შპს „მედიაფონის“ და შპს „მედიაფონ დატაპროს“ მიერ (ერთობლივად მოქმედი როგორც „მედიაფონი“) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 13:20
მიღების თარიღი აპრილი 28, 2016
შპს „მედიაფონის“ და შპს „მედიაფონ დატაპროს“ მიერ (ერთობლივად მოქმედი როგორც „მედიაფონი“) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 11 აპრილს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3293-16) მიმართეს შპს „მედიაფონმა“ და შპს „მედიაფონ დატაპრომ“, (ერთობლივად მოქმედმა როგორც „მედიაფონი“, შემდგომში „მედიაფონი“) მათ მიერ, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს გამოაცხადა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა „მედიაფონმა“, რომელმაც წარმოადგინა საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები. წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით კომპანიამ წარმოადგინა განცხადება სადაც აღნიშნავს, რომ „მედიაფონ დატაპროს“ და „მედიაფონის“ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ კონკურსის შეფასების მიზნებისათვის და არ იქნას გამხელილი ნებისმიერი მესამე მხარისათვის, რისთვისაც მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 (3) მუხლის შესაბამისად განხილვა და ქვემოთ მოცემული დოკუმენტების კონფიდენციალურად ცნობა და დაცვა კონკურსის დასრულების შემდეგაც.
- კონკურსში მონაწილე წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა;
- ლიტვის რესპუბლიკის იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოღებული „Mediafon Datapro”-ს ვრცელი ამონაწერი;
- ლიტვის რესპუბლიკის იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოღებული “Mediafon”-ის მოკლე ამონაწერი;
- “Mediafon”-ის წესდება;
- „Mediafon Datapro”-ს წესდება;
- სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის პირობების მე-3 მუხლის, მე-2 პარაგრაფის, „გ“ ქვე-პარაგრაფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტრუებელი წერილი, მის დანართთან - „სახელმწიფო საწარმო „რეესტრის ცენტრი“-ს მონაცემები მეწილეების შესახებ შესახებ ერთად;
- სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის პირობების მე-3 მუხლის, მე-2 პარაგრაფის, „თ“ ქვე-პარაგრაფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი წერილი, მის დანართთან - „Danske Bank A/S-ის ლიტვის ფილიალის მიერ გაცემული სატენდერო გარანტია ნომ: IGV603101V”-ერთად;
- რეკომენდაციის წერილი მოლდოვური მარეგულირებლის ANRCETI-სგან;
- რეკომენდაციის წერილი მოლდოვური მონაცემთა ბაზის სისტემების ადმინისტრატორის „NP Base“-სგან;
- რეკომენდაციის წერილი რუსული მონაცემთა ბაზის სისტემების ადმინისტრატორის ZNIIS-სგან;
- რეკომენდაციის წერილი ელ-სალვადორის მარეგულირებლის SIGET-საგან;
- რეკომენდაციის წერილი სენეგალის მონაცემთა ბაზის სისტემების ადმინისტრატორის „Comet Afrique”-საგან;
- რეკომენდაციის წერილი ყაზახური კომპანია „Logycom“-საგან;
- რეკომენდაციის წერილი ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოსგან;
- რეკომენდაციის წერილი ლიტვური მონაცემთა ბაზის სისტემების „Numerio perkelimas” ადმინისტრატორისგან;
- სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის პირობების მე-3 მუხლის , მე-3 პარაგრაფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი წერილი;
- საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობები.
კომისიის 2016 წლის 21 აპრილის სხდომას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, რომლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე, 33-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად დახურა სხდომა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის პროცესში შესაძლებელი იყო დამდგარიყო დოკუმენტაციის არა განზოგადებულად, არამედ მისი კონკრეტული შინაარსის სხდომაზე დეტალური განხილვის აუცილებლობა და ამასთან, კომისიას შეეძლო დაედგინა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს ან/და კომერციულ საიდუმლოებას.
კომისიის სხდომაზე „მედიაფონის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომისიაში დამატებით წარმოადგენდა დაზუსტებულ განცხადებას და დამატებით დოკუმენტაციას, რისთვისაც მას მიეცა ერთი კვირის ვადა და საკითხის განხილვა გადაიდო 2016 წლის 28 აპრილისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 28 აპრილისთვის „მედიაფონს“ არ წარმოუდგენია დაზუსტებული განცხადება, თუმცა, კომისიის სხდომაზე „მედიაფონის“ წარმომადგენელმა დააზუსტა კომისიაში წარმოდგენილი 2016 წლის 11 აპრილის განცხადება და მოითხოვა მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების განხილვა:
- კონკურსში მონაწილე რწმუნებული წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა;
- სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის პირობების მე-3 მუხლის, მე-2 პარაგრაფის, „თ“ ქვე-პარაგრაფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი წერილი, მის დანართთან - საბანკო გარანტიასთან ერთად;
- სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის პირობების მე-3 მუხლის, მე-2 პარაგრაფის, „გ“ ქვე-პარაგრაფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი წერილი, მის დანართთან - „სახელმწიფო საწარმო „რეესტრის ცენტრი“-ს მონაცემები იურიდიულ პირთა შესახებ ერთად;
- საკონკურსო წინადადების ტექნიკური პირობები.
კომისიამ, დახურულ სხდომაზე, იმსჯელა „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი თითეული დოკუმენტის შესახებ და მიიჩნია, რომ „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი (ზემოთ მოცემული) დოკუმენტების ნაწილი, შინაარსობრივად, შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, ნაწილი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ამავე კანონის მე-5 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.
კერძოდ, კომისია მიიჩნევს რომ:
- კონკურსში მონაწილე რწმუნებული წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს წარმომადგენელი პირის პერსონალურ მონაცემებს, როგორც ეს არის განმარტებული საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების დაცვა და დამუშავება დაცულია ამავე კანონით;
- სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის პირობების მე-3 მუხლის, მე-2 პარაგრაფის, „გ“ ქვე-პარაგრაფის მოთხოვნების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები: „სახელმწიფო საწარმო „რეესტრის ცენტრი“-ს მონაცემები იურიდიულ პირთა შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომია შესაბამისი რეესტრის მეშვეობით, ხოლო წერილში წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიის აქციონერების (ფიზიკური პირები) შესახებ დახურულია და წარმოდგენილი იყო მხოლოდ საკონკურსო პირობების ფარგლებში აფილირებულობის შესასწავლად; აღნიშნული ინფორმაცია, ფიზიკური პირების შესახებ, შეიცავს პირთა პერსონალურ მონაცემებს, როგორც ეს არის განმარტებული საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების დაცვა და დამუშავება დაცულია საქართველოს კანონმდებლობით;
- წარმოსადგენი საბანკო გარანტიის პირობები, შესაბამისი თანხებითა და ვადებით, გათვალისწინებული იყო საკონკურსო პირობების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის, „თ“ ქვე-პუნქტით, რომელიც გამოქყვენებული იყო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის პირობების შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაცია კონკურსში მონაწილე პირის მიერ შემოთავაზებული მონაცემთა ბაზის სისტემის დეტალური სპეციფიკაციების შესახებ წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე, ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, რომლის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას, შესაბამისად საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 272 მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნული მიჩნეული უნდა იყოს კომერიულ საიდუმლოებად.
კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „მედიაფონის“ და შპს „მედიაფონ დატაპროს“ (ერთობლივად მოქმედი როგორც „მედიაფონი“) მიერ 2016 წლის 11 აპრილის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3293-16) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271, 272, 28, 31-ე და 33–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის და მე-5 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მედიაფონის“ და შპს „მედიაფონ დატაპროს“ (ერთობლივად მოქმედი როგორც „მედიაფონი“) 2016 წლის 11 აპრილის განცხადება (№შ-6/3293-16):
ა) კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის პირობების მოთხოვნის შესაბამისად შპს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პირობები და მისი შესაბამისობის დამადასტურებელი წერილი;
ბ) კონფიდენციალურად იქნას მიჩნეული და საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად იყოს უზრუნველყოფილი შემდეგი მონაცემების დამუშავება:
ბ.ა) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის პირობების მე-3 მუხლის, მე-2 პარაგრაფის, „გ“ ქვე-პარაგრაფის მოთხოვნების შესაბამისად წერილში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები კომპანიის აქციონერი ფიზიკური პირების შესახებ;
ბ.ბ) კონკურსში მონაწილე რწმუნებული წარმომადგენელის სახელზე გაცემულ მინდობილობაში არსებული პერსონალური მონაცემები;
გ) ღიად დარჩეს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის პირობების მე-3 მუხლის, მე-2 პარაგრაფის, „თ“ ქვე-პარაგრაფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი წერილი, მის დანართთან საბანკო გარანტიასთან ერთად;
დ) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობიაზე უარის ნაწილში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.
2. ინფორმაცია, შპს „მედიაფონის“ და შპს „მედიაფონ დატაპროს“ (ერთობლივად მოქმედი როგორც „მედიაფონი“), კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს „მედიაფონის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილებით მონაცემთა სუბიექტე(ებ)ის კონფიდენციალურად ნაცნობი პერსონალური მონაცემების გაცემაზე კონტროლი;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მედიაფონისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი მხარისთვის ჩაბარებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახა ბექაური
