წვდომის მენიუ

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 293 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2016 18:50

მიღების თარიღი მაისი 05, 2016

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ა(ა)იპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ” (განცხადებების კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/10461-15, 29.12.2015წ.) მარნეულის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული რადიო მოემსახურება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ თემს, რომელთა წარმომადგენლებიც ჩართული იქნებიან მაუწყებლობის პროცესში.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ1 პუნქტის შესაბამისად სათემო მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას;  ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი უნდა ემსახურებოდეს თემის ინტერესებს; უნდა უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება; უნდა უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქებას. სათემო მაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.

”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №227/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია 87.5 მჰც ÷ 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სათემო რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსი. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტში განაწილებულია სიხშირული რესურსი - 96.9 მგჰც.    

კომისია აღნიშნავს, რომ ”საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ” კომისიის 2016 წლის 10 მარტის №160/22 გადაწყვეტილების და ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად მარნეული, რომელიც მდებარეობს ზონა №259-ში, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დადგენილია შემდეგი თანმიმდევრობით:

1. სათემო რადიომაუწყებლობა;

2. საერთო რადიომაუწყებლობა;

3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა.

 კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შეისწავლა სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების საკითხი და კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 6 აპრილის №10/3197-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაბამისად, შესაძლებელია სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადება შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - მარნეული; სიხშირე (მჰც) - 96.9; მოდულაცია - FM; პოლარიზაციაV / H – V; გასხივება - წრიული; გადამცემის სიმძლავრე (ვტ) – 100; გეოგრაფიული კოორდინატები - 41°29'30.75"N, 44°47'17.85"E; ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) – 20; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 6;

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის  მე-3 პუნქტის, 37-ე, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს კონკურსი სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 12 საათი;

ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

მარნეული

96.9

FM

V

წრიული

100

41°29'30.75"N

44°47'17.85"E

20

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2. კონკურსში გამარჯვებული, სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში ვალდებული იქნება:

ა) ემსახურებოდეს მარნეულის თემის ინტერესებს და უზრუნველყოს მაუწყებლობის პროცესში აზერბაიჯანული, სომხური და ქართული თემის წარმომადგენელთა მონაწილეობა;

ბ) უზრუნველყოს შესაბამისი გეოგრაფიული ზონაში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქება;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება; დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ნ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

პ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ჟ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

ს) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ტ) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის  ვადაში.

3. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 4,252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარით;

4. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2016 წლის 14 ივლისი 13:00 საათი;

5. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2016 წლის 6 ივნისის 17:00 საათამდე;

6. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 9 ივნისი 13:00 საათი;

7. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 8 ივლისი 13:00 საათი;

8. სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის შემთხვევაში - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში შექმნის საფუძველი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

ბ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, სახეობა რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

გ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები;

ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

9. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს (დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული სახით):

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; იურიდიული პირის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს +995 32 239 40 29); ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს აღნიშნული თანხა უკან არ უბრუნდება.

გ) შესაბამისობის დეკლარაცია (დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2011 წლის 31 მაისის №259/22 გადაწყვეტილებით, რომელშიც ცვლილება შევიდა კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №423/19  გადაწყვეტილებით);

დ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (ქონებრივი დეკლარაციის ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი №3-ით), ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

 ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;

ვ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

ზ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

თ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს და თემის ინტერესებს;

ი) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე:

მიმღები: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი’’;

ა/ანგარიში: GE 11 TB 06 000 000 006 093 26;

კოდი: TBC BGE 22;

საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით;

10. მაუწყებლობის სფეროში სათემო ლიცენზიის მფლობელი პირი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს;

დ) პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;

ვ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

 

აგრეთვე, იმ პირს, რომლის:

 

ა) ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37’-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;

 

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არ არის კერძო სამართლის არაკომერციული (არასამეწარმეო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

11. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.

12. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის.

13. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, პროგრამირების (მათ შორის თემის ინტერესების გამოხატვის) და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

14. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

15. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისას კომისია მხედველობაში  იღებს:

ა) რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ლიცენზიის მაძიებლის შესაძლებლობებს;

ბ) თემის სახეს და მრავალფეროვნებას;

გ) ლიცენზიის მაძიებლისათვის ლიცენზიის სამოქმედო ზონაში სხვა მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს.

დ) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნებას და თემის ინტერესებთან შესაბამისობას;

ე) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობას.

16. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

17. კომისია იღებს და აქვეყნებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;

18. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს  ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი 70% -ის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

19. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება.

20. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას საკონკურსო პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო ვალდებულებები;

21. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

22. დაევალოს კომისიის პრეს–მდივანს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ხ. ყურაშვილი);

23. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

24. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ა(ა)იპ ”ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით გაგზავნა;

25. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                    კახი ბექაური

კომისიის წევრი                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                    მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები