ახმეტის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2016 19:01
მიღების თარიღი იანვარი 15, 2016
ახმეტის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №670/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ახმეტის მუნიციპალიტეტში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 101,1მჰც) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №670/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2015 წლის 10 დეკემბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 12 იანვარი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 15 იანვარი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 1,417.50 (ერთი ათას ოთხასჩვიდმეტი და 50) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №670/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/9598-15, 07.12.2015წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №670/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არ იყო მითითებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, ხოლო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ. სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში არასწორად იყო მითითებული სახაზინო კოდი. კომისიის სხდომაზე საფინანსო დეპარტამენტის მიერ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდითაც გადამოწმდა სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) ჩარიცხვა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა აღნიშნული თანხის ჩარიცხვა არ დადასტურდა.
კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის №770/10 გადაწყვეტილების შესაბამისად ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2015 წლის 17 დეკემბრის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2015 წლის 15 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №6/9863-15).
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენა ახმეტის მინიციპალიტეტში (სიხშირეზე 101,1მჰც) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” უფლებამოსილი წარმომადგენელი გელა მთივლიშვილი;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ1) ქვეპუნქტის შესაბამისად, სათემო მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016), სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. დასკვნის შესაბამისად, ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავენ მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის უნდა ემსახურებოდეს.
ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად სათემო რადიოს პროგრამირების პოლიტიკა დაეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს, რომლის გათვალისწინება აუცილებელი იქნება სამაუწყებლო ბადის შემუშავებისას:
- თემის წევრთა თანამონაწილეობა პროგრამებში;
- სათემო სიახლეების პრიორიტეტული გაშუქება;
- ფაქტებისა და მოვლენების ბალანსირებული გაშუქება;
- რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების ასახვა;
- ადგილობრივი არჩევნების გარემოს ჩამოყალიბება დისკუსიების, დებატების, ინტერაქტიული საუბრების გამოყენებით;
- საგანმანთლებლო მაუწყებლობის განვითარება.
ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ თანამშრომლებმა სამაუწყებლო ბადის შედგენისას გავითვალისწინეს როგორც ზემოთ აღწერილი პრინციპები, ისე ადგილობრივი რეალობა.
მაუწყებლობა იწარმოებს ქართულ და ჩეჩნურ (ქისტურ) ენებზე, ახალი ამბები მომზადდება ქართულ და ჩეჩნურ ენებზე. ახალი ამბები 5-დან 10 წუთამდე გაგრძელდება და დღეში რამდენჯერმე გავა ეთერში.
კვირაში რამდენიმე საავტორო გადაცემა მომზადდება, რომელთა ხანგრძლივობა იქნება 15–60 წუთი. საავტორო გადაცემები ეთერში გავა როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო დღეებში. მომზადდება ინგლისური და ჩეჩნური ენის გაკვეთილები.
ეთერში გავა ყველა სახის მუსიკა, ადგილობრივიც და უცხოურიც, თანამედროვეც და კლასიკაც. ეთერში გავა ფოლკლორული მუსიკის ნიმუშებიც, მათ შორის ადგილობრივი მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით, რომელთაც ჩაწერს რადიო WAY. სათემო რადიო ეთერში მუსიკას გადასცემს კანონის სრული დაცვით.
რადიო WAY აქტიურად გამოიყენებს ვებ-გვერდს, საიდანაც ხელმისაწვდომი იქნება გადაცემების არქივი და ტექსტური ინფორმაცია.
ინტერაქტიულობა და თემთან უკუკავშირი სათემო რადიოსთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზანს მიაღწევს როგორც ეთერში სატელეფონო ზარების, თემის წევრებთან პირისპირ შეხვედრების, ისე ვებ გვერდის და სოციალური მედიის ინსტრუმენტების დახმარებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ახმეტის მუნიციპალიტეტში (სიხშირეზე 101,1მჰც) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” უფლებამოსილი წარმომადგენელი გელა მთივლიშვილი;
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
საკონკურსო სხდომაზე ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გელა მთივლიშვილმა სალიცენზიო გადასახდელის 1,417.50 (ერთი ათას ოთხასჩვიდმეტი და 50) - ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №670/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრი”;
2. უზრუნველყოს ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 283.50 (ორასოთხმოცდასამი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300503062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 992.25 (ცხრაასოთხმოცდათორმეტი და 25) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ “სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლი ითვალსიწინებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადებასთან ერთად განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის წარმოდგენას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. ვინაიდან კონკურსის გამოცხადების დროს არ იყო დადგენილი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და არც დღეს არის დადგენილი, შესაბამისად, ვერც კონკრეტული კონკურსანტის და ვერც რომელიმე სხვა კონკურსში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია ვერ იქნება არარსებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში. კომისიის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ იგივე შენიშვნა ჰქონდა კონკურსის გამოცხადების დროსაც. შესაბამისად იგი წინააღმდეგი იყო კონკურსის გამოცხადების სანამ არ დადგინდებოდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
