წვდომის მენიუ

ქ. სენაკში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 29 / 10

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2016 18:46

მიღების თარიღი იანვარი 15, 2016

ქ. სენაკში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №673/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. სენაკში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 97,9მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №673/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2015 წლის 10 დეკემბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 12 იანვარი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 15 იანვარი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 2,025.00 (ორი ათას ოცდახუთი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2015 წლის 5 ნოემბრის №673/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს “დამოუკიდებელმა ტელე-რადიო კომპანია ოდიშმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/9540-15, 04.12.2015წ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც  კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი ალექსანდრე ქობალია ესწრებოდა, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  41-ე მუხლითა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №673/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებთან.

 ზეპირი მოსმენა ქალაქ სენაკში (სიხშირეზე 97,9მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ალექსანდრე ქობალია.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით;  პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს “დამოუკიდებელმა ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო  კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშუნლი ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

შპს “დამოუკიდებელმა ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, კომპანია უკვე მაუწყებლობს ქალაქ ზუგდიდში, აქვს ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება (საათში ერთხელ) და სხვა მუსიკალურ გასართობი რუბრიკები. ახალი გეგმით საინფორმაციო გამოშვებები გავა ნახევარსაათიანი ინტერვალით, ასევე პროგრამათა რიგს დაემატება სპორტული და სოციალურ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათის რადიოგადაცემები. ქალაქ სენაკის რადიოაუდიტორიის დამატება, გაცილებით საინტერესოს გახდის, პირდაპირი ეთერის დროს დისკუსიების გამართვას პოლიტიკურ და სხვა საზოგადოებრივ საკითხებზე. მოცემულ ეტაპზე სენაკში არ არსებობს ადგილობრივი რადიომაუწყებლობა. კომპანია გეგმავს სენაკში ადგილობრივი კორესპონდენტის ყოლას, რაც ხელს შეუწყობს სენაკის ადგილობრივი პრობლემების გაშუქებას.

 

ახალი ამბები

10 საათიდან 18 საათის ჩათვლით, ყოველ სრულ საათზე

ხანგრძლივობა 3-დან 10 წუთამდე

მუსიკალური ეთერი

 

24 საათის განმავლობაში

ჯაზის საათი

კვირაში ორჯერ (ხუთშაბათი, შაბათი)

23 საათი, ხანგრძლივობა ერთი საათი

გადაცემა ”ქალები სამეგრელოდან”

კვირაში ერთხელ

10 წუთი

მუსიკალური გადაცემა ”რეტრო”

კვირაში ორჯერ (ოთხშაბათი, პარასკევი)

23 საათი, ხანგრძლივობა ერთი საათი

შემეცნებითი გადაცემა ”დიალოგი”

კვირაში ორჯერ (ორშაბათი, სამშაბათი)

30 წუთი

 

2016 წლის 12 იანვარს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ აღნიშნა, რომ ლიცენზიის მაძიებელი აკმაყოფილების საერთო მაუწყებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.

 კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქალაქ სენაკში (სიხშირეზე 97,9მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ალექსანდრე ქობალია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016) საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.

კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ქობალიამ სალიცენზიო გადასახდელის - 2,025.00 (ორი ათას ოცდახუთი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №673/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები მერაბ ქათამაძე და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე)

გადაწყვიტა:

1.  ქ. სენაკში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიში”;

2.  უზრუნველყოს შპს “დამოუკიდებელმა ტელე-რადიო კომპანია ოდიშმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 405.00 (ოთხასხუთი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300813062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 1417.50 (ერთი ათას ოთხასჩვიდმეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს                                    შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშისთვის” ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლი ითვალსიწინებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადებასთან ერთად განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის წარმოდგენას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. ვინაიდან კონკურსის გამოცხადების დროს არ იყო დადგენილი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და არც დღეს არის დადგენილი, შესაბამისად, ვერც კონკრეტული კონკურსანტის და ვერც რომელიმე სხვა კონკურსში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია ვერ იქნება არარსებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში. კომისიის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ იგივე შენიშვნა ჰქონდა კონკურსის გამოცხადების დროსაც. შესაბამისად იგი წინააღმდეგი იყო კონკურსის გამოცხადების სანამ არ დადგინდებოდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები.  

კომისიის თავმჯდომარე                                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                            ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                            მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები