შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2016 16:32
მიღების თარიღი მარტი 10, 2016
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 7 დეკემბრის შპს „მაგთიკომმა“ განცხადებით №15/225-3 (კომისიაში რეგისტრაციის №6/9608-15) მიმართა კომისიას, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რიგი სტატისტიკური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.
აღნიშნული განცხადებით კომპანია ითხოვს, რომ კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: 2.6 (პაკეტები) და 2.8 (ინტერნეტი) მიჩნეულ იქნას კომერციულ საიდუმლოებად. 2016 წლის 20 იანვრის N6/495-16 განცხადებით შპს “მაგთიკომმა“ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და აღნიშნულ ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ, კონკრეტულ „ბრენდში“ და პაკეტში (Bundle) ჩართული აბონენტების, ტრაფიკის, შემოსავლების (დღგ-სა და აქციზი) რაოდენობების შესახებ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა მოითხოვა.
შპს „მაგთიკომი“ განცხადებაში განმარტავს, რომ თუ კომისიის ზემოაღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ იქნა მიჩნეული კომერციულ საიდუმლოდ, ასეთ შემთხვევაში კონკურენტ კომპანიებს აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ მიეცემათ შესაძლებლობა მარტივად დაადგინონ, თუ რომელია შპს „მაგთიკომის“ მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული წინადადებებიდან უფრო მიმზიდველი და შემოსავლიანი და შესაბამისად, ინფორმაცია გამოიყენონ საკუთარი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას.
შპს „მაგთიკომი“ ასევე აღნიშნავს, რომ ხსენებული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომელიც არის შპს „მაგთიკომის“ მხრიდან შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე შექმნილი ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფი და რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ განიხილა შპს „მაგთიკომის“ განცხადება კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს:
1. კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 და 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) ფორმა 2.6-ში (პაკეტები - ივსება ყოველთვიურად):
- ბრენდი (მაგთი, ბალი, ბანი, ჯეოსელი (577), ლაი-ლაი, ბილაინი)
- 2. ტექნოლოგია (GSM*, CDMA 850, WiMax, MVNO*)
- გადახდის ტიპი (შემდგომი ან წინასწარი);
- სერვისი (Internet, MMS, SMS, Voice)
- პაკეტი (პაკეტის დასახელება)
- პაკეტის ღირებულება
- პაკეტში ერთეულების რაოდენობა
- აქტივაციების რაოდენობა
- აბონენტების რაოდენობა
- მოხმარება
- შემოსავალი
- დღგ
- აქციზი
ბ) ფორმა 2.8 -ში (ინტერნეტი- ივსება ყოველთვიურად):
- ბრენდი (მაგთი, ბალი, ბანი, ჯეოსელი (577), ლაი-ლაი, ბილაინი);
- მფლობელობის ტიპი (იურიდიული/ფიზიკური)
- გადახდის ტიპი (შემდგომი ან წინასწარი)
- ტექნოლოგია (GSM*, CDMA 850, WiMax, MVNO**)
- აბონენტები
- ტრაფიკი (MB)
- შემოსავალი
- დღგ
- აქციზი
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
4. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული მომსახურების, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ავტორიზებულ პირებს დაკისრებული აქვთ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“.
იმის გამო, რომ ფორმა 2.6 შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტების თაობაზე, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა ფორმა 2.6-ს კომერციულ საიდუმლოდ ცნობის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები 2.6 (პაკეტები) და 2.8 (ინტერნეტი) ასევე შეიცავენ განზოგადებულ ინფორმაციას აბონენტების, შემოსავლებისა და ტრაფიკის შესახებ, რის გამოც მათი სრულად ცნობა კომერციულ საიდუმლოდ დაუშვებელია.
ვიანიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 2.6 შეიცავს ინფორმაციას შპს „მაგთიკომის“ მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული კონკრეტული პაკეტების ჭრილში აბონენტების რაოდენობას, მოხმარებული ტრაფიკის, შემოსავლებისა და გადასახადების თაობაზე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, ვინაიდან კომისიის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კონკურენტი კომპანიების მიერ განისაზღვროს, თუ ავტორიზებული პირის - შპს „მაგთიკომის“ მიერ შექმნილი რომელი კომერციული პროდუქტი (პაკეტი, სატარიფო გეგმა) აღმოჩნდა ბაზრისთვის და შესაბამისად აბონენტებისთვის უფრო მიმზიდველი, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებამ კი კომისიის აზრით შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას.
შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები 2.6 და 2.8 ასევე შეიცავს ინფორმაციას აბონენტების, შემოსავლებისა და ტრაფიკების ოდენობების შესახებ ბრენდების მიხედვით. კომისიას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც შესაძლებელია კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან კომპანიის მიერ ბრენდების ფორმირება და ბრენდების მიხედვით შესაბამისი სატარიფო პოლიტიკის გატარება, ასევე წარმოადგენს შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე შექმნილ ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფს და ბრენდების მიხედვით მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კონკურენტი კომპანიების მიერ განისაზღვროს, თუ ავტორიზებული პირის მიერ შექმნილი რომელი ბრენდი აღმოჩნდა ბაზრისთვის და შესაბამისად აბონენტებისთვის უფრო მიმზიდველი და შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების: ფორმა 2.6 (პაკეტები) აბონენტებისთვის შეთავაზებული ბრენდისა და პაკეტების მიხედვით აბონენტების, მოხმარების, შესაბამისი შემოსავლის და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების ჭრილში, ხოლო სტატისტიკური ფორმა 2.8 (ინტერნეტი) - შეთავაზებული ბრენდების მიხედვით აბონენტების, მოხმარების, შესაბამისი შემოსავალის და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების ჭრილში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების გაწევის წესის და მომხმარებელთა უფლების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ორი ხმით ორის წინააღმდეგ (მომხრე: ვ. აბაშიძე, მ. ქათამაძე, წინააღმდეგი: ე. ასანიძე, გ.ფრუიძე) :
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მაგთიკომის“ 2016 წლის 20 იანვრის №6//495-16 განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების:
ა) ფორმა 2.6 (პაკეტები) ბრენდისა და აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების, მოხმარების, შესაბამისი შემოსავალის და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების შესახებ.
ბ) ფორმა 2.8 (ინტერნეტი) შეთავაზებული ბრენდების მიხედვით აბონენტების, მოხმარების, შესაბამისი შემოსავალის და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების შესახებ.
2. კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 2.6-სა დ 2.8-ში წარმოდგენილი ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ჭრილში ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს “მადთიკომმა“ ამ ვადის გასვლამდე საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება ინფორმაციის ღიად ცნობის ნაწილში;
3. შპს „მაგთიკომმა“ ზემოთ მითითებულ ვადაში წინამდებარე გადაწყვეტილების ინფორმაციის ღიად ცნობის ნაწილში სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას;
4. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომის“ ჩაბარების დღიდან.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).
კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა ხდება ადმინისტრაციულ ორგანოში ინფორმაციის წარდგენისას. განსახილველ შემთხვევაში ავტორიზირებული პირის მიერ ინფორმაცია წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი კომისიაში.
კომისიის წევრ გიორგი ფრუიძეს განსხვავებული აზრი: გიორგი ფრუიძემ აღნიშნა, რომ შპს “მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ბრენდის მიხედვით აბონენტების ჯამური რაოდენობის კომერციულ საიდუმლოებათ ცნობის შესახებ არასაკმარისია.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
