(ა(ა)იპ „საფარის“, ა(ა)იპ „იდენტობის“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2016 18:22
მიღების თარიღი აპრილი 18, 2016
(ა(ა)იპ „საფარის“, ა(ა)იპ „იდენტობის“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ
მხარეები:
განცხადების ავტორი: ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „იდენტობა“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“.
წარმომადგენლები: თ.ხორბალაძე, ე. ჭითანავა
მოწინააღმდეგე მხარე: შპს „პალიტრა TV“
წარმომადგენელი: ა. სამსონია
დავის საგანი: მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე რეაგირება
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2016 წლის 7 აპრილს საჩივრით (Nშ-6/3243-6) მომართეს ა(ა)იპ „საფარმა“, ა(ა)იპ „იდენტობამ“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდმა“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“.
საჩივრის თანახმად, ზემოაღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შპს „პალიტრა TV“-ს 2016 წლის 9 მარტს მიმართეს საჩივრით, 2016 წლის 28 თებერვლის 20:00 საათზე ტელეკომპანიის ეთერში გასული გადაცემის „ფალავანდიშვილთან - საგანი მე და საზოგადოება“-ს თაობაზე.
საჩივრის ავტორთა განმარტებით, შპს „პალიტრა TV“-ს თვითრეგულირების ორგანომ საჩივარი განიხილა (საქმე N01/2016) და 2016 წლის 25 მარტს მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის მონაწილეობის გარეშე, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი.
საჩივრის ავტორთა მიერ მითითებულია კომისიის 2015 წლის 2 ივლისის N298/18 გადაწყვეტილება „შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს წინააღმდეგ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ საჩივრის განხილვისა და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კომისიას ნამსჯელი აქვს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრის განხილვის პროცესში დაინტერესებული პირის მოწვევის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
საჩივრის ავტორთა განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
საჩივრის ავტორთა მოთხოვნა:
კომისიამ განიხილოს შპს „პალიტრა TV“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი და კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ანალოგიურად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა საჩივრის (07.04.16 Nშ-6/3243-6) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, კომისიის მიერ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, 2016 წლის 18 აპრილს 15:00 საათზე დაინიშნა კომისიის სხდომა, აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ საჩივრის ავტორებს, შპს „პალიტრა TV“-ს და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2016 წლის 18 აპრილის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ აა(ი)პ „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი თ. ხორბალაძე, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორი ე. ჭითანავა, ასევე შპს „პალიტრა TV“-ს წარმომადგენელი ა. სამსონია.
შპს „პალიტრა TV“-ს წარმომადგენელმა ა. სამსონიამ კომისიას აცნობა, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება საჩივრის ავტორთა მიერ, იგივე საფუძვლით, გასაჩივრებულია თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო ორგანოში; მან კომისიას წარუდგინა აღნიშნული საჩივრის ასლი და განაცხადა, რომ მაუწყებელს უნდა მიეცეს საშუალება თავად აღმოფხვრას დარღვევა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მეშვეობით. აღნიშნული საფუძვლით ა. სამსონიას აზრით, კომისიამ არ უნდა მიიღოს ზემოაღნიშნული საჩივარი განსახილველად.
შპს „პალიტრა TV“-ს წარმომადგენლის ა. სამსონიას მოსაზრებას არ დაეთანხმა აა(ი)პ „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი თ. ხორბალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორთათვის მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს პირველი ინსტანციის ფარგლებში საჩივრის განხილვისას საჩივრის ავტორთა მოწვევის საკითხთან დაკავშირებით, კომისიამ გააკეთოს სათანადო განმარტებები, შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ კომისიამ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ავტორთა ჯგუფის საჩივართან დაკავშირებით. II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
- კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9 მუხლის თანახმად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებელი და სამართლიანი პროცედურის საფუძველზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცესი;
- კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის შესაბამისად, საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მათი გაერთიანება.
კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლი ადგენს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება საჩივრდება თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში. საჩივრის ავტორთა მიერ აღნიშნული უფლება რეალიზებულია და შპს „პალიტრა TV“-ს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში. შპს „პალიტრა TV“-ს თვითრეგულირების მექანიზმის აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე გასაჩივრებულია კომისიაში იმავე საფუძვლით - საჩივრის განხილვა დაინტერესებულ პირთა მოწვევის გარეშე. კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსებულ გადაცემასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირთა მიერ არ არის ამოწურული მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმის შიდასამართლებრივი საშუალებები, კერძოდ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს.
თვითრეგულირების საპელაციო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კომისიის მიერ მაუწყებლის ქცევის კანონიერებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა, საფრთხეს უქმნის მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვისას კომისიის მიზანს უნდა წარმოადგენდეს მხარის დარღვეული უფლების აღდგენა, დარღვევის აღმოფხვრა და დამრღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება კანონდარღვევის პრევენციის მიზნით, რა დროსაც კომისია ახორციელებს ნორმის შეფარდებას საკანონმდებლო აქტების განმარტების გზით. ამდენად, კომისია ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორთა მოთხოვნას, რომ დავა განხილულ იქნას, არა დავის გადაწყვეტის, არამედ კანონის ნორმის განმარტების მიზნით, მაშინ, როდესაც მაუწყებელს კანონმდებელი თავად აძლევს შესაძლებლობას თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს მეშვეობით კიდევ ერთხელ გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და დარღვევის შემთხვევაში აღმოფხვრას იგი.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
- (ა(ა)იპ „საფარის“, ა(ა)იპ „იდენტობის“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ საჩივარი (07.04.16 Nშ-6/3243-6) შპს „პალიტრა TV“-ს 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ იქნას მიღებული განსახილველად;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების (ა(ა)იპ „საფარის“, ა(ა)იპ „იდენტობის“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა“ და შპს „პალიტრა TV“-სათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარეთათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეთათვის ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
