შპს ,,ტელეკომპანია კავკასიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2016 12:54
მიღების თარიღი მარტი 17, 2016
შპს ,,ტელეკომპანია კავკასიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2016 წლის 9 თებერვალს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 9 თებერვლის №10/1230-16 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ 2016 წლის 17 და 18 იანვრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,ტელეკომპანია კავკასია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებს შემდეგ მხატვრულ ფილმებს: „Family Man”, “Everyone says I love you”, „Fifth Element”, „Charlies Angels“, „Sherlok Holmes“, „Pirates of the Caribbean“, „Devil Wears Prada“, „Valentines Day“, „Alice in Wonderland“, „Kate and Leopold“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 9 თებერვლის №10/1230-16 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიამ 2016 წლის 20 იანვარს №04/218-16 წერილით მიმართა შპს ,,ტელეკომპანია კავკასიას“ და მოსთხოვა მას ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში 2016 წლის 29 იანვარს შემოვიდა შპს ,,ტელეკომპანია კავკასიის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/943-16; 29.01.2016), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,ტელეკომპანია კავკასია“ ადასტურებს ზემოაღნიშნული მხატრული ფილმების საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსებას, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმეტაციის გარეშე და აღნიშნავს, რომ მხატრული ფილმები ტექნიკური მიზეზების გამო შეცდომით განთავსდა წინა წლის პაკეტიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენება ხორციელდებოდა არამართლზომიერად.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 9 თებერვლის №10/1230-16 სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის პირველ მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია კავკასიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 10 მარტს, რის შესახებ შპს ,,ტელეკომპანია კავკასიას“ გაეგზავნა დაზღვეული წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებება კომპანიას 2016 წლის 4 მარტს ჩაბარდა (გზავნილის კოდი: AP01000418122). შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის 9 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: 09.03.2016; N6/2217-16) სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ტელეკომპანია კავკასია“ ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლებს 2016 წლის 10 მარტის კომისიის სხდომაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობის უზრუნველყოფას, რის გამოც კომპანია ითხოვს სხდომის ერთი კვირით გადადებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 10 მარტის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, გამოქვეყნდა შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ 2016 წლის 9 მარტის განცხადება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, რომელიც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და შპს „ტელეკომპანია კავკასიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგელობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო 2016 წლის 17 მარტს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ ეცნობა შეტყობინებით.
2016 წლის 17 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევა და განმარტა, რომ კომპანიას არ გააჩნია მითითებულ დღეებში ზემოაღნიშნული მხატრული ფილმების მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვინაიდან აღნიშნული მხატრული ფილმები ტექნიკური მიზეზების გამო შეცდომით განთავსდა შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ სამაუწყებლო ბადეში.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 9 თებერვლის №10/1230 -16 სამსახურებრივი ბარათი;
2. სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი – 1 CD;
3. კომისიის 2016 წლის 20 იავნრის №04/218 – 16 წერილი, მისი შპს „ტელეკომპანია კავკასიისათვის“ გაგზავნისა და აღნიშნული წერილის კომპანიისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. შპს ,,ტელეკომპანია კავკასიის“ 2016 წლის 29 იანვრის საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/943-16; 29.01.2016);
5. შპს ,,ტელეკომპანია კავკასიის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
6. შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ 2016 წლის 9 მარტის N6/2217-16 განცხადება სხდომის გადადების თაობაზე;
7. შპს ,,ტელეკომპანია კავკასიის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება 2016 წლის 17 მარტის კომისიის სხდომაზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს ,,ტელეკომპანია კავკასია“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-232; ავტორიზაციის თარიღი: 14/07/2015; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; გავრცელების ტექნოლოგია და გეოგრაფიული არეალი: თანამგზავრული (საქართველო), ციფრული (თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, თელავის, ფოთის, ქუთაისის მულტიპლექსები) საშუალებით, ინტერნეტი (საქართველო), სხვა ტექნოლოგია;
- შპს ,,ტელეკომპანია კავკასია“ როგორც ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ 2016 წლის 17 და 18 იანვრის სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი;
- 2016 წლის 17 და 18 იანვრის მდგომარეობით შპს „ტელეკომპანია კავკასია“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა შემდეგ მხატრულ ფილმებს: „Family Man”, “Everyone says I love you”, „Fifth Element”, „Charlies Angels“, „Sherlok Holmes“, „Pirates of the Caribbean“, „Devil Wears Prada“, „Valentines Day“, „Alice in Wonderland“, „Kate and Leopold“;
- კომისიამ 2016 წლის 20 იანვრის №04/218-16 წერილით შპს ,,ტელეკომპანია კავკასიას“ მოსთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული მხატრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- 2016 წლის 17 და 18 იანვრის მდგომარეობით შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ არ გააჩნდა და კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი მხატვრული ფილმების: „Family Man”, “Everyone says I love you”, „Fifth Element”, „Charlies Angels“, „Sherlok Holmes“, „Pirates of the Caribbean“, „Devil Wears Prada“, „Valentines Day“, „Alice in Wonderland“, „Kate and Leopold“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.);
- შპს ,,ტელეკომპანია კავკასია“ , როგორც ავტორიზებული მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის შესაბამისად ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- შპს ,,ტელეკომპანია კავკასიის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით) და ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
- ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს საავტოროდამომიჯნავეუფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტოროდამომიჯნავეუფლებებისშესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ მხატვრული ფილმების: „Family Man”, “Everyone says I love you”, „Fifth Element”, „Charlies Angels“, „Sherlok Holmes“, „Pirates of the Caribbean“, „Devil Wears Prada“, „Valentines Day“, „Alice in Wonderland“, „Kate and Leopold“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე გადაცემით, შპს ,,ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუქნტები, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეკომპანია კავკასიას“ უნდა მიეთითოს, რომ იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო პროდუქციის არამართლზომიერი გავრცელება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ტელეკომპანია კავკასიას“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლებისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელეკომპანია კავკასიისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ტელეკომპანია კავკასიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ტელეკომპანია კავკასიისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია კავკასიისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელს (ე. ჭახრაკია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
