საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2016 12:45
მიღების თარიღი მარტი 10, 2016
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/1791-16, 23.02.16) 2016 წლის 22 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილი ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ვიზიტთან დაკავშირებით რადიოკავშირისთვის ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირეების მინიჭებას მხოლოდ 22-24 მარტის ჩათვლით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა სამი დღის ვადით. კომისია აღნიშნავს, რომ ”დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ” 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (საქართველო შეერთებულია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 13 მაისის დადგენილებით) ”მააკრედიტებელი სახელმწიფო და წარმომადგენლობის მეთაური თავისუფლდებიან ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადებისაგან, წარმომადგენლობის საკუთარი თუ დაქირავებული ნაგებობებისათვის მოსაკრებლებისა თუ ბაჟისაგან, რომლებიც კონკრეტული სახეობის მომსახურების გადასახდელია”.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ”საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან”.
შესაბამისად, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და ვენის 1961 წლის კონვენციით გათვალისწინებული სახაზინო შეუვალობის
პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განთავისუფლებული უნდა იქნას ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისაგან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული საელჩოს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, ”დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ” 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიეცეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1280 ნებართვა და მიენიჭოს 139.400 მჰც და 142.400 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, სამი დღის ვადით 22 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
- აღირიცხოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
- დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
