წვდომის მენიუ

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 26 / 10

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2016 18:16

მიღების თარიღი იანვარი 15, 2016

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №669/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საქართველოს ტერიტორიაზე 17 გადამცემის გამოყენებით სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №669/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2015 წლის 10 დეკემბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 12 იანვარი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 15 იანვარი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 56,862.00 (ორმოცდათექვსმეტი ათას რვაასსამოცდაორი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №669/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/9580-15, 07.12.2015წ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ ააიპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია  შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №669/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენა სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი თამაზ ვაჩაძე;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ1) ქვეპუნქტის შესაბამისად, სათემო მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016), სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე.  დასკვნის შესაბამისად, ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია ისეთი თემატიკის პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავენ მართმადიდებლური თემის ინტერესების მომსახურებას.

ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად რადიოს ექნება საინფორმაციო, ანალიტიკური, შემეცნებითი, გასართობი, კულტურულ-ესთეტიკური, სასწავლო და აღმზრდელობითი ფუნქცია. აღნიშნული ფუნქციების განხორციელებას რადიო გეგმავს ქვემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა მიმართულების მქონე გადაცემების მეშვეობით.

რელიგიური მიმართულება

საღვთისმეტყველო გადაცემათა ციკლის ,,ღვთისმეტყველება”  მიზანი იქნება რადიომსმენელს გააცნოს:

დოგმატური ღვთისმეტყველება _ ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმატები და ის საღვთისმეტყველო თემები, რომლებიც წარმოაჩენს სწავლა-მოძღვრებით განსხვავებებს სხვადასხვა დენომინაციებს შორის და იძლევა მეცნიერებისა და კულტურის თანამედროვე მიღწევების ქრისტიანული ანალიზის საშუალებას;

მისიონერობა _ წმინდა წერილის სწავლების მიხედვით ჩამოყალიბებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამოციქულო მსახურების თეორიული პრინციპები და პრაქტიკული გამოცდილება;

რელიგიის ფილოსოფია _ თანამედროვე ადამიანის რელიგიური ცნობიერების ჩამოყალიბების ანალიზი კლასიკური და თანამედროვე ფილოსოფიური მოძღვრებების მიხედვით;

ჰომილეტიკა _ წმინდა წერილის, დიდი საეკლესიო დღესასწაულებისა და წმინდანთა ცხოვრების მნიშვნელობის ზეპირი განმარტების გადმოცემის პრინციპები წმინდა მამებისა და თანამედროვე სასულიერო მოღვაწეების მიერ წარმოთქმული ქადაგებების მიხედვით;

ლიტურგიული გადმოცემები – ეკლესიის შვიდი საიდუმლოს შინაარსი, ისტორია და სიმბოლური მნიშვნელობა; 

საეკლესიო და სახელმწიფო სამართლის საფუძვლები - საქართველოს სამართლებრივი სისტემა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ეკლესიისა და სახელმწიფოს სამართლებრივი ურთიერთობა;

  • ·შვიდგზის ლოცვა

კომპანია სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნავს, რომ შვიდგზის ლოცვის უძველესი ტრადიცია იყო საქართველოში. ეს ტრადიცია უწმინდესმა აღადგინა. იგი ეფუძნება დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს-,,შვიდგზის დღესა შინა გაქებდე შენ უფალო”. რადიო გეგმავს ყოველდღე დღეში შვიდჯერ გადასცეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მაღალიერარქების მიერ წაკითხული ლოცვები. რადიოპროგრამის სამაუწყებლო ბადეში მას მუდმივად ზუსტად განსაზღვრული დრო ექნება განკუთვნილი.

  • დილა-საღამოს ლოცვები

რადიო მსმენელს საშუალებას მისცემს რადიო ეთერით მოისმინოს დილა-საღამოს ლოცვები. დაგეგმილია ხშირად განიმარტოს ლოცვის მნიშვნელობა. წაიკითხება ფრაგმენტები ქრისტიანისთვის და არა მარტო ქრისტიანისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნებიდან ლოცვის შესახებ.

  • წმინდანთა ცხოვრება 

რადიო  გეგმავს, ყოველდღიურად გადასცეს წმინდანთა ცხოვრება. ამ გადაცემის მიზანი, რა თქმა უნდა, შემეცნებითი ხასიათისაც იქნება. იგი ქართველებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ეპოქის წმინდანთა ცხოვრების გაცნობას  ისახავს იზნად.

  • პატრიარქის ქადაგება          

რადიო შეეცდება ეთერით ყოველკვირეულად გადასცეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება. რადიოთი გადაცემულ პატრიარქის ქადაგებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება მრევლის ეკლესიის წიაღთან დასაკავშირებლად. მსმენელი უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარმოთქმული სწავლებიდან შეიცნობს ღვთისმსახურების დიდ მადლს, რწმენის, ქვეყნისადმი ერთგულების განსაკუთრებულ ღირსებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების მნიშვნელობას.

  • წმიდა წერილი და მისი განმარტებანი

მსმენელს საშუალება ექნება ყოველდღე ძველი აღთქმის წიგნების და სახარების თითო თავი მოისმინოს. რადიო წმიდა წერილს მსმენელს ძველსა და ახალ ქართულზე შესთავაზებს.

სახარება თავის თავში მოიცავს სულიერი ცხოვრების სრულ პროგრამას და აღქმული უნდა იყოს, როგორც ,,ფუძე-საწყისი ყოველივესი”.  სახარების განმარტება საჭიროა ახალი აღთქმის შესწავლა-შემეცნებისათვის, მათი უკეთ გათავისებისათვის. რადგან ეს რადიოსაუბრები გათვალისწინებულია მსმენელთა ფართო წრისათვის სახარების წიგნთა განმარტებამდე ავტორი თავად სახარების ოთხწიგნეულზე ისაუბრებს, ყურადღებას გაამახვილებს პირველ რიგში: სახარების წიგნთა შექმნის ისტორიაზე, მათი დაწერის თარიღზე, სახარების ენაზე, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებაზე მესიის მოსვლის შესახებ, ავტორთა მსოფლმხედველობაზე საზოგადოებასთან მიმართებაში; იმ ობიექტურ თუ სუბიექტურ ასპექტებზე რამაც განაპირობა ამ სახარებებს შორის მონათხრობთა განსხვავებები.

  • ·ფსალმუნები და მათი განმარტებანი   

 რადიო მსმენელს ყოველდღიურად შესთავაზებს ფსალმუნს. ქვეყანაში განსაცდელის მოძალების ჟამს პატრიარქი მლოცველებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ხოლმე ფსალმუნთა ძალას და თხოვს მეტი გულმოდგინებით იკითხონ კანონები. რადიოც მუდამ გულისხმიერებით შეეცდება ეკლესიის ცხოვრების წესს მიჰყვეს და ძველი აღთქმის თუ სახარების წიგნთა ტექსტის კითხვის მსგავსად ფსალმუნთა კითხვაც ყოველდღიურ უცვლელ ციკლად შესთავაზოს მსმენელს. ფსალმუნთა სათქმელი, ისევე როგორც ყოველი წიგნის სათქმელი ბიბლიიდან, ძალიან ბევრ შეკითხვას და საფიქრალს უჩენს ადამიანს. ამ სიბრძნის შეცნობა და მიღება მაშინ არის შესაძლებელი, თუკი ღვთის სიტყვის მნიშვნელობას მივწვდებით, ეს კი საგანგებო სწავლებით მიიღწევა.

  • ·მივყო იგავსა ყური ჩემი

სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ბიბლიაში ღვთის სიტყვა მკითხველს იგავური წესით მიეწოდება. წმიდა წერილი უგულვებელყოფს ზედმიწევნით ზუსტ აღწერას და  ამბავთა გადმოცემისას უპირატესობას იგავურ წესს ანიჭებს. ამიტომ თხრობის იგავური მეთოდი, როგორც წესი, ეს იქნება მხატვრული ნაწარმოებისა თუ, მითუმეტეს, ბიბლიური წიგნებისა აუცილებლად ითხოვს საგანგებო განმარტებას. ეს ციკლი სწორედ ამიტომ მიეძღვნება სახარებისეული იგავების განმარტებას.

  • კატეხიზმო-მრწამსი, ათი  მცნება, ცხრა ნეტარება

აღნიშნულ გადაცემაში მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა რადიოში კატეხიზმოს განმარტებას, რომელიც მართლმადიდებლური სარწმუნოების, შემოკლებული სწავლება - მოძღვრებაა. საეკლესიო მოძღვრების დებულებანი შემოკლებულად არის მოცემული კატეხიზმოში  და ბუნებრივია კატეხიზმოს გაცნობა მსმენელს საშუალებას აძლევს იცოდეს საეკლესიო დოგმები, ჭეშმარიტი რწმენის დებულებანი, რათა შეიმეცნოს თუ რა არის ყველაზე არსებითი საეკლესიო მოძღვრების დასაცავად.

  • საუბარი მართლმადიდებელ მოძღვართან

გადაცემა ძირითადად მსმენელის შეკითხვებზე იქნება აგებული. მართალია, გადაცემას ყოველთვის ექნება თავისი თემა,  რომელიც ხშირად მსმენელთა სურვილით შეირჩევა, მაგრამ მას გადაცემის მხოლოდ პირველი ნახევარი, დაახლოებით ოცი წუთი დაეთმობა. გადაცემის დარჩენილი დრო კი მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებზე აიგება. გადაცემა  ყოველდღიურად გავა ეთერში. გადაცემაში ყოველდღე სხვადასხვა მღვდელმსახური იქნება სტუმრად მოწვეული.

გადაცემა „საუბარი მართლმადიდებელ მოძღვართან“ ძირითადად საღვთისმეტყველო შინაარსის იქნება: როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რა ევალება მორწმუნეს ღვთისა და ადამიანის წინაშე, როგორ ვიცხოვროთ ეკლესიურად, რა არის რწმენა, სიკეთე და სასოება, საუბრები ძველი აღთქმის წიგნებსა და წინასწარმეტყველებზე, წმინდანთა ცხოვრების წესსზე, ლიტურგიაზე, ღვთის შემეცნებაზე, პიროვნების ფერიცვალებაზე.

  • საუბარი ქრისტიანულ ზნეობაზე

პროგრამის – „საუბარი ქრისტიანულ ზნეობაზე“ მიზანს წარმოადგენს რადიომსმენელებს გააცნოს ადამიანის ზნეობრივი მოვალეობანი ღვთის, მოყვასისა და საკუთარი თავის მიმართ, წარმოაჩინოს ის, თუ რამდენად შეესატყვისება თანამედროვე ადამიანის ცხოვრება ქრისტიანულ ღვთაებრივ მოძღვრებას, წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, საღვთო სჯულს და რამდენად ასხამს ხორცს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან სჯულის მსმენელები კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ სჯულის შემსრულებელნი.

სხვადასხვა გადაცემაში რადიო მსმენელებს გააცნობს და განუმარტავს (წმინდა მართლმადიდებელ მამათა სწავლებიდან გამომდინარე) ქრისტიანის მოვალეობებსა და იმ სათნოებებს, რომლებისკენაც ის უნდა მიისწრაფოდეს.

  • სწავლებანი და შეგონებანი

რადიოს დაგეგმილი აქვს ძალიან ხშირად გადასცეს ამონარიდები და მცირე შეგონებები სახარებიდან და წმიდა მამათა გამონათქვამებიდან. რადიოში გამონათქვამები და შეგონებანი ძირითადად თემატურად იქნება დალაგებული. თემის უფრო სრულად წარმოჩენისათვის ერთ თემაზე სხვადასხვა მამის გამონათქვამები მუსიკალურად შეიკვრება, საგალობლით გაერთიანდება. მაგალითად, გამონათქვამები: ღმერთზე, სამებაზე, უფლის სიყვარულზე, სათნოებებზე, მტკიცე სარწმუნოებაზე, სიმდაბლეზე, სიმშვიდეზე, კაცთმოყვარეობაზე, სულისა და ხორცის სიწმინდით შენახვაზე, ამპარტავნებაზე, პატივმოყვარეობაზე, უმანკოებაზე, მზაკვრობაზე, მდაბალ ზრახვებზე, და ა.შ.  გამონათქვამები ლაგდება ვნებათა და  სათნოებათა მიხედვითაც, მსმენელმა მათი შეპირისპირებით უკეთ რომ შეძლოს გაანალიზება და უკეთესის არჩევა.

ლიტერატურული მიმართულება

  • საუბარი ლიტერატურაზე, კულტურაზე

ამ  გადაცემით  მსმენელი  ინტენსიურად გაეცნობა ძირითადად მხატვრული ლიტერატურის, მაგრამ  ამავე  დროს, ზოგადად სახელოვნებო სფეროებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებაში, კულტურაში მიმდინარე პროცესებს და ტენდენციებს. გადაცემაში  გაშუქდება როგორც ქართული ლიტერატურის, ისე მსოფლიო ლიტერატურული  სივრცის სიახლეები.  სტუდიის სტუმრები იქნებიან ყველა თაობის გამორჩეული, მნიშვნელოვანი მწერლები, მეცნიერები, მხატვრები, რეჟისორები, თეატრმცოდნეები, მუსიკოსები.

       გადაცემის  რუბრიკები იქნება: სტუმარი; ახალი  წიგნები, ლიტერატურული პრესა; ახალი თარგმანები; ჩვენი კლასიკა; ძვირფასი მედალიონები (სამახსოვრო თარიღები), წმ. მამები გვირჩევენ, პოეზიის სამი წუთი.

  • ლიტერატურა და ბიბლიური სიბრძნე

რადიოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოხდება რადიოში დასმული პრობლემების, საკითხების, გაშუქებული თემატიკის საღვთისმეტყველო კუთხით განხილვა.

ქართული საზოგადოების ინტერესი წინაპართა მემკვიდრეობისადმი არასდროს განელებულა. მიუხედავად იმისა, რომ  მწერალი ინდივიდუალური შემოქმედია ბევრი ნაწარმოები ბიბლიითაა ნასაზრდოები - ბიბლიური ტექსტები, პერსონაჟები, სახეების აზრობრივი და ემოციური გალერეაა, ნასესხები თუ სიმბოლურად გააზრებული.

ეს გადაცემა მიზნად ისახავს ლიტერატურის სწორედ საღვთისმეტყველო კუთხით წაკითხვას.

  • ·ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია

გადაცემებში განხილული  იქნება საღვთისმეტყველო ლიტერატურა, რომელიც გამოხატავს მართლმადიდებლური სარწმუნოების სხვადასხვა ასპექტებს დოგმატიკაში, კანონიკაში, პატროლოგიასა და მართლმადიდებლური თეოლოგიის სხვა მიმართულებებში. ეს გადაცემები საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მართლმადიდებლობა უფრო ღრმად, ჩაწვდეთ ქრისტიანობის არსს არა მხოლოდ სულიერ-ინტელექტუალურ დონეზე. აქ მოისმენთ ქრისტიანული სამყაროს ნააზრევს, გაეცნობით სასულიერო მწერლობის ჟანრებსა და ნიმუშებს, ეკლესიის მამათა ცხობრებასა და მათ ფასდაუდებელ განმარტებებს.

  • რუბრიკა “კითხვის დრო” 

რადიო  მსმენელს შესთავაზებს წიგნებს, რომლებსაც მსახიობები და თავად ავტორები წაიკითხავენ. ცნობილი თუ აქამდე უცნობი ნაწარმოებები, შედევრები და დებიუტები ესაა ლიტერატურა, რომლის მოსმენაც ეთერში იქნება შესაძლებელი. მსმენელს საშუალება ექნება  მოუსმინოს თანამედროვე და კლასიკად ქცეულ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას და იპოვოს საყვარელი წიგნ და ავტორი, რათა შემდეგ განმარტოვდეს სასურველ ტექსტთან, რომელშიც შესაძლოა, ბევრი კითხვის პასუხიც აღმოაჩინოს.

  • ·ფოლკლორი

 იგი ერის უმთავრესი სულიერი და კულტურული საგანძურია. ჩვენი ფოლკლორი გამორჩეულად მრავალფეროვანი და თვითმყოფადია მსოფლიოს ხალხთა შემოქმედებაში.

ფოლკლორულ თემატიკაზე შეიქმნება გადაცემები. მათში მსმენელი ქართულ და მსოფლიოს ხალხთა კლასიკად ქცეული ზეპირსიტყვიერების შედევრებს მოუსმენს, გაგაცნობთ ქართული ხალხური შემოქმედების აქამდე უცნობ და უნიკალურ ნიმუშებს; შეგახსენებთ უკვე აღიარებულ და ყველასთვის კარგად ნაცნობ ავტორებს და მათ პოეზიას.

სწორედ ამ კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა იქნება ფოლკლორულ თემატიკაზე  შექმნილი გადაცემათა ციკლის „მზიანი რწმენის საუფლო“ მიზანი.

ისტორიულ-ეთნოგრაფიული მიმართულება

ისტორიული გადაცემები ქვეყნის წარსულის გასახსენებლად, აწმყოს შესაცნობად, მომავლის გასააზრებლად შეიქმნება.

ისტორიულ გადაცემებში ის პრობლემები იქნება წარმოჩენილი მსმენელის წინაშე რომლებიც თანაბრად აქტუალურია, როგორც ქვეყნის წარსულისთვის, ასევე აწმყოსა და მომავლისთვისაც: ჩვენი ეროვნული ვინაობა; გზა, რომლითაც დღემდე მოვედით; ისტორიული ტრადიცია და ა.შ.

 

  • ერთად აღვიდგინოთ ეკლესიის უახლესი ისტორია უწმინდესის მოღვაწეობა ღვთისა და ერის სამსახურში, საქართველოს ეკლესიის ახალი ცხოვრების ფურცელია, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაა. ეს ისტორია იქმნებოდა ჩვენს საზოგადოებასთან, ეკლესიის მრევლთან ერთად. სწორედ ამ ადამიანებმა, ცნობილმა თუ უცნობმა მოღვაწეებმა, შემოინახეს უახლესი წარსულის ხსოვნა.

                რადიო  მოიწვევს ყველას, ვისაც კარგად ახსოვს საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორია. ნებისმიერს მიეცემა საშუალება, ფართო აუდიტორიის წინაშე გაიხსენოს ეს წლები და მოვლენები, რათა კიდევ ერთხელ დაიწეროს ჩვენი ეკლესიის უახლესი ქრონიკა, და მისი ავტორი კი იყოს ამ ეკლესიის მრევლი, საზოგადოება, თითოეული ადამიანი, რომელმაც იცხოვრა ამ ეპოქაში და თავისი ცხოვრებით შეცვალა იგი.

  • ქართლის ცხოვრების ქრონიკები

ამ გადაცემაში საუბარი იქნება ქვეყნის წარსულის შესახებ, პრობლემებზე, რომლებიც ისტორიული განვითარების მანძილზე დაისვა ქვეყნის წინაშე. წარმოვაჩენთ ცალკეულ ეპოქალურ მოვლენებს თუ პიროვნებებს, რომლებმაც საკუთარი სულიერი თუ პიროვნული ღვაწლის ფასად შექმნეს ისტორია. ქვეყნის მატიანე გააზრებული იქნება მსოფლიო ისტორიის ჭრილში და საუბარი იქნება, როგორც კაცობრიობის მნიშვნელოვან ნაწილზე.

  • მსოფლიო ისტორია

ეს გადაცემა რადიომსმენელს მოუთხრობს ძველი ცივილიზაციების, ძველი მსოფლიოს ხალხებისა  და სახელმწიფოების შესახებ, პრეისტორიული ხანის დამთავრებიდან შუა საუკუნეებამდე, ასევე, შუა საუკუნეების ისტორიის, ახალი ისტორიისა და  მსოფლიოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე. გადაცემა დაიყოფა რამდენიმე ბლოკად მსოფლიო ისტორიის პერიოდების მიხედვით.

  •   მსოფლიო რელიგიების  ისტორია

რადიომსმენელს შესთავაზებს მსოფლიოს უდიდესი რელიგიების ისტორიის  მიმოხილვას. მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. მსოფლიოს რელიგიებით დაინტერესებულ ადამიანებს უამრავ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდით. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ამ რელიგიების წარმომადგენლებიც.

  •   ჩვენი ღვთიური საუნჯე

    სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ რაც უფრო მეტი სიწმინდეა ერის წიაღში, მით უფრო ძლიერი და მადლიანია ის ერი. საქართველო ამ მხრივ გამორჩეულია. ღმერთმა ინება და ჩვენთან მრავალი მართლმადიდებლური სიწმინდეა. ჩვენ გვხვდა წილად მათზე ზრუნვა და ღირსეულად პატრონობა. ისინი მხოლოდ ჩვენი საკუთრება კი არა, ქრისტიანული სამყაროს საგანძურია.

მსოფლიოს  და საქართველო სიწმინდეების ისტორიის, მათი მადლის და ცხოველმყოფელი ძალის შესახებ მომზადდება რადიო გადაცემათა ციკლი „ჩვენი ღვთიური საუნჯე“.

  • ეკლესია-მონასტრები     

    კონცეფციის თანაცმად ქართველი კაცი დაუსრულებელი ომების დროსაც ახერხებდა ტაძრებისა და მონასტრების შენებას, ქმნიდა თავის უბადლო კულტურას. საოცარი სისწრაფით ვითარდებოდა ეკლესია-მონასტერთა აღდგენა-აღმშენებლობა. ამიტომ რადიო თავის რადიომსმენელს მუდმივად შეთავაზობს გადაცემებს ეკლესია-მონასტრების შესახებ რუბრიკაში „ჟამი შენებისა“. ამ რუბრიკით მომზადდება გადაცემები, რომლებიც ახლად აგებულ ეკლესია-მონასტერთა შესახებ მოგვითხრობენ. მათში პირველ რიგში ყურადღება იქნება გამახვილებული ეკლესიის შენების მნიშვნელობაზე, იმ ადამიანებზე, რომელნიც ამ ღვთისთვის სათნო საქმეს მოეკიდნენ.

რადიომსმენელები ამ გადაცემებიდან აგრეთვე გაიგებენ სად და როდის ჩაეყარა საფუძველი ახალი ეკლესიისა თუ მონასტრის აღდგენა-მშენებლობას, როდის და ვინ აკურთხა ტაძრის საფუძველი, ვინ არიან ქტიტორები, ვინ დადგინდა ტაძრის წინამძღვრად და ვინ იმსახურებს კიდევ ამ ტაძარში.

გადაცემაში დაგეგმილია ინტერვიუები წინამძღვრებთან, მღვდელმსახურებთან, ხატმწერებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან, ეკლესიის მრევლთან.

ეკლესია-მონასტრების შესახებ იქნება რუბრიკაც ,,წინაპართა ნატერფალზე”, რომელიც საქართველოში არსებულ უძველეს ეკლესია-მონასტერთა ისტორიას გაგვაცნობს, მათ წარსულსა და დღევანდელობას ასახავს.

ეკლესია-მონასტერთა შესახებაა აგრეთვე რუბრიკა ,,ქართველთა მონასტრები და სამოღვაწეო კერები საზღვარგარეთ”.

ეს რუბრიკა დაწვრილებით მოგვითხრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ისეთ ადგილებზე, როგორიცაა:  შავი მთა, საბაწმინდის ლავრა, სინას მთა, ათონის ივერთა მინასტერი, პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში, ჯვრის მონასტერი იერუსალიმში.

გადაცემებში, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ისტორია ამ ძეგლებისა და იმ ადამიანებისა, რომელნიც იქ მოღვაწეობდნენ, მაგრამ რადიომსმენელისთვის უფრო მეტად მათი დღევანდელი ყოფაა საინტერესო. სწორედ ამიტომ, რადიო მოამზადებს მასალას საზღვარგარეთ დღეს არსებულ და მოქმედ ეკლესიებზე. ხშირად მიიწვევენ საქართველოში დროებით ჩამოსულ ამ ეკლესიათა წინამძღვრებს, მღვდელმსახურებსა თუ მრევლს, რომელნიც ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვან და ჩვენთვის უცნობ ამბებს მოგვიყვებიან საზღვარგარეთ არსებულ სამრევლოებზე.

  • ხელნაწერთა სავანე 

კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ხელნაწერები ეს არის საუნჯე, რომელსაც ისტორია ჩვენამდე თითქმის შეურყვნელად მოაქვს. საქართველო, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანა მდიდარია ხელნაწერებით, რომლებიც ჩვენს სულიერ წარსულზე მოგვითხრობენ.  ჩვენამდე მოაღწია საეკლესიო თუ საერო შინაარსის საინტერესო ძეგლებმა, სახელმწიფო დოკუმენტებმა და სხვადასხვა შინაარსის საბუთებმა, ცნობილ მოღვაწეთა ჩანაწერებმა, პირადმა წერილებმა თუ ავტოგრაფებმა. ეს უნიკალური საუნჯე დღეს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ინსტიტუტშია დავანებული. სპეციფიკიდან გამომდინარე ხელნაწერების შეხება  და მათი ნახვა მკვლევართა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია. რაც შეეხება საზოგადოების ფართო წრეს, მისთვის მხოლოდ გამოფენების საშუალებით ხდება ცნობილი, რაც, რა თქმა უნდა, სრულად ვერ წარმოაჩენს იმ საგანძურს, რომელიც საუკუნეების სიღრმიდან შემოგვრჩა. სწორედ ამიტომ, საარქივო მასალებზე,  გაცრეცილ ფოლიანტებზე, ძვირფას წერილობით ძეგლებზე, მათში ასახულ ჩვენს ისტორიაზე მოგვითხრობენ მეცნიერები გადაცემაში.

  •  ,,დოკუმენტური კინო-რეალური ისტორია”

მომზადდება გადაცემა ქართული დოკუმენტური კინოს ისტორიის შესახებ. გადაცემის რესპონდენტები: დოკუმენტალისტები, სცენარისტები, ის პერსონაჟები იქნებიამ, რომლითაც მნიშვნელოვანი წვბლილი შეიტანეს ქართული დოკუმენტალისტიკის განვითარებაში.

  • ქართველთა ეთნოგრაფია

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, ქართველი ხალხის მიღწევები, სულიერი, მატერიალური, სამეურნეო კულტურის სფეროებსა და სოციალურ ურთიერთობებში; ქართველთა დემოგრაფიული ვითარება; ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმები და ქართველთა ხასიათი ეს საკითხები ჩანახატებისა და მეცნიერული კვლევების სახით მიეწოდება მსმენელს.

  • ჩემი მშობლიური ერთიანი საქართველო

პატრიოტული სულის, სამშობლოს სიყვარულის გამოხატულება იქნება ერთიანი საქართველოს თემატიკაზე შექმნილი ჩანახატები, ჩემი  მშობლიური ერთიანი საქართველო”. ის საქართველოს კუთხეებისადმი მიძღვნილ მხატვრულ-პუბლიცისტურ ტექსტებს გააერთიანებს, სადაც ამ კუთხეების ისტორიულ მნიშვნელობასა და მშვენიერებასთან ერთად, საქართველოს მთლიანობის იდეა იქნება ხაზგასმული.

ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, ლაზეთი და აფხაზეთი, იმერი და ამერი - ეს ის სივრცეა, რომელიც მხატვრულ-მუსიკალურ ბლოკში  გაცოცხლდება და შთამბეჭდავ  ზემოქმედებას მოახდენს მსმენელზე.

 საქართველოს ყველა კუთხის წარსულის მნიშვნელოვანი ფაქტები, მათი განსაკუთრებულობა და განუმეორებლობა დედასამშობლოს ისტორიაში, მისი ერთიანი სული - ყოველ ჩანახატში მკაფიოდ გამოიკვეთება.

  • ჩვენებურები

    სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად საქართველოს შემოქმედებითი ვიზიტებით ხშირად  სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის ქართველი ემიგრანტები. მათი სახელი ყველამ კარგად იცის -,,ჩვენებურები”- ასე ვუწოდებთ ჩვენ და ისინიც ასე უწოდებენ საკუთარ თავს და ამ სიტყვის განცდა გვაახლოვებს ჩვენ საერთო სისხლთან და ფესვთან. რადიო  მოიწვევს საქართველოში ჩამოსულ თავის თანამემამულეებს გადაცემაში ,,ჩვენებურები”. ამ გადაცემაში შეთავაზებული იქნება შეხვედრები ისტორიული, პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გამო საქართველოდან გადახვეწილ ქართველებთან. გადაცემის საშუალებით მსმენელი გაიგებს თუ რა უჭირთ და ულხინთ ჩვენებურებს.              

გადაცემა „ჩვენებურები“ მსმენელს გააცნობს საქართველოს ემიგრაციის აქტუალურ პრობლემებს: უცხო ქვეყნებში  მცხოვრებ და დაბადებულ ქართველთა სწავლა-განათლების საჭირბოროტო საკითხებს. მიაწვდის ინფორმაციას და მოაწყობს შეხვედრებს თვითიდენტიფიკაციისათვის ესოდენ საჭირო, ეთნოკულტურულ შემოქმედებით ჯგუფებთან.

   ხელოვნების მიმართულება

  • საუბარი ქრისტიანულ ხელოვნებაზე

 შემეცნებითი გადაცემების ციკლი _ „საუბრები ქრისტიანულ ხელოვნებაზე“_ მიზნად ისახავს  რაც შეიძლება საინტერესოდ, მრავალფეროვანი თემებით გააცნოს მაყურებელს ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია ქრისტიანულ სახვით ხელოვნებასთან. მასში მიმოიხილება: საეკლესიო ხელოვნების ისტორიის საკითხები, სხვადასხვა დარგების თავისებურებები, იკონოგრაფია-იკონოლოგიისა და მხატვრული სტილის განვითარების ძირითადი ხაზი, ცალკეული ძეგლების ისტორია, მათი დღევანდელი მდგომარეობა, რესტავრაციის მიმდინარეობა და პრობლემები, მშენებარე ძეგლები, ახალი მოხატულობები, ხატები, გამოყენებითი ხელოვნების ახლადშექმნილი ნიმუშები, ქრისტიანული არქეოლოგიის საკითხები,   ძველი და ახალი ხელოვნების გამოფენები, მოქმედ და გარდაცვლილ მოღვაწეთა შემოქმედებითი ბიოგრაფიები, მუზეუმებსა თუ ეკლესიებში დაცული ჯვარ-ხატები, ხელნაწერები, ეკლესია-მონასტრებში მიმდინარე  სარეაბილიტაციო-კვლევითი სამუშაოები, წმინდა ადგილებში მოგზაურობის შთაბეჭდილებები და ა.შ.

გადაცემის სტუმრები იქნებიან მეცნიერები (ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, არქეოლოგები, ფილოლოგები), ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ოსტატები  (სახელგანთქმულნიც, ნაკლებად ცნობილნიც და დამწყებნიც),  რესტავრატორები (არქიტექტურის, მხატვრობის, ქსოვილების, ნაქარგობის, ლითონმქანდაკებლობის, მინანქრისა და ა.შ.), მუზეუმების, ინსტიტუტებისა და კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელები და რიგითი თანამშრომლები, სახელოვნებათმცოდნეო სასწავლებლების ხელმძღვანელები, პედაგოგები, სტუდენტები, ასევე სასულიერო პირებიც.

  • ·მხატვრის პალიტრა

გადაცემის მიზანია რადიომსმენელს უფრო ახლოს გააცნოს თანამედროვე მხატვართა როგორც შემოქმედება, ისე პირადი ცხოვრება.

 გადაცემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფერმწერთა, გრაფიკოსთა და მოქანდაკეთა ცხოვრებით და შემოქმედებით. სტუდიის სტუმრები იქნებიან თვითნასწავლი მხატვრები, სხვადასხვა დარგის დიზაინერები, არქიტექტორები, მინანქრის სპეციალისტები, ხეზე, ლითონზე მომუშავე მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები.

გადაცემებში გაშუქდება სამხატვრო სახელოსნოების მოსწავლეთა შემოქმედება, აგრეთვე  შეზღუდული შესაძლებლობათა მქონე ბავშვთა გამოფენები.

სტუდიის სტუმრები იქნებიან აგრეთვე მხატვრები, რომლებიც ხატწერით არიან დაკავებულები, მხატვრები რომელთა მონდომებით და გემოვნებით მოიხატა ჩვენი ტაძრები. 

გადაცემა შეხვედრა მხატვართან ითვალისწინებს სტუდიაში სხვადასხვა შემოქმედებითი მიმართულებების მქონე მხატვრების მოწვევას და საუბარს მათი შემოქმედების შესახებ. ამასთანავე რადიომსმენელს მივაწვდით უფრო მეტ ინფორმაციას ხელოვნების ისტორიის და  ამ სფეროს თანამედროვეობის შესახებ, რათა გავაცნოთ მსოფლიოში ცნობილი მხატვრები, არქიტექტორები, მოქანდაკეები, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოსა და  ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, გავაცნოთ ისტორიული ძეგლების მხატვრული ღირებულებები, რაც ასე აუცილებელია მომავალი თაობის ცოდნის ამაღლებისათვის.

ახალგაზრდული და საბავშვო მიმართულება

  • ეკლესია, სკოლა, ოჯახი

კონცეფციაში აღნიშნულია, რომ სამი რგოლი - ოჯახი, სკოლა და ეკლესია ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს და ბავშვის აღზრდა სამივეგან უნდა ხდებოდეს, ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ჩვენს ურთულეს ეპოქაში, როცა დაიკარგა სიყვარული და  ყველაზე დიდი სწორედ სიყვარულის დეფიციტია, ოჯახთან ერთად ეკლესიამ და სკოლამ უნდა იტვირთოს ბავშვის ზნეობრივი, მორალური, სულიერი აღზრდა. ამ საკითხებზე ისაუბრებენ სამივე რგოლის წარმომადგენლები. ფსიქოლოგებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან და სასულიერო პირებთან ერთად გადაცემებში მთავარი რესპოდენტები იქნებიან ახალგაზრდები.

  • პროფესია და პროფესიონალები

პროექტის მიზანია, გადაცემა იყოს ყველა ასაკის მსმენელისთვის საინტერესო და სასარგებლო; სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მიეცეთ საშუალება შეიტყონ უამრავი პროფესიის შესახებ საინტერესო ისტორიები. შევეცდებით პროფესიონალების მონათხრობი ისტორიებით და რჩევებით, რომელსაც რესპოდენტები გაგვიზიარებენ, დავეხმაროთ პროფესიის სწორად შერჩევაში; გადაცემა საინტერესო იქნება უფროსი თაობისთვისაც, რადგან ისინი საკუთარი პროფესიის გარდა, გაეცნობიან საინტერესო მომენტებს სხვა პროფესიების შესახებ; პოპულარული პროფესიების გარდა, მზის სინათლეზე გამოვა „ჩრდილში“ მყოფი, დიდი ხნის წინ საჭირო, მაგრამ დღეს უკვე მივიწყებული პროფესიები.

  • წიგნის მეგობართა კლუბი

  საბავშვო ლიტერატურა ყოველთვის იყო ადამიანის სულიერი ფორმირების ერთ-ერთი ქმედითი საშუალება. წიგნის საშუალებით უნერგავდნენ ჩვენი წინაპრები ბავშვებს სამშობლოს სიყვარულის, ჰუმანიზმის და კაცთმოყვარეობის კეთილშობილურ იდეალებს.

    ბავშვების სულიერ, თუ გონებრივ ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს საბავშვო ლიტერატურა.

გადაცემაში "წიგნის მეგობართა კლუბი", მოწვეული იქნებიან საბავშვო მწერლები, ანიმატორები, მასწავლებლები.  ყველა, ვისაც რაიმე შეხება აქვს საბავშვო ლიტერატურასთან; ცნობილ ადამიანები, რომელნიც წარმოადგენენ ავტორიტეტს ბავშვებისათვის და ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ნათქვამ სიტყვასაც. ისინი გვიამბობენ თუ რას ნიშნავს მათთვის საბავშვო წიგნი, კითხვამ რა როლი შეასრულა მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, დღეს რას ფიქრობენ, როგორ მეგობრობენ წიგნთან; გაგვიზიარებენ თავიანთ აზრებს, რჩევებს მისცემენ მომავალ თაობას. სტუმრად იქნებიან მოწვეული იმ ადამიანები, ვისაც ახსოვთ ცნობილი საბავშვო მწერლები, ისინი გააცოცხლებენ მათ და არ მოგვცემენ მათი დავიწყების საშუალებას.

  • ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ

ბავშვთა აღზრდა ყველაზე დიდი შემოქმედებაა, ბავშვთან ურთიერთობა ღვთის მსახურებაა. მისი ქრისტიანულად აღზრდის შემთხვევაში ჩვენ ვახორციელებთ საიდუმლო მისტიურ ქმედებას, ღვთის სული შეგვყვავს ახალი ადამიანის ცხოვრებაში, ბავშვთა აღზრდისას ჩვენ ვხვდებით მსხვერპლშემწირველნი, რადგან ვიწყებთ ცხოვრებას სხვისთვის. ამ საკითხებზე სასაუბროდ მოვიწვევთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მათთან ერთად ვეძიებთ ბავშვის აღზრდის სრულყოფის გზებს.

  • ცისკრის ვარსკვლავი

დილის საბავშვო გადაცემა  „ცისკრის ვარსკვლავში“ პატარა მსმენელები მათთვის გასაგებ ენაზე გაეცნობიან „ანბანს მართლმადიდებლობისა“,  მართმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს – ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებს, ისწავლიან ლოცვას, ეკლესიაში მოქცევის წესებს, აღსარების, ზიარებისა და მარხვის მნიშვნელობას, ისტორიებს საქართველოს წარსულიდან, ეროვნული გმირების ბიოგრაფიებსა და მათ საგმირო საქმეებს.

  • ღმერთი ჩვენი მწყალობელი

საღამოს საბავშვო გადაცემა-“ღმერთი ჩვენი მწყალობელი” ძირითადად მიეძღვნება წმინდანთა ცხოვრებას. პატარები გაეცნობიან ყოველდღიურად გამორჩეული წმინდანის ცხოვრებას, საბავშვო ბიბლიას, წმინდანთა სწავლებებს, პატრიარქის ქადაგებებიდან გამორჩეულ ნაწყვეტებს, ქრისტიანულ ლიტერატურას.

ეს გადაცემები დაეხმარება ბავშვებს თვალსაწიერის გაფართოებაში.

  • ჩემი მფარვარველი ანგელოზი

ამ გადაცემაში ბავშვები  მოყვებიან როგორ აქვთ გააზრებული თავიანთ წარმოდგენაში სამყარო, თავიანთ  ენაზე გაგვიზიარებენ ოცნებებს. პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან სკოლები და  სკოლამდელი დაწესებულებები.

  • ·საგზალი ბავშვობიდან

                            „იყო  და  არა  იყო  რა ...

                                           ღვთის  უკეთესი  რა  იქნებოდა“ –

       ასე იწყებოდა  ყოველი  ქართული  ხალხური  ზღაპარი .

      იყო  სიკეთე  და  არა  იყო  რა  ბოროტება,  უფალი  კი  ყველაზე  უკეთესი ,  რომელიც  მუდამ  იქნებოდა.  ამგვარია  ზღაპრის  სიბრძნე  ...

    ამ  სიბრძნეს  ხშირად  მიმართავდნენ  ჩვენი კლასიკოსები,  ცნობილი თუ  უცნობი  მწერლები,  რადგან იქ  ეგულებოდათ  სიტყვის  ჯადოსნური  მარცვალი,  რითაც  საკუთარ  ზღაპარს  გააღვივებდნენ.  ამ  პროექტში  მწერლები  თავად  წაგიკითხავენ  სახელდახელოდ  ბავშვებისათვის  შექმნილ  ზღაპრებს  თუ  მოთხრობებს, გაიხსენებენ ბავშვობის მოგონებებს და ისაუბრებენ იმ „საგზალზე“ რომელიც ბავშვობიდან წამოიმძღვარეს..                                              

 მუსიკალური მიმართულება

    მუსიკა კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, ეროვნული იდენტობის სიმბოლოცაა. მასში განსაკუთრებულად ჩანს ხალხის დამოკიდებულება სამყაროსთან. დღეს, შეცვლილი ფასეულობების, ტექნოკრატიის პირობებში, ქართული  სიმღერის მოვლა და პატრონობა მრავალმხრივ ღონისძიებებს საჭიროებს. მისი პოპულარიზაცია სწორედ ამ ფასეულობათა შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

კონცეფციის თანახმად რადიო მუდმივად მიაწვდის მსმენელს გემოვნებიან მუსიკას-საგალობელს, ხალხურ თუ საესტრადო სიმღერას, ქართულ და მსოფლიო კლასიკის შედევრებს. ამ მიმართულებებით მომზადდება გადაცემათა ციკლები, ისინი ცალ-ცალკე თემებად განიხილება, მაგალითად, საუბრები ქართული და მსოფლიოს ხალხთა მუსიკის (საგალობელი, ხალხური, საესტრადო და კლასიკური) ისტორიასა და მნიშვნელობაზე. რა გზა განვლო ქართულმა პოლიფონიურმა სიმღერამ დასაბამიდან დღემდე, ვინ იყვნენ ის ცნობილი თუ უცნობი შემსრულებლები, ვისი წყალობითაც ამ განუმეორებელმა ხელოვნებამ ჩვენამდე მოაღწია; რა მდგომარეობაა დღეს მისი შესწავლისა და შესრულების საქმეში და, რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი თემა იქნება მსჯელობის საგანი მუსიკის სხვადასხვა მიმართულებით.

საზოგადოებრივი,  სოციალური,  სამედიცინო,   სოფლისმეურნეობის, განათლების მიმართულებები

  • კულტურა და თანამედროვეობა

გადაცემის მიზანი იქნება გლობალიზაციის ეპოქაში რადიომსმენელთა ფართო აუდიტორიისათვის იმის გაცნობიერება, რანი ვართ ქართველები, საიდან მოვდივართ, სადაა ჩვენი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული სახალხო და ელიტარული კულტურები, ქართველად მყოფობის სამი უმთავრესი უნივერსალი - ენა, მამული, სარწმუნოება.

ქართული ცნობიერების აქტუალურ საკითხებზე მომზადდება არაერთი გადაცემა. ეს გადაცემები პროგრამის ორი რაკურსით წარდგება: ეთერი დაეთმობა ახალგაზრდა ისტორიკოსებსა და კულტუროლოგებს  და რადიომსმენელს შესთავაზებს ახალი თაობის ხედვას; ანალოგიურ საკითხებზე ძველი თაობის მეცნიერთა შეხედულებები გაშუქდება.

    ამ ციკლის  ყველა გადაცემაში კულტურის, ეროვნული ბუნების, კულტურული და ენობრივი ცნობიერების აქტუალური პრობლემები იქნება გაშუქებული, რომლებიც რადიომსმენელს უჩვენებს ქართულ მენტალურ ღირებულებებს და ამით ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გზებს, თანაც იმგვარად, რომ ერს მუდმივად თანამედროვეობის სულისკვეთებაც გააცნობიერებინოს და საკუთარი სახეც არ დააკარგვინოს.

  • ცრემლით ჭეშმარიტებისაკენ

შვილ გარდაცვლილი დედები ყველაზე უმწეო, მაგრამ ყველაზე ძლიერი ადამიანები არიან დედამიწაზე, მათი ტკივილი ღვთისმშობლის ტკივილის ფერია და მათი ცხოვრება განსაცდელით სავსეა. რადიო ამ გადაცემათა ციკლში საუბარი იქნება შვილ გარდაცვლილი დედების ცხოვრებაზე, მათ წარსულზე აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე. ისინი ღვთის წყალობითა და უდიდესი ძალისხმევით საზოგადოებისათვის საჭირო ადამიანებად დარჩნენ. ღმერთმა არ დაკარგა მათი სიკეთე, მათი სიყვარული, ერთგულება და აი, ასეთი ჯვარი მისცა_ უდიდესი ტრაგედიით მიიყვანა ისინი დიდ რწმენამდე, რომელმაც სრულიად გარდაქმნა მათი აზროვნება, ბრძანებს თავის ქადაგებებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მე-II. მათი გამძლეობის მაგალითი ყველაზე ძლიერი და გადამდებია დანარჩენი საზოგადოებისათვის.

  • უიმედობაზე გმარჯვებულნი

კაცთმოყვარე ღმერთი თავის საყვარელ ქვეშევრდომს განსაცდელებით გამოცდის, როგორც მხურვალე ქურაში ოქროს. განსაცდელის დროს ხშირად ადამიანები იმედს ვკარგავთ, სულიერად ვეცემით, აღარ შეგვწევს ძალა დავამარცხოთ საკუთარი ფიზიკური ან სულიერი უძლურება.  ამ გადაცემაში  შეხვდებით ადამიანებს ვინც შეძლო მხნედ გამკლავებოდა საკუთარ ტკივილს. მათ გადალახეს სხვადასხვა ტიპის განსაცდელი და ცხოვრება იმედით გააგრძელეს. გადაცემის მიზანია ერთად დავრწმუნდეთ, რომ ყველას შეგვწევს უნარი  მოვიპოვოთ ღვთის იმედი და სასუფეველი, მთავარია გამოვძებნოთ ჩვენში სულიერი და ფიზიკური ძალა. გარდა ამისა ეს გადაცემა მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული ზოგიერთი სტერეოტიპის რღვევას და შშმ პირთა სოციოლოგიურ გარემოში ინტეგრირებასაც ემსახურება, ისინი სიბრალულის გრძნობას არ საჭიროებენ მათ საზოგადოებაში სრულფასოვანი ადგილი ეკუთვნით. შეიძლება ადამიანს ერთი რომელიმე უნარი შეზღუდული ჰქონდეს, მაგრამ სხვაგვარად მოახდინოს გარემოში რეალიზება. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი თავად უსინათლო იქნება. გადაცემაში ბევრ საინტერესო სტუმარს შევხვდებით, რომელთა ცხოვრება ნათელი მაგალითი იქნება იმისა თუ როგორ შეიძლება გამარჯვება უიმედობაზე.

  •   მნიშვნელოვანი თარიღები

კონცეფციის თანახმად ადამიანური ბუნებისგანაა: ხანდახან იოლად შევეჩვიოთ საკვირველებებს და ისე გავიჩვეულებრივოთ, გავიშინაუროთ ისინი, როგორც ყველაფერი ყოფითი და წარმავალი. თუმცა ჩვენს შორის ცხოვრობენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავიანთი ნიჭით, შემოქმედებით, ცხოვრების წესით ჩვენს ყოველდღიურობას აღემატებიან და ჩვენში გაოცების გულწრფელ ძალას აღვივებენ. ისინი ცხოვრობენ, მოღვაწეობენ ჩვენ თვალწინ, ჩვენ თანამედროვეობაში და თავიანთ რჩეულობასაც  გვაჩვევენ. ისინი ცხოვრებაშივე იქცევიან ხოლმე კლასიკოსებად და ადამინებს ისღა დაგვრჩენია, ვაღიარით ეს.

 ამგვარ ადამიანებს მუდამ პატივიცემით და სიყვარულით მიიწვევენ მათი საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გადაცემაში ,,მნიშვნელოვანი თარიღები”. გადაცემის მიზანი იქნება მათი სამაგალითო ცხოვრების წარმოჩენით ახალგაზრდებს ნამდვილი ფასეულობა დავანახოთ და მათ ღვაწლსაც შესაბამისი პატივი მიეგოს.

  • მართლმადიდებლური მედია

საეკლესიო მედია პრინციპულად განსხვავდება საერო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისაგან. რა ანიჭებს მას განსაკუთრებულობას, რა ძირითადი, არსებითი კანონზომიერებები და ნიშანთვისებები ახასიათებს მართლმადიდებლურ პრესას და რა შეადგენს მის სპეციფიკას?  ამ კითხვებზე პასუხის გაცემას რადიო შეეცდება გადაცემაში  „მართლმადიდებლური მედია“. გადაცემაში ეს საკითხები მსოფლიო მართლმადიდებლური მედიის საფუძველზე იქნება განხილული. მოხდება გაცნობა ყველა ქვეყნის საეკლესიო მედია საშუალების (პრესა, რადიო, ტელევიზია, ელექტრონული მედია). მსმენელი შეიტყობს: როდის გაჩნდა გამოცემის დაარსების იდეა;          რა წინაპირობები უძღვოდა მას, რამ განაპირობა ამ მედიასაშუალების აუცილებლობა; როგორი იყო ქვეყანაში, ეკლესიაში იმ დროს მდგომარეობა.  როგორი იყო საეკლესიო მედიის იმდროინდელი მდგომარეობა, საერო პრესაში საეკლესიო თემატიკის პუბლიკაციები; გაეცნობიან ძირითად რუბრიკებს და თემებს, როგორ ეხმაურებოდა ესა თუ ის მედიასაშუალება თანამედროვე პრობლემებს. რა პრობლემები ჰქონდათ თავად მათ.

  • ·ოჯახი და თაობები

გადაცემათა ეს ციკლი იმ სოციალურ პრობლემებზე იქნება, რომლებიც მთელს მსოფლიოში აქტუალურია და შესაბამისად, აღელვებს ჩვენს საზოგადოებასაც. თანამედროვე კაცობრიობა უამრავი სოციალური და პიროვნული პრობლემითაა დამძიმებული, რომელთა გამოც მას არ ძალუძს თავიდან აიცილოს კონფლიქტები. ახალმა რეალობამ ახალი სირთულეები წარმოშვა ჩვენი საზოგადოების წინაშე. მართლმადიდებლური  ეკლესიის სწავლება და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იგი  არასდროს გაურბოდა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომელსაც ამ პრობლემათა გადაჭრის საქმეში  მრავალი ინიციატივა ეკუთვნის, გადაუდებელ საქმედ მიაჩნია მათ მოსაგვარებლად მთელი ძალისხმევის მიმართვა. მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული მთელი რიგი დაწესებულებები სწავლობენ ადამიანთა შორის ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს. ჩვენი ეკლესია კი მზადაა ითანამშრომლოს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომლის საქმიანობაც ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ იქნება მიმართული.

 გადაცემაში გაჟღერდება როგორც თვით უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოსაზრებები, ისე  სამღვდელოების, სპეციალისტებისა და  საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთა შეხედულებები იმ პრობლემატურ თემებზე, რომლებიც როგორც ცალკეული ინდივიდის, ისე მთელი საზოგადოების სულის სატკივარია.

გათვალისწინებული იქნება რადიომსმენელთა გამოხმაურებები და მათთან ერთად იქნება მსჯელობა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ქართული ოჯახების ტიპოლოგია და მათი განვითარების გენდერული ასპექტები, ოჯახი და შვილოსნობა, მშობლები და შვილები, შობადობა და დემოგრაფიული პრობლემები, ნარკომანია, ბავშვის აღზრდა, ძალადობა და აგრესია და მათი გამომწვევი მიზეზები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შიდსი, ტრადიცია და სიახლე,  შშმ პირები და მზრუნველობას მოკლებული ადამიანები.

  • თანამედროვე მედიცინა და მართლმადიდებლობა

შესაძლოა თუ არა აღდგეს კავშირი თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და ქრისტიანული  ზნეობის საწყისებზე დამყარებულ ექიმობას შორის? აქვს თუ არა ეკლესიას პასუხები ბოლოდროინდელი ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად წარმოქმნილ ბიოეთიკურ პრობლემებზე? იწყება თუ არა საზოგადოების ზნეობრივი გაჯანსაღებით, ქრისტეს მცნებების დაცვით თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის პრევენციული დაცვა. სწორედ ამ თემებს დაეთმობა ეს გადაცემა.

ამ გადაცემაში სამედიცინო დარგის მუშაკები კონკრეტულ სამედიცინო თემებზე მსჯელობისას  შეეცდებიან პასუხი გასცენ ამ და პირდაპირ ეთერში რადიომსმენელის მიერ დასმულ კითხვებს. გააანალიზებენ კონკრეტულ დაავადებათა გამომწვევ მიზეზებს, მიმოიხილავენ თანამედროვე კვლევის და მკურნალობის მეთოდებს. გადაცემაში სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირებიც.

  • კონსილიუმი

სამედიცინო-სოციალური, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა  ,,კონსილიუმი” სამედიცინო და სოციალური თემატიკის აქტუალობამ განაპირობა. პროგრამის მიზანი იქნება მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ორიენტირებული შეხედულებების ხელშეწყობა, პროპაგანდა და საინფორმაციო უზრუნველყოფა.

პროგრამის პრიორიტეტული კომპონენტებია: მედიცინის ისტორია, სამედიცინო ეთიკა და მისი ნორმები, სიახლეები და მიღწევები მედიცინაში, სამედიცინო-სოციალური განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და პრაქტიკული მედიცინა, პირადი ჰიგიენა, ფარმაცია, ხალხური მედიცინა, შშმ პირების პრობლემები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და კატასტროფის მედიცინის განვითარება საქართველოში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროს რეფორმები-მათი ეტაპობრივი შედეგები, ინფორმაცია საკანონმდებლო ბაზის შესახებ. დაზღვევა, ჰოსპიტალური სექტორის ხელმისაწვდომობა, მედიცინა და ხელოვანი ექიმები, თაობებით მედიცინაში მოღვაწე ოჯახები.

  •   ქართული სოფელი

    ამ რუბრიკით გაერთიანებული გადაცემების მიზანია გაშუქდეს და სოფლის მცხოვრებლებისათვის  გასაგები  გახდეს  ის დახმარებები  და  შეღავათები, რასაც  სახელმწიფო ითვალისწინებს მცირე და საშუალო  მეწარმეებისათვის, რომლებიც  აგრარული პროდუქციის წარმოებით  არიან დაკავებული.

-პარალელურად  მოსმენილი უნდა იყოს უშუალოდ  მეწარმეების, სოფლის  მაცხოვრებლების, ფერმერების აზრი და მათთან  ერთად  უნდა მოხდეს არსებული ვითარების, სიძნელეების, პერსპექტივების გარკვევა.

_ სტუდიაში  მოწვეული იქნებიან ს/მ სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები მეცნიერები, პრაქტიკოსი  პროფესიონალები, გამოცდილი მეწარმეები, რათა პასუხი გაეცეს წარმოების სფეროში დღეისთვის  არსებულ  საჭირბოროტო  პრობლემატიკას, მისცენ რჩევა-დარიგებები  მათი რაციონალური  გადაწყვეტის  გზებსა და საშუალებებზე. ამ  მიზნით, გაშუქდება ქართული ეროვნული  პროდუქციის, ქართული  შიდა ბაზრის დაცვის, მომხმარებელთა უფლებებისა  და  სასურსათო  უსაფრთხოების საკითხები.

_რამდენიმე გადაცემა  მიეძღვნება  აგრარული  პროდუქციის  ექსპორტისა და იმპორტის  პრობლემატიკას, ჭარბი  პროდუქციის უცხოური  ბაზრების მოპოვების შესაძლებლობებს.

_დარგის  სპეციალისტებთან   ერთად  განხილული იქნება კოოპერაციის შესახებ ახალი  კანონმდებლობის პრაქტიკაში განხორციელების პრობლემა, რეგიონების მიხედვით მათი გატარების  სპეციფიკა.

_ფართოდ  გაშუქდება კვებისა და გადამამუშავებელი  მრეწველობის წინაშე არსებული  სირთულეები, თანამედროვე  ტექნიკისა და ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენების შესაძლებლობები, ამ  სფეროში  საინვესტიციო  პოლიტიკის  დახვეწის წინადადებები და სხვ.

  • შეხვედრები

 საპატრიარქოში, პატრიარქის ფონდში, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, სასულიერო აკადემიაში, საპატრიარქოს უნივერსიტეტებში და სხვ. ხშირად ეწყობა ღონისძიებები. ეს შეხვედრები საინტერესო და მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებისთვისაც და ამიტომ რადიო ამ შეხვედრებს ვრცელი რეპორტაჟების სახით მოამზადებს.

  • მედიაგანათლების მიმართულება

თანამედროვე ქართული საზოგადოების განვითარების მეტად რთულ და ურთიერთსაწინააღმდეგო პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს პიროვნების ზნეობრივი, კულტურული და შემოქმედებითი აღზრდა. რადიო შეეცდება აქტიურად ჩაერთოს და დაეხმაროს მომავალ თაობას განათლების მიღებაში და შეთავაზებს რადიოკურსს, ღვთისმეტყველებაში, ქართულ ენაში, მსოფლიო და მშობლიურ  ლიტერატურაში, მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,  გეოგრაფიაში და სხვ., მარტივი ენითა და ფორმებით.

  • საეკლესიო და კულტურული  ქრონიკა-ინფორმაცია

 რადიო ამ რუბრიკით მსმენელს  შესთავაზებს საეკლესიო ქრონიკას, ახალ ამბებს ეკლესიის ცხოვრებიდან. ანალიტიკური გადაცემების გვერდით იგი გაავრცელებს  მიუკერძოებელ ინფორმაციას როგორც დედაქალაქის, ისე ეპარქიების საეკლესიო ცხოვრების შესახებ, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების შესახებაც. თუმცა იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ საეკლესიო ცხოვრების ქრონიკით და ერის კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის გადაცემით. კულტურის ტრანსმისის გარდა,  ადგილს დაუთმობს მიმდინარე კულტურულ ცხოვრებას და მისი სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასაც მიიჩნევს თავის მოვალეობად. კულტურული ცხოვრების ქრონიკა, ისევე, როგორც საეკლესიო ცხოვრებისა, შეძლებისდაგვარად, შეეცდება მოიცვას საქართველოს ყველა რეგიონის კულტურული სიახლეები, საერო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები.

  • გამოცემები

რადიო გამოსაცემად  მოამზადებს აუდიო პროდუქციას.  შეიქმნება უნიკალური არქივი, რომელიც, რაც დრო გავა უფრო ძვირფასი გახდება და წარმოადგენს ერის საგანძურს. ეს საგანძური მოიცავს საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს, აგრეთვე არა მხოლოდ სასულიერო შინაარსის ძვირფას ჩანაწერებს, როგორიცაა პატრიარქის ქადაგებები, ფსალმუნები, სახარებანი და სხვა, არამედ საერო კულტურულ მემკვიდრეობას; რადიოში შექმნილ და ჩაწერილ რადიოსპექტაკლებს. ამ ჩანაწერთა გამოსაცემად მომზადებას და გამოცემას უდიდესი შემეცნებითი, საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი ფუნქცია აქვს.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი თამაზ ვაჩაძე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის, შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

საკონკურსო სხდომაზე ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თამაზ ვაჩაძემ სალიცენზიო გადასახდელის 56,862.00 (ორმოცდათექვსმეტი ათას რვაასსამოცდაორი და 00) - ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №669/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები მერაბ ქათამაძე და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე)

 გადაწყვიტა:

1.  სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი”;

2.  უზრუნველყოს ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა“ ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20%-ს - 11.372.40 (თერთმეტი ათას სამასსამოცდათორმეტი და 40) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს  ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 39,803.40 (ოცდაცხრამეტი ათას რვაასსამი და 40) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

 

კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლი ითვალსიწინებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადებასთან ერთად განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის წარმოდგენას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. ვინაიდან კონკურსის გამოცხადების დროს არ იყო დადგენილი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და არც დღეს არის დადგენილი, შესაბამისად, ვერც კონკრეტული კონკურსანტის და ვერც რომელიმე სხვა კონკურსში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია ვერ იქნება არარსებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში. კომისიის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ იგივე შენიშვნა ჰქონდა კონკურსის გამოცხადების დროსაც. შესაბამისად იგი წინააღმდეგი იყო კონკურსის გამოცხადების სანამ არ დადგინდებოდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები. 

კომისიის თავმჯდომარე                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                     ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                     გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                     მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები