შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2016 18:38
მიღების თარიღი აპრილი 28, 2016
შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
2016 წლის 28 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 28 მარტის Nშ-10/2976-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით -1 CD, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 14 მარტს განხორციელდა შპს „მომავლის რეკლამის“ („რადიო დარდიმანდი“) მონიტორინგი სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შპს „მომავლის რეკლამის“ რადიო ეთერში შპს „მომავლის რეკლამის“ („რადიო დარდიმანდი“) ეთერში განთავსებულია „ოქსფორდ მედიკალ ჯორჯია“-ს, ლიმონათი „ჰერეთი“-ს, „ხაშის სახლი“-ს და ონლაინ კაზინო „tbilisibet.com“-ის სასპონსორო მითითება; სპონსორზე მითითების ფარგლებში ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლები შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 25 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 28 აპრილს, რის თაობაზეც შპს „მომავლის რეკლამას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2016 წლის 28 აპრილის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მომავლის რეკლამის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ეკატერინე კამკამიძე, რომელმაც აღიარა შპს „მომავლის რეკლამის“ მიერ კანონდარღვევის ფაქტი და აღნიშნა, რომ კომპანიაში განხორციელდა რიგი ცვლილებები, რამაც გამოიწვია სამაუწყებლო ბადეში რეკლამების შეცდომით განთავსება; მან ასევე განაცხადა, რომ დარღვევები უკვე აღმოფხვრილია სრულად.
კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 28 მარტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (1 ცალი CD);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „მომავლის რეკლამის“ შესახებ;
- შპს „მომავლის რეკლამის“ წარმომადგენლის ეკატერინე კამკამიძის მიერ კომისიის 2016 წლის 28 აპრილის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „მომავლის რეკლამა“ 02.04.2015 N178/6 და 24.12.2015 N813/22 გადაწყვეტილებების საფუძველზე წარმოადგენს N B76 რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირს - კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობა;
2. შპს „მომავლის რეკლამის“ კუთვნილი რადიოს, ბრენდული სახელწოდებით „რადიო დარდიმანდის“ (ლიცენზია N B76) ეთერში ადგილი აქვს გადაცემის სპონსორის საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდებას ამ საქონელზე და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, კერძოდ:
„ოქსფორდ მედიკალ ჯორჯია“-
საქართველო ისრაელის ერთობლივი კლინიკა „ოქსფორდ მედიკალ ჯორჯია“ გთავაზობთ 50% ფასდაკლებას სექსოლოგთან კონსულტაციაზე, აქცია გრძელდება 1 აპრილამდე.
ნუ გადადებთ ვიზიტს!
კონსულტაციისთვის ჩაეწერეთ წინასწარ. ტელ:2 29 00 66; 2 29 47 47;
ლიმონათი „ჰერეთი“-
ლიმონათი „ჰერეთი“ ქართული ხილის გემო, ლიმონათი „ჰერეთი“ შვიდი სახეობის განსაკუთრებულად გემრიელი ლომონათი. ლიმონათი „ჰერეთი“ უკვე გაყიდვაშია.
ყველას სჯობს ჯერ ერთი, ლიმონათი „ჰერეთი“.
ტელ:079070 17 17;
„ხაშის სახლი“-
გეპატიჟებათ ახლად გახსნილი „ხაშის სახლი“, აქ დააგემოვნებთ ცნობილი შეფ-მზარეულის ვასო გრიგალაშვილის მიერ განსაკუთრებული წესით დამზადებულ ხაშს და უამრავი დასახელების წვნიანს.
ნაღდი ხაში „ხაშის სახლში“.
მის:ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 130 (ყოფ. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა).
ონლაინ კაზინო „tbilisbet.com“-
განახლებული ონლაინ კაზინო - ეწვიეთ „tbilisbet.com“, სადაც გელოდებათ დღეში 200-ზე მეტი ლაივ მოვლენა, საუკეთესო კოეფიციენტები სპორტის 45 სახეობაზე, უახლესი ვირტუალური სპორტული თამაშები. „tbilisbet.com“ ბონუსი პირველ დეპოზიტზე და უამრავი სხვა საბონუსე შემოთავაზება.
„tbilisbet.com“- მოგება გახდა მარტივი.
3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „მომავლის რეკლამის“ მიმართ ანალოგიური სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით;
- ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით;
- კომისიის 02.04.2015 N178/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლობის პროცესში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა; „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობა.
შპს „მომავლის რეკლამის“ სამაუწყებლო ბადეში, სპონსორის საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდებით, ამ საქონელზე და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, კომპანიის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, კომისიის 02.04.2015 N178/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის პ) ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „მომავლის რეკლამას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, შპს „მომავლის რეკლამა“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
შპს „მომავლის რეკლამის“ წარმომადგენლის განცხადების მიუხედავად, კომპანიის მიერ დარღვევის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, უტყუარ ინფორმაციას არ ფლობს კომისია, შესაბამისად, შპს „მომავლის რეკლამას“, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, უნდა აეკრძალოს სპონსორობის წესების დარღვევის შემცველი ინფორმაციის განთავსება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის , მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „მომავლის რეკლამას“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 02.04.2015 N178/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის პ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
- შპს „მომავლის რეკლამამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში შეწყვიტოს სპონსორობის წესების დარღვევის შემცველი ინფორმაციის გავრცელება;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მომავლის რეკლამისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
