შპს ,,სამაუწყებლო სახლი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2016 18:07
მიღების თარიღი მარტი 17, 2016
შპს ,,სამაუწყებლო სახლი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2016 წლის 16 თებერვალს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 თებერვლის №შ-10/1425-16 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, 2016 წლის 25 იანვარს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ (,,შანსონი“) მონიტორინგი სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ (,,შანსონი“) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული რიგი გადაცემების (ამინდი; სიმღერა და ა.შ.) სპონსორზე მითითება შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას. კერძოდ, 08:04 სთ-ზე, 09:04 სთ-ზე და 10:04-სთ-ზე ეთერში გადაცემულ სასპონსორო მითითებებში აღნიშნულია: ,,საათის გამოცხადების სპონსორია ლიმონათი ,,ჰერეთი“ - ქართული ხილის გემო. ლიმონათი ,,ჰერეთი“ - შვიდი სახეობის განსაკუთრებულად გემრიელი ლიმონათი. ლიმონათი ,,ჰერეთი“ უკვე გაყიდვაშია. ყველას სჯობს ერთი - ლიმონათი ,,ჰერეთი“. ტელეფონი: 0790701717“. აქედან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 9 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო სახლი“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 17 მარტს, რის თაობაზეც შპს ,,სამაუწყებლო სახლს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის 17 მარტს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ წარმომადგენელი, რომელმაც აღიარა სამართალდარღვევა და აღნიშნა, რომ კომისიისგან შეტყობინების მიღებისთანავე, კომპანიის მიერ შეწყდა სპონსორობის განთავსების წესების დარღვევის შემცვლელი სიუჟეტის გავრცელება.
კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 თებერვლის №შ-10/1425-16 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ შესახებ;
4. შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2016 წლის 17 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის 2014 წლის 20 მარტის №153/1 და №154/1 გადაწყვეტილებებით შპს ,,სამაუწყებლო სახლს“ მიეცა №B160 და №B161, ხოლო 2013 წლის 11 ივლისის №439/5 გადაწყვეტილებით გადაეცა შპს ,,ფოლკ რადიოს“ №B98 და №B144 კერძო სპეციალიზირებული მაუწყებლობის ლიცენზიები ამავე ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობებით, რომლებიც მოდიფიცირდნენ კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22 გადაწყვეტილებით (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა. ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა. ქვესახეობა: სპეციალიზირებული (გასართობი) მაუწყებლობა). კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014 წლის 20 მარტის №153/1 და №154/1 გადაწყვეტილებების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტისა და 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,სამაუწყებლო სახლი“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
2. 2016 წლის 25 იანვარს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ (,,შანსონი“) სამაუწყებლო ბადეში 09:04 სთ-ზე, 10:04 სთ-ზე და 11:04-სთ-ზე განთავსებული რიგი გადაცემების (ამინდი; სიმღერა და ა.შ.) სპონსორზე მითითება შეიცავს საქონლის შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას. კერძოდ, სასპონსორო მითითებებში აღნიშნულია: ,,საათის გამოცხადების სპონსორია ლიმონათი ,,ჰერეთი“ - ქართული ხილის გემო. ლიმონათი ,,ჰერეთი“ - შვიდი სახეობის განსაკუთრებულად გემრიელი ლიმონათი. ლიმონათი ,,ჰერეთი“ უკვე გაყიდვაშია. ყველას სჯობს ერთი - ლიმონათი ,,ჰერეთი“. ტელეფონი: 0790701717“. აღნიშნული გადაცემების გავრცელება გრძელდება დღემდე.
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ მიმართ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობა. შპს „სამაუწყებლო სახლის“ სამაუწყებლო ბადეში, სპონსორობის წესების დარღვევის შემცვლელი სიუჟეტის განთავსებით, შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014 წლის 20 მარტის №153/1 და №154/1 გადაწყვეტილებების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტი და 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს ,,სამაუწყებლო სახლი“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,სამაუწყებლო სახლს“ უნდა აეკრძალოს სპონსორობის წესების დარღვევის შემცველი სიუჟეტების გავრცელება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს ,,სამაუწყებლო სახლს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 2014 წლის 20 მარტის №153/1 და №154/1 გადაწყვეტილებების მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტისა და 2008 წლის 28 მარტის №160/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
- დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) შპს ,,სამაუწყებლო სახლის“ მონიტორინგის განხორციელება სპონსორობის წესების დარღვევის შემცველი სიუჟეტის გავრცელების შეწყვეტის დადგენის მიზნით;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,სამაუწყებლო სახლი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს ,,სამაუწყებლო სახლი“-სთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს ,,სამაუწყებლო სახლი“-სთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო სახლი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
