სოფელ იგოეთში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2016 19:03
მიღების თარიღი იანვარი 15, 2016
სოფელ იგოეთში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №679/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი სოფელ იგოეთში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 90,5მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №679/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2015 წლის 10 დეკემბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 12 იანვარი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 15 იანვარი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 2,835.00 (ორი ათას რვაასოცდათხუთმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2015 წლის 5 ნოემბრის №679/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს “რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/9591-15, 07.12.2015წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 10 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე ესწრებოდა, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №679/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებთან.
ზეპირი მოსმენა სოფელ იგოეთში (სიხშირეზე 90,5მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს “რადიო ჰოლდინგმა ფორტუნას” უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ჩხიკვაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს “რადიო ჰოლდინგმა ფორტუნას” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშუნლი ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.
შპს “რადიო ჰოლდინგი ფორტუნას” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
”საინფორმაციო გამოშვება
საინფორმაციო გამოშვება ეთერში გადის საათში ორჯერ, სრულ საათსა და ნახევარზე. გამოშვება ეთერშია დილის 08:00 დან ღამის 00:00 საათამდე. სრულ საათზე საინფორმაციო გამოშვება გრძელდება 6-7 წთ-ის განმავლობაში, ხოლო მოკლე საინფორმაციო გამოშვება 1-2 წთ-ს.
საინფორმაციო გამოშვებების მთავარ თემებს რადიო საინფორმაციო სამსახურის მიერ მომზადებულ ინფორმაციებს წარმოადგენს. ეთერში გასული ინფორმაციის თაობაზე გადაწვეტილაბას იღებს რადიო „ფორტუნას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. სარედაქციო ჯგუფი დამოუკიდებელია გადაწყვეტილებაში.
ბიზნეს-ნიუსი
ბიზნეს-ნიუსი ესაა გადაცემა მათთვის, ვისაც სურს იყოს საქმიანი ცხოვრების ეპიცენტრში. მიმდინარე დღის ბიზნეს სიახლეები, ექსპერტული შეფასებები, პირდაპირი ჩართვები, აქციები, უახლესი კოლექციები, ეროვნული ვალუტის კურსი, საწვავისა და სამშენებლო სექტორის ფასები, ახალი კომპანიები, საინტერესო შემოთავაზებები და მრავალი სხვა. ბევრი ბიზნესზე და ცოტაც ეკომონიკაზე, გადაცემაში ბიზნეს-ნიუსი ლელა რევიშვილთან ერთად. გადაცემა დღეში სამჯერ გადის ფორტუნას პირდაპირ ეთერში, 11:30 , 14:30 და 18:30 წუთზე, ხოლო კვირის შემაჯამებელი თემით მაია მამულაშვილი სტუმარს პარასკევს პირდაპირ ეთერში მასპინძლობს. გადაცემის მიზანია, ფორტუნას მსმენელმა პირველმა შეიტყოს ბიზნესის სექტორში მიმდიარე ახალი ამბების შესახებ; 11:30, 14:30, 18:30
proeqti “oqros talRa”
პროექტი „ოქროს ტალღა“ საქართველოში შოუ-ბიზნესის წახალისების მიზნით ტარდება და ახალი სახეების აღმოჩენასთან ერთად, საუკეთესო სიმღერების გამოვლენისა და პოპულარიზაციის საშუალებას იძლევა. ეს გულისხმობს პროექტში როგორც ახალბედა, ასევე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი სახეების ჩართულოვას. დამატებითი სტიმული კონკურსანტებისთვის ის საპრიზო ფონდია, რომელიც წლის საუკეთესო სიმღერების ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა.
პრეს-ნიუსი
პრესის ყველაზე ვრცელი და ამომწურავი მიმოხილვა რადიო ფორტუნას დილის ეთერში, 09:40 წუთზე. ეკა საათაშვილი დილიდან პრესის ყველაზე ცხელ ამბებს მიმოიხილავს და პირველი გიყვებათ იმაზე, რაც აქტუალურია ბეჭდურ მედიაში. ესაა დრო, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი სამსახურისკენ მიემართება და შესაბამისად, საუკეთესო საშუალება უმოკლეს დროში გაეცნოთ ცნობილი გამოცემების ყველაზე რეიტინგულ მასალებს. თუ არ გაქვთ დრო გადაავლოთ თვალი პრესას, თუ გინდათ ხუთი წუთის მანძილზე გაიგოთ ყველაზე მთავარი დღეს, თუ კომპეტენტური შეფასებისა და ანალიზის მოსმენა გსურთ, მაშინ დაელოდეთ ეკა საათაშვილს, რომელიც უმოკლეს დროში მოგიყვებათ, რას წერენ გაზეთები, გადაცემაში პრეს-ნიუსი. გადაცემის წამყვანი მიმოიხილავს კონკრეტულ დღეს გამოსულ ბეჭდური გამოცემების მთავარ მასალებს.
ასტროლოგიური პროგნოზი
კომპეტენტური ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს 12-ივე ნიშნის ასტრო პროგნოზს გვიყვება. ყოველ დილას 08:50, 09:50 და 10:50 წუთზე თქვენ გელით ამომწურავი ინფორმაცია: წარმატებულია თუ არა კონკრეტული დღე, სარფიანი თუ არა ის ბიზნეს გარიგებებისთვის, ნაყოფიერია თუ არა კარიერული წინსვლისთვის, იღბლიანია თუ არა ის პირადი ურთიერთობებისთვის, რას გვმართებს მოვერიდოთ ამ დღეს, რაზე მეტად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელი ქვა ავირჩიოთ დღის თილისმად და მრავალი სხვა მათთვის, ვისაც ჰოროსკოპის სჯერა. მიხეილ ცაგარელი ექსკლუზიურად მხოლოდ ფორტუნას მსმენელს უყვება დღის წარმატებული და წარუმატებელი ნიშნების შესახებ. ასე რომ დაელოდეთ დილიდან მიხეილ ცაგარელის ასროლოგიურ პროგნოზს რადიო ფორტუნას ეთერში.
არტ-FM
გადაცემა მათთვის, ვისაც სურს იყოს ქვეყნის კულტურული მოვლენების ეპიცენტრში. კინოპრემიერები, საკონცერტო ტურნეები, თეატრალური გასტროლები, სიმღერის პრემიერები, საქველმოქმედო კონცერტები, მოდური ჩვენებები, გამოფენები და ყველაფერი ის, რაც ქართული არტ-კულტურის ნაწილია. დღის და კვირის არტ-მოვლენების შეჯამება, დაგეგმილი ივენთების ანონსი და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრიდან. არტ-FM ესაა გადაცემა, სადაც მსმენელი პირველი იგებს სიახლეს, პირველი მასპინძლობს საპატიო სტუმარს და პირველი გიყვებათ ექსკლუზიური ამბების შესახებ. თუ გსურთ, ერთი საათია მანძილზე გაიგოთ ყველაფერი, რაც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ხდება, დაელოდეთ სამშაბათ დღეს. 16:00 საათზე ჩვენი ჟურნალისტის, თათა სადრაძის საავტორო გადაცემა არტ-FM იწყება.12:40, 16:40
ჰიტების გალერეა
ლეგენდარული მუსიკოსების მსოფლიო ჰიტები და მათი შექმნის უცნობი ისტორია. როგორ იწერებოდა ყველასთვის პოპულარული და საყვარელი სიმღერები, ვინ იყო მათი თავდაპირველი შემსრულებელი, რა ისტორია უძღოდა წინ მათ შექმნას, როგორ აღმოჩნდა ისინი მსოფლიო ჩარტების სათავეში. ოქროს ჰიტები, რომლებმაც გადალახეს ოქროს სტანდარტის ზღვარი, სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტერპრეტაციით გაჟღერდა და რომელთა მოსმენა ყოველთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. ყველა ჟანრის, ყველა დეკადის, ყველა მომღერლის ყველაზე პოპულარული ჰიტები დ მათი შექმნის საინტერესო ისტორიები ნიკა კაციას გადაცემაში ჰიტების გალერეა. შემოაღეთ ჰიტების გალერეის კარი ყოველდღე რადიო ფორტუნას ეთერში და გაიგეთ მეტი საყვარელი სიმღერის შესახებ, მოისმინეთ მათი ყველაზე ორიგინალური ქავერები და დატკბით საყვარელი მელოდიებით
სპორტ ნიუსი
ესაა გადაცემა სპორტის ნამდვილი მელომანებისთვის. სპორტის ყველა სახეობის მიმოხილვა და გასული დღის სპორტული მოვლენების სრული შეჯამება, მიმდინარე სიახლეების ანონსი და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრიდა. 10:40, 17:40
გადაცემა ბიზნეს-კურიერი
ეს გადაცემა ყოველდღიურად 12:30 წუთზე გადის ეთერში და მიმოიხილავს ბიზნეს სექტორში მიმდინარე საინტერესო პროცესებს. ეროვნული ვალუტის კურსი უცხოურთან მიმართებაში, საწვავის ფასები, სასაქონლო ბირჟის მიმოხილვა და სხვ.
პულსი
პულსი ესაა სამედიცინო გადაცემა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. გადაცემის წამყვანი, თიკო დაბრუნდაშვილი ყველასთვის საინტერესო თემებზე ამახვილებს ყურადღებას, საუბრობს დაავადებებზე, რომელთა შესახებ უფრო მეტის ცოდნაა საჭირო, გიყვებათ სიმპტომებზე, გავრცელების გზებზე, პრევენციასა და მკურნალობის მეთოდებზე. მასთან ერთად რჩევებს იძლევიან ქვეყნის ყველაზე კომპეტენტური ექიმები, რომელთან ვიზიტიც ხშირად ბევრისთვის ხელმისაწვდომი არაა. პულსი ესაა საუკეთესო საშუალება დაზოგოთ დრო და ფული და უმოკლეს დროში შეიტყოთ ყველაფერი ჯანმრთელობის შესახებ. ყოველ პარასკევს, 15:30 წუთზე, გადაცემის შემაჯამებელ ნაწილში თქვენ გელით შეხვედრა სტუმართან. პულსის სტუმრები სხვადასხვა პროფილის ყველასთვის ცნობილი ექიმები არიან, რომელთა რჩევა ყოველთვის აქტუალურია.
ლიმონი
ლიმონი, ესაა ყვითელი გადაცემა ქართულ შოუბიზნესზე. თუ გსურთ პირველმა გაიგოთ, რა ხდება პოპულარული ადამიანების პირად და შემოქმედებით ცხოვრებაში, მოისმინოთ პირველი კომენტარი მიმდინარე მოვლენებზე და გადაამოწმოთ პირველი წყაროდან, რასაც ქართულ პრესაში წერენ, მაშინ გადაცემა ლიმონი თქვენთვისაა. ქორწინებები, განქორწინებები, ახალი შემოთავაზებები, ახალი პროექტები, კულუარული ინფორმაციები, ჭორები, სიყვარულის ისტორიები, პოპულარული შოუები და მრავალი სხვა მოხვდება ნიკა კაციას რუბრიკის ობიექტივში. არასანქცირებული სატელეფონო ზარით კი, მსმენელი პირველი შეიტყობს ქართული შოუბიზნესის ყველაზე ცხელ და ყვითელ ამბავს. ესაა ყველაზე მწვავე, ყველაზე კულუალური და ყველაზე ექსკლუზიური ლიმონი ნიკა კაციასთან ერთად.
ეტცეტერა
გადაცემა, რომელიც ცნობილი ადამიანების უცნობ ცხოვრებას გიყვებათ. პოლიტიკოსები, მეცნიერები, მწერლები, მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები და უბრალოდ საინტერესო ადამიანები, რომელთა სახელიც ოქროს ასოებით ინახება ისტორიაში. ყველაზე საინტერესო მომენტები მათი ცხოვრებიდან, უცნაური აღმოჩენები, სასიყვარულო რომანები, სუსტი და ძლიერი მხარეები, ანუ ისტორიის ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებისთვის დამალული აღმოჩნდა. გადაშალეთ ისტორიის ეს უცნობი ფურცელი თუთა ჩხეიძის გადაცემაში ეტცეტერა, ყოველდღე რადიო ფორტუნას ეთერში და შეხედეთ სამყაროს განსხვავებული თვალით. გაიგეთ, მეტი მათზე, ვისი ისტორიაც დღემდე ახდენს გავლენას თანამედროვეობაზე, ვინც ქმნის პოლიტიკიური თუ კულტურიული ცხოვრების რითმს დღეს დას ვინც არ კარგავს აქტუალობას სიკვდილის შემდეგაც.
ბონ ვოიაჟი
ბონ ვოიაჟი არის გადაცემა, რომელიც მოგზაურებს დააინტერესებთ. ესაა პროექტი მათთვის, ვისაც უყვარს ეგზოტიკა, უცხო ადგილების მონახულება და სიახლეების აღმოჩენა. გადაცემა გაჯერებულია სასიამოვნო მუსიკით, ტექსტუალური მხარე კი, მაქსიმალურად უშუალოდაა მიწოდებული მსმენელამდე. თანაც იმის გათვალისწინებთ, რომ მსმენელი მოკლებულია ვიზუალურ სანახაობას. წამყვანი პირველ პირში ყვება იმ ადგილების შესახებ, რომლებასაც ეძღვნება კონკრეტული გადაცემა და ამავე დროს, ასრულებს გიდის ფუნქციას. სანდრო ლორთქიფანიძე მრავალფეროვნად მიმოიხილავს ქვეყანასა თუ ქალაქს და რაც მთავარია, მაქსიმალურად რთავს ვოიაჟში თავად მსმენელს. ბონ-ვოაჟი მოიცავს როგორც ქალაქისა და ქვეყნის ისტორიას, ასევე მისი ღირსშესანიშნაობების აღწერას და ტურისტების საყვარელი ადგილების გაცნობას.
Weekend-Show
დილის შემეცნებით-გასართობი გადაცემა, რომელიც გადის ეთერში შაბათ-კვირას 09-დან 12 საათამდე. Weekend-ის დილის ეთერი განსხვავებულია სამუშაო დღის ფორმატისგან და ის მოიცავს დღის თემას, სატელეფონო ჩართვებს, თხოვნებს, ახალი ალბომების მიმოხილვას, ინფორმაციას მსოფლიო მუსიკალური ტურნეების შესახებ, ახალი ფილმების პრემიერებს, გათამაშებებსა სხვა. განსხვავებით სამუშაო დღისგან, შაბათ-კვირის დილის ეთერი ინტერაქტიულია, მასში ჩართულია თავად მსმენელი და ეთეში გადის ინფორმაცია სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის განსხვავებული და საინტერესო ამბები, რომელზეც მთელი კვირის მანძილზე აქტიურად წერდა მედია. გადაცემის ცალკე ბლოკი ეთბობა რჩევებს ჯანმრთელი ცხოვრების წესის მოყვარულთათვის და ტექნოლოგიურ სიახლეებს.
სტილი
ესაა რუბრიკა მათთვის, ვისაც უყვარს მოდა, ვინც იცნობს ლეგენდარულ ბრენდებს, ვისაც აინტერესებს უახლესი ტენდენციები, ვისაც სურს გაიგოს, რა იქნება მოდაში ხვალ. ყველასთვის უცნობი, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტები ლეგენდარულ ბრენდებზე, ადამიანებზე რომლებიც მოდის ინდუსტრიას ქმნიან: ინტრიგები, ჭორები, კულუარული ინფორმაციები, პირადი ცხოვრება, კარიერული წარმატების საიდუმლო, წარუმატებლობები და ყველაზე იღბლიანი მომენტები. ის რაც ჯერ არასოდეს და არავისგან გსმენიათ. ნია მოძმანაშვილი პირველი მოგივყვებათ მათზე, ვისი სამოსიც მსოფლიო სელებრითებს აცვიათ, მათზე, ვინც ქმნის მოდის ტრენდს ჩვენთვის და მათზე, ვინც სეზონიდან სეზონამდე გვკარნახობს მოდას. ყველაზე ხმაურიანი დაჯიდლოვებები, ჩვენებები, პრეზენტაციები, შოურუმები, ახალი კოლექციები და მოდის კვირულები. რუბრიკა სტილი, ყოველ დილით 11:40 წუთზე ნიასთან ერთად
წარმატების ფორმულა
წარმატების ფორმულა შემეცნებით-გასართობი ხასიათის გადაცემაა. იგი მოიცავს საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალური თემების ფართო სპექტრს და არ კონცენტრირდება მხოლოდ ერთ, კონკრეტულ საკითხზე. გადაცემას სტუმრობენ ცნობილი ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარი წარმატების ფორმულაზე ყვებიან, აძლევენ რჩევებს დამწყებ ბიზნესმენებს, საუბრობენ მომხმარებლისთვის საინტერესო სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, პასუხობენ წამყვანის „ჩამჭრელ“ შეკითხვებს. გარდა ამისა, ეს გადაცემა არის კარგი შანსი სხვა კუთხით გაიცნოთ ცნობილი ბიზნესმენი, დაინახოთ მისი ცხოვრება სხვა რაკურსით და გაიგოთ, როგორ უთავსებენ ისინი საქმიანი ცხოვრების რითმს ჰობის, გართობასა და პირად ცხოვრებას. გაასწორეთ ბიზნესის წამზომი ჩვენს ტალღაზე და დაელოდეთ ყოველ ორშაბათს 19:00 საათზე, FM სივრცეში ყველაზე საქმიანი წამყვანის , გვანცა ლაღიძის საავტორო გადაცემას „წარმატების ფორმულა“.
გადაცემა „რაკურსი“
ყოველ ხუთშაბათს კვირის ყველაზე აქტუალური თემებს რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „რაკურსში“ ვაჯამებთ. გადაცემის წამყვანი ეკა საათაშვილი პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ეკონომისტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა უამრავი პროფესიის ადამიანს მასპინძლობს იმისთვის, რომ თქვენთვის საინტერესო თემაზე ამომწურავი პასუხი მიიღოთ. გადაცემა ორი ბლოკისგან შედგება. პირველ ბლოკში აქტუალური პოლიტიკური თემა განიხილება და სტუმრად, ხშირ შემთხვევაში, პარლამენტის წევრები, მინისტრები და ექსპერტები არიან. მეორე ბლოკი კი სოციალურ თემატიკას ეთმობა და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები ყველა თქვენგანისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობენ. გადაცემა „რაკურსი“ FM 106.9-ზე ყოველ ხუთშაბათს, 17 საათზე გელოდებათ.
დღის აქტუალური თემა თეონა გონგლაძესთან ერთად
რუბრიკის მთავარი მიზანია გამოიკვეთოს მოცემული, კონკრეტული დღისთვის ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა ან საკითხი, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური თუ ეკონომიკური სფეროდან და კომპეტენტურ პირთან ერთად, იქნება ეს პოლიტიკოსი, ექსპერტი თუ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ცნობადი სახე, განავრცოს თემა პირდაპირ ეთერში, დასვას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა და სტუმართან ერთად მიაწოდოს მსმენელს პასუხები. ჟურნალისტი თემას ირჩევს დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე და ერთ კონკრეტულ აქტუალურ საკითხს პირდაპირ ეთერში განიხილავს სტუმართან ერთად.
18 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანის შემდეგ პირდაპირ ეთერში შედის ჟურნალისტი სტუმართან ერთად. ჟურნალისტი შერჩეულ საკითხს სტუმართან სატელეფონო ჩართვის საშუალებით განიხილავს. დღის მთავარი თემის განხილვას პირდაპირ ეთერში ეთმობა 5-7 წუთი.
2016 წლის 12 იანვარს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ აღნიშნა, რომ ლიცენზიის მაძიებელი აკმაყოფილების საერთო მაუწყებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი სოფელ იგოეთში (სიხშირეზე 90,5მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს “რადიო ჰოლდინგმა ფორტუნას” უფლებამოსილი წარმომადგენელი გვანცა წერეთელი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “რადიო ჰოლდინგმა ფორტუნას” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016) საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რადიო ჰოლდინგმა ფორტუნას” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გვანცა წერეთელმა სალიცენზიო გადასახდელის - 2,835.00 (ორი ათას რვაასოცდათხუთმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №679/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები მერაბ ქათამაძე და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე)
გადაწყვიტა:
1. სოფელ იგოეთში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “რადიო ჰოლდინგი ფორტუნა”;
2. უზრუნველყოს შპს “რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 567.00 (ხუთასსამოცდაშვიდი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 1984.50 (ერთი ათას ცხრაასოთხმოცდაოთხი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს “რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “რადიო ჰოლდინგმა ფორტუნასთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლი ითვალსიწინებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადებასთან ერთად განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის წარმოდგენას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. ვინაიდან კონკურსის გამოცხადების დროს არ იყო დადგენილი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და არც დღეს არის დადგენილი, შესაბამისად, ვერც კონკრეტული კონკურსანტის და ვერც რომელიმე სხვა კონკურსში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია ვერ იქნება არარსებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში. კომისიის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ იგივე შენიშვნა ჰქონდა კონკურსის გამოცხადების დროსაც. შესაბამისად იგი წინააღმდეგი იყო კონკურსის გამოცხადების სანამ არ დადგინდებოდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
