წვდომის მენიუ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 265 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 18, 2016 11:42

მიღების თარიღი აპრილი 28, 2016

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს,  რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/3137-16, 04.04.16)
მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში ოთხი სიხშირის (ორი სიხშირე ქ. თბილისში და ორი სიხშირე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე) მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ პარლამენტის 1996 წლის 16 ოქტომბრის № 433-Iს დადგენილებით რატიფიცირებული „ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპიბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის“ 1994 წლის აპრილის შეთანხმების  მე-6 მუხლის შესაბამისად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი  განთავისუფლებულია რადიოსაკომუნიკაციო მოწყობილობების სალიცენზიო და სხვა სახის გადასახადებისაგან.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ”საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით   სარგებლობისას თავისუფლდებიან  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის   სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან”.

შესაბამისად, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპიბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის“ 1994 წლის აპრილის შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი განთავისუფლებული უნდა იქნას ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული პირის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა, „ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპიბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის“ 1994 წლის აპრილის შეთანხმების მე-6 მუხლისა   და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. მიეცეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის
    F 1312  ნებართვა  და მიენიჭოს 158.425 მჰც, 163.775 მჰც სიხშირეები  ქ. თბილისში და 158.600 მჰც , 158.700 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
  2. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
  3. აღირიცხოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
  4. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით, დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს   მონიტორინგის განხორციელება;
  5. დაევალოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
  6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
  7. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
  8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.  №6)  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში; 
  9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის  ჩაბარებისთანავე. 
  10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები