წვდომის მენიუ

შპს “ტელეკომპანია მაესტროს” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №501/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ

ნომერი: 167 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 25, 2016 11:20

მიღების თარიღი მარტი 15, 2016

შპს ტელეკომპანია მაესტროს” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №501/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ტელეკომპანია მაესტრომ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2118-16 04/03/2016) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5000) მოდიფიცირების შესახებ, კერძოდ, კომპანიას სურს  თბილისის მულტიპლექსის გარდა იმაუწყებლოს შპს „სტერეო+“-ს მულტიპლექსით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №501/22 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”ტელეკომპანია მაესტრო“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-5000), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

1. მაუწყებლობის სახე:ტელემაუწყებლობა;

2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

4. მაუწყებლობის ენა: ქართული;

5. მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

6. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:
ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (თბილისის მულტიპლექსი);

ბ)ინტერნეტი (საქართველო);

გ)თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

7. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო)

ბ) ინტერნეტი - ღია (უფასო);

გ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

8. ბრენდული სახელწოდება - ”ტელეკომპანია მაესტრო”.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2016 წლის 15 მარტის სხდომას ესწრებოდა რომ შპს “ტელეკომპანია მაესტროს“ დირექტორი  ილია კიკაბიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა შპს ’სტუდია მაესტროს” (ს/კ 236080557) დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2363-16, 15.03.16), რომელსაც თან ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის განჩინება საქმეზე №2/21248-2015. კომისიაში წარმოდგენილი წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ლაშა ქოჩიაშვილმა დააკმაყოფილა ლევან გაჩეჩილაძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, კერძოდ, შპს ”ტელეკომპანია მაესტროს” (ს/კ 404480414) აეკრძალა სასაქონლო ნიშნის - ”მაესტრო Maestro” (სასაქონლო ნიშნების ბაზაში რეგისტრაციის ნომრით M2011 22188R) გამოყენება და ამ დასახელების შემცველი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით სატელევიზიო მაუწყებლობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. განჩინება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. ზემოაღნიშნულის საფუძველზე                      შპს ”სტუდია მაესტროს” დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ითხოვს არ გაიცეს ავტორიზაცია შპს ”ტელეკომპანია მაესტროზე” ბრენდული სახელწოდება ”მაესტროსა” და ამ სახელის შემცველი სხვა სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენებით მაუწყებლობის დაწყების თაობაზე.     

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 15 მარტის სხდომაზე არ განიხილება შპს ”ტელეკომპანია მაესტროსთვის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის გაცემის საკითხი (შპს ”ტელეკომპანია მაესტროს“ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გავლილი აქვს 2015 წლის 20 აგვისტოს კომისიის №501/22 გადაწყვეტილებით), არამედ საკითხი ეხება შპს ”ტელეკომპანია მაესტროს“ ავტორიზაციის მოდიფიცირებას, მხოლოდ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გავრცელების ნაწილში - შპს ”სტერეო+”-ის მულტიპლექსის საშუალებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის განჩინება არ წარმოადგენს შპს ”ტელეკომპანია მაესტროს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5000) მოდიფიცირების დამაბრკოლებელ გარემოებას. კერძოდ, კომისია აღნიშნავს, რომ კომისია მაუწყებლობის ავტორიზაციის გაცემისას არ გასცემს ამა თუ იმ სასაქონლო ნიშნით მაუწყებლობის უფლებას. შესაბამისად, მაუწყებლობის პროცესში სასაქონლო ნიშნით სარგებლობის უფლების გაცემა, ან ასეთი უფლების შეზღუდვა სცდება კომისიის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. ამასთან, კომისია ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზეც, რომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში არ არის რაიმე მითითება, რომელიც დაავალდებულებდა კომისიას არ განახორციელოს შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს  შპს ”ტელეკომპანია მაესტროს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5000) მოდიფიცირება და მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად დამატებით განისაზღვროს შპს „სტერეო+“-ს მულტიპლექსი.

კომისია  განმარტავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მაესტრომ“ უნდა იმაუწყებლოს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ზემოაღნიშნული განჩინების გათვალისწინებით, კომისიას აუცილებლად მიაჩნია, შპს ,,ტელეკომპანია მაესტროს“ დაევალოს მაუწყებლობის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე წერილობით აცნობოს კომისიას ტელეკომპანიის ბრენდული სახელწოდება, რათა ინფორმაცია ბრენდული სახელწოდების შესახებ აისახოს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია მაესტროს” მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში შპს ”ტელეკომპანია მაესტრომ” აცნობოს კომისიას აღნიშნულის თაობაზე და, ასევე, სასამართლოს მიერ მის საჩივარზე მიღებული განჩინების შესახებ. ამასთან შპს ”ტელეკომპანია მაესტროს” უნდა დაევალოს წერილობით აცნობოს კომისიას მასსა და           შპს ”სტუდია მაესტროს” შორის არსებული დავის განხილვის მიმდინარეობისას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

კომისია, ასევე, აღნიშნავს, რომ ამავე გადაწყვეტილებით შპს ”ტელეკომპანია მაესტროს“ უნდა განემარტოს ის ვალდებულებები, რაც კომპანიას გააჩნია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლისა და 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვ3იტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ტელეკომპანია მაესტროს“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5000), შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №501/22 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (თბილისის მულტიპლექსი, შპს ”სტერეო+”-ის მულტიპლექსი);”

2. დაევალოს შპს ”ტელეკომპანია მაესტროს“:

ა) მაუწყებლობის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე წერილობით აცნობოს კომისიას ტელეკომპანიის ბრენდული სახელწოდება, მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ასახვის მიზნით;

ბ) წერილობით აცნობოს კომისიას მასსა და შპს ”სტუდია მაესტროს” შორის არსებული დავის განხილვის მიმდინარეობისას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

3. განემარტოს შპს ”ტელეკომპანია მაესტროს“, რომ როგორც მაუწყებელი ის ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტელეკომპანია მაესტროსთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება  (ნ. ჯანელიძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს ”ტელეკომპანია მაესტროსთვის” გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                 გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები