შპს „კვირა-ტვ”-სთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2016 14:18
მიღების თარიღი აპრილი 14, 2016
შპს „კვირა-ტვ”-სთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „კვირა-ტვ”-მ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3041-16 30/03/2016) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „კვირა-ტვ” ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა:
ზ.ა) ინტერნეტი: 2016 წლის 30 აპრილამდე;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები: 2016 წლის 30 მაისამდე;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ინტერნეტი: უფასო;
თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები: უფასო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კვირა-ტვ” მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მოთხოვნებს;
2. შპს „კვირა-ტვ”-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
6. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:
ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „კვირა-ტვ” -ს მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხიმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „კვირა-ტვ” -ს დირექტორი და 70%-იანი წილის მფლობელია ქეთევან ხოსიტაშვილი, ხოლო 30%-იანი წილის მფლობელია ილია ჭიაბრიშვილი. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ქეთევან ხოსიტაშვილი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „კვირა-ტვ”-ს დირექტორის და 70%-იანი წილის მფლობელის ქეთევან ხოსიტაშვილის და 30%%-იანი წილის მფლობელის ილია ჭიაბრიშვილის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირების ქეთევან ხოსიტაშვილის და ილია ჭიაბრიშვილის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები არ იძებნება, ასევე ფიზიკური პირების ქეთევან ხოსიტაშვილის და ილია ჭიაბრიშვილის მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „კვირა-ტვ” -ს და ფიზიკური პირების ქეთევან ხოსიტაშვილის და ილია ჭიაბრიშვილის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ისინი კომისიის უწყებრივ რეესტრში საერთოდ არ ფიქსირდებიან.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 14 აპრილს სხდომას ესწრებოდა შპს „კვირა-ტვ”-ს დირექტორი ქეთევან ხოსიტაშვილი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
შპს ”კვირა ტვ”-ს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №№შ-6/3041-16 30/03/2016) და თანდართული დოკუმენტაცია, კერძოდ:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა;
გ) ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
ვ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
ზ) საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ქონებრივი დეკლარაციის ფორმები;
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლისას გაირკვა, რომ შპს „კვირა ტვ”-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაში კერძოდ: განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმაში და ინფორმაციაში დაფინანსების წყაროების შესახებ მითითებულია სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიზნობრივი საზოგადოებრივ-კულტურული და სოციალური პროექტები. რაც წინააღმდეგობაში მოდის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661-ე მუხლთან, რომლის შესაბამისად აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა განხორციელდეს შპს ”კვირა ტვ”-ის მაუწყებლად ავტორიზაცია წარმოდგენილი დოკუმენტაციის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლების, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს „კვირა ტვ”-ს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”კვირა ტვ”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”კვირა ტვ”-სთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
