წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 135 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2016 14:52

მიღების თარიღი მარტი 04, 2016

შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „საქართველოს მედია ქსელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/1469-16 17/02/2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1133, 31.12.2013) მოდიფიცირების თაობაზე. კერძოდ, კომპანიას სურს  აღნიშნული ავტორიზაციით გათვალისწინებული მაუწყებლობის ხანგრძლივობის შემცირება და თემატიკის დაზუსტება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს მედია ქსელის“ BR-1133, 31.12.2013 ავტორიზაცია ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:

1. მაუწყებლობის სახე:ტელემაუწყებლობა;

2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (ზოგადი გასართობი /მხატვრული კინო) ტელემაუწყებლობა;

4. მაუწყებლობის ენა: ქართული;

5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 16 საათი;

6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:
ა) ინტერნეტი (საქართველო);

ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

7. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ა) ინტერნეტი - ფასიანი;

ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - ფასიანი;

გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - ფასიანი;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2016 წლის 4 მარტის სხდომას არ ესწრებოდა შპს „საქართველოს მედია ქსელის“  უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს ”საქართველოს მედია ქსელის” მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1133, 31.12.2013) მოდიფიცირება, მაუწყებლობის ხანგრძლივობის შემცირება და თემატიკის დაზუსტება;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-1133, 31.12.2013) და მაუწყებლობის ხანგრძლივობად დღე-ღამის განმავლობაში განისაზღვროს 12 საათი, ხოლო მაუწყებლობის ქვესახეობად - სპეციალიზებული (ზოგადი გასართობი /მხატვრული ფილმები/საბავშვო თემატიკის გადაცემები) ტელემაუწყებლობა;

2. შპს „საქართველოს მედია ქსელი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს მედია ქსელისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                               მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები