წვდომის მენიუ

შპს „ტექნონეტი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 228 / 18

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2016 16:19

მიღების თარიღი აპრილი 07, 2016

შპს „ტექნონეტი“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას, ხოლო მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტისა და  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

2016 წლის 21 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/2694-16, 21.03.2016) თანდართული მასალით (კომისიის 2015 წლის 30 ნოემბრის №05/2866-15 წერილი და ამ წერილის  შპს ,,ტექნონეტი“-სთვის   ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), საიდანაც ირკვევა, რომ  შპს ,,ტექნონეტი“-ს კომისიაში წარმოსადგენი აქვს:  2013 წლის ოქტომბრის ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2013, 2014 და 2015 წლების ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და ფორმა 1.3 (ინვესტიციები). ამასთან,  მიუხედავად  წერილობითი გაფრთხილებისა,  კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედება. 

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/2694-16, 21.03.2016) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016  წლის 31 მარტს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტექნონეტი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016  წლის 7 აპრილს.  აღნიშნულის თაობაზე შპს ,,ტექნონეტი“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (№03/1050-16), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.  

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  2016 წლის 31 მარტს შპს ,,ტექნონეტი“-ს  დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება, მისი წარმომადგენელი  კომისიის 2016 წლის 7 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი  მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ტექნონეტი“-ს შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2016 წლის 31 მარტს, და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,ტექნონეტი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის 2016 წლის 7 აპრილის სხდომაზე, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ  შპს ,,ტექნონეტი“-მ კომისიაში სრულად წარმოადგინა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მას დავალიანება არ გააჩნია.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის  აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/2694-16, 21.03.2016);

2. კომისიის  2015  წლის  30 ნოემბრის №05/2866 -15 წერილი და ამ წერილის  შპს ,,ტექნონეტი“-სთვის   ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040032087392; ჩაბარების თარიღი: 02.12.2015);

3. კომისიის 2016 წლის 31 მარტის შეტყობინება და ამ შეტყობინების შპს ,,ტექნონეტი“-სთვის   ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01000494234; ჩაბარების თარიღი: 31.03.2016);

4. კომისიის 2016 წლის 7 აპრილის სხდომაზე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მიცემული განმარტება;

5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტექნონეტი“-ს შესახებ მონაცემები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს  „ტექნონეტი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 11.02.2010. A.F.2 - ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.2. - ინტერნეტ-მომსახურება - WiFi);

2.  შპს  „ტექნონეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3. ,,2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით,  ყველა იმ პირს,  ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე, ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი 1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.  2015 წლის 30 ნოემბერს,  შპს  „ტექნონეტი“-ს  გაეგზავნა წერილი (№05/2866-15), რომლითაც მოეთხოვა  10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა.  აღნიშნული წერილი მას ჩაბარდა 2015 წლის 2 დეკემბერს (გზავნილის კოდი: 040032087392);

5.  შპს  „ტექნონეტი“-ს   კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმები, კერძოდ: 2013 წლის ოქტომბრის ფორმა 1.1 (შემოსავლები); 2013, 2014 და 2015 წლების ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და ფორმა 1.3 (ინვესტიციები);

6. შპს ,,ტექნონეტი“-ს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის (7.04.2016) სრულად იყო შევსებული და წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, რაც კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ კომისიის 2016 წლის 7 აპრილის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებიდან დგინდება;

7.  შპს ,,ტექნონეტი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომსიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია აღინიშნავს, რომ ავტორიზებულ პირის  შპს „ტექნონეტი“-ს მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევები აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  შპს „ტექნონეტი“-ს მიერ 2016 წლის 7 აპრილის მდგომარეობით შესრულებულია  ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე,  კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „ტექნონეტი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და  შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტექნონეტი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე,  98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-17 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს ,,ტექნონეტი“-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტექნონეტი“-სთვის ჩაბარება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტექნონეტი“-სთვის    ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილების ასლის შპს ,,ტექნონეტი“-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                    მერაბ  ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები