შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 და 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2016 18:34
მიღების თარიღი აპრილი 07, 2016
შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 და 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/17-15, 09.02.2015წ.) მიმართა შპს “მომავლის რეკლამამ” მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს №B76 ლიცენზიის თემატიკად გასართობი მაუწყებლობის, ხოლო №B59 ლიცენზიის ქვესახეობად საერთო მაუწყებლობის ნაცვლად სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის განსაზღვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე უმჯობესია ერთიანი გასართობი ფორმატით მაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მომავლის რეკლამა” ფლობს:
1. კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 105.0 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი და მიმდებარე სოფლები;
2. კერძო მაუწყებლობის №B76 ლიცენზიას, 2025 წლის 8 აპრილამდე კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (საგანმანათლებლო/შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 16 საათი;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. თბილისი |
97.1 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44"N 44°47'05"E |
100 |
8 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/2792-16, 23/03/2016) თანახმად, “ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად, ქ. ქუთაისი, მდებარეობს N253 სამაუწყებლო ზონაში. „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 10 მარტის N160/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, N253 სამაუწყებლო ზონაში რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
- საერთო რადიომაუწყებლობა;
- სათემო რადიომაუწყებლობა;
3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა;
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მოქმედი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესაბამისად ქ. ქუთაისში (ზონა N253) საერთო რადიომაუწყებლობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა, დეპარტამენტის აზრით ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება შპს „მომავლის რეკლამის“ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 და 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2016 წლის 11 მაისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “მომავლის რეკლამისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
