ფიზიკურ პირ დავით ქიტიაშვილისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2016 12:56
მიღების თარიღი აპრილი 07, 2016
ფიზიკურ პირ დავით ქიტიაშვილისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 23 მარტს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ მოხსენებითი ბარათის (23.03.2016. Nშ-10/2790-16) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაცული წარმოება ფიზიკურ პირ დავით ქიტიაშვილისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (23.03.2016. Nშ-10/2790-16) თანახმად, სს „სილქნეტმა“ განცხადებით (01.03.2016 N1032/05-8) მომართა კომისიას, მისი აბონენტის ფიზიკური პირის დ. ქიტიაშვილის მიერ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისა და შპს „2ა ემოციას“ საქმიანობისა და მისი ინტერნეტ აბონენტების შემოწმების თაობაზე. აღნიშნულ მოხსენებით ბარათს დართული აქვს ფიზიკურ პირ დ.ქიტიაშვილის მიმართ 2016 წლის 23 მარტს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი N000115, სს „სილქნეტის“ განცხადება და მონიტორინგის შედეგები დატანილი DVD-ზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს, უფლებამოსილი ორგანო განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. ვინაიდან, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 23 მარტს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომისიას წარედგინა 2016 წლის 23 მარტს, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 30 მარტი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებით ეცნობა ფიზიკურ პირ დ.ქიტიაშვილს და განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მას ასევე განემარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა კანონით დადგენილი წესით, ის არ გამოცხადდა სხდომაზე და კომისიაში არ არის შემოსული მისი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, დ.ქიტიაშვილის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000115 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ციალა უჯმაჯურიძე და სამართალდამრღვევი დ.ქიტიაშვილი, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი.
ფიზიკურ პირ დ.ქიტიაშვილისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა კომისიამ დაიწყო 2016 წლის 30 მარტის სხდომაზე.
კომისიის 2016 წლის 30 მარტის სხდომაზე, მოწმის სახით მოწვეულ იქნა შპს „2ა ემოციას“ დირექტორი ანდრეი კოლომიტცევი. ვინაიდან ანდრეი კოლომიტცევმა არ იცის ქართული ენა, მას მიეჩინა თარჯიმანი, კანონით დადგენილი წესით.
კომისიის 2016 წლის 30 მარტის სხდომაზე გამოცხადდა ფიზიკური პირი დ.ქიტიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შეურაცხყოფილი და შერცხვენილია ამ ფაქტის გამო; მისთვის კანონმდებლობის მოთხოვნები არ იყო ცნობილი. მან განაცხადა, რომ პროფესიით არის კომპოზიტორი, მუსიკოსი; კომპიუტერს იყენებს მხოლოდ მუსიკის მოსასმენად და სოციალურ ქსელში შესასვლელად. დ. ქიტიაშვილის განმარტებით, მისი მეუღლის ნათესავმა, რომელიც მასთან ქირით ცხოვრობს, შესთავაზა ინტერნეტი, რასაც დაეთანხმა. მისი განცხადებით, მისთვის უცნობია, რა აპარატურა დაამონტაჟეს მისი სახლის სახურავზე და არ დაუსვამს ეს კითხვები. მან ასევე განმარტა, რომ ადრე ჰქონდა სს „სილქნეტის“ ინტერნეტი და იხდიდა 18 ლარს, ამჯერად მისი განცხადებით, ინტერნეტ მომსახურების საფასურს არ იხდის. დ. ქიტიაშვილმა დაამატა, რომ სს „სილქნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არ წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი, თუმცა ხელშეკრულება რომც წაეკითხა, ბევრს ვერაფერს გაიგებდა.
კომისიის სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა, შპს „2ა ემოციას“ დირექტორმა ანდრეი კოლომიტცევმა კომისიას განუმარტა, რომ მას შემდეგ, რაც კომპანია დაფუძნდა და ბაზარზე შემოვიდა, უზრუნველყოფილი იქნა 2 არხი – ერთი, რომელიც კომისიის სტატისტიკურ ფორმებში არის ნაჩვენები და რომელსაც კომპანია ღებულობდა სს „სილქნეტისაგან“, როგორც საბითუმო აბონენტი და მეორე დროებითი ტექნიკური არხი, რომლის მეშვეობით შპს „2ა ემოცია“ ინტერნეტს ღებულობდა ბატონი დ. ქიტიაშვილისგან, აბონენტებისათვის მისაწოდებლად. მისი განცხადებით, 2016 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში ინტერნეტით შევიდნენ ახალ დასახლებაში, სოფ. ატენის ზევით (გნავისი), რთულად მისადგომ ადგილას. დადგა ძირითადი არხის ტექნიკური გაძლიერების აუცილებლობა. ტექნიკური აღჭურვილობის დამონტაჟების პროცესში შეგნებულად გადადგეს ეს ნაბიჯი, რათა ატენის მოსახლეობისთვის, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ ინტერნეტ- მომსახურება, მიეწოდებინათ ინტერნეტი დ. ქიტიაშვილისგან. ა. კოლომიტცევმა ასევე განაცხადა, რომ შპს „2ა ემოციას“ წარმომადგენლებმა მოატყუეს დ. ქიტიაშვილი, რომ მისი სახლის სახურავზე გადამცემის დამონტაჟება შპს „2ა ემოციას“ ესაჭიროებოდა ტექნიკური მიზნებისათვის. მან ასევე განაცხადა, რომ დ. ქიტიაშვილის ინტერნეტ მომსახურების საფასურს -100 ლარს ყოველთვიურად ფარავდა შპს „2ა ემოცია“. ა. კოლომიტცევმა აღნიშნა, რომ სს „სილქნეტთან“ წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ღებულობდა ინტერნეტს და უხდიდა მომსახურების ღირებულებას, რასთან დაკავშირებით შეუძლია კომისიას წარუდგინოს საბანკო და საბუღალტრო დოკუმენტაცია.
კომისიის სხდომაზე დაინტერესებული პირის სახით ესწრებოდა სს „სილქნეტი“, წარმოდგენილი ნინო ნიჟარაძისა და მარი ქოქიაშვილის სახით. მათ განაცხადეს, რომ დ. ქიტიაშვილი წარმოადგენს სს „სილქნეტის“ აბონენტს და მათ შორის 2016 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ეკრძალება მესამე პირებზე ინტერნეტის გადაყიდვა და აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს 20 000 (ოციათასი) ლარი ჯარიმის სახით. მათ ასევე აღნიშნეს, რომ შპს „2ა ემოციასთან“ ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის პირველ მარტს, რომლის თანახმად, შპს „2ა ემოციას“ მიეწოდებოდა გლობალური ინტერნეტი 7 მბ/წმ სიჩქარით და ლოკალური ინტერნეტი 15 მბ/წმ. დღეის მდგომარეობით მიწოდება არის გაზრდილი გლობალური ინტერნეტი 51მბ/წმ სიჩქარით და ლოკალური ინტერნეტი 60 მბ/წმ.–მდე; მათი განმარტებით შპს „2ა ემოციამ“ გაზრდილი სიჩქარე მოითხოვა, მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა დ. ქიტიაშვილისათვის მიწოდებული ინტერნეტის მესამე პირებისათვის გადაცემის ფაქტი.
საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, 2016 წლის 30 მარტის კომისიის სხდომა გადაიდო 2016 წლის 7 აპრილისათვის და შპს „2ა ემოციას“ დაევალა სს „სილქნეტთან“ არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის წარმოდგენა.
კომისიის 2016 წლის 7 აპრილის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „2ა ემოციას“ დირექტორი ა. კოლომიტცევი, სს „სილქნეტის წარმომადგენელი ნ. ნიჟარაძე, არ გამოცხადდა ფიზიკური პირი დ. ქიტიაშვილი. ა. კოლომიტცევმა კომისიას წარუდგინა შპს „2ა ემოციასა“ და სს „სილქნეტს“ შორის გაფორმებული შედარების აქტები 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდზე და აგრეთვე შპს „2ა ემოციას“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი. აღნიშნული დოკუმენტაციით დადასტურდა, რომ შპს „2ა ემოცია“ წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებამდე სს „სილქნეტისაგან“ იღებდა ინტერნეტს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 23.03.16 Nშ-10/2790-16 და 29.03.16 Nშ-10/2991-16 სამსახურებრივი ბარათები;
- კომისიის 23.03.16 N000115 სამართალდარღვევის ოქმი;
- სს „სილქნეტის“ განცხადება (01.03.16. Nშ-6/203716) კომისიის მიმართ;
- სს „სილქნეტსა“ და დ.ქიტიაშვილს შორის 2015 წლის 03 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ინტერნეტ მომსახურების შესახებ;
- დ. ქიტიაშვილის სახლის სახურავზე გადამცემის განთავსების ამსახველი ფოტოსურათები;
- DVD-ზე დატანილი მონიტორინგის შედეგები, კერძოდ შპს „2ა ემოციას აბონენტების კომპიუტერებში დაფიქსირებული IP მისამართები;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 30.03.16 მოწოდებული ინფორმაცია (ელ.ფოსტის მეშვეობით) შპს „2ა ემოციის“ მიერ კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისას წარმოდგენილი ინფორმაცია აბონენტებისა და სს „სილქნეტისაგან“ მიღებული ინტერნეტის ოდენობის თაობაზე;
- კომისიის 2016 წლის 30 მარტის სხდომაზე დ. ქიტიაშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;
- კომისიის 2016 წლის 30 მარტის სხდომაზე მოწმის შპს „2ა ემოციას“ დირექტორის ანდრეი კოლომიტცევის მიერ მიცემული ჩვენება;
- კომისიის 2016 წლის 30 მარტისა და 7 აპრილის კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენლების ნ. ნიჟარაძისა და მ. ქოქიაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
- შპს „2ა ემოციასა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდზე გაფორმებული შედარების აქტები;
- შპს „2ა ემოციას“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი.
II. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- დ.ქიტიაშვილი წარმოადგენს სს „სილქნეტის“ აბონენტს, 2015 წლის 3 სექტემბერს ინტერნეტ მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; დ.ქიტიაშვილს აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, გააქტიურებული აქვს სატარიფო გეგმა „ფორმულა 1“, რომელიც გულისხმობს 100მგბ-იანი ინტერნეტის მიწოდებას აბონენტისათვის, ღირებულება -100 ლარი;
- შპს „2აემოცია“ წარმოადგენს, ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე, ძირითადი საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე და ინტერნეტ მომსახურებაზე ( WiFi) ავტორიზებულ პირს 2015 წლის 17 ივლისიდან;
- შპს „2ა ემოცია“ 2015 წლის ოქტომბრიდან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე სს „სილქნეტისაგან“ ღებულობს ინტერნეტს საბითუმოდ. შპს „2ა ემოციასა“ და სს „სილქნეტს“ შორის წერილობითი ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის პირველ მარტს, თუმცა წინა პერიოდზე წარმოდგენილია ურთიერთშედარების აქტები.
- კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის პროცესში დ.ქიტიაშვილის IP მისამართი დაფიქსირდა შპს „2აემოციას“ ორი აბონენტის გიორგი საურისა და სიმონ მაყიშვილის პერსონალურ კომპიუტერებში, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნულ პირებს ინტერნეტი მიეწოდებოდათ დ.ქიტიაშვილის კომპიუტერიდან;
- დ.ქიტიაშვილი კომისიის 2016 წლის 23 მარტის სამართალდარღვევის N00015 ოქმში აკეთებს შემდეგ განმარტებას: „მე ვარ სს „სილქნეტის“ აბონენტი, ჩემმა ნაცნობებმა შპს „2ა ემოციადან“ ტექნიკურად დაამონტაჟეს გადამცემი ანტენა, საიდანაც ისინი აბონენტებს აწვდიდნენ ჩემს IP მისამართით ინტერნეტ-მომსახურებას. მომხმარებლების მომსახურების საფასურს უხდიან შპს „2ა ემოციას“. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ ვიცოდი თუ ჩემი ინტერნეტი გადაიცემოდა მე-3 პირებზე და მიიღოთ ჩემი ბოდიში“;
- დ.ქიტიაშვილის სახლის სახურავზე დამონტაჟებულია გადამცემი, რომლის მეშვეობით შპს „2ა ემოციას“ აბონენტებს მიეწოდებოდათ ინტერნეტი, რომელსაც სს „სილქნეტი“ აწვდიდა დ. ქიტიაშვილს;
- დ.ქიტიაშვილისა და ა. კოლომიტცევის მიერ კომისიის 2016 წლის 30 მარტის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე დგინდება, რომ ფიზიკური პირის დ.ქიტიაშვილის ინტერნეტ მომსახურების საფასურს - 100 ლარს, სს „სილქნეტის“ მიმართ ყოველთვიურად ფარავდა შპს „2ა ემოცია“;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ავტორიზებული პირი შპს „2ა ემოცია“ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს ავსებს ყოველთვიურად, 2016 წლის იანვრის მდგომარეობით ჰყავს 50 აბონენტი; ასევე 2016 წლის იანვრის თვეში მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სს „სილქნეტისგან“ ყიდულობს 5 მბ/წმ სიჩქარით ლოკალურ და გლობალურ ინტერნეტს; საცალო აბონენტებისთვის მიწოდებული სიჩქარე შეადგენს 0.7 მბ/წმ-ს.
III. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ხოლო ამავე კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი;
- ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
კომისია განმარტავს, რომ ფიზიკურ პირ დ.ქიტიაშვილის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ვინაიდან იგი, როგორც სს „სილქნეტის“ აბონენტი, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არაავტორიზებული პირი, „სილქნეტისაგან“ შეძენილ ინტერნეტს აწვდიდა მესამე პირებს - შპს „2ა ემოციას“ აბონენტებს გიორგი საურსა და სიმონ მაყიშვილის, რის სანაცვლოდ იგი უფასოდ ღებულობდა ინტერნეტ მომსახურებას, ვინაიდან მისი ინტერნეტ მომსახურების საფასურს - 100 ლარს ყოველთვიურად ფარავდა შპს „2ა ემოცია.
რაც შეეხება დ.ქიტიაშვილის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ბრალის ხარისხს, კომისია განმარტავს, რომ დ.ქიტიაშვილი შესაძლოა არ ითვალისწინებდა მისი ქმედების მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ისეთი გარემოებების არსებობის პირობებში, როგორიცაა: ა) მისი სახლის სახურავზე შპს „2ა ემოციას“ მიერ ანტენის (გადამცემის) დამონატაჟება, ბ) სს „სილქნეტისაგან“ მიღებულ ინტერნეტ მომსახურებაში თანხის გადაუხდელობა და აღნიშნული მომსახურების ღირებულების შპს „2ა ემოციას“ მიერ დაფარვა, გ) სს ,,სილქნეტთან“ ხელშეკრულების გაფორმება, რომლის თანახმად ეკრძალებოდა მესამე პირთათვის ინტერნეტის გადაცემა, დ.ქიტიაშვილს უნდა გაეთვალისწინებინა რომ მისი ქმედება მავნე შედეგების მომტანი იქნებოდა.
დ.ქიტიაშვილისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის მიერ საკითხის განხილვისას არ გამოვლენილა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფიზიკურ პირ დ.ქიტიაშვილის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც სამართალდარღვევა - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ჩადენილი გაუფრთხილებლობით და უნდა დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 290-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე, მე-16, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაეკისროს ჯარიმა ფიზიკურ პირს დ.ქიტიაშვილს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;
2. უზრუნველყოს დ.ქიტიაშვილმა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300833251;
3. უზრუნველყოს ფიზიკურმა პირმა დ.ქიტიაშვილმა ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა ფიზიკური პირი დ. ქიტიაშვილისათვის;
5. გადაწყვეტილება გასაჩივრებადია ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6), 10 დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ფიზიკურ პირ დ. ქიტიაშვილისათვის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
