წვდომის მენიუ

სს „სილქნეტსა“ და შპს „ახტელს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 186 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 20, 2016 10:53

მიღების თარიღი მარტი 22, 2016

სს „სილქნეტსა“ და შპს „ახტელს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 9 მარტს სს „სილქნეტმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (Nშ-6/2219-16) შპს „ახტელთან“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების თაობაზე დავის განხილვის მოთხოვნით. აღნიშნული განცხადების (09.03.2016 Nშ-6/2219-6) თანახმად, სს „სილქნეტმა“ მიმართა (30.09.2015 N4300/07-8) შპს „ახალ ქსელებს“ თბილისში, ვარკეთილი 3-ის გარკვეულ მიკრორაიონებში შპს „ახალი ქსელების“ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხთან დაშვების მოთხოვნით (15 მმ/მდე ოპტიკური კაბელის განთავსების პირობით). შპს „ახალი ქსელებისათვის“ გაგზავნილ წერილს თან ერთვოდა კონკრეტული მისამართების ჩამონათვალი, ნახაზი, რომელზედაც დაფერილი იყო საკანალიზაციო არხების ის მონაკვეთები, სადაც „სილქნეტს“ სურდა ზემოაღნიშნული მომსახურებით სარგებლობა, ასევე კოორდინატები, მოცემული GIS ფორმატში. ამავე წერილით სს „სილქნეტმა“ მოსთხოვა შპს „ახალ ქსელებს“ შესაბამისი ტექნიკური პირობა და კომერციული წინადადება.

შპს „ახალ ქსელებთან“ აფილირებულმა პირმა შპს „ახტელმა“ სს „სილქნეტს“ წერილობით აცნობა (30.10.2015 N2/1/583/მ.ი.), რომ შპს „ახტელში“ მუშავდებოდა პროექტი, თბილისში ვარკეთილი 3-ის დასახლებაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით და ტექნიკური პირობისა და აღნიშნულიდან გამომდინარე, კომერციული წინადადების წარსადგენად, ესაჭიროებოდა სს „სილქნეტის“ საკაბელო ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით მუშა-პროექტის წარდგენა.

სს „სილქნეტმა შპს „ახტელს“ აცნობა (06.11.15 N4848/07-8), რომ მის მიერ წარდგენილი იყო ამომწურავი ინფორმაცია (კომერციული მონაკვეთების კოორდინატთა სისტემის მიხედვით, სიგრძე, განსათავსებელი კაბელის ტიპი და დიამეტრი), რომელიც საჭირო იყო ტექნიკური პირობისა და კომერციული წინადადების სს „სილქნეტისათვის“ წარსადგენად. ამავე წერილით კომპანიას კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სს „სილქნეტი“ შპს „ახტელისაგან“ ითხოვს კომერციული წინადადების ანუ 1 კმ საკანალიზაციო არხთან დაშვების ტარიფის წარმოდგენას, რის შემდეგაც ტარიფის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, დამატებით აცნობებდნენ ტექნიკური პირობის მომზადების აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნულ წერილზე შპს „ახტელმა“ სს სილქნეტს უპასუხა (17.11.2015 N2/1/613/მ.ი.), რომ ტარიფის წარდგენა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სს „სილქნეტის“ მიერ მუშა პროექტის მიწოდების შემდგომ.

სს „სილქნეტის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  სს „სილქნეტმა“ კომისიას მომართა (წერილი 03.12.2015  N5185/05-8) და აცნობა შპს „ახტელთან“ მიმოწერის დეტალები, ელექტრონულ საკანალიზაციო არხთან სს „სილქნეტის“ დაშვებასთან დაკავშირებით და მოითხოვა კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლა, თუ რამდენად შეესაბამებოდა შპს „ახტელის“ ქმედება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის მოთხოვნებს; აღნიშნული წერილის საფუძველზე კომისიამ მიმართა შპს „ახტელს“ და მოსთხოვა კომისიაში საკომუნიკაციო კანალიზაციასთან დაშვების ტარიფის წარმოდგენა და ამავე დროს, ქსელის თავისუფალ რესურსებთან დაშვების პირობების, მათ შორის ტარიფების შესახებ ინფორმაციის სს „სილქნეტისათვის“ მიწოდება.  განმცხადებლის განმარტებით, კომისიაში დავის აღძვრამდე სადაო საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არც კომისიისგან და არც შპს „ახტელისაგან“ არ მიუღია.

სს „სილქნეტს“ განცხადების (09.03.2015 Nშ-6/2219-16) სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს:

 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს ავტორიზებული პირის ვალდებულებას კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის  წარდგენასთან დაკავშირებით;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევისათვის გათვალისწინებულია ავტორიზებული პირისათვის შესაბამისი სანქციის დაკისრება.

სს „სილქნეტის“ მოთხოვნები:

1. განიხილოს კომისიამ დავა სს „სილქნეტსა“ და შპს „ახტელს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვებასთან დაკავშირებით;

2. შპს „ახტელს“ დაევალოს, ქსელის თავისუფალ რესურსებთან დაშვების პირობების, მათ შორის ტარიფების შესახებ ინფორმაციის სს „სილქნეტისათვის“ წარდგენა;

3. შპს „ახტელისათვის“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

სს ,,სილქნეტის“ განცხადების (09.03.2016 Nშ-6/2219-6) საფუძველზე, სს „სილქნეტსა და შპს „ახტელს“ შორის დავის განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2016 წლის 22 მარტს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ როგორც სს „სილქნეტს“, ისე შპს „ახტელს“ და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

2016 წლის 22 მარტს კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები კახი ყურაშვილი და ნინო ნიჟარაძე, ასევე შპს „ახტელის“ წარმომადგენელი ხათუნა ინჯია.

შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა ხ. ინჯიამ კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოადგინა შპს „ახტელის“ შესაგებელი.

შპს „ახტელის“ შესაგებელში აღნიშნულია, რომ შპს „ახტელი“ მზადაა განიხილოს ავტორიზებული პირის მოთხოვნა საკანალიზაციო არხთან დაშვების თაობაზე, რისთვისაც კომპანიას ესაჭიროება მოთხოვნის შესაბამისი ტექნიკური პირობების ცოდნა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაშვება თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და საშუალებებთან ხორციელდება, იმ ოპერატორის პირობების შესაბამისად, რომელიც ახორციელებს დაშვების მომსახურებას. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ავტორიზებულ პირს ანიჭებს უფლებას დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების ტარიფები. შპს „ახტელი“ ასევე აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო არხებთან დაშვების მავალდებულებელი ნორმები უფლებას აძლევს, მოითხოვოს ტექნიკური პროექტი და პირობები დაშვების მსურველი ოპერატორისაგან და ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში, დაშვება მოახდინოს, მის მიერ დადგენილი ტექნიკური და ფინანსური პირობებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, შპს „ახტელს“ მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან შპს „ახტელის“ მხრიდან არ მომხდარა კანონის დარღვევა. ასევე აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“, მუშა პროექტის შპს „ახტელისათვის“ წარდგენაზე უარის თქმით, თავად არღვევს შპს „ახტელის“ უფლებას, თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მის კუთვნილ საკანალიზაციო არხებთან დაშვება ტექნიკურად და ფინანსურად გამართული პირობებით. მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი იქნა ორ ეგზემპლიარად; კომისიის სხდომაზე  ერთი ეგზემპლიარი გადაეცათ სს „სილქნეტის“ წარმომადგენლებს.

კომისიის 2016 წლის 22 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა კ. ყურაშვილმა და ნ. ნიჟარაძემ წარმოადგინეს CD და განმარტეს, რომ აღნიშნული CD ერთვოდა სს „სილქნეტის“ მიერ 2015 წლის 30 სექტემბერს შპს „ახალი ქსელებისათვის“ დაშვებასთან დაკავშირებით გაგზავნილ N4300/07-8 წერილს და შეიცავს ინფორმაციას იმ კონკრეტული მისამართების, კონკრეტული კოორდინატების, კონკრეტული A და B წერტილებისა და კონკრეტული მიმართულებების შესახებ, რომლებსაც შეეხებოდა სს „სილქნეტის“ მოთხოვნა. მხარის მიერ მტკიცებულება წარმოდგენილი იქნა ორ ეგზემპლიარად და ერთ-ერთი მათგანი გადაეცა შპს „ახტელის“ წარმომადგენელს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; იმის გათვალისწინებით, რომ როგორც სს „სილქნეტი“, ასევე შპს „ახტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და ამ ორ სუბიექტს შორის არსებობს დავა ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვებასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „ახტელს“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

  1. სს „სილქნეტსა“ და შპს „ახტელს“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2016 წლის 31 მარტს, 15:00 საათზე;
  2. დავის განხილვის დღის შესახებ სს „სილქნეტი“ და შპს „ახტელი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2016 წლის 22 მარტის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისა“ და შპს „ახტელისათვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია).

       კომისიის თავმჯდომარე                                ვახტანგ აბაშიძე

       კომისიის წევრი                                                ელისო ასანიძე

       კომისიის წევრი                                                გიორგი ფრუიძე

       კომისიის წევრი                                                მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები