შპს „ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2016 15:01
მიღების თარიღი მარტი 04, 2016
შპს „ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯეოსელმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1154-16, 08/02/2016) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „ჯეოსელი” ითხოვს მის სარგებლობაში არსებული 577 XXXXXX ინდექსზე არასრული 10 000 ნომრიანი ბლოკების შევსებას ნუმერაციის თავისუფალი რესურსით (სულ 40392 სააბონენტო ნომერი).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
1. A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
- სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
2. A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
- რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
3. A. F. 3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
- არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
- პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
4. A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
- GSM;
- WCDMA.
5. A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
- თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
6. B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:
- 3G;
- სხვა.
7. B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
- ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- როუმინგული კავშირით მომსახურება.
8. B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
- ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
- მულტიმედიური მომსახურება;
- ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);
- მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
- მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.
9. B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება
- თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, პირები, რომლებზეც 2012 წლის 1 თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების შესაბამისი ვადის განმავლობაში.
შპს „ჯეოსელი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, მართლზომიერად ფლობს 577XXXXXX ინდექსზე 637 516 სააბონენტო ნომერს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პირებს, რომლებიც მართლზომიერად ფლობენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ნუმერაციის არასრულ ბლოკზე, უფლება აქვთ აიღონ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა, მათ სარგებლობაში არსებული ბლოკის შესავსებად საჭირო ნუმერაციის თავისუფალ რესურსზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვა გაიცემა -არაგეოგრაფიული ნომრებზე, მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, შეადგენს - 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე.
კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს „ჯეოსელის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 4039.2 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N268 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: სულ 40392 (ორმოცი ათას სამას ოთხმოცდათორმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი 577XXXXXX ინდექსზე მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 და ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. ეცნობოს შპს „ჯეოსელს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრები: ელისო ასანიძე
მერაბ ქათამაძე
