წვდომის მენიუ

შპს ,,კომპანია მედიასტრიმი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 161 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 22, 2016 17:48

მიღების თარიღი მარტი 10, 2016

შპს ,,კომპანია მედიასტრიმი“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო  მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია.

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

2016 წლის 12 თებერვალს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 თებერვლის  №შ-10/1341-16 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, 2016 წლის 19 იანვარს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“ (რადიო OKFM) მონიტორინგი სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2016 წლის 19 იანვარს, 14:00 სთ-ზე, რუბრიკაში   „OK გაითი“  რუბრიკის წამყვანი კელი მსმენელს მოუთხრობს კომპანია  „სლიმენ სილქში“  არსებული მომსახურების შესახებ.  წამყვანი გადაჭარბებული ემოციებითა და კომერციული რეკლამისათვის დამახასიათებელი შტრიხებით ყვება „სლიმენ სილქის“  სარელაქსაციო, ანტიცელულიტური და სხვა ტიპის მასაჟების თაობაზე. სიუჟეტის მიმდინარეობისას,  მომსახურების დახასიათების დროს  სარგებლობს გამოთქმებით:  „ეს არის ძალიან მაგარი სიამოვნება“,  „ერთი სული მაქვს ისევ გავიქცე „სლიმენ სილქში“,   „საოცარი, არაჩვეულებრივი სიამოვნებაა“  და ა.შ. პროგრამის მიმდინარეობისას წამყვანი ასახელებს სხვადასხვა ტიპის მასაჟების ფასებს.  მაგალითად:  ამბობს, რომ 610 ლარის ნაცვლად 378 ლარად აკეთებენ ანტიცელულიტურ ერთთვიან ინოვაციურ კურსს, რაც ძალიან იაფია,  ასევე, 42 ლარად სარელაქსაციო მასაჟი ვულკანური ქვებით, რაც ასევე ძალიან იაფი მომსახურებაა“. „სლიმენ სილქზე“ საუბრისას წამყვანი ასახელებს კომპანიის მისამართს (მოსაშვილის ქუჩა 85)  და მოუწოდებს მსმენელს, ისარგებლოს   „ამ არაჩვეულებრივი მომსახურებით“, ამასვე მოუწოდებს პროგრამის თანაწამყვანსაც.

2016 წლის 19 იანვარს,  16:00 სთ-ზე,  რუბრიკა   „OK გაითი“-ის წამყვანი მსმენელს მოუთხრობს მაღაზია  „კომოდი სლიმის“  პროდუქციის შესახებ.   წამყვანი გადაჭარბებულად აქებს მაღაზიის მიერ წარმოდგენილ პროდუქციას: ტანსაცმელს, სამკაულებსა და სხვა აქსესუარებს. ამბობს, რომ აქ არის დაბალი ფასები, ასევე მოქმედებს 50 პროცენტიანი ფასდაკლება.  წამყვანი ისევ იყენებს გამოთქმებს - „არაჩვეულებრივი“,  „აქედან ისევ იქ („იგულისხმება  „კომოდი სლიმი“) წავალ“,  „საოცარი სამკაულებია“  და ა.შ.  წამყვანი ასახელებს მისამართს და მაღაზიის ვებ-გვერდის მისამართს.

2016 წლის 19 იანვარს, 12:00 სთ-ზ,ე იმავე რუბრიკის წამყვანი თანაწამყვანთან ერთად საუბრობს კვების ობიექტების ქსელის  „ანტრეს“  შესახებ.  წამყვანები ასახელებენ  აღნიშნული ქსელის ფილიალების მისამართებს და გადაჭარბებული მითითებებით, ემოციებით ყვებიან მომსახურების ხარისხზე,  წარმოდგენილი პროდუქტების ხარისხზე და ა.შ.

რუბრიკა   „OK გაითი“   ეთერში გადის ყოველი ლუწი საათის დასაწყისში. მისი წამყვანი კელი ყოველ პროგრამაში საუბრობს სხვადასხვა ფირმების, ბრენდების, კვების ობიექტების, გამაჯანსაღებელი ცენტრების, მაღაზიების, მომსახურების, პროდუქტის შესახებ, ასახელებს ფასებს, გადაჭარბებულად აქებს აღნიშნულ ობიექტებს. რუბრიკას არც დასაწყისში და არც დასასრულს არ აქვს მინიშნება, რომ ეს არის „რეკლამა“  ან პროდუქტის განთავსება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ17 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით. ამავე კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე;  ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს. 

2.   „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ახალი ამბების (სპორტული ბლოკის) წამყვანი დიმა ობოლაძე ახდენს  ,,კრისტალბეთის” რეკლამას: „მეგაბონუსი ,,კრისტალბეთისაგან” - შანსის ნაცვლად რეალობა. მხოლოდ ,,კრისტალბეთი” გთავაზობთ ორმაგის ნაცვლად სამმაგ თანხას.  ამიერიდან  ჩვენთან ფსონები უფრო დაზღვეული და უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვაგან.  მიიღე ყველაზე მეტი ,,კრისტალბეთზე“ (ხანგრძლივობა: 00:17 წამი).

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგიში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის  საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“ (რადიო OKFM) მხრიდან ადგილი აქვს  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტისა და  ამავე კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის განთავსების წესების დარღვევას. ამასთან, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ გადაცემის წამყვანების მიერ გაკეთებული განცხადებები და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი ქმედებებისა ხასიათდება კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის ნიშნებით.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 1 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კომპანია მედიასტრიმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის  10 მარტს, რის თაობაზეც შპს ,,კომპანია მედიასტრიმს“  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით,  მას  ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2016 წლის 10 მარტს, კომისიის სხდომაზე გამოცხადნენ შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“ წარმომადგენლები ნ.მაისურაძე და ქ.ძებისაშვილი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული რუბრიკა   „OK გაითი“, რომელიც ამ დროისთვის ამოღებულია სამაუწყებლო ბადიდან, ემსახურებოდა მსმენელებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა მომსახურებისა და პროდუქციის თაობაზე. რაც შეეხება რეკლამას, მათთვის არ იყო ცნობილი, რომ კანონმდებლობით იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში და ასეთი რეკლამის გავრცელება წარმოადგენს კანონდარღვევას, წინააღმდეგ შემთხვევაში შპს ,,კომპანია მედიასტრიმი“  არ გაავრცელებდა არასათანადო რეკლამას.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 თებერვლის №შ-10/1341-16 სამსახურებრივი  ბარათი;

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“ შესახებ;

3. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის ოფიციალური ინტერნეტ ვებ გვერდი http://rustavi2.com/ka/shows/kurieri;

4.  შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“  წარმომადგენლების  მიერ  კომისიის 2016 წლის 10 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №13/1 გადაწყვეტილებით შპს ,,კომპანია მედიასტრიმს“  მიეცა  კერძო მაუწყებლობის ლიცენზია №B173, რომელიც მოდიფიცირდა კომისიის 2015 წლის  24 დეკემბერს (მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა.  მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა). ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტის თანახმად,  შპს ,,კომპანია მედიასტრიმი“ ვალდებულია  მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

2. 2016 წლის 19 იანვარს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“  მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა:

2.1. 2016 წლის 19 იანვარს, 12 სთ-ზე, რუბრიკა   „OK გაითი“-ის რუბრიკის წამყვანი თანაწამყვანთან ერთად საუბრობს კვების ობიექტების ქსელის  „ანტრეს“  შესახებ.  ისინი ასახელებენ  ,,ანტრეს“ ქსელის ფილიალების მისამართებს და გადაჭარბებული მითითებებით, ემოციებით ყვებიან ,,ანტრეს“ მომსახურებისა და იქ წარმოდგენილი პროდუქტების ხარისხზე: ,,ძალიან, ძალიან მომწონს მათი დახვედრა, იმიტომ, რომ ეს ძალიან  იშვიათია“; ,,რაც მთავარია კრუასანები აქვთ ძალიან გემრიელი“; ,,ხო, კრუასანები აქვთ რაღაც სასწაული“; ,,უგემრიელესი კაპუჩინო აქვთ“; ,,კაპუჩინო აქვთ რაღაც სასწაული“; ,,იმდენად სისუფთავეა“; ,,უმყუდროესი“; ,,უსაყვარლესი“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“ სამაუწყებლო ბადეში 2016 წლის 19 იანვარს, 12 სთ-ზე განთავსებულ რუბრიკაში -  „OK გაითი“,  რუბრიკის წამყვანისა და თანაწამყვანის სიტყვები  კვების ობიექტების ქსელის  „ანტრეში“ წარმოდგენილ პროდუქტებს და მომსახურების ხარისხს ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას და შეიცავენ პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას.

2.2. 2016 წლის 19 იანვარს, 14 სთ-ზე, რუბრიკაში   „OK გაითი“, რუბრიკის წამყვანი მსმენელს მოუთხრობს კომპანია  „სლიმენ სილქში“ არსებული მომსახურების შესახებ.  წამყვანი და თანაწამყვანი გადაჭარბებული ემოციებით ყვებიან „სლიმენ სილქის“  სარელაქსაციო, ანტიცელულიტური და სხვა ტიპის მასაჟების თაობაზე. მომსახურების დახასიათების დროს წამყვანი და თანაწამყვანი იყენებენ სიტყვებს: ,,ჩატარებული მაქვს ეს მასაჟი და იყო უბრალოდ გადასარევი და ეს ყველაფერი 42 ლარად და დამიჯერე“; ,,საოცარია“;  ,,ეს არ არის ძვირი, რომ მსგავსი მასაჟი ჩაიტარო.  უბრალოდ, გაოგნებული დარჩები“; ,,ვგიჟდები“;,,ხომ კარგია, წარმოიდგინე ოთხი ხელით  მასაჟი“; ,,378 ლარად 620 ლარის ღირებულების   ანტიცელულიტური ერთთვიანი ინოვაციური კურსი გარანტირებული ეფექტით“; ,,ერთი სული მაქვს, როდის გავქანდები, მოსაშვილის 85-ში“ (,,სლიმენ სილქის“ მისამართი);  „ძალიან მაგარი სიამოვნება გელოდება წინ“; ,,შენ რომ გაიქცევი, მეც უკან გამოგეკიდები“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“ სამაუწყებლო ბადეში 2016 წლის 19 იანვარს, 14 სთ-ზე განთავსებულ რუბრიკაში -  „OK გაითი“,  რუბრიკის წამყვანისა და თანაწამყვანის სიტყვები  „სლიმენ სილქში“  არსებულ სარელაქსაციო, ანტიცელულიტური და სხვა ტიპის მასაჟებს ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას და შეიცავენ პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას.

2.3. 2016 წლის 19 იანვარს,  16 სთ-ზე,  რუბრიკა   „OK გაითი“-ის წამყვანი და თანაწამყვანი მსმენელს მოუთხრობენ მაღაზია  „კომოდი სლიმის“  პროდუქციის შესახებ.   ისინი გადაჭარბებულად აქებენ მაღაზიის მიერ წარმოდგენილ პროდუქციას: ტანსაცმელს, სამკაულებსა და სხვა აქსესუარებს. მსმენელს უამბობენ, რომ აქ არის დაბალი ფასები, ასევე მოქმედებს 50 პროცენტიანი ფასდაკლება.  წამყვანი და თანაწამყვანი იყენებენ სიტყვებს: ,,ყველაფერი ძალიან ლამაზი აქვთ“; ,,არაჩვეულებრივი“; ,,ძალიან ორიგინალურად“;  ,,ძალიან მომეწონა და ერთი სული მაქვს, როდის გავქანდები ,,კომოდში“, ,,იმიტომ, რომ მართლაც ძალიან საინტერესოა“. წამყვანი ასახელებს მაღაზიისა (ბარნოვის 45) და ვებ-გვერდის მისამართს და ამბობს: ,,მე, პირადად, მივექანები იქითკენ.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“ სამაუწყებლო ბადეში 2016 წლის 19 იანვარს, 16 სთ-ზე განთავსებულ რუბრიკაში -  „OK გაითი“,  რუბრიკის წამყვანისა და თანაწამყვანის სიტყვები  „კომოდი სლიმში“ წარმოდგენილ პროდუქციას ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას და შეიცავენ პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას.

2.4. შპს ,,კომპანია მედასტრიმის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსდა ,,კრისტალბეთის“ კომერციული რეკლამა, რომელშიც მონაწილეობს შპს „სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, კერძოდ, საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ახლი ამბების (სპორტული ბლოკის) წამყვანი ახდენს - ,,კრისტალბეთის“ რეკლამას: „მეგაბონუსი ,,კრისტალბეთისაგან” - შანსის ნაცვლად რეალობა. მხოლოდ ,,კრისტალბეთი” გთავაზობთ ორმაგის ნაცვლად სამმაგ თანხას.  ამიერიდან  ჩვენთან ფსონები უფრო დაზღვეული და უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვაგან.  მიიღე ყველაზე მეტი ,,კრისტალბეთზე“ (ხანგრძლივობა: 00:17 წამი).

3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“ მიმართ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17 ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

 7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.

8. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

9. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა არის მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

10. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა  არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

11. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

12. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, რეკლამის გამავრცელებელი არის  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო- და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით.

13.,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო 21 სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველომ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან, მათ შორის, მაუწყებლობის სფეროში „აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივასთან (“AVMS” დირექტივა). სწორედ აღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხო დირექტივით განსაზღვრული კომერციული კომუნიკაციის ისეთ სახეობებს, როგორიც არის: 1. კომერციული რეკლამა; 2. სპონსორობა და 3. პროგრამაში საქონლის (მომსახურების) განთავსება (ე.წ. „Product Placement”-ი).  აღსანიშნავია, რომ თავად დირექტივა, ყველა აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს ე.წ. „კომერციული კომუნიკაციის“ ფარგლებში, თუმცა თითოეული მათგანისთვის აწესებს რეგულირების სხვადასხვა რეჟიმებსა და ლიმიტებს.

ზემოაღნიშნული ცვლილებებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებულ იქნა კომერციული კომუნიკაციის ახალი სახე ე.წ. “Product Placement” და მასთან დაკავშირებული რეგულაციები, ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია დირექტივის მე-11 მუხლით[1]. ე.წ. “Product Placement”-ის განთავსებასთან დაკავშირებით კანონმა კომერციული კომუნიკაციის ამ სახეობის - „Product Placement“-ს განთავსება დასაშვებად ცნო, მაგრამ ამავე დროს გაითვალისწინა თავად დირექტივით გათვალისწინებული რიგი შეზღუდები (რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში პრაქტიკულად იდენტურად იქნა გადმოტანილი თავად დირექტივის ტექსტიდან), კერძოდ განისაზღვრა, რომ პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

კანონით ასევე გათვალისწინებულ იქნა დირექტივის მე-11 მუხლის ისეთი შეზღუდვა, რომლის თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი  სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ.  [2]

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების (“Product Placement”) მარეგულირებელი ნორმები სრულ შესაბამისობაშია „აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივასთან.

კომისია ყურადღებას ამახვილებს ევროპული ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პროდუქტის (საქონელი/მომსახურება) განთავსების (Product Placement) წესების დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ (Ofcom) 2015 წლის 1 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში[3] (Brit Asia TV Music Awards) აღნიშნა, რომ AVMS დირექტივის  მოთხოვნაა, რომ სამაუწყებლო პროგრამა, რომელიც შეიცავს ე.წ. „Product Placement”-ს, არ უნდა შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას და  მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოს. მარეგულირებელი ორგანო მიუთითებს AVMS დირექტივასა და თავად Ofcom-ის მიერ მიღებულ  „სამაუწყებლო პროგრამაში სარეკლამო მითითებების სახელმძღვანელო წესებზე“ (Guidence Notes; Section Nine: Commercial references in television programming) და აღნიშნავს, რომ პროდუქტის/მომსახურების და სასაქონლე ნიშნისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება განხილულ უნდა იქნას იმ სამაუწყებლო პროგრამის სარედაქციო შინაარსთან მიმართებით, სადაც ხდება მისი განთავსება. პროგრამაში განთავსებული პროდუქტი/მომსახურება გავლენას არ უნდა ახდენდეს პროგრამის შინაარსზე და თავად პროგრამა არ უნდა იყოს შექმნილი მასში განთავსებული პროდუქტის/მომსახურებისთვის. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მარეგულირებელი ორგანო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პროგრამის წამყვანის მიერ  სარეკლამო ე.წ. „ბრენდული“ შეტყობინებების გავრცელებას და მოწოდებებს კონკრეტული ქმედებისკენ. შესაბამისად „Ofcom”-მა მაუწყებლის ქმედება დააკვალიფიცირა როგორც პროგრამაში პროდუქტის/მომსახურების და სასაქონლე ნიშნის განთავსებისას სარეკლამო შეტყობინებების გავრცელება, რაც მიზნად ისახავდა რეკლამირებას და არ იყო გამართლებული სარედაქციო შინაარსით.

საფრანგეთის მარეგულირებელმა ორგანომ ტელევიზიით გადაცემულ სერიალში - ,,Nos chers voisins“ კარებების მონტაჟის სცენა (სადაც ჩანდა რეალური კომპანიის დასახელება; მუშას ამ კომპანიის სამუშაო ტანისამოსი ეცვა) მიიჩნია პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად; ასევე აღნიშნა, რომ მან გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე, ვინაიდან სიუჟეტი დაწერილი იყო განთავსებული პროდუქციისთვის[4].

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ, გადაცემაში - ,,Dschungelcamp“ განთავსებული შოკოლადი -,,Pickup“-ის განთავსება მიიჩნია გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად ვიზუალური და აუდიო აქცენტირების გამო და ასევე იმის გამო, რომ პროდუქტს ხშირად ახსენებდნენ თამაშის მონაწილეები საუბარში[5].

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი). მან არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი). კომისიას გათავისებული აქვს ის გარემოებაც, რომ რეკლამის დამკვეთის მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის შინაარსის არასათანადო რეკლამად შეფასებისას მაუწყებელი ყოველთვის არაა დაცული შეცდომისაგან, არასწორი შეფასებისაგან და სხვ., გამომდინარე თავად არასათანადო რეკლამის დეფინიციიდან (,,რეკლამის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ,,კრისტალბეთის“ მიერ წარდგენილი კომერციული რეკლამის შინაარსთან და ფორმატთან დაკავშირებით მაუწყებელს შეეძლო და უნდა შეეფასებინა იგი როგორც სამაუწყებლო რეკლამისადმი წარდგენილი მოთხოვნების დამრღვევ, არასათანადო რეკლამად, ვინაიდან მასში მონაწილეობას ღებულობს ისეთი პირი, რომელიც როგორც საზოგადოებისათვის, ისევე მედია საშუალებებისთვის საკმაოდ ცნობილი არის და რომელსაც სამაუწყებლო რეკლამაში მონაწილეობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკრძალება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ:

1. 2016 წლის 19 იანვარს, შპს „კომპანია მედიასტრიმის“ სამაუწყებლო ბადეში, პროდუქტის (საქონლი/მომსახურება) განთავსების (Product Placement) წესების დარღვევის შემცვლელი სიუჟეტის განთავსებით (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: პუნქტი 2, ქვეპუნქტები: 2.1, 2.2, 2.3), შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №13/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტი,  რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

2. შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“ მიერ თავის სამაუწყებლო ბადეში არასათანადო რეკლამის, კერძოდ, ,,კრისტალბეთის“ კომერციული რეკლამის განთავსებით, რომელშიც მონაწილეობს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ახლი ამბების (სპორტული ბლოკის) წამყვანი (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება: პუნქტი 2, ქვეპუნქტი 2.4), დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, 63-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი, კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №13/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,კომპანია მედიასტრიმის“ მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს ,,კომპანია მედიასტრიმი“  წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,კომპანია მედიასტრიმს“  უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო ბადეში არასათანადო რეკლამის, კერძოდ, ,,კრისტალბეთის“ კომერციული რეკლამის განთავსება, რომელშიც მონაწილეობს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ახლი ამბების (სპორტული ბლოკის) წამყვანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების,  63-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 691 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების,  70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2, მე-10 და მე-15 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-171 მუხლისა და 21-ე მუხლის 1-ლი და 21 პუნქტების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს ,,კომპანია მედიასტრიმს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის,  ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №13/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. შპს ,,კომპანია მედიასტრიმმა“ უზრუნველყოს არასათანადო რეკლამის, კერძოდ, ,,კრისტალბეთის“ კომერციული რეკლამის, რომელშიც მონაწილეობს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ახლი ამბების (სპორტული ბლოკის) წამყვანი, გავრცელების შეწყვეტა 3 დღის ვადაში;
  3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,კომპანია მედიასტრიმი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია)  შპს ,,კომპანია მედიასტრიმი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,კომპანია მედიასტრიმი“-სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,კომპანია მედიასტრიმი“-სთვის ჩაბარების დღიდან.

           კომისიის თავმჯდომარე                                  ვახტანგ აბაშიძე 

           კომისიის წევრი                                                  ელისო ასანიძე

           კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

           კომისიის წევრი                                                  მერაბ ქათამაძე



[1]“ Article 11. 2. Product placement shall be prohibited. 3. By way of derogation from paragraph 2, product placement shall be admissible in the following cases unless a Member State decides otherwise: (a) in cinematographic works, films and series made for audiovisual media services, sports programmes and light entertainment programmes; (b) where there is no payment but only the provision of certain goods or services free of charge, such as production props and prizes, with a view to their inclusion in a programme. The derogation provided for in point (a) shall not apply to children’s programmes. Programmes that contain product placement shall meet at least all of the following requirements: (a) their content and, in the case of  television broadcasting, their scheduling shall in no circumstances be influenced in such a way as to affect the responsibility and editorial independence of the media service provider; (b) they shall not directly encourage the purchase or rental of goods or services, in particular by making special promotional references to those goods or services; (d) viewers shall be clearly informed of the existence of product placement. Programmes containing product placement shall be appropriately identified at the start and the end of the programme, and when a programme resumes after an advertising break, in order to avoid any confusion on the part of the viewer. By way of exception, Member States may choose to waive the requirements set out in point (d) provided that the programme in question has neither been produced nor commissioned by the media service provider itself or a company affiliated to the media service provider. 4. In any event programmes shall not contain product placement of: (a) tobacco products or cigarettes or product placement from undertakings whose principal activity is the manufacture or sale of cigarettes and other tobacco products; (b) specific medicinal products or medical treatments available only on prescription in the Member State under whose jurisdiction the media service provider falls.”

[2] იხ. დირექტივის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის a) b) და d) ქვეპუნქტები

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები