შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2016 15:57
მიღების თარიღი მარტი 17, 2016
შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2016 წლის 30 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 თებერვლის 16.02.16 №შ-10/1420-16-15, 16.02.16 №შ-10/1423-16-15, 16.02.16 №შ-10/1424-16-15, 16.02.16 №შ-10/1426-16-15 სამსახურებრივი ბარათები თანდართული მასალით -2 CD, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 18 და 19 იანვარს განხორციელდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ („არ დაიდარდო”, „ფორტუნა+“, „ფორტუნა“, „ავტორადიო“) მონიტორინგი სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ რადიო ეთერებში რიგი გადაცემების სპონსორზე მითითებისას ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლები შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 11 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 17 მარტს, რის თაობაზეც შპს „რადიო ფორტუნა ჰოლდინგს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2016 წლის 17 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი გვანცა წერეთელი, რომელმაც აღიარა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი; მისი განმარტებით, ახალამოქმედებული იყო საკანონმდებლო ცვლილება სპონსორობის წესთან დაკავშირებით და მაუწყებელმა ვერ მოასწრო სამაუწყებლო ბადის დროული კორექტირება. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ სამაუწყებლო ბადეებში დარღვევა უკვე აღმოფხვრილია.
კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 თებერვლის 16.02.16 №შ-10/1420-16-15, 16.02.16 №შ-10/1423-16-15, 16.02.16 №შ-10/1424-16-15, 16.02.16 №შ-10/1426-16-15 სამსახურებრივი ბარათები თანდართული მასალით (2 ცალი CD);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ შესახებ;
- შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენლის გვანცა წერეთლის მიერ კომისიის 2016 წლის 17 მარტის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ გარდა სხვა რადიომაუწყებლობის ლიცენზიებისა, კომისიის 2007 წლის 15 ივნისის N329/1 გადაწყვეტილების, 2012 წლის 30 იანვრის N108/6 გადაწყვეტილების, 2013 წლის 28 ოქტომბრის N640/22 გადაწყვეტილების, 2015 წლის 25 მარტის N152/6 გადაწყვეტილებისა და 2015 წლის 24 დეკემბრის N813/22 გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს N B63, N B66, N B78 და N B89 რადიომაუწყებლობის ლინცენზიების მფლობელ პირს.
2. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კუთვნილი რადიო ბრენდული სახელწოდებით „არ დაიდარდოს“ (ლიცენზია N B78) რიგი გადაცემების (ამინდის, სიმღერის და ა.შ.) სპონსორები არიან -„მათე მოტორსი“ და „ზედაზენი“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 18 იანვარს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სპონსორზე მითითების ფარგლებში ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლები შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას. კერძოდ:
09:24 საათი - „ზედაზენის“- სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია შემდეგი: „კვირის ჰიტის სპონსორია „ზედაზენი“. ჩემი საღამო იწყება მაშინ, როცა იხსნება ლუდი „ზედაზენი“. ყოველი წვეთი სავსეა სიამოვნებით. ეს ჩემი ლუდია, ეს ჩემი არჩევანია. „ზედაზენი“ - აბა, რა!
10:38 საათი - „პსპ“-სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია შემდეგი: „ამინდის პროგნოზს წარმოგიდგენთ „პსპ“. შემოუერთდით „პსპ“-ს საახალწლო აქციას, მიართვით საყვარელ ადამიანს საჩუქარი და თავადაც მიიღეთ საჩუქარი. ისარგებლეთ ევროპულ კოსმეტიკურ საშუალებებზე 50% ფასდაკლებით. „პსპ“ გილოცავთ შობა-ახალ წელს.“
12:14 საათი - „ვისოლის“ - „პსპ“-სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია შემდეგი: „ქალაქური სიმღერის სპონსორია „ვისოლი“. ეკოპრემიუმი, ეკოსუპერი და ეკოდიზელი - ყველასაგან გამორჩეული და ყველასათვის კარგად ცნობილი უმაღლესი ხარისხის ეკოსაწვავი „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე. „ვისოლი“ - ხარისხი, რომელსაც ვენდობი.“
3. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კუთვნილი რადიო ბრენდული სახელწოდებით „ფორტუნა+”-ს (ლიცენზია N B66) რიგი გადაცემების (ამინდის, სიმღერის და ა.შ.) სპონსორები არიან -„მათე მოტორსი“ და „ზედაზენი“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 19 იანვარს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სპონსორზე მითითების ფარგლებში ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლები შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას. კერძოდ:
09:38 საათი - „მათე მოტორსის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია შემდეგი: „ამინდის პროგნოზის სპონსორია „მათე მოტორსი“. ექსკლუზიურად მხოლოდ „მათე მოტორსის“ ახალ ცენტრში გრანდიოზული აქცია გერმანული წარმოების კასტორისა და მობილის საავტომობილო ზეთებზე. გამოცვალე ზეთი „მათე მოტორსში“ და მიიღე 30 % ფასდაკლება სრულ სერვისზე. ეს „მათე მოტორსია.“
10:38 საათი, 11:39 საათი- „ამინდის პროგნოზის სპონსორია „მათე მოტორსი“. პირველად საქართველოში ექსკლუზიურად „მათე მოტორსის“ ახალ ცენტრში მხოლოდ ერთი თვით 30 პროცენტიანი ფასდაკლების აქცია „ტოიოტას“, „ნისანის“ და “მიცუბიშის“ მარკის პიკაპების სერვისზე. ყველაფერი, რაც თქვენი პიკაპისთვის გჭირდებათ. 2 0005 05“
09:38 საათი, 10:38საათი, 11:39 საათი - „ზედაზენის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია შემდეგი: ჰიტის სპონსორია „ზედაზენი“. ჩემი საღამო იწყება მაშინ, როცა იხსნება ლუდი „ზედაზენი“. ყოველი წვეთი სავსეა სიამოვნებით. ეს ჩემი ლუდია, ეს ჩემი არჩევანია. „ზედაზენი“ - აბა, რა!
4. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კუთვნილი რადიო ბრენდული სახელწოდებით „ფორტუნას“ (ლიცენზია N B63) რიგი გადაცემების (ამინდის, სიმღერის და ა.შ.) სპონსორიები არიან -„ვენდი“, „ვისოლი“, „თი ბი სი ბანკი“, „ახალი ნათება“, „სმარტი“ და „ზედაზენი“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 18 იანვარს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სპონსორზე მითითების ფარგლებში ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლები შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას. კერძოდ:
12:05 საათი– „ვენდის“ სასპონსორო მითთებაში აღნიშნულია შემდეგი: „დილის ეთერის სპონსორია „ვენდი“. გიყვარს სიახლე? გაინტერესებს, როგორია ყველაზე გამორჩეული და გემრიელი ბურგერი? მაშინ შენ აუცილებლად უნდა ეწვიო „ვენდის“ რესტორნებსა და დააგემოვნო ჩვენი უნიკალური ოთხკუთხედი საფირმო ბურგერები ახლა უკვე ოთხკუთხა ფუნთუშაში. „ვენდი“.
12:05 საათი - „ვისოლის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია შემდეგი: სიმღერის სპონსორია „ვისოლი“. ეკოპრემიუმი. ეკოსუპერი და ეკოდიზელი - ყველასაგან გამორჩეული და ყველასათვის კარგად ცნობილი უმაღლესი ხარისხის ეკოსაწვავი „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე.
„ვისოლი“ - ხარისხი, რომელსაც ვენდობი.“
12:39 საათი - „თი ბი სი ბანკის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია შემდეგი: „ამინდის პროგნოზს წარმოგიდგენთ „თი ბი სი ბანკი“. მსოფლიოს წამყვანი ჟურნალის - „გლობალ ფაინანსის“ მიერ აღიარებული საუკეთესო ბანკი საქართველოში. „თი ბი სი ბანკი“ - თქვენს გვერდით“.
12:39 საათი - “ახალი ნათებას“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია შემდეგი:
„ამინდის პროგნოზის სპონსორია „ახალი ნათება“. საახალწლო განწყობა განათებით იწყება. „ახალი ნათებისა“ და „ფორუმის“ მაღაზიათა ქსელში 20% ფასდაკლება სრულ კოლექციაზე-სპეციალური შეთავაზებები და სიურპრიზები. „ახალი ნათება“ და „ფორუმი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს“.
12:39 საათი - „ზედაზენის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია შემდეგი:
„ზედაზენი“ - ეს დასაწყისია. დასაწყისი მეგობრობის, ურთიერთობის, პოზიტივის, სიყვარულის, მოგონებების. ლუდი „ზედაზენი“ - გახსენი დასაწყისი. ლუდი „ზედაზენი“ - აბა, რა!“
13:05 საათი - „სმარტის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია შემდეგი: „დილის ეთერის სპონსორია „სმარტი“. 20 ათასი დასახელების პროდუქტი, 300-მდე სახეობის საკუთარი წარმოების უგემრიელესი კულინარიული ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული, ქართული, ყოველდღიურად ახალი ხორცი და თევზეული. ეწვიეთ „სმარტს“ საბურთალოს ქუჩაზე 24 საათის განმავლობაში და შეიგრძენით ხარისხი დეტალებში“.
5. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კუთვნილი რადიოს, ბრენდული სახელწოდებით „ავტორადიოს“ (ლიცენზია N B89) რიგი გადაცემების (ამინდის, სიმღერის და ა.შ.) სპონსორები არიან -„ვისოლი“ და „ზედაზენი“. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 18 და 19 იანვარს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სპონსორზე მითითების ფარგლებში ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლები შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას,კერძოდ:
18 იანვარი
12:11 საათი - „ზედაზენის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია შემდეგი: „ზედაზენი“- ეს დასაწყისია. დასაწყისი მეგობრობის, ურთიერთობის, პოზიტივის, სიყვარულის, მოგონებების. ლუდი „ზედაზენი“ - გახსენი დასაწყისი. ლუდი „ზედაზენი“ - აბა, რა!“
12:57 საათი - „ვისოლის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნული შემდეგი: სიმღერის სპონსორია „ვისოლი“. ეკოპრემიუმი. ეკოსუპერი და ეკოდიზელი - ყველასაგან გამორჩეული და ყველასათვის კარგად ცნობილი უმაღლესი ხარისხის ეკოსაწვავი „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე. „ვისოლი“ - ხარისხი, რომელსაც ვენდობი.“
19 იანვარს 12:16 სთ-ზე მეორდება იდენტური აუდიო რგოლი სპონსორზე მითითებით.
6. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიმართ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით;
- ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით;
- კომისიის 2007 წლის 15 ივნისის N329/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 2012 წლის 30 იანვრის N108/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 2013 წლის 15 ოქტომბრის N640/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 2015 წლის 25 მარტის N152/6 გადაწყვეტილების მე- 4 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ სალიცენზიო ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლობის პროცესში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობა.
შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ სამაუწყებლო ბადეში, სპონსორობის განთავსების წესების დარღვევით, კომპანიის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, კომისიის 2007 წლის 15 ივნისის N329/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 2012 წლის 30 იანვრის N108/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი, 2013 წლის 28 ოქტომბრის N640/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი და 2015 წლის 25 მარტის N152/6 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ წარმომადგენლის განცხადების მიუხედავად, კომპანიის მიერ დარღვევის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, უტყუარ ინფორმაციას არ ფლობს კომისია, შესაბამისად, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, უნდა აეკრძალოს სპონსორობის წესების დარღვევის შემცველი ინფორმაციის განთავსება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის , მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, კომისიის 2007 წლის 15 ივნისის N329/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 2012 წლის 30 იანვრის N108/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 2013 წლის 28 ოქტომბრის N640/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 2015 წლის 25 მარტის N152/6 გადაწყვეტილების მე- 4 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
- შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში შეწყვიტოს სპონსორობის წესების დარღვევის შემცველი ინფორმაციის გავრცელება;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასათვის“ ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
