.2015 Nშ-6/9821-15) სადაც აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის გაფორმებულია 2006 წლის 23 ივნისის მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს გრძელვადიან ხელშეკრულებას და ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 20 წლით. ამავე მუხლითა და 3.5. პუნქტით განსაზღვრულია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წესი, რომელიც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღემდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, შპს „ფოპტნეტს“ მიაჩნია, რომ ხელშეკრულების პირობები დღემდე მოქმედია. განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ანალოგიური შინაარსის დავაზე იმავე მხარეებს შორის, სადაც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულია, რომ ა) გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ნებისმიერი ცვლილება ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებით შესაძლოა ძალაში შესულად ჩაითვალოს მხოლოდ დადგენილი წესის დაცვით; ბ) ხელშეკრულება წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულებას.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ თუ მხარე არც წერილობით და არც ფაქტობრივად არ ადასტურებს ცვლილებას ხელშეკრულებაში, იგი ცვლილების შეტანად ვერ იქნება განხილული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „ფოპტნეტის“ მიერ არ ხდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება და საოქმო გადაწყვეტილებებზე ხელის მოწერა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ბ) ქვეპუნტის საფუძველზე შპს „ფოპტნეტს“ დადგენილ ფაქტად მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკურლება წარმოადენს მომსახურების ხელშეკრულებას, მასში ცვლილებები არ განხორციელებულა და შესაბამისად სს „სილქნეტს“ არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლება, რის გამოც შპს „ფოპტნეტს“ მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „სილქნეტისა“ და შპს „ფოპტნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა კომისიაში წარმოდგენილ საჩივარს, ხოლო შპს „ფოპტნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ანალოგიური შინაარსის დავაზე იმავე მხარეებს შორის, აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოებები, რასთან დაკავშირებითაც შპს „ფოპტნეტი“ საუბრობს კომისიაში წარმოდგენილ წერილში; ამავე დროს, შპს „ფოპტნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას მტკიცებულების სახით შეუძლია წარმოადგინოს კომისიის წერილი, სადაც კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ წარმოადგენს შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ სამართალმემკვიდრეს, შესაბამისად, შპს „ფოპტნეტის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა, ხოლო როგორც სს „სილქნეტი“, ასევე შპს „ფოპტნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და ამ ორ სუბიექტს შორის არსებობს დავა ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობისა და მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კომისიამ მიიჩნია, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის დავის განხილვა შედიოდა კომისიის უფლებამოსილების სფეროში. რაც შეეხება შპს „ფოპტნეტის“ წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი არ ქმნიდა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველს, შესაბამისად, მიზანშეწონილი იყო დაწყებულიყო დავის განხილვა სს „სილქნეტსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ თუ შპს „ფოპტნეტის“ მიერ კომისიაში დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში დადასტურდებოდა, რომ არსებობდა დავის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძველი, კომისია დამატებით იმსჯელებდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ 2015 წლის 17 დეკემბრის №782/16 გადაწყვეტილებით სს „სილქნეტსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის დავის განხილვა დანიშნა 2015 წლის 21 იანვარს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,ფოპტნეტის“ წერილი (შ-6/10065-15) თანდართული დოკუმენტაციით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ წერილით კომპანია კომისიაში წარმოადგენდა სს ,,სილქნეტის“ წერილებს, რომლებითაც იგი იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო შპს ,,ფოპტნეტისთვის“ მისაწოდებელი მომსახურების უწყვეტად მიწოდება/მიღება იგივე საშუალებებით და პირობებით, მათ შორის, ტარიფებით, რაც განსაზღვრული იყო შპს ,,აჭარის ელექტროკავშირთან“ და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან“ არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებში, ასევე, კომისიის N219/13 და N215/19 გადაწყვეტილებებს, რომლებითაც სს ,,გაერთიანებული ტელეკომისთვის“ და შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისთვის“ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2010 წლის პირველი მაისიდან დაეკისრა სს ,,სილქნეტს“.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 15 იანვარს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილი (შ-6/314-16), რომლის თანახმად, სს ,,სილქნეტი“ არ იზიარებს შპს ,,ფოპტნეტის“ მოსაზრებას, რომ სს ,,სილქნეტმა“ ,,აჭარის ელექტროკავშირისა“ და სს ,,სილქნეტის“ 2010 წლის მარტის ერთობლივი წერილით იკისრა უპირობო ვალდებულება მომსახურება გაეწია შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის“ კონტრაჰენტი მხარეებისთვის ყველა იმ პირობით, რაც გაწერილი იყო მათსა და შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებში. სს ,,სილქნეტი“ აღნიშნავს, რომ იმავე წერილში ნათლად არის გაკეთებული მითითება 2010 წლის 20 მაისამდე სს ,,სილქნეტთან“ ახალი ხელშეკრულებების გაფორმების შეთავაზებაზე და ასევე ხაზგასმულია, რომ ასეთის არსებობისას, სს ,,სილქნეტი“ იტოვებდა უფლებას ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დამატებითი გაფრთხილების გარეშე შეეწყვიტა ყველა ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც არსებობდა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირსა“ და მის ხელშემკვრელ მხარეებს შორის. სს ,,სილქნეტის“ განმარტებით, წერილში მოყვანილი ფრაზა, რომ სს ,,სილქნეტი“ აგრძელებდა მომსახურების გაწევას იმავე პირობებითა და იმავე ტარიფებით, რაც შეთანხმებული იყო შპს ,,აჭარის ელექტროკავშირთან“, იმავე წერილით შეიზღუდა გარკვეული დათქმით და ვადით (კერძოდ, 2010 წლის 20 მაისამდე) და ასევე, შემდგომაც სს ,,სილქნეტმა“ დაიტოვა უფლება. ნებისმიერ დროს ამ მომსახურების და სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტაზე - ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე. სს ,,სილქნეტის“ განმარტებით, მის მიერ ახალი ოფერტების წარმოდგენამდე არსებულ ხელშეკრულებებში სს ,,სილქნეტის“ მხარედ ჩანაცვლების და ამ ხელშეკრულებათა პირობებით შემდგომი მომსახურების გაწევის ვალდებულება არ ფიქსირდება არც შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის“ და ,,გაერთიანებული ტელეკომის“ წერილებში და არც კომისიის გადაწყვეტილებებში.
კომისიის 2016 წლის 21 იანვრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ფოპტნეტის“ წარმომადგენელი ხ. ინჯია და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი მ. გონაშვილი. კომისია აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვა გადაიდო 2016 წლის 28 იანვრის, 15:00 საათისთვის, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე.
კომისიის 2016 წლის 28 იანვრის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ფოპტნეტის“ წარმომადგენელი ხ. ინჯია და სს ,,სილქნეტის“ დირექტორი ლ. ბუჩუკური და კომპანიის იურისტი მ. გონაშვილი.
საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სს ,,სილქნეტს“ დაევალა კომისიაში წარმოედგინა დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ, 2010 წლის პირველი ივნისიდან 2012 წლის ოფერტის გამოქვეყნებამდე მხარეთა შორის გაფორმებული ანგარიშსწორების ოქმების და გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 11 თებერვალს.
2016 წლის პირველ თებერვალს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილი №შ-6/977-16 თანდართული დოკუმენტაციით, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიამ ამ წერილით კომისიაში წარმოადგინა შპს ,,ფოპტნეტის“ მიმართ გაგზავნილი საოქმო გადაწყვეტილებები და შესაბამისი სადასახადო დავალებები 2010 წლის მარტიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით.
კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის სხდომაზე შპს ,,ფოპტნეტის“ წარმომადგენელმა წარმოადგინა შპს ,,ფოპტნეტის“ 2015 წლის 18 ნოემბრის წერილი სს ,,სილქნეტის“ მიმართ, რომლითაც შპს ,,ფოპტნეტმა“ დაადასტურა თანხმობა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირსა“ და შპს ,,ფოპტნეტს“ შორის 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებაში ტარიფის ცვლილების სახით ასახულიყო სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის პირველი სექტემბრის ოფერტით გამოცხადებული მომსახურების ტარიფი - 15 მმ-მდე კაბელის დიამეტრისთვის - 20.81 ლარის ოდენობით, დღგ-ს გარეშე, მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2015 წლის დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილება და 2015 წლის ნოემბრის საგადასახადო დავალება სს ,,სილქნეტის“ სასარგებლოდ 7,687.88 ლარის გადახდის შესახებ.
კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა მ. კოკონაშვილმა იშუამდგომლა კომისიის წინაშე სხდომის ერთი კვირის ვადით გადადების თაობაზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და საკითხის განხლვა დაინიშნა 2016 წლის 18 თებერვალს.
2016 წლის 15 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილი (№შ-6/1362-16; 15.02.2016), რომლითაც წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია (სს ,,სილქნეტის“ 2014 წლის 9 დეკემბრის, 2015 წლის 23 თებერვლისა და 31 მარტის წერილები შპს ,,ფოპტნეტს“, შპს ,,ფოპტნეტის“ №8/2684 წერილი სს ,,სილქნეტს“, შპს ,,ფოპტნეტის“ 2014 წლის 17 დეკემბრის წერილი სს ,,სილქნეტს“, სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს ,,ფოპტნეტისთვის“ 2011 წლის 20 ივლისს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი თანდართული მხარეთა მიერ ხელმოუწერელი 2011 წლის პირველი ივლისის ხელშეკრულებით ელექტრონულ საკანალიზაციო არხებთან დაშვების თაობაზე, 2012 წლის 29 მარტს შპს ,,ქართული ტელეკომპანია ჯტს“-ისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი თანდართული მხარეთა მიერ ხელმოუწერელი 2011 წლის პირველი ნოემბრის ხელშეკრულებით ელექტრონული საკანალიზაციო არხებთან დაშვების თაობაზე, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის“, სს ,,გაერთიანებული ტელეკომისა“ და სს ,,სილქნეტის“ ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან).
კომისია აღნიშავს, რომ 2016 წლის 16 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილი (№შ-6/1418-16), რომლის ადრესატი ასევე არის შპს ,,ფოპტნეტი“ და რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ფოპტნეტის“ 2015 წლის 18 ნოემბრის წერილით დადასტურებული თანხმობა 2015 წლის პირველი სექტემბრიდან მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებდეს სს ,,სილქნეტის“ კუთვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხების დაშვების შესახებ ,,მოწვევის“ ოფერტით“ დადგენილი ახალი ტარიფით (20.81 ლარი, დღგ-ს გარეშე), არ წარმოადგენს სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის პირველი სექტემბრის ,,ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების შეთავაზების წინადადებაზე“ (მოწვევის ოფერტაზე) შპს ,,ფოპტნეტის“ მხრიდან განხორციელებულ უპირობო აქცეპტს, როგორც ეს გათვალისწინებულია ,,სილქნეტის“ მოქმედი ,,მოწვევის ოფერტის“ 4.1 პუნქტითა და N2 დანართით. ამავე წერილით, შპს ,,ფოპტნეტს“ განემარტა, რომ შპს ,,ფოპტნეტსა“ და შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს“ შორის 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო, არ ეხებოდა სს ,,სილქნეტს“ და შეუძლებელი იყო მასში რაიმე სახის ცვლილების შეტანა შპს ,,ფოპტნეტსა“ და სს ,,სილქნეტის“ ურთიერთშეთანხმებით. ამავე წერილით, შპს ,,ფოპტნეტს“ დამატებით მიეთითა ოფერტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 17 თებერვალს კომისიაში შემოვიდა შპს ,,ფოპტნეტის“ წერილი (№შ-6/1488-16), რომლის ადრესატი არის სს ,,სილქნეტი“ და რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ფოპტნეტმა“ 2015 წლის 18 ნოემბერს გაუგზავნა სს ,,სილქნეტს“ წერილი მხარეთა მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რის შემდეგაც მხარეებს შორის ურთიერთობა გაგრძელდა ჩვეულ რეჟიმში. შესაბამისად, შპს ,,ფოპტნეტის“ განმარტებით, მათ შორის მოქმედი ხელშეკრულებით რეგულირდება მხარეებს შორის არსებული ტექნიკური, ფინანსური და სამართლებრივი ურთიერთობები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 18 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ფოპტნეტის“ წარმომადგენელი ხ. ინჯია და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლები კ. ყურაშვილი და ნ. ნიჟარაძე. კომისიის სხდომაზე ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლებს ჰქონდათ ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ისინი წინამდებარე დავაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების პერიოდში იყვნენ კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის დასაქმებული პირები და წარმოადგენდნენ კომისიას. მისი აზრით, პირი რომელიც განიხილავდა დავას თავისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს მხარის წარმომადგენელი იმავე დავაში. ხ. ინჯიამ ასევე აღნიშა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო მოდავე მხარის წარმომადგენლის კ. ყურაშვილის მონაწილეობა დავის განხილვაში. კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,ფოპტნეტს“ უნდა მისცემოდა შესაძლებლობა სათანადო დასაბუთებით ჩამოეყალიბებინა თავისი შუამდგომლობა წერილობით, ხოლო სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლებს წარმოედგინათ თავისი წერილობითი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, საკითხის განხილვა გადაიდო 2016 წლის 25 თებერვლისთვის, რის თაოაბზეც მხარეები კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,ფოპტნეტის“ წერილობითი შუამდგომლობა (№შ-6/1671-16; 22.02,2016), რომლის თანახმად, წინამდებარე დავაზე საკითხი კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადებულია და წარმოდგენილია კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარამენტის მიერ, რომელიც წარმოადგენს იმ რგოლს, რომლის მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და შეფასებები, საფუძვლად უნდა დაედოს კომისიის მიუკერძოებელ, სამართლიან და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის ანალოგიის გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს აცილების საფუძვლებს, რომლის მიხედვით მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში ადრე მონაწილეობდა მედიატორად, მოქმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად, პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. შპს ,,ფოპტნეტის“ განმარტებით, კომისიის ყოფილი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი ბატონი კახი ყურაშვილი და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მთავარი სპეციალიტი ქალბატონი ნინო ნიჟარაძე იხილავდნენ აღნიშნულ დავას, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ დავაში ჩართული მხარეების მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ საჭირო დოკუმენტაციას და მტკიცებულებებს, ახლა კი, ამ დავაში მონაწილეობენ როგორც მხარის წარმომადგენლები. შპს ,,ფოპტნეტი“ უთითებს ასევე ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თანამდებობის პირად განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს. შუამდგომლობის ავტორის აზრით, სწორედ ასეთი სტატუსის მატარებელია კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი. შპს ,,ფოპტნეტის“ განმარტებით, ამ კანონის მიზნებისთვის კომისიის აპარატში დასაქმებული პირები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს და ამ სტატუსის თანმდევი შეზღუდვები დადგენილია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ უცხო ქვეყნების შესაბამისი კანონებითაც, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კომისიის თანამშრომელს და მით უფრო, თანამდებობის პირს, ერთი მხრივ, აქვთ შესაძლებლობა არსებითი გავლენა მოახდინონ კომისიის გადაწყვეტილებაზე, ხოლო მეორე მხრივ, ხელი მიუწვდებათ ისეთ ინფორმაციაზე, პროფესიულ საიდუმლოებაზე, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორი უთითებს ზემოაღნიშნული კანონის ნორმაზე, რომელიც ძალაში შედის 2017 წლის პირველი იანვრიდან და რომლის თანახმად, განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, განთავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან. შპს ,,ფოპტნეტის“ განმარტებით, სწორედ ერთი წლის განმავლობაში არის ღირებული კომერციული საიდუმლოება ან სხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა პირმა არა განზრახ, მაგრამ დამსაქმებლის დავალების კარგად შესრულების მიზნით ნებსით თუ უნებლიედ გამოიყენოს თავის საქმიანობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ფოპტნეტი“ ითხოვს ზემოთ მითითებული პირები, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, აცილებულ იქნან იმავე დავაზე, სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის სახით მონაწილეობისგან და დაცულ იქნას შპს ,,ფოპტნეტის“ სამართლებრივი და კომერციული ინტერესები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 25 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილობითი შეპასუხება შპს ,,ფოპტნეტის“ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
- მოდავე მხარის, მით უმეტეს, მისი წარმომადგენლის, მეორე მხარის მიერ აცილების ინსტიტუტს არ იცნობს არც საქართველოს კანონმდებლობა და არც რომელიმე სხვა ქვეყნის კანონმდებლობა, განურჩევლად ქვეყნის სამართლებრივი სისტემისა;
- შეუძლებელია მოდავე მხარის აცილების საკითხის გადაწყვეტისას კანონის ანალოგიის მეთოდით გამოყენებულ იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი, რომელიც მოსამართლის ანუ დავის გადაწყვეტის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის აცილების საფუძვლებს განსაზღვრავს; მოსამართლის აცილების საფუძვლების დადგენის მიზანია სასამართლო დავის გადაწყვეტისას მისი მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. მოდავე მხარე არ ღებულობს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მას არც მიუკერძოებლობა ევალება. პირიქით, მხარის წარმომადგენელს ევალება მარწმუნებლის ინტერესების დაცვა და წარმოდგენა;
- კ. ყურაშვილსა და ნ. ნიჟარაძეზე ვერ გავრცელდება ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან, კანონის პირველი მუხლი ცალსახად განსაზღვრავს მისი მოქმედების ფარგლებს პირთა წრის მიმართ. კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებს და მექანიზმებს, აგრეთვე, არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივ პირობებს და მექანიზმს. ერთადერთი ნორმა, რომელიც ამ კანონიდან კერძო პირს ანუ საჯარო სამსახურში ყოფილ დასაქმებულს რეგულაციას უდგენს არის მე-14 მუხლი, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია თანამდებობის დატოვებიდან 2 თვის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია;
- კ. ყურაშვილზე და ნ. ნიჟარაძეზე ვერ გავრცელდება 2017 წლის პირველი იანვრიდან ასამოქმედებელი კანონის ნორმები;
- იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამართლის დარგისთვის ცნობილი იქნებოდა თანამდებობის პირების ანალოგიით შედარების მხარის მიერ შეთავაზებული ინსტიტუცია, კ. ყურაშვილი, როგორც სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის - სამართლებრივი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვერ ,,შედარდებოდა“ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ც) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთან - სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორთან, ვინაიდან ამ სსიპ-გან განსხვავებით, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი არათუ სსიპ, საერთოდ იურიდიული პირი არ არის.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 273 მუხლის შესაბამისად, პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას.მიმდინარე დავის ფარგლებში სს ,,სილქნეტის“ პოზიცია ეფუძნება კომისიის მიერ მიღებულ მარეგულირებელ გადაწყვეტილებებს, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მხარეების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 თებერვალს სს ,,სილქნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა განცხადება დაზუსტებული მოთხოვნებით (Nშ-6/1878-16; 24.02.2016), სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,აჭარის ელექტროკავშირსა“ და შპს ,,ფოპტნეტს“ შორის 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება არ არის მოქმედი, ყველაზე გვიან 2011 წლის 18 მარტიდან. 2011 წლის 18 მარტიდან დღემდე არ არსებობს მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების თაობაზე. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტის“ მხრიდან არ შეწყვეტილა მომსახურების გაწევა შპს ,,ფოპტნეტისთვის“, ხოლო 2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრის ჩათვლით მხარეებს შორის მომსახურების ოდენობა აღიარებულია და არ წარმოადგენს სადაოს. წარმოდგენილი განცხადების თანახმად, 2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების ტარიფი შეადგენდა 266.44 ლარს, რაც სრულ შესაბამისობაში იყო ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან, ასევე, სს ,,სილქნეტისთვის“ დაკისრებული სპეციფიური ვალდებულებების კონკრეტულ პირობებთან. სს ,,სილქნეტის“ განცხადებით, შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ სადაო პერიოდში (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე) მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდებოდა არასრულად (70 ლარი ნაცვლად 266.44 ლარისა) და შესაბამისად, 2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში შპს ,,ფოპტნეტის“ დავალიანებამ სს ,,სილქნეტის“ მიმართ შეადგინა 62,175 ლარი, ხოლო სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 22 სექტემბრის მოწვევის ოფერტის 4.2 პუნქტის შესაბამისად აქცეპტანტს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სს ,,სილქნეტის“ მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტმა“ წარმოადგინა შემდეგი დაზუსტებული მოთხოვნები:
- განემარტოს შპს ,,ფოპტნეტს“, რომ შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტა გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში www.gncc.ge 2015 წლის 22 სექტემბერს) გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისა და შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების სს ,,სილქნეტთან“ გაუფორმებლობის შემთხვევაში, სს ,,სილქნეტი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს შპს ,,ფოპტნეტთან“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურება და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ერთადერთი მომსახურების სახე, რომლის შეჩერებასაც ესაჭიროება კომისიის წინასწარი თანხმობა, არის ურთიერთჩართვა;
- განემარტოს შპს ,,ფოპტნეტს“, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,ფოპტნეტს“ აქვს სურვილი, გააგრძელოს სს ,,სილქნეტთან“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზიაციის არხებთან დაშვების მომსახურების მიღება, შპს ,,ფოპტნეტი“ ვალდებულია:
ა) უპირობოდ დაეთანხმოს და შეასრულოს სს ,,სილქნეტის“ მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში www.gncc.ge 2015 წლის 22 სექტემბერს) 4.1 და 4.2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ:
- წარუდგინოს სს ,,სილქნეტს“ მოწვევის ოფერტის 4.1. პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი (მოწვევის ოფერტის დანართი N2); თანდართული დოკუმენტაციით და
- უზრუნველყოს სს ,,სილქნეტის“ მიმართ სს ,,სილქნეტის“ 2012 წლის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალზიაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადებიდან (მოწვევის ოფერტა გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gncc.ge 2012 წლის 8 ნოემბერი) გამომდინარე შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულება;
ბ) გააფორმოს ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულება სს ,,სილქნეტთან“ წერილობით;
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავის მხრივ, სს ,,სილქნეტი“ მზადაა შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ სს ,,სილქნეტის“ მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში www.gncc.ge 2015 წლის 22 სექტემბერს) 4.1.და 4.2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების უპირობოდ შესრულების, მათ შორის, სს ,,სილქნეტის“ მიმართ, სს ,,სილქნეტის“ 2012 წლის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადებიდან (მოწვევის ოფერტა გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში www.gncc.ge 2012 წლის 8 ნოემბერი) გამომდინარე, შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულების შესრულების (დავალიანების დაფარვის) შემთხვევაში უზრუნველყოს მის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის პირობებისა (მოწვევის ოფერტა გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში www.gncc.ge 2015 წლის 22 სექტემბერს) და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმება შპს ,,ფოპტნეტთან“;
3. შემდგომი დამატებითი დავებისა და გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, დაევალოს შპს ,,ფოპტნეტს“ 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიასა და სს ,,სილქნეტს“ მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სს ,,სილქნეტის“ კუთვნილ ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებში განთავსებულ იმ კაბელებთან დაკავშირებით, რომლითაც უზრუნველყოფილია ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,ფოპტნეტის“ წარმომადგენელი და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლები. კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განიხილა შპს ,,ფოპტნეტის“ 2016 წლის 22 თებევრლის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგი გარემოებების გამო:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამასთან, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მოდავე მხარის აცილების ინსტიტუტს, განსხვავებით ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის აცილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისგან.
სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლები კ. ყურაშვილი და ნ. ნიჟარაძე კომისიაში წინამდებარე დავაზე მოსამზადებელი სხდომის გამართვის მომენტისთვის, რომელზეც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (N782/16; 17.12.2015) სს „სილქნეტსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის დავის განხილვის დანიშვნის შესახებ, წარმოადგენდნენ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტში დასაქმებულ პირებს და მათი ჩართულობა წინამდებარე საკითხის შესწავლაში იმ დროისთვის შემოიფარგლებოდა მხოლოდ საკითხის თაობაზე კომისიის სხდომაზე მოხსენების მომზადებით და განსახილველი დავის მიმართ კომისიის კომპეტენციის საკითხის შეფასების კომისიისთვის წარდგენით. 2015 წლის 17 დეკემბრის შემდეგ, წინამდებარე დავის არსებითად განხილვის არცერთ სხდომაში კ. ყურაშვილს და ნ. ნიჟარაძეს, როგორც კომისიის აპარატის თანამშრომლებს, მონაწილეობა არ მიუღიათ. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის თანამშრომლები არ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირთა შორის დავაზე კომისიის გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირებს. შესაბამისად, შპს ,,ფოპტნეტის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ კ. ყურაშვილი და ნ. ნიჟარაძე იხილავდნენ წინამდებარე დავას, მცდარია.
გარდა ამისა, კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ფოპტნეტის“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ზემოთ მითითებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ დავაში ჩართული მხარეების მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ საჭირო დოკუმენტაციას და შესაბამისად, მიმდინარე ადმინისტარციულ წარმოებაში მოდავე მხარის წარმომადგენლების სახით მათი მონაწილეობის გარემოება ქმნის მათ მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანისა და აცილების საფუძველს. კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას კომისია ეყრდნობა მხოლოდ იმ დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მასალას და რომელიც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში თანაბრად ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, როგორც სს ,,სილქნეტის“, ასევე, შპს ,,ფოპტნეტის“ წარმომადგენლებისთვის. შესაბამისად, დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე და 99-ე მუხლებით განსაზღვრული საკანონმდებლო დანაწესები. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა ეკისრება არა ადმინისტრაციული ორგანოს ყოფილ თანამშრომელს, არამედ დავაზე გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირს.
საქათველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის შემთხვევებს. ამავე კოდექსის 27-ე მუხლის დ) ქვეპუნქტი, რომელზეც მიუთითებს შპს ,,ფოპტნეტი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მიზნებისთვის თანამდებობის პირს განმარტავს როგორც "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირს. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი მოიცავს საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრს და არ მოიცავს მარეგულირებელი კომისიის აპარატის თანამშრომლებს. რაც შეეხება შპს ,,ფოპტნეტის“ განცხადებას სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის სტატუსთან კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის სტატუსის გათანაბრების თაობაზე, კომისია აღნიშნავს, რომ იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ხოლო კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი იურიდიული პირი არ არის და წარმოადგენს კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულს. შესაბამისად, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის სტატუსის მატარებელი ვერ იქნება.
კომისია აღნიშნავს, რომ "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი ადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის სამართლებრივ პირობებსა და მექანიზმს. აღნიშნული კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს საჯარო სამსახურში ყოფილი დასაქმებული პირის მიმართ რაიმე შეზღუდვებს საჯარო სამსახურიდან განთვისუფლების შემდეგ სხვა საჯარო დაწესებულებასა თუ საწარმოში დასაქმებასთან დაკავშირებით, ხოლო კანონის 2017 წლის პირველი იანვრიდან ასამოქმედებელი ნორმა (მე-13 მუხლის მე-10 პუნქტი), რომლის თანახმად, განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, განთავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან, ვერ გავრცელდება კომისიის აპარატის ყოფილ თანამშრომლებზე კ. ყურაშვილსა და ნ. ნიჟარაძეზე, ვინაიდან აღნიშნულ ნორმას უკუძალა არ აქვს.
კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე შპს „ფოპტნეტის“ წარმომადგენელმა ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ არ გასცნობია სს ,,სილქნეტის“ დაზუსტებულ მოთხოვნებს, თუმცა, აქვე დაადასტურა, რომ საკითხის განხილვის გადადების ინტერესი არ ჰქონდა და დოკუმენტის გასაცნობად დამატებით დროს არ საჭიროებდა. ამასთან, მან კომისიის წინაშე დააყენა ორი მოთხოვნა: 1. კომისიამ განუმარტოს სს „სილქნეტს“, რომ ამ შემთხვევაში დაშვების შეზღუდვის თუ შეწყვეტის უფლება არ აქვს მხარეთა შორის დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე დავალიანების ან დაშვებაზე უარის თქმის სხვა ტექნიკური საფუძვლის არარსებობის გამო; 2. კომისიამ განუმარტოს მხარეს, რომ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, არ იწვევს არსებულ ხელშეკრულებაში ავტომატურად ცვლილებების განხორციელებას.
კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავაზე გადაწყვეტილების გამოცხადების დღედ განისაზღვრა 2016 წლის პირველი მარტი, 15:00 საათი, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის სხდომაზე.
კომისიის 2016 წლის პირველი მარტის სხდომას ესწრებოდნენ სს ,,სილქნეტის’ წარმომადგენლები, ხოლო შპს ,,ფოპტნეტის“ წარმომადგენელი არ გამოცხადებულა. კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კომისიის წევრმა ე. ასანიძემ გამოაქვეყნა შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ 2016 წლის პირველ მარტს კომისიაში წარმოდგენილი შეგებებული განცხადება (N6/2022-16), რომელშიც შპს ,,ფოპტენტმა“ მხარი დაუჭირა მისი წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 25 თებერვლის კომისიის სხდომაზე დაყენებულ მოთხოვნებს და რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ფოპტნეტისთვის“ მოქმედი დაშვების მომსახურების შეწვეტის საფუძვლები არ არსებობს.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 3 დეკემბრის Nშ-6/9500-15 განცხადება თანდართული დოკუმენტაციით;
- შპს ,,ფოპტნეტის“ 2015 წლის 15 დეკემბრის Nშ-6/9821-15 შესაგებელი თანდართული დოკუმენტაციით;
- შპს ,,ფოპტნეტის“ 2015 წლის 21 დეკემბრის Nშ/6-10065-15 წერილი თანდართული დოკუმენტაციით;
- სს ,,სილქნეტის“ 2016 წლის 15 იანვრის Nშ-6/314-16 წერილი;
- შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ 2016 წლის 11 თებერვლის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია (შპს ,,ფოპტნეტის 2015 წლის 18 ნომებრის წერილი სს ,,სილქნეტს“; 2015 წლის 19 ნოემბრის საგადასახადო დავალება და 2015 წლის დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილება);
- სს ,,სილქნეტის“ 2016 წლის 15 თებერვლის Nშ-6/1362-16 წერილი თანდართული დოკუმენტაციით;
- სს ,,სილქნეტის“ 2016 წლის პირველი თებერვლის Nშ-6/977-16 წერილი თანდართული დოკუმენტაციით;
- შპს ,,ფოპტნეტის“ 2016 წლის 22 თებერვლის №შ-6/1671-16 წერილობითი შუამდგომლობა;
- სს ,,სილქნეტის“ 2016 წლის 24 თებერვლის №შ-6/1878-16 განცხადება დაზუსტებული მოთხოვნებით;
- სს ,,სილქნეტის“ 2016 წლის 25 თებერვლის №შ-6/1885-16 წერილობითი შეპასუხება;
- სს ,,სილქნეტის“ 2016 წლის 16 თებერვლის Nშ-6/1418-16 წერილი;
- შპს ,,ფოპტნეტის“ 2016 წლის 17 თებერვლის Nშ-6/1488-16 წერილი;
- კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22, 2007 წლის 17 აპრილის N191/9, 2008 წლის 15 აგვისტოს N475/9, 2010 წლის 30 აპრილის N215/19, 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9, 2015 წლის 16 ივნისის N351/9 გადაწყვეტილებები;
- შპს ,,ახალი ქსელების“, შპს ,,ახტელის“, შპს ,,ფოპტნეტის“, შპს ,,სისტემ ნეტისა“ და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის 2010 წლის 17 მარტის N6/915-10 ერთობლივი განცხადება;
- კომისიის 2010 წლის 13 აპრილის N03/888-10 წერილი;
- სს ,,სილქნეტის“ 2011 წლის 18 მარტის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადება;
- სს ,,სილქნეტის“ 2012 წლის 8 ნოემბრის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადება;
- სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 22 სექტემბრის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადება;
- კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები სს ,,სილქნეტისა“ და შპს ,,ფოპტნეტის“ შესახებ;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემები შპს ,,ფოპტნეტის“, სს ,,სილქნეტისა“ და შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის“ შესახებ;
- მხარეთა მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა და სხვ.). შენიშვნა: მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2010 წლის 8 ივლისს შეიცვალა შპს ,,სილქნეტის“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და გახდა სააქციო საზოგადოება;
- შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი“ (ს/კ 245446307), ისევე, როგორც სს ,,სილქნეტი“ (ს/კ 204566978) წარმოადგენს დამოუკიდებელ სამეწარმეო სუბიექტს და რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2010 წლის მარტიდან წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე პერიოდის ამავე რეესტრის მონაცემების მიხედვით;
- შპს ,,ფოპტნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 05.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება);
- ,,მომსახურების ბაზრის სეგმენტების - სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევის და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განისაზღვრა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი“, ხოლო ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ზუგდიდში და დანარჩენ საქართველოში - სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ (ქ. რუსთავში - ასევე, შპს ,,მეტაკომი“). ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს“ დაეკისრა სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, ხოლო სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ დანარჩენ საქართველოში სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ დამატებით დაეკისრა ასევე სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, ხოლო შპს ,,აჭარის ელექტროკავშირს“ წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკისრებია სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება და შესაბამისად, მისთვის არც ზედა ზღვრული ტარიფი დადგენილა;
- „ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტობრის 656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 17 აპრილის N191/9 გადაწყვეტილებით დაკონკრეტდა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის“ კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის 656/22 გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები, ხოლო შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისთვის“ ამავე გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები არ დაზუსტებულა და არც ახალი სპეციფიკური ვალდებულებების დადგენილა;
- 2006 წლის 23 ივნისს შპს ,,აჭარის ელექტროკავშირსა“ და შპს ,,ფოპტნეტს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის“ მიერ შპს ,,ფოპტნეტისთვის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გასატარებლად გამოყოფილ სატელეფონო კანალიზაციაში თავისუფალი ადგილით ქობულეთში, ჩაქვში და ბათუმში. სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობისთვის ერთ ადგილზე ყოველ სრულ და არასრულ კილომეტრზე ტარიფი განისაზღვრა თვეში 70 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.5 პირობის თანახმად, ტარიფის ცვლილებები იწარმოებს მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რის შესახებაც მხარეები ერთმანეთს აცნობებენ წერილობით 30 დღის ადრე. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შევიდა მისი ხელმოწერიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 20 წლით;
- „ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22 და 2007 წლის 17 აპრილის №191/9 წლის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 15 აგვისტოს N475/9 გადაწყვეტილებით, ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფები, დღგ-ს გარეშე, 100 მმ-იანი საკანალიზაციო მილის ერთ არხ კილომეტრზე თვეში თითოეულ იმ გეოგრაფიულ ზონაში, სადაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: ქ. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონა - 916.71 ლარი; ქ. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონა - 1 109.20 ლარი; ქ. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონა - 1 304.45 ლარი; ქ. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონა - 1 341.21 ლარი; ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონა - 484.64 ლარი; დანარჩენ საქართველოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) ადგილობრივი მომსახურების ზონა - 1 332.19 ლარით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არ განხორციელებულა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისთვის“ აქამდე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დაზუსტება ან ახალი სპეციფიკური ვალდებულებების დადგენა;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 17 აპრილის №191/9, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2008 წლის 15 აგვისტოს №475/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2010 წლის 30 აპრილის N215/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22, N126/22 და N127/22 გადაწყვეტილებებით მოხდა შპს „სილქნეტისათვის“ (შენიშვნა: ამჟამად მოქმედი როგორც სს ,,სილქნეტი“) სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ და შპს „ვანექსის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების, აგრეთვე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგელობის ლიცენზიების გადაცემა. ამასთან, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული სამი კომპანია წარმოადგენს შპს „სილქნეტის“ აფილირებულ პირებს, კერძოდ: სს ”გაერთიანებული ტელეკომი” წარმოადგენს შპს „სილქნეტის“ დამფუძნებელსა და საწესდებო კაპიტალის 90.25%-იანი წილის მფლობელს, შპს ”ვანექსი” წარმოადგენს შპს ”სილქნეტის” დამფუძნებელსა და საწესდებო კაპიტალის 3.89%-იანი წილის მფლობელს, შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” წარმოადგენს შპს ”სილქნეტის” დამფუძნებელსა და საწესდებო კაპიტალის 5.86%-იანი წილის მფლობელს, რაც ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, დასტურდება სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს ”ვანექსის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ამონაწერებით პარტნიორთა კრების ოქმებიდან, რომელთა შესაბამისად სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს ”ვანექსის” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” აქტივები (მათ შორის ყველა ის ტექნიკური საშუალება, რითაც ეს კომპანიები ახორციელებდნენ ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მოსახურების მიწოდებას) შეტანილ იქნა შპს „გაერთიანებული კვანძების“ საწესდებო კაპიტალში, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 2 მარტის NB10029444/3 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „სილქნეტი“;
- 2010 წლის 3 მარტს შპს ,,აჭარის ელექტროკავშირმა“ N109/7 წერილით გაუგზავნა შპს ,,ფოპტნეტს“ შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისა“ და შპს ,,სილქნეტის“ (ამჟამად მოქმედი როგორც სს ,,სილქნეტი“) ერთობლივი წერილი, რომლის თანახმად, შპს ,,ფოპტნეტს“ ეცნობა, რომ შპს ,,აჭარის ელექტროკავშირი“ 2010 წლის 12 მარტიდან წყვეტდა მასთან ყველა სამართლებრივ ურთიერთობას და სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ აფილირებული პირი - შპს ,,სილქნეტი“ 2010 წლის 12 მარტიდან უზრუნველყოფდა მისთვის მისაწოდებელი და მისგან მოსაწოდებელი მომსახურების უწყვეტად მიწოდება/მიღებას იგივე საშუალებებითა და პირობებით, მათ შორის, ტარიფებით, რაც განსაზღვრული იყო შპს ,,აჭარის ელექტროკავშირთან“ არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ შპს ,,სილქნეტი“ სთავაზობდა შპს ,,ფოპტნეტს“ არაუგვიანეს 2010 წლის 20 მაისისა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და სთხოვა შპს ,,ფოპტნეტს“ ამ წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წერილობით ეცნობებინა მისთვის პოზიცია წინამდებარე საკითხის თაობაზე. შპს ,,ფოპტნეტს“ ამავე წერილით განემარტა, რომ ამ ვადაში პოზიციის წერილობით დაუფიქსირებლობის შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ შპს ,,ფოპტნეტი“ ეთანხმებოდა შესაბამისი მომსახურების მიღებას შპს ,,სილქნეტისგან“ ან/და შესაბამისი მომსახურების მიწოდებას შპს ,,სილქნეტისთვის“ და შესაბამისად, იზიარებდა იმ სამართლებრივ შედეგს, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ფაქტს. ამავე წერილით შპს ,,ფოპტნეტს“ განემარტა, რომ ორაზროვნებისა და გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მას გაეთვალისწინებინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,სილქნეტთან“ 2010 წლის 20 მაისამდე არ იქნებოდა გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები, შპს ,,სილქნეტი“ იტოვებდა უფლებას დამატებითი გაფრთხილების გარეშე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეეწყვიტა ან/და შეეჩერებინა მასთან ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მომსახურების გაწევა ან/და მიღება. ამავე წერილით შპს ,,ფოპტენტს“ განემარტა, რომ 2010 წლის 12 მარტამდე გაწეული მომსახურების ღირებულება უნდა გადაეხადა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისთვის“, ხოლო 2010 წლის 11 მარტის შემდეგ გაწეული მომსახურება - შპს ,,სილქნეტისთვის“ წერილში მითითებული საბანკო რეკვიზიტების მიხედვით;
- კომისიის 2010 წლის 30 აპრილის N215/19 გადაწყვეტილების თანახმად, კომისიაში 2010 წლის 12 მარტს შემოვიდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს ”ვანექსის”და შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” წერილები (№8-15/314, №800, №119/7), რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“, შპს ”ვანექსი” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” წყვეტენ ავტორიზებულ პირებთან არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და ბოლო მომხმარებლებისა და ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების ინტერესების გათვალისწინებით მათთვის მომსახურების მიწოდებას წყვეტის გარეშე განახორციელებს შპს ”სილქნეტი” სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“, შპს ”ვანექსთან” და შპს ”აჭარის ელექტროკავშირთან” გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით;
- 2010 წლის 17 მარტს, კომისიაში შემოვიდა შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „ფოპტნეტის“, შპს „სისტემ ნეტის“ და შპს „ქართული სატელეფონო კომპანიის ჯტს“-ის ერთობლივი განცხადება, რომლის შესაბამისადაც, კომპანიები ითხოვდნენ კომისიისგან ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, რათა მომხდარიყო შპს „სილქნეტზე“ იმ ვალდებულებების დაკისრება, რა ვალდებულებებიც გააჩნდათ სს „გაერთიანებულ ტელეკომს“, შპს „აჭარის ელექტროკავშირს“ და შპს „ვანექს“, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო მომსახურების ის პირობები და ტარიფები, რაც გააჩნდათ ამ უკანასკნელ სამ კომპანიას, იქამდე, სანამ არ დასრულედებოდა ადმინისტრაციული წარმოება შპს „სილქნეტის“ მიმართ მნიშვნელობანი საბაზრო ძალაუფლების სტატუსის და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების დადგენის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის 2010 წლის 13 აპრილის N03/888-10 წერილით შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „სისტემა ნეტს“, შპს ,,ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ის და შპს „ფოპტნეტს“ განემარტა, რომ განხორციელდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ და შპს „ვანექსის“ ნუმერაციის რესურსით და რადიოსიხშირული სპექტრით სარგელობის ლიცენზიების გადაპირება შპს „სილქნეტზე“, ასევე, ყველა იმ ტექნიკური საშუალებების გადაცემა, რითაც კომპანიები ახორციელებდნენ საქმიანობას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“, შპს „აჭარის ელექტროკავშირი“ და შპს „ვანექსი“ წარმოადგენდნენ ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს და დაკისრებული ჰქონდათ სპეციფიკური ვალდებულებები, აღნიშნული კომპანიების მხრიდან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, კომისიაში დაწყებული იყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, კომისიის ყველა იმ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, რომლითაც ზემოხსენებული კომპანიები ცნობილ იქნენ მნიშვნელობანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად და დაეკისრათ სპეციფიკური ვალდებულებები;
- კომისიის 2010 წლის 30 აპრილის N215/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ,,აჭარის ელექტროკავშრირის“ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება 2010 წლის პირველი მაისიდან დაეკისრა სს ,,სილქნეტს“. ამავე გადაწყვეტილების მე-11 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,სილქნეტს“ (ამჟამად მოქმედი როგორც სს ,,სილქნეტი“) დაევალა უზრუნველეყო კომისიის (N656/22; 21.10.05; N191/9; 17.04.07; N400/9; 20.07.07; N432/9; 03.08.07; N475/9; 15.08.08; N498/9; 31.08.07; N189/9; 04.04.08; N605/9; 17.10.08; N359/9; 31.07.09; N610/9; 13.11.09) გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ შემთხვევებში განახლებული მოწვევის ოფერტების კომისიაში წარმოდგენა და გამოქვეყნება 2010 წლის 1 ივნისისამდე, ხოლო მოწვევის ოფერტების გამოქვეყნებამდე ვალდებულებების შესრულება სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირისა” და შპს ”ვანექსის” მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტებით.
- კომისიის 2010 წლის 30 აპრილის 215/19 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტის საფუძველზე 2011 წლის 18 მარტს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ტარიფები განსაზღვრულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 15 აგვისტოს №475/9 გადაწყვეტილებით და რეგიონების მიხედვით შეადგენს: 15 მმ-მდე დიამეტრის კაბელი აჭარაში - 70 ლარი 1 თვისთვის 1 კმ. კაბელისთვის და მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. ოფერტის 5.6 პირობის თანახმად, სს „სილქნეტის“ ინიციატივით მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ტარიფის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს ცალმხრივად, კომპანიისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ცვლილების განხორციელების ვადამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე მაინც. შეტყობინებას უთანაბრდება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, მხარის მიერ ტარიფების გამოქვეყნება. მოწვევის ოფერტის N1 დანართი ითვალისწინებს მომსახურების მიმღები ოპერატორის უპირობო აქცეპტის ვალდებულებას;
- მხარეები სადავოდ არ ხდიან სს ,,სილქნეტის“ მიერ ელექტრონული ფოსტით 2011 წლის 18 მარტის მოწვევის ოფერტის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შპს ,,ფოპტნეტისთვის“ ხელშეკრულებით თანდართული მიმართვის 2011 წლის მარტსა და ივლისში გაგზავნისა და მიღების ფაქტს. სს ,,სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია შპს ,,ფოპტენისთვის“ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი 2011 წლის 20 ივლისის წერილის ამონაბეჭდი ხელშეკრულების ფორმით და შპს ,,ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი 2012 წლის 29 ივლისის წერილის ამონაბეჭდი ხელშეკრულების ფორმით. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ფოპტნეტს“ ხელი არ მოუწერია სს ,,სილქნეტთან“ წერილობით ხელშეკრულებაზე, თუმცა, საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურებით სარგებლობას განაგრძობდა;
- სს ,,სილქნეტმა“ 2016 წლის პირველი თებერვლის წერილით კომისიაში წარმოადგინა შპს ,,ფოპტნეტისთვის“ გაგზავნილი საოქმო გადაწყვეტილებები და შესაბამისი საგადასახადო დავალებები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2010 წლის 12 მარტიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის საოქმო გადაწყვეტილებები ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვებისთვის 70 ლარის ტარიფის გაანგარიშებით (15 მმ ჩათვლით კაბელის დიამეტრი) ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და სს ,,სილქნეტის“ მიერ დადასტურებულია, რომ შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ გადახდილია მომსახურების საფასური აღნიშნულ პერიოდში (შენიშვნა: სს ,,სილქნეტის“ განცხადებით, მან ვერ მოიძია 2011 წლის ივლისის თვის საოქმო გადაწყვეტილება, თუმცა, დაადასტურა, რომ შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ ამ თვის პერიოდის მომსახურების საფასური გადახდილი იყო);
- 2012 წლის 8 ნოემბერს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების ახალი წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც ოფერტის მე-10 მუხლის შესაბამისად, ძალაში შევიდა 2012 წლის პირველი ნოემბრიდან, ჩაენაცვლა 2011 წლის 18 მარტის შეთავაზებას, რის შედეგადაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2011 წლის 18 მარტის მოწვევის ოფერტა. ახალი ოფერტის N2 დანართით ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ტარიფად აჭარისთვის (15 მმ ჩათვლით კაბელის დიამეტრი) განისაზღვრა 266.44 ლარი ერთი თვისთვის 1 კმ სიგრძის კაბელისთვის დღგ-ს გარეშე. წინამდებარე ოფერტის მოქმედება უწყვეტად გრძელდებოდა სხვადასხვა ვადით (ოფერტის მოქმედების გაგრძელების ბოლო ვადა: 01.01.2016), რის თაობაზეც ინფორმაცია გამოქვეყნებულია კომისიის ვებ-გვერდზე შემდეგ ბმულზე: http://www.gncc.ge/ge/regulation/significant-power/offerts/eyJjb21wYW55IjoiMTE3Iiwic2VnbWVudHMiOiIiLCJ0ZXh0IjoiIn0%3D/0/ ;
- 2012 წლის 8 ნოემბრის სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაცის არხებთან დაშვების შეთავაზების მოწვევის ოფერტის 3.2 პუნქტის თანახმად, „ოფერენტის“ ინიციატივით მის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე ტარიფის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს ცალმხრივად, “ოფერენტის“ მიმართ კანონმდებლობითა და სსიპ საქართველოს კომუნიკაცების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ვალდებულებების გათვალისწინებით, „აქცეპტანტისათვის“ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. შეტყობინება უნდა გაიგზავნოს ცვლილების განხორციელებამდე მინიმუმ 2 (ორი) კვირით ადრე მაინც. შეტყობინებას უთანაბრდება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში მხარის მიერ ტარიფების გამოქვეყნება „კომისიის“ ვებ–გვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით ტარიფის ცვლილება უთანაბრდება „აქცეპტანტთან“ გაფორმებულ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას. ამავე ოფერტის 3.3 პუნქტის თანახმად, თუ „აქცეპტანტი“ არ ეთანხმება ტარიფების ცვლილებას, იგი ვალდებულია წერილობით აცნობოს „ოფერენტს“ წინამდებარე ოფერტის 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში. აღნიშნული ქმედება განხილულ იქნება როგორც უარი მომსახურების მიღებაზე, შესაბამისად, „ოფერენტი“ უფლებამოსილია დამატებითი გაფრთხილების გარეშე შეაჩეროს/შეწყვიტოს ხელშეკრულება წინამდებარე “ოფერტით“ განსაზღვრულ მომსახურებაზე, ხოლო 3.4 პუნქტის თანახმად, თუ წინამდებარე ოფერტის 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში „აქცეპტანტი“ წერილობითი ფორმით არ განაცხადებს უარს „ოფერენტის“ მიერ განხორციელებულ ცვლილებაზე, ჩაითვლება, რომ აღნიშნული ცვლილება „აქცეპტანტის“ მიერ მიღებულ იქნა უპირობოდ;
- შპს ,,ფოპტნეტს“ 2012 წლის 8 ნოემბრის ოფერტით განსაზღვრულ ვადაში სს ,,სილქნეტისთვის“ წერილობით არ განუცხადებია უარი მომსახურების მიღების გაგრძელებაზე შეცვლილი პირობებით;
- სს ,,სილქნეტის“ მიერ 2016 წლის პირველი თებერვლის წერილით კომისიაში წარმოდგენილი და შპს ,,ფოპტნეტისთვის“ გაგზავნილი საოქმო გადაწყვეტილებების თანახმად, შპს ,,ფოპტნეტისა“ და სს ,,სილქნეტის“ მიერ ხელმოწერილია საოქმო გადაწყვეტილებები 2012 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვებისთვის 70 ლარის ტარიფის გაანგარიშებით (15 მმ ჩათვლით კაბელის დიამეტრი), ხოლო 2013 წლის საოქმო გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, ელექტრონულ საკომუნიკაციო არხებთან დაშვების მომსახურების ტარიფად კვლავ მითითებული იყო 70 ლარი, არ არის ხელმოწერილი შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ;
- სს ,,სილქნეტმა“ 2016 წლის პირველი თებერვლის წერილით კომისიაში წარმოდგენილი შპს ,,ფოპტნეტისთვის“ გაგზავნილი 2014 წლის საოქმო გადაწყვეტილებების მიხედვით, სს ,,სილქნეტმა“ შპს ,,ფოპტნეტისთვის“ 2014 წლის მაისის თვიდან დაიწყო მომსახურების საფასურის დარიცხვა 2012 წლის 8 ნოემბრის ოფერტის შესაბამისად, 266.44 ლარის პირობით;
- „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყეტილებით, საკომუნიკაციო საკანალზიაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაფლების მქონე ავტორიზებულ პირად საქართველოს ტერიტორიაზე განისაზღვრა სს ,,სილქნეტი“, რომელსაც დაეკისრა ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების სპეციფიკური ვალდებულებები, ასევე, სატარიფო რეგულრიებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც სს ,,სილქნეტს“ 100 მმ-იანი საკანალიზაციო მილის ერთ არხ კილომეტრზე თვეში დაუდგინდა ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფი 370 ლარის ოდენობით, გადასახადების გარეშე;
- „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის 2015 წლის 16 ივნისის N351/9 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა საკანალიზაციო არხში კაბელის გატარების სატარიფო ვალდებულებაში და განისაზღვრა, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ საკანალიზაციო არხში კაბელის გატარების ტარიფი უნდა დადგინდეს კაბელის კვეთის ფართობის მიხედვით; საკანალიზაციო არხში კაბელის გატარების ტარიფის დადგენის მიზნებისათვის საკანალიზაციო არხის შევსების კოეფიციენტი ტოლი უნდა იყოს 40%-ის, შესაბამისად განსათავსებელი კაბელის კვეთის (კაბელის გარე დიამეტრის გათავლისწინებით) ჯამური ფართობის შეფარდება საკანალიზაციო არხის კვეთის ფართობთან (შიდა დიამეტრის გათავლისწინებით) ტოლი უნდა იყოს 0.4-ს. საკანალიზაციო არხში გასატარებელი კაბელის მომსახურების ტარიფი უნდა დადგინდეს შემდეგი ფორმულით:
სადაც,
S -100 მმ-იანი არხის ფართობია ( 7850 მმ2),
S1-გასატარებელი კაბელის ფართობი, რომელიც იანგარიშება შემდეგი ფორმულით S1=π x R2“
23. 2015 წლის 22 სექტემბერს, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში, გამოქვეყნდა სს ,,სილქნეტის“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების ახალი წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომლის N1 დანართის შესაბამისად, 15 მმ-მდე დიამეტრის კაბელის დაშვების ტარიფი დადგინდა 20.81 ლარის ოდენობით, ხოლო მოწვევის ოფერტა ძალაში შევიდა 2015 წლის პირველი სექტემბრიდან;
24. შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ სს „სილქნეტს“ 2015 წლის 18 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ შპს ,,ფოპტნეტი“ თანახმა იყო სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის პირველი სექტემბრის ოფერტით გამოცხადებული მომსახურების ტარიფი - 15 მმ-მდე კაბელის დიამეტრისთვის - 20.81 ლარის ოდენობით, დღგ-ს გარეშე, ასახულიყო, შპს ,,ფოპტნეტის“ განმარტებით, მხარეებს შორის მოქმედ 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულებაში, ტარიფის ცვლილების სახით. მაგრამ, ვინაიდან სს ,,სილქნეტი“ უკვე ანგარიშსწორებას ითხოვდა აღნიშნული ტარიფით, შპს ,,ფოპტნეტმა“ცვლილება მიღებულად ჩათვალა 2015 წლის პირველი სექტემბრიდან;
25. სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 22 სექტემბრის მოწვევის ოფერტის 4.1 პუნქტის შესაბამისად, აქცეპტანტი ვალდებულია წარმოადგინოს ამავე პუნქტის განსაზღვრული დოკუმენტაცია, მათ შორის, ოფერტის დანართი N2-ით განსაზღვრული განაცხადი (ოფერენტის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზებაზე მოთხოვნის ფორმა), ხოლო 4.2 პუნქტის თანახმად, თუ ოფერტის 4.1. პუნქტის ერთი მოთხოვნა მაინც არ შესრულდა ან/და აქცეპტანტს გააჩნია დავალიანება ოფერენტის მიმართ, მას უბრუნდება განაცხადი და ჩაითვლება, რომ აქცეპტანტის მიერ აქცეპტი არ გაკეთებულა. ამავე პუნქტის თანახმად, დავალიანებაში ასევე იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როდესაც აქცეპტანტის მიერ ნაწილობრივ ან/და არაჯეროვნად სრულდებოდა ოფერენტის წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები. მოწვევის ოფერტის 4.6 პუნქტის თანახმად, აქცეპტანტი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში მის მიერ ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება უკან დაუბრუნოს ოფერენტს, ოფიციალურ წერილზე თანდართული სახით. თუ ამ ვადაში ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება არ იქნება დაბრუნებული აქცეპტანტის მიერ, ჩაითვლება, რომ აქცეპტანტი უარს აცხადებს ოფერტაზე და ოფერენტი უფლებას იტოვებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აქცეპტანტთან სახელშეკრულებო ან/და ფაქტობრივი ურთიერთობები (მათი არსებობის შემთხვევაში). მოწვევის ოფერტის 4.10 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება, მიუხედავად გაფორმების თარიღისა, ძალაში შედის მხოლოდ პროექტის შეთანხმების, აქცეპტანტის მიერ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენის, კაბელის განთავსების და შესაბამისი მიღება-ჩაბარების ორმხრივად ხელმოწერიდან. აქცეპტანტის მიერ საგარანტიო საშუალების წარმოუდგენლობა შეიძლება გახდეს ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების მიწოდების/შეწყვეტის საფუძველი;
26. 2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში მიღებული მომსახურებისთვის შპს ,,ფოპტნეტს“ სრულად არ გადაუხდია სს ,,სილქნეტის“ 2012 წლის 8 ნოემბრის მოწვევის ოფერტით განსაზღვრული მომსახურების საფასური, რასაც სადაოდ ხდის სს ,,სილქნეტი“, კერძოდ, შპს ,,ფოპტნეტი“ მისთვის გაწეული მომსახურებისთვის ნაცვლად 266.44 ლარისა, იხდიდა 70 ლარს.
27. მხარეები სადაოდ არ ხდიან გაწეული/მიღებული მომსახურების მოცულობას 2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში.
ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
- სს „სილქნეტსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის დავის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძვლების სამართლებრივი შეფასება
კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ სააპელაციო საჩივარი საქმეზე 2ბ/930-09, სადაც მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა შპს ,,ფოპტნეტი“, ხოლო დავის საგანს - შპს ,,ფოპტნეტისთვის“ თანხის დაკისრება სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ სატელეფონო კანალიზაციის თავისუფალი ადგილით სარგებლობისთვის და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ განმარტა, რომ მარტოოდენ მოსარჩელის ნების გამოვლენით, რომლითაც შპს ,,ფოპტნეტს“ შეეთავაზა გაზრდილი ტარიფის გადახდა, მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები ვერ შევიდოდა, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დატამეტებების შეტანა დაიშვება მხოლოდ მხარეთა ერთობლივი ნების გამოვლენის შედეგად, რაც უნდა გაფორმებულიყო წერილობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ 2003 წლის პირველი მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ სრულად და ჯეროვნად იყო შესრულებული და მოპასუხეს სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ მიმართ არ გააჩნდა რაიმე დამატებით შესასრულებელი ვალდებულებები.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ფოპტნეტის“ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია კომისიის მიერ განსახილველ დავასთან და კომისიაში წინამდებარე დავაზე ადმინისტარციული წარმოება უნდა შეწყდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, დადგენილ ფაქტად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის, რომ შპს ,,ფოპტნეტის“ განმარტებით, სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ფოპტნეტს“ შორის გაფორმებული 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება მომსახურების ხელშეკრულებაა, მასში ცვლილებები არ განხორციელებულა და მხარეს არ აქვს მოთხოვნის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
კომისია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული დავის მხარეები იყვნენ სს ,,გაერთიანებული ტელეკომი“ და შპს ,,ფოპტნეტი“ და არა სს ,,სილქნეტი“ და შპს ,,ფოპტნეტი“, დავის საგანს არ წარმოადგენდა სს ,,სილქნეტის“ მიერ შპს ,,ფოპტნეტისთვის“ 2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება და ამასთან, სასამართლოს მიერ განხილვის საგანი იყო სს ,,გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს ,,ფოპტნეტს“ შორის 2003 წლის პირველ მარტს გაფორმებული ხელშეკრულება და არა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირსა“ და შპს ,,ფოპტნეტს“ შორის 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ წინამდებარე დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
2.სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ფოპტნეტს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობის საკითხის შეფასება
ა) შპს ,,ფოპტნეტისთვის“ გაგზავნილი შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისა“ და სს ,,სილქნეტის“ 2010 წლის 3 მარტის ერთობლივი წერილით სს ,,სილქნეტს“ არ უკისრია უპირობო ვალდებულება შპს ,,ფოპტნეტისთვის“ მომსახურება გაეწია შპს ,,აჭარის ელექტროკავშისა“ და შპს ,,ფოპტნეტს“ შორის 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების პირობებით და არ დაუდასტურებია თანხმობა აღნიშნულ ხელშეკრულებაში მხარედ ჩანაცვლების თაობაზე. სს ,,სილქნეტმა“ ამ წერილით დაადასტურა, რომ უზრუნველყოფდა შპს ,,ფოპტნეტისთვის“ მომსახურების უწყვეტად მიწოდებას იგივე საშუალებებითა და პირობებით, რაც განსაზღვრული იყო შპს ,,აჭარის ელექტროკავშირთან“ არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში, მაგრამ, გარკვეული დათქმით და ვადით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,სილქნეტთან“ 2010 წლის 20 მაისამდე არ იქნებოდა გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები, შპს ,,სილქნეტი“ იტოვებდა უფლებას დამატებითი გაფრთხილების გარეშე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეეწყვიტა ან/და შეეჩერებინა მასთან ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა მომსახურების გაწევა ან/და მიღება. ამასთან, განსაზღვრულ ვადაში პოზიციის წერილობით დაუფიქსირებლობის შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ შპს ,,ფოპტნეტი“ ეთანხმებოდა შესაბამისი მომსახურების მიღებას სს ,,სილქნეტისგან“ და შესაბამისად, იზიარებდა იმ სამართლებრივ შედეგს, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ფაქტს.
2010 წლის 12 მარტიდან შპს ,,აჭარის ელექტროკავშირმა“ შეწყვიტა 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება შპს ,,ფოპტნეტთან“, რასაც 2010 წლის 3 მარტის წერილთან ერთად ადასტურებს ის გარემოებაც, რომ შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის“ აქტივები, მათ შორის, ყველა ის ტექნიკური საშუალება, რითაც ეს კომპანია ახორციელებდა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, შეტანილ იქნა შპს ,,გაერთიანებული კვანძების“ საწესდებო კაპიტალში, რომელსაც 2010 წლის 2 მარტს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ,,სილქნეტი“. შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის“ მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი დასტურება ასევე იმითაც, რომ შპს ,,აჭარის ელექტროკავშირმა“ 2010 წლის 12 მარტს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიები გადასცა სს ,,სილქნეტს“ (იხ ფაქტობრივი გარემოებების მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები).
საყურადღებოა, რომ შპს ,,აჭარის ელექტროკავშირიც“ და სს ,,სილქნეტიც“ წარმოადგენენ დამოუკიდებელ მოქმედ სამეწარმეო სუბიექტებს, რაც დასტურდება 2010 წლის მარტიდან წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღემდე პერიოდის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებით (იხ. ფაქტობრივი გარემოებების პირველი და მე-2 პუნქტები).
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ამავე კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულება, ხოლო 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დააკონკრეტოს ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები, აგრეთვე მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ცვლილებები და დამატებები შეიტანოს სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით, დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები და ამავე კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
კომისიის 2010 წლის 30 აპრილის N215/19 გადაწყვეტილებით შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისთვის“ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება დაეკისრა სს ,,სილქნეტს“. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, სს „სილქნეტი“ ვალდებული იყო საკუთარი მოწვევის ოფერტების გამოქვეყნებამდე უზრუნველეყო დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „აჭარის ელექტროკავშირისა“ და შპს „ვანექსის“ მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების შესაბამისად, ხოლო ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2011 წლის 18 მარტს. აქედან გამომდინარე, რომ სს „სილქნეტი“ შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ ოფერტის პირობებით მომსახურებას შპს „ფოპტენტს“ უწევდა 2011 წლის 18 მარტამდე და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მას ასეთი ვალდებულება არ გააჩნდა. უფრო მეტიც, სს ,,სილქნეტი“ უფლებამოსილი იყო თავად დაედგინა ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების ტარიფი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტი“ არ წარმოადგენს შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის“ სამართალმემკვიდრეს და შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისა“ და შპს ,,ფოპტნეტს“ შორის 2006 წლის 23 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ მომხდარა სს ,,სილქნეტის“ მიერ მხარის ჩანაცვლება.
ბ) იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ:
ბ.ა. სს ,,სილქნეტი“ არ წარმოადგენს შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის“ სამართალმემკვიდრეს;
ბ.ბ. კომისიის 2010 წლის 30 აპრილის N215/19 გადაწყვეტილების საფუძველზე სს ,,სილქნეტი“ შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ ოფერტის პირობებით შპს „ფოპტენტს“ მომსახურებას უწევდა 2011 წლის 18 მარტამდე;
ბ.გ. სს ,,სილქნეტის“ ახალი მოწვევის ოფერტა კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2011 წლის 18 მარტს, ხოლო შპს ,,ფოპტნეტმა“ მიიღო მისგან ხელშეკრულების ფორმა და ინფორმირებული იყო სს ,,სილქნეტის“ მიერ მისთვის 2011 წლის 18 მარტიდან მიწოდებული მომსახურების პირობების შესახებ,
უდავოდ დადგენილ ფაქტად უნდა იქნეს მიჩნეული ის, რომ 2011 წლის 18 მარტიდან სს ,,სილქნეტი“ შპს ,,ფოპტნეტს“ მომსახურებას აწვდიდა არა შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის“ და შპს ,,ფოპტნეტის“ 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არამედ სს ,,სილქნეტის“ 2011 წლის 18 მარტის მოწვევის ოფერტით განსაზღვრული პირობებით.
გ) იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ფოპტნეტმა“ 2012 წლის 8 ნოემბრის ოფერტის პირობების შესაბამისად, ოფერტის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში არ აცნობა სს ,,სილქნეტს“ უარი ოფერტით განსაზღვრული მომსახურების ახალ პირობებზე და ამასთან, ყველა ავტორიზებული პირისთვის ობიექტურად ცნობილი უნდა იყოს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში ვალდებულნი არიან საჯაროდ გამოაქვეყნონ თავისი ოფერტები, რასაც აღნიშნული ავტორიზებული პირები კომისიის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, უზრუნველყოფენ კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ფოპტნეტი“ ღებულობდა საოქმო გადაწყვეტილებებს მომსახურების საფასურის 266.44 ლარის ოდენობის გაანგარიშებით 2014 წლის მაისიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე და მიუხედავად საოქმო გადაწყვეტილებების ოფერენტისთვის დაბრუნებისა, მაინც სარგებლობდა მომსახურებით, იცოდა რა ოფერენტის შეთავაზებული პირობების შესახებ, ამასთან, ზემოთ მითითებულ პერიოდში სს ,,სილქნეტი“ არ იყო შეზღუდული სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღარიცხვის ვალდებულებით და უფლებამოსილი იყო დაედგინა ზემოაღნიშნული ტარიფი, კომისიას, იღებს რა მხედველობაში იმას, რომ მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მიღებული და გაწეული მომსახურების მოცულობა, მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ანგარიშსწორება 2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის პირველი ოქტომბრამდე პერიოდში უნდა განხორციელებულიყო სწორედ 2012 წლის 8 ნოემბრის მოწვევის ოფერტით განსაზღვრული პირობებით (იხ. ფაქტობრივი გარემოებების მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 25-ე და 26-ე პუნქტები).
დ) კომისიის 2015 წლის 16 ივნისის N351/9 გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 22 სექტემბერს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და 2015 წლის პირველ სექტემბერს ძალაში შევიდა სს ,,სილქნეტის“ ახალი მოწვევის ოფერტა, რომელიც ვრცელდება სს ,,სილქნეტის“ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მსურველ ყველა ავტორიზებულ პირზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,ფოპტნეტს“ სურს სს ,,სილქნეტის“ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების მიღება, მან უნდა უზრუნველყოს სს ,,სილქნეტის“ 2015 წლის 22 სექტემბერს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოფერტის პირობების შესრულება, მათ შორის, ოფერტის 4.1 პუნქტის შესაბამისად, სს ,,სილქნეტისთვის“ ამავე პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენა და ოფერტის 4.2 პუნქტის შესაბამისად, შეასრულოს სს ,,სილქნეტის“ მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ოფერტის შესაბამისად, სს ,,სილქნეტი“ უფლებამოსილი იქნება შეუწყვიტოს დაშვება შპს ,,ფოპტნეტს“ (იხ. ფაქტობრივი გარემოებების 22-ე, 24-ე და 25-ე პუნქტები).
3. შპს ,,ფოპტნეტისთვის“ ინფორმაციის წარმოდგენის დავალდებულება
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ფოპტნეტს“ უნდა დაევალოს 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიისთვის და სს ,,სილქნეტისთვის“ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება აჭარის ავტონონომიურ რესპუბლიკაში სს ,,სილქნეტის“ კუთვნილ ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებში განთავსებულ იმ კაბელებთან დაკავშირებით, რომლითაც უზრუნველყოფილია ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის“ განცხადება (დაზუსტებული მოთხოვნებით) უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის, 53-ე მუხლის, 92-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და გ) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე და 38-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 17 აპრილის №191/9, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2008 წლის 15 აგვისტოს №475/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2010 წლის 30 აპრილს N215/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ორი ხმა ორის წინააღმდეგ (მომხრე: კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე და კომისიის წევრი: გ. ფრუიძე; მოწინააღმდეგე კომისიის წევრები: ე. ასანიძე და მ. ქათამაძე)
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,სილქნეტის“ განცხადება და შპს ,,ფოპტნეტს“ განემარტოს:
ა) შპს ,,ფოპტნეტის“ მიერ სს ,,სილქნეტის“ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების 2015 წლის 22 სექტემბრის წინადადებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისა და შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების სს ,,სილქნეტთან“ გაუფორმებლობის შემთხვევაში სს ,,სილქნეტი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს შპს ,,ფოპტნეტთან“ ელექტრონული საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურება;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ფოპტნეტს აქვს სს ,,სილქნეტისგან“ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების მიღების სურვილი, შპს ,,ფოპტნეტი“ ვალდებულია:
ბ.ა. უპირობოდ დაეთანხმოს და შეასრულოს სს „სილქნეტის“ მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების 2015 წლის 22 სექტემბრის წინადადების პირობები;
ბ.ბ გააფორმოს ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულება სს ,,სილქნეტთან“ წერილობით;
2. დაევალოს შპს ,,ფოპტნეტს“ 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიისთვის და სს ,,სილქნეტისთვის“ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სს ,,სილქნეტის“ კუთვნილ ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებში განთავსებულ იმ კაბელებთან დაკავშირებით, რომლითაც უზრუნველყოფილია ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარეებისთვის მისი დამოწმებულის ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნელივ გაგზავნა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე კონტროლი.
კომისიის წევრის ე. ასანიძის განსხვავებული აზრი:
კომისიის წევრი ე. ასანიძე იზიარებს შპს „ფოპტნეტის“ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დღეის მდგომარეობით მოქმედია 2006 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების პირობები, რომელიც დადებული იყო შპს ,,აჭარის ელექტროკავშირსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის, გამომდინარე შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისა“ და სს ,,სილქნეტის“ 2010 წლის 3 მარტის ერთობლივი წერილის შინაარსიდან, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარე გახდა „სილქნეტი“.
კომისიის წევრ ე. ასანიძის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 20 წელი, მხარეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე დოკუმენტი, რაც ხელშეკრულების შეწყვეტას ან მისი პირობების ცვლილებას დაადასტურებდა სადაო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება „სილქნეტის“ მხრიდან აპელირებას კომისიის N215/19, 30.04.2010წ. გადაწყვეტილებაზე და მის მიერ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაზე, უნდა აღინიშნოს შემდეგი:
ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის, ამ შემთხვევაში „სილქნეტის“ მიერ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება „სილქნეტის“ ცალმხრივი ნების საფუძველზე ვერ შეცვლის მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებას; მოწვევის ოფერტის განახლებული პირობები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება ავტომატურად მეორე მხარის მიმართ, თუ ამის შესახებ არსებობს მხარეთა შეთანხმება. დავის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა სს „სილქნეტსა“ და შპს „ფოპტნენტს“ შორის ასეთი სახის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) რაც შეეხება კომისიის 2010 წლის 30 აპრილის N215/19 გადაწყვეტილებას, იგი ითვალისწინებს 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით შპს ,,აჭარის ელექტროკავშირისთვის“ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დაკისრებას შპს ,,სილქნეტისთვის“, აგრეთვე შპს ,,სილქნეტის“ ვადლებულებას, უზრუნველყოს განახლებული მოწვევის ოფერტის კომისიაში წარმოდგენა და გამოქვეყნება, ხოლო მოწვევის ოფერტის გამოქვეყნებამდე ვალდებულებების შესრულება შპს ,,აჭარის ელექტროკავშირის“ მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტით. კომისიის გადაწყვეტილების აღნიშნული პირობები ადგენს ,,სილქნეტის“ ვალდებულებებს, აღნიშნული პირობები ავტომატურად არ/ვერ აუქმებს არსებულ ხელშეკრულებებს.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
