წვდომის მენიუ

სს „სილქნეტსა“ და შპს „ახტელს“ შორის საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების თაობაზე არსებული დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 210 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2016 17:45

მიღების თარიღი მარტი 31, 2016

სს „სილქნეტსა“ და შპს „ახტელს“ შორის საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების თაობაზე არსებული დავის განხილვის შესახებ

მხარეები:

განცხადების ავტორი: სს „სილქნეტი“

წარმომადგენლები: კ. ყურაშვილი, ნ. ნიჟარაძე

მოწინააღმდეგე მხარე: შპს „ახტელი“

წარმომადგენლები: ხ. ინჯია, გ. თურქია

დავის საგანი: საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვება

I. დავის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 9 მარტს სს „სილქნეტმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (Nშ-6/2219-16) შპს „ახტელთან“ ელექტრონული საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების თაობაზე დავის განხილვის მოთხოვნით. აღნიშნული განცხადების (09.03.2016 Nშ-6/2219-6) თანახმად, სს „სილქნეტმა“ მიმართა (30.09.2015 N4300/07-8) შპს „ახალ ქსელებს“ თბილისში, ვარკეთილი 3-ის გარკვეულ მიკრორაიონებში შპს „ახალი ქსელების“ ელექტრონული საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხთან დაშვების მოთხოვნით (15 მმ/მდე ოპტიკური კაბელის განთავსების პირობით). შპს „ახალი ქსელებისათვის“ გაგზავნილ წერილს თან ერთვოდა კონკრეტული მისამართების ჩამონათვალი, ნახაზი, რომელზედაც დაფერილი იყო საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხების ის მონაკვეთები, სადაც „სილქნეტს“ სურდა ზემოაღნიშნული მომსახურებით სარგებლობა, ასევე კოორდინატები, მოცემული GIS ფორმატში. ამავე წერილით სს „სილქნეტმა“ მოსთხოვა შპს „ახალ ქსელებს“ შესაბამისი ტექნიკური პირობა და კომერციული წინადადება.

შპს „ახალ ქსელებთან“ აფილირებულმა პირმა შპს „ახტელმა“ სს „სილქნეტს“ წერილობით აცნობა (30.10.2015 N2/1/583/მ.ი.), რომ შპს „ახტელში“ მუშავდებოდა პროექტი, თბილისში ვარკეთილი 3-ის დასახლებაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით და ტექნიკური პირობისა და აღნიშნულიდან გამომდინარე, კომერციული წინადადების წარსადგენად, ესაჭიროებოდა სს „სილქნეტის“ საკაბელო ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით მუშა-პროექტის წარდგენა.

სს „სილქნეტმა შპს „ახტელს“ აცნობა (06.11.15 N4848/07-8), რომ მის მიერ წარდგენილი იყო ამომწურავი ინფორმაცია (კომერციული მონაკვეთების კოორდინატთა სისტემის მიხედვით, სიგრძე, განსათავსებელი კაბელის ტიპი და დიამეტრი), რომელიც საჭირო იყო ტექნიკური პირობისა და კომერციული წინადადების სს „სილქნეტისათვის“ წარსადგენად. ამავე წერილით კომპანიას კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სს „სილქნეტი“ შპს „ახტელისაგან“ ითხოვს კომერციული წინადადების ანუ 1 კმ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხთან დაშვების ტარიფის წარმოდგენას, რის შემდეგაც ტარიფის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, დამატებით აცნობებდნენ ტექნიკური პირობის მომზადების აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნულ წერილზე შპს „ახტელმა“ სს სილქნეტს უპასუხა (17.11.2015 N2/1/613/მ.ი.), რომ ტარიფის წარდგენა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სს „სილქნეტის“ მიერ მუშა პროექტის მიწოდების შემდგომ.

სს „სილქნეტის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  სს „სილქნეტმა“ კომისიას მომართა (წერილი 03.12.2015  N5185/05-8) და აცნობა შპს „ახტელთან“ მიმოწერის დეტალები, ელექტრონულ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხთან სს „სილქნეტის“ დაშვებასთან დაკავშირებით და მოითხოვა კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლა, თუ რამდენად შეესაბამებოდა შპს „ახტელის“ ქმედება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის მოთხოვნებს; აღნიშნული წერილის საფუძველზე კომისიამ წერილობით მიმართა (2015 წლის 18 დეკემბრის წერილი N08/3144-15) შპს „ახტელს“ და მოსთხოვა კომისიაში საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხთან დაშვების ტარიფის წარმოდგენა და ამავე დროს, ქსელის თავისუფალ რესურსებთან დაშვების პირობების, მათ შორის ტარიფების შესახებ ინფორმაციის სს „სილქნეტისათვის“ მიწოდება. განმცხადებლის განმარტებით, კომისიაში დავის აღძვრამდე სადაო საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არც კომისიისგან და არც შპს „ახტელისაგან“ არ მიუღია.

სს „სილქნეტს“ განცხადების (09.03.2015 Nშ-6/2219-16) სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს:

 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს ავტორიზებული პირის ვალდებულებას კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის  წარდგენასთან დაკავშირებით;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევისათვის გათვალისწინებულია ავტორიზებული პირისათვის შესაბამისი სანქციის დაკისრება.

სს „სილქნეტის“ მოთხოვნები:

  1. განიხილოს კომისიამ დავა სს „სილქნეტსა“ და შპს „ახტელს შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვებასთან დაკავშირებით;
  2. შპს „ახტელს“ დაევალოს, ქსელის თავისუფალ რესურსებთან დაშვების პირობების, მათ შორის ტარიფების შესახებ ინფორმაციის სს „სილქნეტისათვის“ წარდგენა;
  3. შპს „ახტელისათვის“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   45-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

სს ,,სილქნეტის“ განცხადების (09.03.2016 Nშ-6/2219-6) საფუძველზე, სს „სილქნეტსა და შპს „ახტელს“ შორის დავის განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 22 მარტს.

შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა ხ. ინჯიამ კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოადგინა შპს „ახტელის“ შესაგებელი.

შპს „ახტელის“ შესაგებელში აღნიშნულია, რომ შპს „ახტელი“ მზადაა განიხილოს ავტორიზებული პირის მოთხოვნა საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხთან დაშვების თაობაზე, რისთვისაც კომპანიას ესაჭიროება მოთხოვნის შესაბამისი ტექნიკური პირობების ცოდნა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაშვება თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და საშუალებებთან ხორციელდება, იმ ოპერატორის პირობების შესაბამისად, რომელიც ახორციელებს დაშვების მომსახურებას. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ავტორიზებულ პირს ანიჭებს უფლებას დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების ტარიფები. შპს „ახტელი“ ასევე აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო არხებთან დაშვების მავალდებულებელი ნორმები უფლებას აძლევს, მოითხოვოს ტექნიკური პროექტი და პირობები დაშვების მსურველი ოპერატორისაგან და ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში, დაშვება მოახდინოს, მის მიერ დადგენილი ტექნიკური და ფინანსური პირობებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, შპს „ახტელს“ მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან შპს „ახტელის“ მხრიდან არ მომხდარა კანონის დარღვევა. ასევე აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“, მუშა პროექტის შპს „ახტელისათვის“ წარდგენაზე უარის თქმით, თავად არღვევს შპს „ახტელის“ უფლებას, თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მის კუთვნილ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვება ტექნიკურად და ფინანსურად გამართული პირობებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 18 დეკემბრის N08/3144-15 წერილის პასუხად (წერილი რომლის პასუხის არარსებობაზე არის საუბარი სს „სილქნეტის“ განცხადებაში), შპს „ახტელმა“ 2015 წლის 29 დეკემბერს Nშ-6/10468-15 წერილით კომისიას აცნობა, რომ სს „სილქნეტის“ 2015 წლის 30 სექტემბრის N4300/07-8 წერილს დართული აქვს საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხების აზომვითი ნახაზი და მისამართების სია, სადაც იგეგმება კაბელების ჩადება სს „სილქნეტის“ მიერ, თუმცა წერილში არ არის მითითებული თუ რა რაოდენობითა და რომელ მიმართულებებზე აპირებს სს „სილქნეტი“ აღნიშნული კაბელების ჩადებას, რის გამოც შპს „ახტელის“ განმარტებით სს „სილქნეტისაგან“ გამოთხოვილი იქნა საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებში ჩასადები ოპტიკური კაბელების მოწყობის სქემა. კომპანიის განმარტებით, ოპტიკური კაბელების მოწყობის სქემა ასევე ესაჭიროება, სს „სილქნეტის“ საპროექტო კაბელების მარკირებისა და კაბელების ჩადების ტექნიკური პირობების განსასაზღვრად. შპს „ახტელის“ განმარტებით, ზემოხსენებული ინფორმაციის გარეშე ვერ დადგინდება, შპს „ახტელის“ მიერ საკუთარი პროექტის განხორციელების შემდეგ, რამდენად დარჩება საკმარისი ტევადობა სს „სილქნეტის“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ასევე ამ ტევადობის გათვალისწინებით რა იქნება დაშვების ტარიფი.

მოსამზადებელ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სს „სილქნეტსა“ და შპს „ახტელს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, რომლის თანახმად დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 31 მარტი.

2016 წლის 31 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები კახი ყურაშვილი და ნინო ნიჟარაძე, ასევე შპს „ახტელის“ წარმომადგენლები ხათუნა ინჯია და ტექნიკოსი გიორგია თურქია.

სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ განცხადებას და აღნიშნა, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც შეიძლებოდა საჭირო ყოფილიყო შპს „ახტელისაგან“ ტექნიკური პირობისა და კომერციული წინადადების მისაღებად, სს „სილქნეტის“ მიერ წარდგენილია შპს „ახტელისათვის“. მან ყურადღება გაამახვილა შპს „ახტელის“ შესაგებელში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომ ვინაიდან შპს „ახტელი“ არ არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტი, მას აქვს თავისუფლება ტარიფის დაწესებაში. კ. ყურაშვილმა აღნიშნა, რომ არა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს დაშვების ტექნიკური და ფინანსური პირობები, თუმცა ამ თავისუფლების ფარგლებში არ იგულისხმება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნის შესაძლებლობა, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული დაშვების უზრუნველყოფასთან.

შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა ხ. ინჯიამ გამოაქვეყნა კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი შესაგებელი და დამატებით განმარტა, რომ შპს „ახტელი“ არ არის წინააღმდეგი საკუთარ თავისუფალ რესურსთან დაუშვას, დაშვების მსურველი ავტორიზებული პირი, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ იმ ინფორმაციის გარეშე, რომლის წარდგენასაც სთხოვს შპს „ახტელი“ სს „სილქნეტს“, შეუძლებელია ტექნიკური პირობისა და კომერციული წინადადების მიწოდება სს „სილქნეტისათვის“.

შპს „ახტელის“ ტექნიკოსმა გ. თურქიამ განაცხადა, რომ სს „სილქნეტის“ წერილზე დართულ მასალებში წარმოდგენილია იმ მონაკვეთის GIS ვერსია, სადაც აპირებს სს „სილქნეტი“ კაბელების მოწყობას. გ. თურქიას განმარტებით, GIS ვერსიაში წარმოდგენილია ორი ფენა: საკაბელო ფენა და საკომუნიკაციო ფენა; სს „სილქნეტის“ წერილის თანახმად, კომპანიას აქვს სურვილი  შპს „ახტელის“ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხში გაატაროს 15 მმ-მდე დიამეტრის კაბელი 11 600 მ-ზე, თუმცა მოწოდებული ელექტრონული ინფორმაციით, ნათლად ჩანს, რომ სს „სილქნეტი“ ერთ მიმართულებაზე გეგმავს ერთზე მეტი კაბელის გატარებას, რაც ნიშნავს 15 მმ-მდე კაბელის გატარებას 18 549 მ-ზე; ამდენად, გ. თურქიამ აღნიშნა, რომ სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ახტელისათვის“ მიწოდებული იქნა არასწორი ინფორმაცია სწორედ აღნიშნული მიზეზით მოითხოვა შპს „ახტელმა“ მუშა პროექტი კომერციული წინადადებისა და ტექნიკური პირობის სს „სილქნეტისათვის“ მისაწოდებლად.

სს „სილქნეტის“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ კომისია მიმდინარე სხდომაზე გაცნობოდა იმ CD-ს, რომელიც დართული ჰქონდა შპს ახტელისათვის 2015 წლის 30 სექტემბერს გაგზავნილ N4300/07-8 წერილს და რომელიც სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 22 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე.

კომისიამ 2016 წლის 31 მარტის სხდომაზე უზრუნველყო სს „სილქნეტის“ წარმოდგენილ CD-ზე დატანილი ინფორმაციის გამოქვეყნება, პროექტორის მეშვეობით ეკრანზე ჩვენების გზით. აღნიშნულ CD-ზე დატანილია დეტალური  ინფორმაცია, იმ მისამართების, კოორდინატების, A და B წერტილების, კაბელების დიამეტრის, მათი ოდენობის შესახებ, რომლებსაც შეეხება სს „სილქნეტის“ მოთხოვნა დაშვების თაობაზე.

სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის 2016 წლის 22 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი  CD-ის კომისიის 2016 წლის 31 მარტის სხდომაზე მტკიცებულების სახით გამოქვეყნების შემდგომ, შპს „ახტელის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ CD-ზე დატანილი ინფორმაცია კონკრეტული მისამართების და კოორდინატების შესახებ, განსხვავდება სს „სილქნეტის“ მიერ მანამდე გაგზავნილი ინფორმაციისაგან, მათთვის უცნობი იყო ასეთი სახის დეტალური ინფორმაცია და გამოთქვეს მზადყოფნა აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით მიაწოდონ სს „სილქნეტს“ ტექნიკური პირობა და 15 მმ-მდე კაბელის 1 კმ-ზე გატარების ღირებულება (კომერციული წინადადება).

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება (09.03.2016 Nშ-6/2219-6);
  2. სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ახალი ქსელებისათვის“ გაგზავნილი წერილი (30.09.2015 N4300/07-8);
  3. შპს „ახტელის“ წერილები გაგზავნილი სს „სილქნეტისათვის“ (30.10.2015 N2/1/583/მ.ი.; 17.11.2015 N2/1/613/მ.ი.);
  4. სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ახტლისათვის“ გაგზავნილი წერილი (06.11.2015 N4848/07-8);
  5. სს „სილქნეტის“ მიერ კომისიისათვის გაგზავნილი წერილები (03.12.2015 N5185/05-8, 09.02.2016 N630/-7-8);
  6. კომისიის წერილი შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ახტელს“ (18.12.2015 N08/3145-15);
  7. კომისიის წერილი სს „სილქნეტს“ (04.03.2016 N08/723-16);
  8. შპს „ახტელის“ წერილი კომისიას (29.12.2015 Nშ-6/10468-15);
  9. შპს „ახტელის“ შესაგებელი (22.03.2016 N2/2/140/მ.ი.) სს „სილქნეტის“ განცხადებაზე;
  10. სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის 2016 წლის 22 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე წარდგენილი CD, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, იმ მისამართების, კოორდინატების, A და B წერტილების, კაბელების დიამეტრის, მათი ოდენობის შესახებ, რომლებსაც შეეხება სს „სილქნეტის“ მოთხოვნა დაშვების თაობაზე;
  11. სს „სილქნეტის“ წარმომადგენლების კ. ყურაშვილისა და ნ. ნიჟარაძის მიერ კომისიის 2016 წლის 22 მარტისა და 31 მარტის კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
  12.  შპს „ახტელის“ წარმომადგენლების ხ. ინჯიასა და გ. თურქიას მიერ კომისიის 2016 წლის 22 მარტისა და 31 მარტის კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
  13. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები სს „სილქნეტისა“ და შპს „ახტელის“ შესახებ;
  14. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დავით ქუთათელაძის ტექნიკური განმარტებები გაკეთებული კომისიის 2016 წლის 31 მარტის სხდომაზე.

III.ზემოაღნიშნულიმტკიცებულებებისშეფასებისადაურთიერთშეჯერებისსაფუძველზე, კომისიისმიერდადგენილფაქტობრივიგარემოებები

  1. სს „სილქნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს  სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებზე, მათ შორის: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფაზე, მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფაზე, მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფაზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფაზე, ინტერნეტ მომსახურებაზე;
  2. შპს „ახტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს  სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებზე, მათ შორის: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფაზე, მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფაზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფაზე, ინტერნეტ მომსახურებაზე;
  3. ქ. თბილისში, ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე შპს „ახტელი“ არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, თუმცა მას აკისრია კანონისმიერი ვალდებულება, მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება;
  4. სს „სილქნეტმა“ 2015 წლის 30 სექტემბერს შპს „ახტელს“ წერილობით მიმართა ქ. თბილისში, ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე განთავსებულ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების მიზნით ტექნიკური პირობისა და კომერციული წინადადების წარდგენის თაობაზე. სს „სილქნეტის“ წერილს დართული ჰქონდა კონკრეტული მისამართების ჩამონათვალი, ნახაზი, რომელზედაც დაფერილი იყო საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხების ის მონაკვეთები, სადაც „სილქნეტს“ სურდა ზემოაღნიშნული მომსახურებით სარგებლობა, ასევე კოორდინატები, მოცემული GIS ფორმატში;
  5. შპს „ახტელმა“ სს „სილქნეტისაგან“ დამატებით მოითხოვა მუშა პროექტი, რაც არ იქნა წარდგენილი სს „სილქნეტის“ მიერ ვინაიდან კომპანიამ მიიჩნია, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია საკმარისი იყო შპს „ახტელის“ მიერ ტექნიკური პირობისა და კომერციული წინადადების წარსადგენად.
  6. ქ. თბილისში, ვარკეთილის დასახლება 3-ის ტერიტორიაზე განთავსებულ შპს „ახტელის“ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხში, სს „სილქნეტის“ მიერ მითითებულ კოორდინატებზე, შპს „ახტელს“ აქვს თავისუფალი რესურსი და აქვს შესაძლებლობა დაუშვას სს „სილქნეტი“.

IV. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ)  ქვეპუნქტის თანახმად, დაშვება არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა;
  3.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი უფლებამოსილია თავისი საქმიანობისას, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს ამოწურვადი რესურსით და დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები.
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ახტელი“ ვალდებულია სს „სილქნეტს“ მიაწოდოს ქ. თბილისში, ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე სს „სილქნეტის“ მიერ მოთხოვნილ კოორდინატებზე ქსელის თავისუფალ რესურსებთან დაშვების პირობების, მათ შორის ტარიფების შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ახტელს“ უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება - საკუთარ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებში თავისუფალ რესურსებთან დაშვების პირობების სს „სილქნეტისათვის“ მიწოდება.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის ეტაპზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სს „სილქნეტის“ მიერ 2016 წლის 22 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილ CD-ზე დატანილი ინფორმაციის გაცნობის შემდგომ შპს „ახტელმა“ გამოთქვა მზადყოფნა აღნიშნულ CD-ზე დატანილი ინფორმაციის საფუძველზე მიაწოდოს სს „სილქნეტს“ ტექნიკური პირობა და კომერციული წინადადება, კომისიას არ მიაჩნია მიზანშეწონილად შპს „ახტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, კომისიის დისკრეციას წარმოადგენს.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის,  VI თავის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. სს „სილქნეტის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

ა) დაევალოს შპს „ახტელს“, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ქ. თბილისში, ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე განთავსებულ შპს „ახტელის“ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებში, სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის 2016 წლის 22 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილ CD-ზე დატანილი ინფორმაციის საფუძველზე, ქსელის თავისუფალ რესურსებთან დაშვების პირობების, მათ შორის ტარიფების შესახებ ინფორმაციის სს „სილქნეტისათვის“ წარდგენა;

ბ) არ დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა შპს „ახტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების სს „სილქნეტისა“ და შპს „ახტელისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ი. ხარებავა);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების) შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია).

კომისიის თავმჯდომარე                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                           მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები