ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2016 18:28
მიღების თარიღი იანვარი 15, 2016
ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №675/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ქ. ზუგდიდში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (სიხშირეზე 96,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №675/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 7 დეკემბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2015 წლის 10 დეკემბრის 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2016 წლის 12 იანვარი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 2016 წლის 15 იანვარი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2015 წლის 5 ნოემბრის №675/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს “მედია ჯგუფმა” (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/9583-15, 07.12.2015წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც კომპანიის დირექტორი ირაკლი ბანძელაძე ესწრებოდა, ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №675/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადში არასწორად იყო მითითებული - ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა, ხოლო საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზით იყო წარმოდგენილი ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში შპს ”მედია ჯგუფის” ნაცვლად მითითებული იყო შპს ”ნიუკომი”; ასევე არასწორი თანხა იყო მითითებული საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ კომისიის მიერ დადგენილი ფორმის ”საწესდებო კაპიტალში შენატანის” გრაფაში.
კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის №766/10 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”მედია ჯგუფს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2015 წლის 17 დეკემბრის 19:00 საათამდე. კომპანიის მიერ 2015 წლის 11 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (წერილი №6/9763-15).
ზეპირი მოსმენა ქალაქ ზუგდიდში (სიხშირეზე 96,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს “მედია ჯგუფის” დირექტორი ირაკლი ბანძელაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის მე–7 და მე–8 პუნქტების შესაბამისად, კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით; პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება: შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა და მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.
ზეპირ მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს “მედია ჯგუფის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ”საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა”. შესაბამისად, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა ან/და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშუნლი ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.
შპს “მედია ჯგუფი” სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას:
- ახალი ამბები;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა;
– ანალიტიკური პროგრამა;
- საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა;
- მუსიკალურ-გასართობი პროგრამა;
- ახალგაზრდული პროგრამა;
- საბავშვო პროგრამა;
- სპორტული პროგრამა;
შპს „მედია ჯგუფს“, საძიებელი ლიცენზიის სახეობის (საერთო რადიომაუწყებლობა) გათვალისწინებით, დაგეგმილი აქვს ორი სავალდებულო თემატიკის პროგრამა:
საინფორმაციო გამოშვება – ეთერში განთავსდება დღეში 5–ჯერ; გამოშვება ეთერში გავა დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე (09:00; 12:00; 15:00; 18:00; 21:00) საინფორმაციო გამოშვების ხანგრძლივობა იქნება 4–5 წუთი. საინფორმაციო გამოშვების მთავარ თემებს შეადგენს რადიოსადგურის საინფორმაციო სამსახური. საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდება ყველა აქტუალური პოლიტიკური, კულტურული და სპორტული მოვლენა, ასევე მსმენელს მიეწოდება ეკონომიკური და ბიზნეს ხასიათის ინფორმაცია, ამინდის პროგნოზი. საინფორმაციო სამსახური ინფორმაციას მოიპოვებს საინფორმაციო სააგენტოებისგან და ადგილობრივი კორესპონდენტების მეშვეობით.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკა:
- „დღის ბოლოს“ – ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს ბოლო საინფორმაციო გამოშვებაში შემაჯამებელი ყოველდღიური თოქ–შოუ. დღის მთავარი მოვლენების განხილვა სტუმრებთან ერთად. მოსაზრებები, შეფასებები და კომენტარები. ხანგრძლ. –60წთ.
- „მთავარი ნიშანი“ – ყოველკვირეული საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქ–შოუ, კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, სტუმრების მონაწილეობით და მსმენელთან ინტერაქციის ფორმატში. ხანგრძლ. – 120წთ.
- „აქცენტი“ – ყოველკვირეული რადიოპროგრამა ეთნიკურ და ეროვნულ თავისებურებებზე. პროგრამაში განხილული იქნება ის საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ ინტეგრაციას და გაზრდის მათ სამოქალაქო მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში. გადაცემა მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ხანგრძლ. – 90წთ.
- „საქმე“ – ყოველკვირეული გადაცემა. ბიზნესის სიახლეები და ეკონომიკური ტენდენციების განხილვა სტუმრებთან ერთად. ინტერაქტივი მსმენელთან. ხანგრძლ. – 90წთ.
- „ინფონეტი“ – ყოველ სამუშაო დღეს. ქართულ ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებში და ბლოგებზე გამოქვეყნებული აქტუალური თემების მიმოხილვა და კომენტარები. სოციალური მედიის ტენდენციები, საინტერესო პოსტები. ხანგრძლ. – 40წთ.
- „პრეს–კლუბი“ – ყოველ სამუშაო დღეს, დღეში –3ჯერ. ქართული და უცხოური პრესის მიმოხილვა. ხანგრძლ. –15წთ.
მუსიკალურ-გასართობი პროგრამები;
- „face time“ – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა. სტუდიაში მოწვეულები იქნებიან შოუბიზნესის ცნობადი სახეები. საუბარი იქნება მუსიკაზე, პირად ცხოვრებაზე. პირდაპირ ეთერში მაყურებლებს საშუალება ექნებათ ტელეფონის საშუალებით დაუსვან შეკითხვემი მოწვეულ სტუმრებს. ხანგრძლივობა 60წთ.
- ტოპ ტოპი – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა. გამოკითხვის საშუალებით (სმს-ის საშუალებით) მსმენელები ადგენენ საუკეთესო სიმღერების ათეულს. ხანგრძლივობა 30-წთ.
- – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა. მუსიკის განხილვა ჟანრების მიხედვით. სტუდიაში მოწვეული იქნებიან სტუმრები. ხანგრძლივობა 60-წთ.
- თინეიჯერი – ყოველკვირეული საბავშვო მუსიკალური პროგრამა. პოპულარიზაცია გაეწევა საბავშვო მუსიკას, რადიოსიხშირის გავრცელების ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებზე .ხანგრძლივობა 60წთ.
- „ნიუჰიტ – ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა. თანამედროვე მუსიკის რეიტინგები. ხანგრძლივობა 40წთ.
- ბურთი და მოედანი - ყოველკვირეული სპორტული პროგრამა. მიმოვიხილავთ როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასევე საზგვარგარეთ. სტუდიაში მოწვეული იქნებიან სპორცმენები. გაიმართება დიალოგი, პირდაპირ ეთერში. ხანგრძლივობა 60 წთ
ანალიტიკური თემატიკის ფარგლებში:
- „ბიზნეს ამბები“ – ყოვლდღიური გადაცემა, ეთერში გავა დღეში ერთხელ. გადაცემაში განხილული იქნება ბიზნესის სფეროში მიმდინარე სიახლეები;
საგანმანათლებო-შემეცნებითი თემატიკის ფარგლებში:
- „ჩვენი დროით“ – 30 წუთიანი გადაცემა ყოველ სამუშაო დღეს გავა პირდაპირ ეთერში. გადაცემა სამ სეგმენტად იქნება დაყოფილი. პირველ ნაწილში წამყვანი მსმენელს თბილისში მიმდინარე კულტურულ, სპორტულ, სამეცნიერო, მედიცინასთან, მოდასთან, ახალგაზრდობასთან, რეკრეაციასთან და სხვა არა პოლიტიკურ, საინტერესო საკითხებთან დაკავშირებულ სიახლეებს გააცნობს. გადაცემის მეორე ნაწილში მოწვეული იქნება სტუმარი, ცნობილი თბილისელი კოლორიტი ან საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, რომელთანაც 10 წუთამდე დროის განმავლობაში შედგება საუბარი სხვადასხხვა, თბილისთან დაკავშირებულ თემაზე (მაგ: არქიტექტურული ტენდეციები თბილისში; თბილისი როგორც კულტურული ცენტრი; რა მდგომარეობაა თბილისის რეკრეაციულ ზონებში; თბილისელი ახალგაზრდობა; თბილისი ტურისტების თვალით, თბილისი მრავალეთნიკური, რელიგიური ქალაქი და ა.შ). გადაცემის მესამე ბლოკი თბილისურ კულტურულ, გასართობი ღონისძიებების მიმოხილვას და დაანონსებას შესთავაზებს მსმენელს;
- „განათლება“ – ყოველკვირეული, 30 წუთიანი გადაცემა განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, არსებული და დასრულებული რეფორმების შესახებ. მოწვეული სტუმრები, სტუდენტები, ლექტორები, მასწავლებლები, განათლების ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები ღია ეთერში ანალიზს გაუკეთებენ სფეროში არსებულ მდგომარეობას. ექსპერტები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გადაცემაში ინტერაქციის რეჟიმში: ფეისბუქის, სკაიპისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით ჩართული მოსახლეობის კითხვებსა და მოსაზრებებს უპასუხებენ;
- „გიდი“ – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში ოთხჯერ. გადაცემა საქართველოს ღირშესანიშნაობების, კულტურული ძეგლების შესახებ. ძირითადი აქცენტი საქართველოს ტურისტულ რეგიონებზე გაკეთდება;
- „საქართველო ოდესღაც“ – ეთერში განთავსდება დღეში ორჯერ, ყოველ სამუშაო დღეს. გადაცემა საქართველოს ისტორიის, წინა საუკუნეებში მომხდარი საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებ;
- „მსოფლიოს გარშემო“ – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში სამჯერ. გადაცემა მსოფლიო სანახაობების შესახებ;
- „მედეა“ – გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში ორჯერ. საგანმანათლებლო გადაცემა მედიცინის შესახებ. სიახლეები, ინოვაციები, პრაქტიკა, ახალი ტენდენციები, ჯანსაღი ცხოვრების წესი;
- გადაცემა რელიგიის შესახებ – ყოველკვირეულად, მოწვეულ სტუმრებთან ერთად 30 წუთიან პროგრამაში საუბარი შეეხება სხვადასხვა რელიგიურ საკითხებს, წეს–ჩვეულებებს. რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის, მათი პრობლემების, ტრადიციების შესახებ. რელიგიისა და სახელმწიფოს, რელიგიისა და საზოგადოების, რელიგიისა და კულტურის ურთიერთქმედებათა საკითხები;
- საავტორო გადაცემა „კინო–მანია“ – 30 წუთიანი საავტორო პროგრამა ეთერში განთავსდება კვირაში ორჯერ. პროგრამა სამ 10 წუთიან სეგმენტად დაიყოფა. პირველი ნაწილი მიეძღვნება კინო სიახლეებს – რა ხდება ქართულ და მსოფლიო კინოში, რომელი ფილმი გამოჩნდა მსოფლიოს კინოეკრანებზე, რომელი ფილმის გადაღება იგეგმება საქართველოსა და მსოფლიოში. მეორე ნაწილში საუბარი იქნება ქართულ კინოზე, მსახიობებსა და რეჟისორებზე. სტუდენტურ და ახალ კინოზე. გადაცემაში გაშუქდება კინოსთან დაკავშირებული ღონისძიებები. აქცენტები ყველასთვის კარგად ნაცნობ ქართულ ფილმებზეც გაკეთდება. ამ შემთხვევაში მსმენელი გაეცნობა ამა თუ იმ ცნობილი ფილმის გადაღების დროს მომხდარ უცნობ დეტალებს და კურიოზებს. გადაცემის სეგმენტი აგრეთვე იქნება ქართული და საერთაშორისო კინოფესტივალები, კინოინდუსტრიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორები და მსახიობები. მესამე ბლოკი შედევრებს, კინო კლასიკას დაეთმობა. წამყვანი მსმენელს ერთი კლასიკური კინოფილმის გადაღების, მასში მონაწილე მსახიობების ფილმთან დაკავშირებულ ისტორიებს და პირად ცხოვრებას დაუთმობს. გადაცემა ერთგვარი მეგზური იქნება ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებს;
- „რადიო–თეატრი“ – 30 წუთიანი საავტორო პროგრამა ეთერში განთავსდება კვირაში ერთხელ. გადაცემაში განხორციელდება ნოველების რადიოინსცინირება ცნობილი მსახიობების ხმებით. გადაცემა გაფორმებული იქნება მუსიკალური და ხმის ეფექტებით, რაც მეტ დადებით ემოციას გამოიწვევს მსმენელში;
აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში ცალკე გამოყოფილია რამოდენიმე რუბრიკა, კერძოდ:
- „აღმაფრენის 3 წუთი“ – ყოველდღიური, რუბრიკა ლიტერატურისა და პოეზიის, პროზის შესახებ, ეთერში განთავსდება დღეში სამჯერ. ძველი და თანამედროვე ლექსები, ჩანახატები, მოთხრობები ცნობილი და ახალგაზრდა მსახიობების ხმებით;
- „ცოცხალი ბუნება“ – ყოველდღიური, 2–3 წუთიანი რუბრიკა ბუნების შესახებ. ეთერში განთავსდება დღეში ორჯერ.
- „ნოუ–ჰაუ“ – ყოველდღიური, 5 წუთიანი შემეცნებით–საინფორმაციო ტიპის რუბრიკა მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული ახალი ტექნოლოგიების შესახებ. „ჰერეთი თბილისის“ მსმეენელი გადაცემაში ასევე მოისმენს სიახლეებს საქართველოში შემოსული უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციების, მათი ფუნქციებისა და საბაზრო ღირებულებების შესახებ;
- „ამინდის პროგნოზი“ – დღის ეთერში, ყოველ საათში თბილისის, ქვეყნის და მსოფლიო ამინდის შესახებ ინფორმაცია;
ახალგაზრდული პროგრამა
- „ღია დიალოგი“ – გადაცემის 2 საათიანი დრო დაეთმობა იმ თემებს, რაზეც ხშირად არ ან ვერ საუბრობენ. თოქ–შოუ შემეცნებით საგანმანათლებლო ხასიათისაა და ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. გადაცემაში სტუმრებთან ერთად განხილული იქნება სხვადასხვა სენსიტიური თემა. ძირითადად ახალგაზრდულ საკითხებს მიეძღვნება. გადაცემას სტუმრად მუდმივად ეყოლება ფსიქოლოგები, სოციოლოგები, მედიცინის და სხვა დარგის სპეციალისტები; წინასწარ მომზადდება რეპორტაჟები იმ საკითხებზე, რაც გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში განიხილება. ნებისმიერ მსმენელს საშუალება ექნება წამყვანს და სტუმრებს ეკონტაქტოს, გაესაუბროს, მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო კითხვაზე. გადაცემის მიზანია მოზარდებისათვის სწორი რჩევა/რეკომენდაციების მიცემა, პრაქტიკული მაგალითების მეშვეობით, ჯანსაღი აზროვნების დანერგვა. ტაბუს მოხსნა იმ თემებზე, რაზეც საჭიროა და აუცილებელია „ღია დიალოგი“. სამაუწყებლო კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ლიცენზიის მაძიებელი სოციალურ ვებ–გვერდებსა და ბლოგებზე ზემოთ აღნიშნული თემატიკის სტატიებზე ხშირად აწყდება მოზარდების მიერ გაკეთებულ არატოლერანტულ კომენტარებს. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მცდარი სტერეოტიპები;
სპორტული თემატიკის ფარგლებში:
- „სპორტ News” – ყოველდღიური გადაცემა, ეთერში განთავსდება დღეში ოთხჯერ. თითო გადაცემას დაეთმობა 5 წუთი, სადაც მსმენელი საქართველოს და მსოფლიო სპორტის სამყაროდან უახლეს სიახლეებს შეიტყობს;
- „სპორტის კვირა“ – ყოველკვირეული 1 საათიანი თოქ–შოუ სტუმრებთან ერთად კვირის სიახლეებს შეაჯამებს. ეს არის გადაცემა საქართველოში და მსოფლიოში მომხარი სპორტული ამბების, სიახლეების და ცვლილებების შესახებ.
2016 წლის 12 იანვარს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ აღნიშნა, რომ ლიცენზიის მაძიებელი აკმაყოფილების საერთო მაუწყებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქალაქ ზუგდიდში (სიხშირეზე 96,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს “მედია ჯგუფის” დირექტორი ირაკლი ბანძელაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს “მედია ჯგუფის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (სამსახურებრივი ბარათი №10/221-16, 12.01.2016) საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტისა და პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მედია ჯგუფის” დირექტორმა ირაკლი ბანძელაძემ სალიცენზიო გადასახდელის - 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის №675/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით სამი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები მერაბ ქათამაძე და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე)
გადაწყვიტა:
1. ქ. ზუგდიდში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს “მედია ჯგუფი”;
2. უზრუნველყოს შპს “მედია ჯგუფმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ს - 1,215.00 (ერთი ათას ორასთხუთმეტი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ს ანუ 4,252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს “მედია ჯგუფისთვის” წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახაძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “მედია ჯგუფისთვის” ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41–ე მუხლი ითვალსიწინებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადებასთან ერთად განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფციის წარმოდგენას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. ვინაიდან კონკურსის გამოცხადების დროს არ იყო დადგენილი რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და არც დღეს არის დადგენილი, შესაბამისად, ვერც კონკრეტული კონკურსანტის და ვერც რომელიმე სხვა კონკურსში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია ვერ იქნება არარსებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში. კომისიის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ იგივე შენიშვნა ჰქონდა კონკურსის გამოცხადების დროსაც. შესაბამისად იგი წინააღმდეგი იყო კონკურსის გამოცხადების სანამ არ დადგინდებოდა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
