ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2016 10:57
მიღების თარიღი მარტი 17, 2016
ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2016 წლის 16 თებერვალს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 თებერვლის №შ-10/1422-16 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, 2016 წლის 18 იანვარს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მონიტორინგი სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ რიგი გადაცემების სპონსორები არიან ,,სანდომი“ და შპს ,,პური“, რომლებზეც მითითებისას ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისკენ პირდაპირ მოწოდებას. კერძოდ:
1. (11:02) ,,სანდომის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია: ,,კასეტების ჰიტების სპონსორია ,,სანდომი“. იმოგზაურე ,,სანდომის“ საახალწლო ზღაპარში და დააგემოვნე ,,სანდომის“ უგემრიელესი თაფლკვერი, ლუხუმის ნაირსახეობა, მარიო და ბლითები. ,,სანდომის“ კრეკერები თქვენი პატარებისათვის. ,,სანდომი“ - ყველაზე ტკბილი საახალწლო ზღაპარი.“
შპს ,,პურის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია: ,,საათის ჰიტის სპონსორია შპს ,,პური“. შპს ,,პური“ გთავაზობთ ,,დიაპურს“. ის სამკურნალო თვისებებით გამორჩეულია და საუკეთესოა დიაბეტით დაავადებულთათვის, კარგია ჭარბი წონის დროს და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. ,,დიაპური“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნებდართულია, როგორც დიაბეტური და დიეტური პური“ .
2. (11:13) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ახალი ამბების (სპორტული ბლოკის) წამყვანი დიმა ობოლაძე ახდენს - ,,კრისტალბეთის“ რეკლამას: „მეგაბონუსი ,,კრისტალბეთისაგან“ - შანსის ნაცვლად რეალობა. მხოლოდ ,,კრისტალბეთი“ გთავაზობთ ორმაგის ნაცვლად სამმაგ თანხას. ამიერიდან ჩვენთან ფსონები უფრო დაზღვეული და უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვაგან. მიიღე ყველაზე მეტი ,,კრისტალბეთზე“. (ხანგრძლივობა: 00:17 წამი).
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, ხოლო 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგიში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 10 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 17 მარტს, რის თაობაზეც ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის 17 მარტს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ წარმომადგენელი, რომელმაც აღიარა სამართალდარღვევა და აღნიშნა, რომ კომისიისგან შეტყობინების მიღებისთანავე, კომპანიის მიერ შეწყდა არასათანადო რეკლამისა და სპონსორობის განთავსების წესების დარღვევის შემცვლელი სიუჟეტის გავრცელება.
კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 თებერვლის №შ-10/1422-16 სამსახურებრივი ბარათი და კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ შესახებ;
3. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის ოფიციალური ინტერნეტ ვებ გვერდი http://rustavi2.com/ka/shows/kurieri;
4. ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2016 წლის 17 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1 და 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებებით ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიეცა კერძო მაუწყებლობის №B93 და №B96 ლიცენზიები, რომლებიც მოდიფიცირდნენ კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22 გადაწყვეტილებით (მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა. მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა). კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1 და 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილებების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტით, ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა.
2. 2016 წლის 18 იანვარს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა:
2.1. ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ სამაუწყებლო ბადეში 2016 წლის 18 იანვარს, 11:02 სთ-ზე განთავსებულ ,,სანდომის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია: ,,კასეტების ჰიტების სპონსორია ,,სანდომი“. იმოგზაურე ,,სანდომის“ საახალწლო ზღაპარში და დააგემოვნე ,,სანდომის“ უგემრიელესი თაფლკვერი, ლუხუმის ნაირსახეობა, მარიო და ბლითები. ,,სანდომის“ კრეკერები თქვენი პატარებისათვის. ,,სანდომი“ - ყველაზე ტკბილი საახალწლო ზღაპარი“ , ხოლო 11:14 სთ-ზე განთავსებულ შპს ,,პურის“ სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია: ,,საათის ჰიტის სპონსორია შპს ,,პური“. შპს ,,პური“ გთავაზობთ ,,დიაპურს“. ის სამკურნალო თვისებებით გამორჩეულია და საუკეთესოა დიაბეტით დაავადებულთათვის, კარგია ჭარბი წონის დროს და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. ,,დიაპური“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნებდართულია, როგორც დიაბეტური და დიეტური პური“ .
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ რიგი გადაცემების სპონსორებზე მითითებისას ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისკენ პირდაპირ მოწოდებას.
2.2. ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ სამაუწყებლო ბადეში 2016 წლის 18 იანვარს, 11:13 სთ-ზე სამაუწყებლო ბადეში განთავსდა ,,კრისტალბეთის“ კომერციული რეკლამა, რომელშიც მონაწილეობს შპს „სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, კერძოდ, საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ახლი ამბების (სპორტული ბლოკის) წამყვანი ახდენს ,,კრისტალბეთის“ რეკლამას: „მეგაბონუსი ,,კრისტალბეთისაგან“ - შანსის ნაცვლად რეალობა. მხოლოდ ,,კრისტალბეთი“ გთავაზობთ ორმაგის ნაცვლად სამმაგ თანხას. ამიერიდან ჩვენთან ფსონები უფრო დაზღვეული და უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვაგან. მიიღე ყველაზე მეტი ,,კრისტალბეთზე“ (ხანგრძლივობა: 00:17 წამი).
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიმართ განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
5. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.
7. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.
9. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
10. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, რეკლამის გამავრცელებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო- და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით.
11. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო 21 სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობა. მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ასევე ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი). მან არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი). კომისიას გათავისებული აქვს ის გარემოებაც, რომ რეკლამის დამკვეთის მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის შინაარსის არასათანადო რეკლამად შეფასებისას მაუწყებელი ყოველთვის არაა დაცული შეცდომისაგან, არასწორი შეფასებისაგან და სხვ., გამომდინარე თავად არასათანადო რეკლამის დეფინიციიდან (,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ,,კრისტალბეთის“ მიერ წარდგენილი კომერციული რეკლამის შინაარსთან და ფორმატთან დაკავშირებით მაუწყებელს შეეძლო და უნდა შეეფასებინა იგი როგორც სამაუწყებლო რეკლამისადმი წარდგენილი მოთხოვნების დამრღვევ, არასათანადო რეკლამად, ვინაიდან მასში მონაწილეობას ღებულობს ისეთი პირი, რომელიც როგორც საზოგადოებისათვის, ისევე მედია საშუალებებისთვის საკმაოდ ცნობილი არის და რომელსაც სამაუწყებლო რეკლამაში მონაწილეობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკრძალება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ:
1. ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ სამაუწყებლო ბადეში, სპონსორობის განთავსების წესების დარღვევის შემცვლელი სიუჟეტის განთავსებით, კომპანიის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
2. ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიერ, თავის სამაუწყებლო ბადეში არასათანადო რეკლამის, კერძოდ, ,,კრისტალბეთის“ კომერციული რეკლამის განთავსებით, რომელშიც მონაწილეობს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ახლი ამბების (სპორტული ბლოკის) წამყვანი (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება: პუნქტი 2, ქვეპუნქტი 2.2), დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, 63-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი, კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
კომისიის 2015 წლის 26 თებერვლის №114/8 გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელების გამო, რითაც მის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი (იარაღის რეკლამა) და კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის N809/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი. ამასთან ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ დაევალა იარაღის რეკლამის ეთერიდან დაუყოვნებლივ ამოღება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2013 წლის 26 დეკემბრის №ბს-177-170(კ-13) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ, შესაბამისი კანონის ნორმებთან ერთად, უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევის ჩადენისათვის სანქციის შეფარდების წესებს ადგენენ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.
საკასაციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სხვადასხვა დროს ჩადენილი ორი ან მეტი სამართალდარღვევის შემთხვევაში, ისინი ერთმანეთისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, მხოლოდ განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მიიჩნევა (ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი). საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პირის მიერ ერთდროულად სხვადასხვა მუხლით (მუხლის სხვადასხვა ნაწილით ან პუნქტით) განსაზღვრული რამდენიმე (ორი ან მეტი) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი, თუ საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, სამართალდამრღვევს უნდა დაედოს ერთი სახდელი, იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიერ ადგილი არ აქვს წლის განმავლობაში განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის , მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-171 მუხლისა და 21-ე მუხლის 1-ლი და 21 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე და 36 მუხლების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
- დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ მონიტორინგის განხორციელება სპონსორობის წესების დარღვევის შემცველი სიუჟეტისა და არასათანადო რეკლამის გავრცელების შეწყვეტის დადგენის მიზნით;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ ,,მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ ჩაბარების დღიდან.
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
